სავალუტო ფონდი და ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ

ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD

რუსეთის წინააღმდეგ სავალუტო ფონდის ნაბიჯები სახეზეა. სავალუტო ფონდმა ფაქტობრივად წაახალისა უკრაინის მთავრობა უარი განეცხადებინა კერძო კომპანიების მიმართ დავალიანების დაფარვაზე და, ამ მხრივ, დეფოლტი გამოეცხადებინა. უკრაინამ რუსეთის მიმართ 3 მილიარდიანი ვალი კერძო ვალად გამოაცხადა და უარი თქვა მის გადახდაზე. აქ სავალუტო ფონდმა უკრაინას დაუჭირა მხარი.

მეორე, სავალუტო ფონდის და ჩინეთის ჭიდილი დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩინეთი მოითხოვს ბრეტონ ვუსდსის ორგანიზაციების მმართველობაში ფეხის შედგმას და პოზიციების გამყარებას. მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, ვერაფერს მიაღწიაო ამ კუთხით.

ამის შემდგომ ჩინეთმა დაიწყო აზიური, ახალი მსოფლიო ბანკის ჩამოყალიბება და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, სტრუქტურა ჩამოაყალიბა და მუშაობას აგრძელებს
(იხ. „ჩინეთი მსოფლიო ფინანსურ წესრიგს ცვლის“). სავალუტო ფონდი დათმობაზე წავიდა და მისი ვალუტა იუანი სავალუტო ფონდის კალათის ვალუტად აღიარა. რასაც დიდი ხანია რუსეთი ითხოვს და ანგარიში არ გაუწიეს. იუანი წონით მესამე ვალუტა გახდება – 10.92%-ით, შეავიწროებს რა ევროს 30.93%-მდე. დოლარის წონა კვლავ 41.73% იქნება, იენი და ფუნტი შესაბამისად 8.33% და 8.09%. უფრო მეტიც – რუსეთი სანქციების გამო საერთოდ მოაცილეს საერთაშორისო ინსტიტუტების მართვას.

საოცარია, რუსეთ-თურქეთის დაჯახების ამბავი. რატომ დაარღვია რამდენიმე მეტრით თურქეთის საზღვარი რუსეთმა, ან რატომ ჩამოაგდო თურქეთმა რუსული თვითმფრინავები? რუსეთი თურქეთის ნომერ მეორე პარტნიორია საგარეო ვაჭრობაში და საერთაშორისო პროექტებით და ინვესტიციების მიხედვით, ნომერ პირველი პარტნიორი. არჩევნებში გამარჯვებულ ერდოღანს რაში დასჭირდა მისი ქვეყნის ეკონომიკის ასეთ საფრთხეში ჩაგდება. ეს რომ მომხდარიყო არჩევნებამდე ყველაფერი ადვილად ასახსნელი იქნებოდა.

თურქეთს მოხმარებული გაზის ნახევარს რუსეთი აწვდის, ამისათვის თურქეთმა რუსულ სახელმწიფო კომპანია Gazprom-ს გასულ წელს 10 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადა. მხოლოდ ამ მონაცემების გათვალისწინებითაც კი, რუსეთს მარტივად შეუძლია სამაგიეროს გადახდა ერდოღანისთვის რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო.

მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა რუსეთისთვის, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, მდგომარეობა ძალიან სარისკოა ორივე ქვეყნისთვის. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ანატოლი იანოვსკის განაცხადებით, თურქეთისთვის გაზის მიწოდება კონტრაქტის პირობების მიხედვით გაგრძელდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი თურქეთმა შეიძლება შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება ალტერნატიული წყაროების ათვისების გზით.

„თურქეთს, ალბათ, არ სურს არსებული ენერგო შეთანხმებების შეფერხება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ანკარა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყებს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე ფიქრს. მას ორი ყველაზე რეალური ალტერნატივა აქვს – გახდეს აშშ-ს LNG-ის მომხმარებელი და მეორე – ირანი“ – ამბობს ჯონ რობერტსი, Methinks Ltd-ის ენერგო უსაფრთხოების სპეციალისტი.

ანალიტიკოსთა ნაწილი იმ ფაქტზეც მიუთითებს, რომ ურთიერთობა ანკარასა და მოსკოვს შორის არც რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებამდე იყო მთლად სახარბიელო.

1

ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში დაიძაბა. ჯერ კიდევ გასულ წელს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ თურქეთს შეეძლო სამხრეთ ევროპის ენერგო-ჰაბად ქცევა და წამოაყენა წინადადება თურქეთის ნაკადის მშენებლობის შესახებ, რომელსაც შავი ზღვის ქვეშ უნდა გაევლო. თუმცა მსოფლიოში უმსხვილესი გაზის მწარმოებელი კომპანიის, Gazprom-ის წარმომადგენლებმა ოქტომბერში განაცხადეს, რომ Gazprom შეამცირებს დაგეგმილ სიმძლავრეს ახალი ნაკადისთვის თურქეთიდან ევროპისკენ 50%-ით. ამ გაზსადენმა ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის სატრანზიტო ხაზის დამოკიდებულების შემცირებას უკრაინაზე, რომელიც რუსეთიდან ევროპაში ტრანსპორტირებული გაზის 10%-ზე მეტს ატარებს.

„თურქეთის ნაკადი არის ზედმეტი, რადგან უკვე არსებობს თურქეთზე გამავალი ტრანზიტული სიმძლავრეები“ – წერს Sberbank-ი საკუთარ კლიენტებს ანალიტიკურ ანგარიშში. პროექტი უკვე შემცირდა 2 მილსადენამდე, მაშინ როდესაც დასაწყისში დაგეგმილი იყო ოთხი მილსადენის აშენება. „საბოლოოდ მხოლოდ ერთი მილსადენი შეიძლება იყოს გაყვანილი“ – წერს Sberbank. მართალია, თურქეთს არ შეუძლია უახლოეს მომავალში თქვას უარი რუსულ გაზზე, მაგრამ მას მაინც მოუწევს გარკვეული ზომების მიღება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოინდომებს ფასებით მანიპულირებას ან გადაწყვეტს გაზის მიწოდების სიმძლავრეების შემცირებას.

Gazprom-ის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანილი გაზის 17% (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების გამოკლებით) თურქეთში ექსპორტირებულ გაზზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ ირანი უკვე ახორციელებს გაზის ექსპორტს თურქეთში და აპირებს საექსპორტო მოცულობის გაზრდას, მას შემდეგ რაც გადაწყდა, რომ თეირანს დასავლეთი სანქციებს მოუხსნის. ამასთანავე, Cheniere Energy Inc. უკვე იანვარში გეგმავს თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერის აშშ-დან გაშვებას.

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა თურქეთსა და რუსეთს დეესკალაციისკენ, რადგან მათ შორის კონფლიქტი ართულებს ერთობლივი ფრონტის შექმნას ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად.

დეკემბრის ბოლოს ერდოღანი და პუტინი აპირებენ დაესწრონ ყაზანში გასამართ შეხვედრას. ექსპერტთა ნაწილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ გაზთან დაკავშირებით ამ შეხვედრაზე პრეზიდენტები ახალ შეთანხმებას მიაღწევდნენ, მაგრამ გამწვავებულმა ურთიერთობებმა ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიასა ბევრი გადაჭარბებულად აფასებს. მათი შეფასებით, პუტინს არაფერში აწყობს თურქეთის ნაკადზე სრულიად უარის თქმა, რადგან კრემლმა ამ იდეის წამოსაწევად დიდი ძალისხმევა დახარჯა. ენერგო სექტორის პერსპექტივიდან გამომდინარე რუსეთს შეიძლება ისევე არ აწყობდეს თურქეთთან ურთიერთობის დაძაბვა, როგორც თურქეთს.

28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვმა თურქეთს ეკონომიკური სანქციების პაკეტი დაუწესა. პუტინის მიერ ხელმოწერილი დეკრეტის მიხედვით, სანქციები შეეხება თურქულ იმპორტს, თურქული კომპანიების მუშაობას რუსეთში და ყველა თურქს, ვინც რუსულ კომპანიებშია დასაქმებული. ასევე აიკრძალება ჩარტერული რეისები ქვეყნებს შორის.

თურქეთსა და რუსეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირი აქვთ. რუსეთი არის თურქეთის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორი. გასულ წელს თურქეთს 3 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია დასასვენებლად. თურქი ეროვნების დაახლოებით 90 000 ადამიანი მუშაობს რუსეთში, ოჯახის წევრების ჩათვლით კი მათი რაოდენობა 200 000-მდე იზრდება.

კრემლი მოუწოდებს რუსულ ტურ-ოპერატორებს აღარ გაყიდონ თურქეთის საგზურები. ანალოგიურად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აფრთხილებს ქვეყნის მოქალაქეებს თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან „ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება“.

რეალურად გავლენა უკვე სახეზეა. ნოემბრის ბოლოს რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ თურქული პროდუქტების 15% ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების რუსულ სტანდარტებს. იმპორტის ნაწილი დაიბლოკა, რის შემდეგაც თურქული საქონლით დატვირთულ სატვირთოებს საზღვარზე მოუხდათ გაჩერება. დაწესებული სანქციები კი იმას ნიშნავს, რომ აიკრძალება სხვა პროდუქციის იმპორტიც, თუმცა ჯერ უცნობია რომელ საიმპორტო საქონელზეა საუბარი. მიმდინარე წელს თურქეთის მიერ რუსეთში განხორციელებული ექსპორტი უკვე 1 მილიარდ ევროს აღწევს. რუსეთში მოხმარებული ბოსტნეულის 20% თურქული წარმოებისაა. თურქული ტექსტილის, ტყავისა და ტანსაცმლის ექსპორტმა რუსეთში 2014 წელს 1.52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

27 ნოემბერს რუსეთმა ასევე გააუქმა უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება თურქეთთან.

დეკემბრის შუა რიცხვებში ნავთობზე ფასმა ახალი რეკორდი დამყარა – 35 დოლარს მიუახლოვდა. ეს პირველ რიგში რუსეთის ეკონომიკას ანადგურებს. უფრო მეტიც, ოპეკის დეკემბრის შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა. როგორც მისმა თავმჯდომარემ, ბატონმა ბადრიმ განაცხადა, ძირითადი ქვეყნები არათუ ამცირებენ მოპოვების რაოდენობას  – არამედ პირიქით ფასის დანაკარგის რაოდენობით კომპენსაციის  მიზნით ზრდიან მას, ამას აკეთებს რუსეთიც. უფრო მეტიც, ირანი ემზადება ბაზარზე დასაბრუნებლად და მას გაგონება არ უნდა მოპოვების კოტირებაზე და რაოდენობის შემცირებაზე – ირანს სჭირდება დიდძალი ინვესტიცია ამ სფეროში და დიდი შემოსავალი. გამოდის, რომ მოთამაშეები თავიანთ წინაღმდეგ თამაშობენ და ეს გაგრძელდება მთელი 2016 წელი. ანუ რუსეთში რეცესია გაგრძელდება და რუბლის შესუსტებას წინ ვერაფერ დაუდგება.

ევროპაში ურთულესი ჟამი დგას ეკონომიკური კუთხით. ამას წინათ რომში გახლდით და ყველა მეწარმე, რომელსაც შევხდი ტირის რუსეთის ბაზრის დაკარგვაზე. ეს ეხება არა მარტო ტურიზმის სფეროს, არამედ მსუბუქ მრეწველობას, ავეჯის, ტანსაცმლის, მანაქანა-მოწყობილობების, საშენი მასალების და, რაც მთავარია, აგრარულ სფეროს. იტალია გაჩერდაო! და ამის დასადასტურებლად იტალიის ეკონომიკის ბოლო  მონაცემები მოაქვთ. ციფრები მართლაც შემაშფოთებელია, ამიტომ არ დაუჭირა იტალიამ რუსეთის სანქციების გაფართოებას მხარი. ანალოგიური სირთულეებია ესპანეთში და გერმანიაში, მიუხედავად ამისა ევროპა ქმნის ენერგო კავშირს – ახალი ყველაზე მასშტაბური პროექტით.

ფრანგი ეკონომისტისა და მსოფლიო ბესტსელერის (Capital in the 21ts Century) ავტორის, თომას პიკეტის განცხადებით, რუსეთში წარმოშობილი უთანასწორობა კაპიტალის გადანაწილების დროს, არის მსოფლიოს უმსხვილესი ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი მაფორმირებელი ფაქტორი.

პიკეტის შეფასებით, გასული წლის რუსეთის ფინანსური და სავალუტო კრიზისი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში არ მომწიფებულა. მისი აზრით, ეს არის შედეგი 15 წლის განმავლობაში არსებული უმოქმედობისა – რუსეთმა ვერ უზრუნველყო შეექმნა უფრო გამჭვირვალე ფინანსური სისტემა იმისათვის, რომ შეემცირებინა უთანასწორობა და უფრო ეფექტიანად მოეხდინა სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდისგან მიღებული უზარმაზარი შემოსავალის დისტრიბუცია ქვეყნის შიგნით.

„დროდადრო რამდენიმე მილიარდელის გასამართლება არ არის ადეკვატური პასუხი არსებულ გამოწვევასთან საბრძოლველად“ – მიიჩნევს ფრანგი ეკონომისტი. „გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს კიდევ უფრო მეტი რეზერვები ექნება – ამბობს პიკეტი – უმნიშვნელოვანესია იმის გააზრება, რომ ქვეყანას ბევრ ფულს პარავენ, კაპიტალის გადინებით და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მილიარდელები და მილიონერები ქვეყნის გარეთ და ხშირად რუსეთის შიგნით, იმაზე მეტ სარგებელს იღებენ ბუნებრივი რესურსებისგან, ვიდრე უნდა იღებდნენ“.

რუსეთის მთავრობა გეგმავს ენერგო ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლის უფრო მეტი წილის „წაღებას“ გადასახადების გაზრდის გზით. რუსეთის ბანკმა მიზნად დაისახა რეზერვების 500 მილიარდი აშშ დოლარით შევსება მას შემდეგ, რაც მან რუბლის დასაცავად ბოლო პერიოდში რეზერვების მეხუთედი დახარჯა.

მთელი პრემიერ-მინისტრობისა თუ პრეზიდენტობის 16 წლის განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტი გეგმავს, დაახლოებით, 1 ტრილიონი აშშ დოლარის რეპატრიაციას იმ კაპიტალის სახით, რომელსაც ფლობენ კომპანიები და ოფიციალური პირები საზღვარგარეთ. ამას პუტინი ეკონომიკის „დე-ოფშორიზაციას“ უწოდებს. რუსეთში ასევე განიხილება პროგრესული საგადასახადო სისტემის დანერგვის გეგმა. „არსებული საგადასახადო შემოსავალი საკმაოდ დაბალია ქვეყანაში, რომელიც ძალიან დიდი უთანასწორობით და ძალიან დაბალი გამჭვირვალობით ხასიათდება“ – ამბობს პიკეტი.

„რუსეთი ბევრად უკეთეს ვითარებაში იქნებოდა ფინანსური სფეროს გამჭვირვალობასა და პროგრესული საგადასახადო სისტემის შექმნასთან დაკავშირებული რეფორმები აქამდე რომ გატარებულიყო – მიიჩნევს ფრანგი ეკონომისტი – დროა, განსაკუთრებით მიმდინარე კრიზისის გათვალისწინებით, შეიცვალოს კურსი და ხელისუფლება უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდოს უთანასწორობისა და გამჭვირვალობის რეფორმებს“.

დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, მას შემდეგ რაც ფინანსურმა რეცესიამ სამომხმარებლო ხარჯების კატასტროფული შემცირება გამოიწვია. მიმდინარე წელს, 21.7 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის დაახლოებით 15%, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ეს არის სიღარიბის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ქვეყანაში, 1998-1999 წლების შემდეგ.

მსოფლიო ბანკის მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ ნავთობის მაღალმა ფასებმა განაპირობა ცხოვრების დონის უპრეცედენტო ზრდა, 2000-2013 წლებში საშუალო კლასი გაორმაგდა (მოსახლეობის 60%-ზე მეტი). ჯინის კოეფიციენტის მიხედვით კი, ქვეყანაში უთანასწორობა გაიზარდა მას შემდეგ რაც, ძალაუფლება პუტინის ხელშია.

„უმდიდრესი რუსების ერთი მეათედი აკონტროლებს შიდა მეურნეობების სიმდიდრის 87%-ს ქვეყანაში, რაც ძალიან დიდი და, ამავე დროს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით – წერს Credit Suisse Group AG გლობალური კეთილდღეობის ანგარიშში.

„ისიც კი არ არის ცნობილი, მაღალშემოსავლიანი გადასახადების გადამხდელებისგან რამდენი იხდის გადასახადებს. უფრო დეტალური კვლევები აჩვენებს, თუ ვინ სარგებლობს რუსეთის ეკონომიკური ზრდით ღარიბებიდან და საშუალო კლასიდან. ეს ინფორმაცია ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გაატაროს ადეკვატური საგადასახადო რეფორმები. რუსეთმა უნდა შეამციროს კაპიტალის გადინება და მოახდინოს ბუნებრივი რესურსებიდან და ექსპორტიდან მიღებული შემოსავლის უფრო სამართლიანი გადანაწილება. ამისათვის საჭიროა უფრო მეტი შიდა ინვესტიციები“ – ამბობს პიკეტი.

დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და ლავროვი იხილავენ სირიის თემას, სადაც რუსეთი სერიოზული მოთამაშე ხდება. მაგრამ ფაქტი სახეზეა, ნავთობის ფასი ეცემა, მოპოვება და ბაზარზე მიწოდება კი იზრდება. ბაზარზე შემოდის ახალი მოთამაშე ირანიც. რუსეთს 2016 წელს არ უნდა ქონდეს რეცესიიდან გამოსვლის და რუბლის გამყარების იმედი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ძალიან გაუჭირდა რუსეთის ბაზრის გარეშე, მინიმუმ 2016 წელს, ევროპა რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის და მის დახმარებას არც საერთაშორისო ორგანოები აპირებენ.

ჩინეთიდან საქართველოს გავლით მატარებლის ახალმა ტრასამ, რომლის სულისჩამდგმელია ჩინეთი, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს და ის არ გადის რუსეთზე. ამრიგად, 2016 წელს რუსეთში ვარდნა გაგრძელდება და, ბუნებრივია, ამ კუთხით და ზომით ის საქართველოს საგადამხდელო ბალანსზეც აისახება.