საქართველოს ფული სჭირდება, მაგრამ არა “შავი”
ნოდარ ხადური
2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, მათ შორის რადიკალური ცვლილებები ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. ტერორიზმთან ბრძოლა ცივილიზებული სამყაროს უმნიშვნელოვანეს მიზნად იქნა აღიარებული და შესაბამისად, ცივილიზებულმა სამყარომ ყველანაირი ხერხები მისი მასშტაბების შემცირებისა და აღმოფხვრისაკენ მიმართა.
ამ მიმართულებით უმთავრეს ამოცანად, ალბათ, მაინც ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური უზრუნველყოფის შეფერხება და მათი ეკონომიკური ბერკეტებით “განიარაღება” იქცა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტერორისტული ორგანიზაციები, როგორც წესი, დაფინანსებას, ძირითადად, სწორედ უკანონო შემოსავლებიდან (მ.შ. ნარკობიზნესი, იარაღით ვაჭრობა, თრეფიკინგი და ა.შ.) ღებულობენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო უკვე კარგა ხანია ებრძვის უკანონო ფულის გათეთრებას, ამ პროცესმა განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ შეიძინა.
ჯერ კიდევ 1989 წელს პარიზში, მსოფლიოს 26 ქვეყნის მიერ დაარსდა FATF-ი (ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ფინანსური ქმედების ჯგუფი), რომელიც “შავი ფულის” ლეგალიზაციის საწინააღმდეგო რეკომენდაციებს შეიმუშავებს და მათ განხორციელებაზე მონიტორინგს გამართავს. სწორედ FATF-ი განსაზღვრავს იმ ქვეყნების “შავ სიას”, რომლებიც “შავი ფულის” გათეთრებას არ ებრძვიან და მისი ლეგალიზაციის პოტენციურ ცენტრებსაც კი წარმოადგენენ.
“შავ სიაში” მოხვედრა ზღუდავს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას, საერთაშორისო ფინანსურ ურთიერთობებში ჩართვას განაპირობებს და მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური ბარიერების განხორციელებას.
საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს წევრმა ქვეყანამ ვალდებულება აიღო ებრძოლოს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, რომლის საფუძველიც შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღება უნდა გახდეს. მით უფრო, რომ გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველო შეიძლება “შავი ფულის” გათეთრების შესაძლებლობის მაღალი რისკის ქვეყნად ჩაითვალოს.
დაძაბული ვითარება პანკისის ხეობაში, ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან არაკონტროლირებადი ზონების არსებობა, საქართველოს საზღვრის უშუალო სიახლოვეს მიმდინარე საომარი მოქმედებები, გაუკონტროლებელი საზღვრები ჩვენს მეზობლებთან, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომუნიკაციები (რომელიც გარდა ლეგალური ტვირთბრუნვისა, შესაძლოა, ნარკობიზნესის, იარაღის ვაჭრობის, ტრეფიკინგის და სხვა ინტერესებისათვის იქნეს გამოყენებული) ამ რისკს კიდევ უფრო ზრდის.
ამას თან ემატება მსოფლიოში დაწყებული ოფშორული ზონის დახურვის ტენდენცია, სადაც დღემდე დიდი წარმატებით ხდებოდა “შავი ფულის” გათეთრება და ლეგალიზაცია. საქართველო კი, “შავი ფულისათვის” ფრიად მიმზიდველ ქვეყნად შეიძლება იქცეს. შესაბამისად, გარდა ქვეყნის იმიჯისა, დაზარალდება ქვეყნის ეკონომიკაც. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, თუ საქართველო შესძლებს თუნდაც “შავი ფულის” მოზიდვას ინვესტიციების სახით, ეს პროცესი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას შეუწყობს ხელს, ჩვენი აზრით, საფუძველშივე მცდარია, რადგან “შავი ფული”, როგორც წესი, არასოდეს ხმარდება “თეთრ” საქმეებს, სანაცვლოდ კი, საქართველოს საბანკო და საფინანსო სისტემა იზოლირებული აღმოჩნდება დანარჩენი მსოფლიოსაგან, რაც საქართველოს ეკონომიკას საბოლოო კოლაფსით ემუქრება.
ამ პროცესების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ეროვნულ ბანკში შემუშავდა კანონის პროექტი “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ”.
წარმოდგენილი პროექტი ფრიად საინტერესოა. საქართველოს პარლამენტი სწორედ ახლა იხილავს მას.
პროექტის მიხედვით განსაზღვრულია მონიტორინგის განმახორციელებელი პირები, რომლებსაც ევალებათ მოახდინონ ყველა შესაბამისი გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია და ინფორმაცია მიაწოდონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, რომელშიც მოხდება აღნიშნული მონაცემების დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში მისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის წარდგენა.
მიუხედავად იმისა, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცის წინააღმდეგ არავინ გამოდის, წარმოდგენილი პროექტის მიმართ სერიოზული შენიშვნები გამოითქვა.
უპირველეს ყოვლისა, ეს შენიშვნა ეხება ახლადშესაქმნელ “ფინანსური მონიტორინგის სამსახურს”, რომელიც, რატომღაც, საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება. ამავე დროს გაურკვეველია ამ ორგანოსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობის ფორმები. დიდ გაკვირვებას იწვევს “მონიტორინგის განმახორციელებელი პირების” ვალდებულებები. პროექტის თანახმად ასეთი პირები არიან ვალუტის გადამცვლელები, ნოტარიუსები, სადაზღვევო კომპანიები, კომერციული ბანკები. ზედმეტად ოპტიმისტურ აზრად მიგვაჩნია, რომ მათ დაევალოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის განხორციელება. ამასთან, სამწუხაროდ, ეს პროცესი პროექტის მიხედვით არ გამორიცხავს სუბიექტივიზმს, ანუ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ნებასურვილზეა დამოკიდებული, დაინტერესდება თუ არა სახელმწიფო ამა თუ იმ პირის მიერ განხორციელებული საფინანსო ოპერაციით.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროექტის მიღება საქართველოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, აუცილებელია ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით პროექტი დაიხვეწოს და კანონი მხოლოდ რეალური ბერკეტებით იქნეს მიღებული.