საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისო სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის სხდომა
სასტუმროში „რედისონი“ საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისო სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.
სხდომას ქართული მხრიდან საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო ბულგარეთის მხრიდან ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრი ივაილო მასკოვსკი ხელმძღვანელობდნენ.
ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი ყურადღება ინვესტიციებისა და ტურიზმის წახალისების, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხებს ეთმობა.
სხდომას ესწრებოდნენ სამთავრებო უწყების წარმომადგენლები, რომელთაც ბულგარელ კოლეგებთან ერთად ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
„ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა 2015 წლის მანძილზე გაიზარდა, ჯამურად ბრუნვა 380 მილიონი დოლარია და არის ზრდის ტენდენცია. ბულგარეთი ექსპორტის მიხედვით მეორე ქვეყანაა. ძალიან მნიშვნლეოვანია სავაჭრო ურთიერთობები და ის სატრანზიტო პოტენციალი იყოს რეალიზებული, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აქვთ. კომისიის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიას და ბულგარეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიას შორის შეთანხმებას მოეწერება ხელი, რომელიც კორიდორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის, როგორც გამჭვირვალობის, ასევე ტარიფების მხრივ“- აღნიშნა ქუმსიშვილმა. მან სხდომაზე სწორედ ტრანზიტსა და მასთან დაკავშირებულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მეხუთე სხდომის ოქმსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ბულგარეთის სტატისტიკის ეროვნულ სტუქტურას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. როგორც ქუმსიშვილმაც აღნიშნა, კომისიის ფარგლებში ხელი მოეწერება ბულგარეთსა და საქართველოს რკინიგზების შვილობილ კომპანიებს შორის სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვების განვითარების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.