რებუსები საქართველოში ბენზინის ფასებს ირგვლივ და მსოფლიოს ისტორიული ტენდენციები

საწვავის ბაზარი საქართველოში კვლავ მონოპოლიურია

ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD

საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე სუპერ ოქტანობის ბენზინი ღირს 2.35 ლარი, ისევე როგორც 4 წლის უკან, როდესაც მსოფლიო ფასი ნედლ ბარელ ნავთობზე იყო 110 დოლარი. არადა ახლა 50 დოლარს ქვევითა.
როდის ტყუის საწვავის ბიზნესი ახლა თუ მაშინ? საინტერესო ისაა, რომ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შეამოწმა და დააჯარიმა ამ ბიზნესის უმსხვილესი წარმომადგენლები, მაგრამ არც იმ დაჯარიმების კონკრეტული საფუძველი უნახავს ვინმეს და არც ახლანდელი სიტუაციის ახსნა. ეს ბადებს კითხვებს, რომ ეს ბიზნესი პოლიტიზირებული და მონოპოლიზირებულია. ამ ბაზარზე შესვლა თავისუფალი რომ იყოს აუცილებლად ახალი სახეები და მონაწილეები გამოჩნდებოდნენ ამ ასპარეზზე და ბაზარი თვითონ დაარეგულირებდა ყველაფერს და რადგანაც ეს ასე არაა, ბევრი კითხვა ჩნდება. ამასთან, საერთოდ არ მიმდინარეობს რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტროლი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით.

ცალკე განხილვის საგანია ე.წ. მინარევები, რომელსაც ბენზინს უმატებენ ოქტანობის ასამაღლებლად და რომელიც მომაკვდინებელია, როგორც ადამიანთა მოდგმის ჯანმრთელობისათვის, ისე გარემოსათვის.

ნავთობის ფასების უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, ის მუდამ გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნით. მას დასვლეთი იყენებდა რუსეთის მიმარათ და რუსეთი მისი მეზობლების მიმართ.

1979 წელს (მსოფლიოს 70-იან წლების კრიზისის შემდგომ), როდესაც რუსეთის ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ, ნავთობის ფასი პიკზე იყო, ბარელზე 101 აშშ დოლარის ღირებულებით. (დღემდე უცნობია, რეალურად, რა უნდოდა საბჭოთა კავშირს ავღანეთში, ეს მაშინ ხდებოდა, როცა მე სკოლას ვამთავრებდი და შეეძლოთ ჯარში გავეწვიე ავღანეთში, მაგრამ არავინ იცოდა რატომ) ნავთობზე მაღალმა ფასებმა და დასავლეთ ციმბირში გაზრდილმა მოპოვებამ  საბჭოთა კავშირს დიდი შემოსავალი მოუტანა. იმის ნაცვლად, რომ ეს ფული „შავი დღისთვის“ გადაენახათ, მთავრობამ ფული გამოიყენა „უცხოური თავგადასავლებისა“ და საკვების იმპორტის დასაფინანსებლად. 7 წლის შემდეგ (ძალიან საეჭვოდ, საუდის არაბაეთის სათავეში ახალი მმართველის, ახალგაზრდა პრინცის, მოსვლის შემდგომ მან სასწრაფოდ გაზარდა მოპოვების ოდენობა და ოპეკმა ითამაშა თავისთავის საწინაღმდეგოდ) ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე, დაახლოებით, 30 დოლარამდე შემცირდა, რის შემდეგაც მიხეილ გორბაჩოვმა ქვეყანაში პერესტროიკა, დასავლეთთან კი კონვერგენცია გამოაცხადა.

ისტორიაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ნავთობზე მაღალი ფასები საბჭოთა კავშირის აგრესიის პირდაპირპროპორციული იყო, ტრადიციულად, როგორც კი შავ ოქროზე ფასები მცირდებოდა, საბჭოთა კავშირი უფრო დემოკრატიული და მეგობრული ხდებოდა დასავლეთის მიმართ და პირიქით, ფასებისა და, შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის პალარელურად, კომუნისტური ქვეყნის აგრესიაც იზრდებოდა (იხილეთ სქემა #1).

სქემა #1
a.woc888
წყარო: The Economist

ნავთობის ფასების კორელაცია საბჭოთა კავშირის პოლიტიკასთან გასაკვირი არ არის – არაკონკურენტულ, მბრძანებლურ ეკონომიკაში ნავთობისა და გაზის ექსპორტი მთალიანი ექსპორტის 67%-ს შეადგენდა.

მაგრამ ეს კორელაცია არც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარღვეულა. ისევე როგორც, საბჭოთა კავშირის დროს, ახლაც, რუსეთის საექსპორტო შემოსავლის უდიდესი წილი ენერგომატარებლებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის. როდესაც ქვეყნის სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა, ბარელი ნავთობის ფასი 25 აშშ დოლარს შეადგენდა. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ პუტინმა დასავლეთის მიმართ „მეგობრული“ პოლიტიკის გატარება დაიწყო: თავი ამერიკის მოკავშირედ გამოაცხადა, არ შეწინააღმდეგებია ნატოს გაფართოებას და მის შემადგენლობაში ბალტიისპირეთის ქვეყნების შესვლას და 2001 წლის 11 სექტებმერს განიხილავდა, როგორც ნატოსთან დაახლოების შანსს.
მაგრამ 7 წლის შემდეგ, ნავთობის ფასები ბარელზე უკვე 105 აშშ დოლარს შეადგენდა. რუსეთის საგარეო პოლიტიკაც შეიცვალა და 2008 წელს ის საქართველოში შემოიჭრა, დაიძაბა ურთიერთობა აშშ-სთან. მაგრამ მალე მსოფლიოს ფინანსური კრიზისი დაიწყო და ბარელი ნავთობის ფასი 67 აშშ დოლარზე ჩამოვიდა, რის შემდეგაც კრემლმა სასწრაფოდ გადატვირთვის პოლიტიკას დაუჭირა მხარი აშშ-სთან.

რუსეთის ბოლო და ყველაზე დიდი თავდასხმა 21-ე საუკუნეში უკრაინაზე მაშინ განხორციელდა, როცა მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს შეადგენდა. ამის შემდეგ ნავთობის ფასები კვალვ შემცირდა, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთი კორელაციას არღვევს, ის ჯერ არ გამხდარა „მეგობრული“ დასავლეთის და მეზობლების მიმართ. როგორც ჩანს, პუტინს მყარად აქვს გადაწყვეტილი ტრადიციის დარღვევა. ნავთობზე შემცირებული ფასებისა და დაბალი ეკონომიკური ზრდის საკომპენსაციოდ, პუტინმა რუსეთის მოსახლეობას ომი და პატრიოტული ეიფორია შესთავაზა. რას იზამს პუტინის რეჟიმი მიმდინარე წელს? აღდგება თუ არა კორელაცია ნავთობის ფასებსა და კრემლის პოლიტიკას შორის? ეს დიდწილად ნავთობის ფასების მომავალზეა დამოკიდებული.

გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული ნავთობზე ფასები დაეცა. რაც იმას ნიშნავს რომ ბევრ ექსპორტიორ ქვეყანას შემოსავლები მკვეთრად შეუმცირდა. მათ შორის არის რუსეთიც. 2010 წლიდან 2014 წლის შუა პერიოდამდე ნავთობზე ფასები, სტაბილურად, ბარელზე დაახლოებით 110 აშშ დოლარს შეადგენდა. გასული წლის ივნისიდან მოყოლებული კი ფასები თითქმის განახევრდა. რასაც ხელს OPEC-ის პოლიტიკაც უწყობს, რომელიც ნავთობის მოპოვების კვოტის შემცირებაზე ჯიუტად ამბობს უარს.

დღეისათვის რუსეთის საექსპორტო შემოსავლის 70% გაზისა და ნავთობის ექსპორტის შემოსავლებზე მოდის. შავ ოქროზე ფასის შემცირებას, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიც დაერთო, რამაც ქვეყნის ეკონომიკა ურთულეს ვითარებაში ჩააგდო. რუბლის კიდევ უფრო გაუფასურების თავიდან ასაცილებლად, ცენტრალური ბანკი, საპროცენტო განაკვეთს ძალიან მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს (გასული წლის დეკემბრისთვის ის 17%-ს შეადგენდა).

ნავთობზე ფასის 1 დოლარით შემცირების შემთხვევაში, რუსეთის ბიუჯეტი შემოსავლების 2 მილიარდს კარგავს. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, დაბალი ფასების შენარჩუნების შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო რთული 2015 წლის მეორე ნახევარი ელის წინ. მიუხედავად ამისა, OPEC-ის მსგავსად, არც რუსეთი აპირებს ნავთობის მოპოვების შემცირებას ფასების ზრდის წასახალისებლად. „თუ ჩვენ ნავთობის მოპოვებას შევამცირებთ, სხვა ნავთობიმპორტიორები გაზრდიან მოპოვებას და დავკარგავთ ჩვენ ნიშას გლობალურ ბაზარზე“ – ამბობს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი.

რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ალექსი კუდრინის განცხადებით „რუბლის მკვეთრი ვარდნა არამხოლოდ ნავთობის ფასების შემცირებისა და დასავლური სანქციების, არამედ კრემლის არასწორი პოლიტიკის შედეგიცაა.“

მართალია, გაუფასურებულმა რუბლმა შეარბილა ნავთობის ფასის შემცირებით გამოწვეული წნეხი რუსეთის ბუჯეტზე, მაგრამ სუსტმა რუბლმა ასევე გაზარდა ინფლაცია. რომელიც ივლისში 15.8%-მდე გაიზრდა ივნისში არსებული 15.3%-დან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2014 წლის დეკემბერში საპროცენტო განაკვეთი 17% იყო. მაგრამ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ის ეტაპობრივად შემაცირა. ეკონომიკური სტიმულირების მიზნით, ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ივნისში 11.5%-დან 11%-მდე შეამცირა. რაც შეეხება ინფლაციას, რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ის 7%-მდე შემცირდება მომავალი წლის ივლისისთვის, სამიზნე, 4%-იანი მაჩვენებლის მიღწევას კი რუსეთის ცენტრალური ბანკი 2017 წლისთვის იმედოვნებს.

2-2

3-3
წყარო: www.bloomberg.com

ნავთობის ფასების კვლავ შემცირება კიდევ უფრო დიდი წნეხი იქნება კრემლისთვის. 31 ივლისს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრისა და OPEC-ის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრის შემდეგ, ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი კვლავ შემცირდა და ბარელზე 52.61 აშშ დოლარი შეადგინა. პარალელურად, ჩინური ბაზრის რყევა ეჭვქვეშ აყენებს მსოფლიოს მეორე ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას და მის ყველა მოთამაშეს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს პერიოდში მიწოდების მხრივ OPEC-ისა და რუსეთის მხრიდან არაფერი იცვლება, უფრო მეტიც, სანქციების მოხსნის შემდეგ, გლობალური ბაზარი უფრო გაჯერდება ირანული ნავთობითაც, ნავთობექსპორტიორები ოპტიმიზმს ინარჩუნებენ.

დასავლეთი ირანულ კარტს ათამაშებს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ – ის იქნება ამ ეტაპზე ნავთობის ფასების დამწევი წნეხი. ნავთობის ფასების მეორე წნეხი, ასევე არის გაზის გამოყენება ავტომობილების საწვავად, ჰიბრიდული და ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე მანქანების გამოშვება და შეერთებულ შტატებში ფიქალის საწვავის ბიზნესის განვითარება. 

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდ ნოვაკთან შეხვედრის შემდეგ OPEC-ის გენერალურმა მდივანმა აბდალ სალმ ელ-ბადრიმ, განაცხადა, რომ წარმოების შემცირებისა და მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში ნავთობზე ფასების შემცირება აღარ არის მოსალოდნელი. ამასთანავე, მისი განცხადებით, უმსხვილესი ნავთობკარტელი ივნისში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ცვლის და OPEC არ აპირებს ნავთობის მოპოვების შემცირებას. „ბოლო შეხვედრაზე, ივნისში გადავწყვიტეთ, რომ არ შევამცირებთ ნავთობის მოპოვების კვოტას. ეს არის 30 მილიონი ბარელი დღეში, ეს გადაწყვეტილება უცვლელი რჩება“ – განაცხადა ელ-ბადრიმ.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი კი აცხადებს, რომ ნავთობზე ფასების დასტაბილურებას ხელს შეუწყობს მოთხოვნის ზრდა. „2020 წლისთვის ნავთობზე გლობალური მოთხოვნა წელიწადში 7-11%-ით გაიზრდება. ზრდა 2020 წლის შემდეგაც გაგრძელდება“ – განაცხადა ნოვაკმა. მისი განცხადებით, OPEC-ისა და რუსეთის პროგნოზი ერთმანეთს ემთხვევა იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელს ნედლი ნავთობის ბაზარი დასტაბილურდება. ელ-ბადრის განცხადებით, OPEC-ს არც უმსხვილესი იმპორტიორის, ჩინეთის ეკონომიკური პრობლემები აძლევს პესიმიზმის საფუძველს. ელ-ბადრიმ ჩინეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასა, როგორც „სპეკულაციური პროცესები, რომელიც მალე დასრულდება“.
მაგრამ ფაქტია, რომ ნავთობის ფასები კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. ამასთანავე, OPEC-იცა და რუსეთიც არ აპირებს მოპოვების შემცირებას და ამ ყველაფერთან ერთად, ბაზარზე ბრუნდება ირანი.

სანქციებამდე ირანი დღეში, დაახლოებით, 2.3 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტს ახდენდა. სანქციების შემდეგ ეს მაჩვენებელი 1 მილიონამდე შემცირდა. ახლა ირანს სურს თავისი წილი დაიბრუნოს ბაზარზე. თეირანის განცხადებით, ის 2 თვის განმავლობაში დღეში 500 000 ბარელით გაზრდის ნავთობის მოპოვებას და დღეში 1 მილიონი ბარელით 6 თვის შემდეგ. ფაქტია, რომ თუ ირანი სანქციებამდელ წაროების მოცულობას დაუბრუნდება, გლობალურ ბაზარზე ნავთობის მიწოდება კიდევ უფრო გაიზრდება.

აქედან გამომდინარე, დროა საქართველომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა აწარმოოს, რამეთუ არავინ აპირებს ამ ეტაპზე ნავთობის ფასების აწევას და რუსეთზე სანქციების მოხსნას. აქედან გამომდინარე, რუსეთის ეკონომიკას მძიმე დღეები უდგას და რუსულ პოლიტიკას ბზარი აქვს ხმაში. აშკარაა, რომ მზადდება რუსეთზე ახალი, ძლიერი შეტევა და საქართველო უნდა იყოს მზად ამისათვის, როგორც გასაღების ბაზრის შემცირების, ტრანსფერების შეკვეცის, ასევე პროვოკაციების გახშირების კუთხით.

რაც შეეხება შიდა ბაზარს, აქ აშკარად არის მონოპოლიების პრობლემა და ბაზრის დახურულობის სინდრომი. აქ აშკარად მონოპოლიურად მაღალი ფასებია საწვავზე და ამას რეალური გამოაშკარავება სჭირდება. ეს ხელოვნურად აწეული ფასები საწვავზე საბოლო ჯამში მომხმარებლის და სხვა ბიზნესის ინტერესებს ბღალავს და ანგრევს ეკონომიკას.