რა დაიცავს საქართ ველოს 2016 წლის მსოფლიო კრიზისისგან
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჯო ბაიდენმა (Joe Biden), მსოფლიოს ამ ერთ-ერთმა ყველაზე ბრძენმა ადამიანმა ბიზნესმენებს განუცხადა – თქვენ გაგაქვთ კაპიტალი, ფული ქვეყნიდან და ოფშორებში გადასახადებისგან მალავთ და ამით ახარებთ თქვენს მეწილეებს და აქციონერებს და ქურდავთ, ასუსტებთ სახელმწიფოს, თქვენს ქვეყანას. დააბრუნეთ ის კაპიტალი უკან, თქვენს ქვეყანაში და გაახარეთ თქვენი თანამოქალაქენი, სახელმწიფო და ისინი ააყვავებენ თქვენს ბიზნესს.
ეს იყო დავოსის ფორუმების წითელი ხაზი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. დიახ, კიდევ არის დამატებითი საკითხები ყოველ ფორუმზე, მაგალითად ამ ფორუმზე მეოთხე სამრეწველო რევოლუცია*, არაჩვეულებრივად გაყინულ ევროპაში კლიმატის დათბობის საკითხი, ნავთობის ფასები და მოსალოდნელი ღრმა ფინანსური კრიზისი და ა.შ. მაგრამ მთავარი ოფშორი და დამალული კაპიტალი და ამნისტიაა!
როგორც ჩანს, მსოფლიოში კრიზისი და თანაც ღრმა, გარდაუვალია. მე ნათლად მახსოვს 2007 წელს დავოსის ფორუმზე „ლემან ბრაზერსის“ (The Lehman Brothers) CEO-ს გამოსვლა, როგორ გვმოძღვრავდა, როგორ გვიზიარებდა გამოცდილებას სამყაროს უჭკვიანესი კაცი და მთელი მსოფლიო სულგანაბული უსმენდა და თანაც დიდი მოწიწებით. ის მსოფლიო, რომელიც რამოდენიმე თვეში სულელსა და ბრიყვს ეძახდა მასვე და ყველა უბედურების მიზეზად თვლიდა!
2007-08 წლების კრიზის ერთმნიშვნელოვნად საბანკო იყო. მაგრამ ბანკებმა ჭკუა ისწავლეს, გამოცდილება და რეზერვები დააგროვეს და ეს კრიზისი არ იქნება საბანკო! ეს იქნება საფინანსო ბაზრების და კომპანიების კრიზისი, პირველ რიგში, ნავთობის კომპანიების, რომლებიც ემზადებიან აქტივების გასაყიდად, როგორც გადარჩენის გეგმის ნაწილის. ექსპერტებმა მოსალოდნელ კრიზისს სახელიც შეურჩიეს – ლევერეჯის კრიზისი! ახლა მთავარია ვის აქვს „ქეში“ – ის გადარჩება!
„ქეში“ ამჟამად ბანკებს აქვთ, განსაკუთრებით ამერიკულებს, ხოდა აშშ-ს ბანკები ემზადებიან დიდი ოდენობით სანავთობო აქტივების შესაძენად და თანაც იაფად კრიზისის პერიოდში. ყველა დიდი ექსპერტის რჩევაა ბიზნესისთვის, გადავიდნენ „ქეშის“ მდგომარეობაში და მაქსიმალურად დახურონ ყველა, განსაკუთრებით მოკლე პოზიციები. მსოფლიო „ქეშის“ სრულ მობილიზაციას აცხადებს.
ასეთ საგარეო ვითარებაში აუცილებელია საქართველომ, რომელიც ურთულეს რეგიონალურ გარემოში იმყოფება, რუსეთის და აზერბაიჯანის სავალუტო საფინანსო კოლაფსის, თურქეთის ლირის დევალვაციის და რუსეთის მხრიდან გამოცხადებული ემბარგოსა და რუსეთზე სანქციების გამო, გადადგას მკაცრი, შეიძლება არაპოპულარული, მაგრამ საჭირო ნაბიჯი – გამოაცხადოს 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სრული ფინანსური, საგადასახადო ამნისტია და ოფშორიდან გამოიძახოს ქართული კაპიტალი. ეს არაა ახალი ველოსიპედის გამოგონება, ყველაზე კარგია იტალიის მაგალითი – იტალიამ 2000 წლიდან 4-ჯერ განახორციელა ამნისტია და, საერთო ჯამში, 160 მილიარდი ევრო დაიბრუნა.
შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად დათმობაა, მაგრამ ამ კრიზისულ სიტუაციაში სხვა გზა არაა! მიუხედავად იმისა, რომ იტალიისა და საქართველოს საგადასახადო სისტემები განსხვადება ერთმანეთისგან, საქართველოდან პოლიტიკური რისკის გამო ბოლო 25 წელი დიდი ოდენობის კაპიტალი იქნა გატანილი და ამ 25 წლის ნამოქმედარს ერთად უდნა გამოვუცხადოთ ამნისტია იტალიური სქემით – ანუ შემოტანილი კაპიტალის 3% დაიბეგრება იმ ბანკში, სადაც ჩაირიცხება და ფული ითვლება ინვესტირებულად და ამნისტირებულად. ეს რეპატრიაცია იქნა გაკეთებული იტალიის ეკონომიკის მინისტრის ჯულიანო ტრემონტის მიერ, ტრემონტის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ნებისმიერ იტალიელს, რომელიც უცხოეთის ოფშორებში ინახავდა ფულს 3%-ად შეეძლო იტალიაში გადაეტანა და დაუსჯელად დაებანდებინა ის. ასევე, ნებისმიერ ქართველს შეუძლია 3%-იანი გადასახადი ჩარიცხოს ბანკში და განთავისუფლდეს ნებისმიერი საკანონმდებლო დევნისგან. ბანკის მიერ გაცემული საბუთი და ბიუჯეტში გადახდილი 3%-იანი გადასახადი იმავდროულად იქნება დეკლარაცია.
შექმნილი დეკლარაცია, რომელსაც ბანკები გასცემენ ჩარიცხვის საფუძველზე, იქნება საგადასახდო ამნისტიის და ფულის თვისუფლად განკარგვის გარანტია. ეს საგადასახადო ამნისტიასთან ერთად გარკვეულწილად ქართველების საყოველთაო შერიგების აქტიც იქნებოდა და ხელს შეუწყობდა მომავალში არამარტო ლარის განმტკიცებას და სამუშაო ადგილების შექმნას, არამედ საშუალო კლასის ლეგალური ბიზნეს ფენის შექმნას და დემოკრატიული პროცესების გაღრმავებას.
ვფიქრობ, ამ გზით საქართველო პირველ ეტაპზე შეძლებს 3-5 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვას, რაც სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ 2016-17 წლებში ლარის კურსი იყოს 2.2 დონეზე, შეიქმნას 50 000 ახალი სამუშაო ადგილი და ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწიოს 7%-იან ნიშნულს.
იდეის ბევრი მოწინააღმდეგე იტყვის, რომ ეს არჩევნებზე იქონიებს ზეგავლენას, მაგრამ ეს არ არის სწორი – ლეგალური პროცესები არჩევნებზე ბევრად მისაღებია ვიდრე ოფშორული ანგარიშები. დღეს საქართველოს გადარჩენის და მისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საკითხი დგას დღის წესრიგში და, ამ კუთხით, ერთადერთი გადარჩენა სრული საგადასახადო-ფინანსური ამნისტიაა, რითაც სრულად გადავურჩებით მოსალოდნელ კრიზისს.
საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
თსუ პროფესორი
ემზარ ჯგერენაია
* ექსპერტების პროგნოზით, მალე თითქმის ყველა ელექტროხელსაწყო ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული ვირტუალური ქსელის მეშვეობით, რომლებიც ინტენსიურად გაცვლიან ერთმანეთში ინფორმაციას. შედეგად, იარსებებს მათი მართვის სრულიად ახალი შესაძლებლობები. კიბერ-ფიზიკურ პროცესებზე დაფუძნებული ე.წ. ჭკვიანი წარმოება კიდევ უფრო გაზრდის წარმოების ეფექტიანობას და დააჩქარებს ტექნოლოგიურ განვითარებას. მომხმარებლებისთვის გაჩნდება სრულიად ახალი ტიპის სერვისები, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ადამიანის ცხოვრებას. სწორედ ამ ტექნოლოგიებზე დამყარებულ საინფორმაციო სისტემებში იქნება წარმატების გასაღები და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყარო ჩვენს ეპოქაში.