ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში „საპენსიო რეფორმა საქართველოში“
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საჯარო დისკუსიაში „საპენსიო რეფორმა საქართველოში“. აღნიშნული რეფორმის განხორციელება საქართველოს მთავრობას 2017 წელს აქვს დაგეგმილი.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) პროექტმა “მმართველობა განვითარებისთვის“.
საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა ანიტა შვარცმა, ამავე ორგანიზაციის საერთაშორისო კონსულტანტმა პიტერ ჰოლცერმადა ფინანსური სექტორის წამყვანმა სპეციალისტმა ფიონა სტიურტმა, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის საპენსიო სისტემის მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენელმა, დარენ რაიდერმა და NEST-ის კორპორატიული მომსახურების დეპარტმენტის აღმასრულებელმა დირექტორმა დები გუფთამ.
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საჯარო დისკუსიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა საპენსიო რეფორმის კონცეფციაზე, რომელიც მცირე ხნის წინ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. იგი გულისხმობს კერძო დაგროვებითი სისტემის კომპონენტის დანერგვას არსებული სოციალური საპენსიო პაკეტის პარალელურად.
„ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა, ვინაიდან საპენსიო რისკები დროთა განმავლობაში მატულობს, და სახელმწიფოს სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქის საპენსიო უზრუნველყოფაზე მოუწევს ზრუნვა. მთავრობამ გადაწყვიტა შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეს საშუალება მიეცემა უკეთ დაგეგმოს სიბერე და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფო შემწეობაზე“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება პენსიის ოდენობა განესაზღვროთ სტაჟისა და წლების განმავლობაში გამომუშავებული ხელფასის მეშვეობით.
ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია რეფორმის სწორი დიზაინი და იმ შეცდომების გაანალიზება და გათვალისწინება, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა დაუშვეს რეფორმის განხორციალების პროცესში.
„საპენსიო რეფორმა წარმოადგენს ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელ კომპონენტს. კერძო დანაზოგების ზრდა ადგილობრივ ვალუტაში გაზრდის გრძელვადიანი ფულადი რესურსის ხელმისაწვდომობას რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკისათვის და ხელს შეუწყობს დანაზოდების ეკონომიკაში ინვესტირებას კაპიტალური ბაზრის მეშვეობით,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საჯარო დისკუსიაში მოხსენებები გააკეთეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის (USAID) პროექტის “მმართველობა განვითარებისთვის“ ხელმძღვანელმა მაილო სტევანოვიჩმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა.
* * *
საქართველოში არსებული სოციალური საპენსიო სისტემის მოდიფიკაცია და კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა
• საქართველოში 2017 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც შეიმუშავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არსებულმა საპენსიო რეფორმების სამსახურმა ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების – მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებისა და სამთავრობო უწყებების მოსაზრებების გათვალისწინებით
• საპენსიო რეფორმა შედგება ორი კომპონენტისგან:
ა) არსებული სოციალური საპენსიო სისტემის ინდექსაცია, რაც გულისხმობს ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც განსაზღვრავს, ყოველწლიურად რა ოდენობით უნდა გაიზარდოს არსებული სოციალური პენსია. (დღესდღეობით არ არსებობს მექანიზმი, რომელიც პენსიონერს დაიცავს ინფლაციისგან). ინდექსაციის მეთოდი საშუალებას მოგვცემს პენსიონერი დავიცვათ ინფლაციისგან, რომ მისი მსყიდველობითი დონე არ გაუარესდეს. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პენსია მატულობდეს მინიმუმ ინფლაციის შესაბამისად
ბ) რეფორმა ასევე ითვალისწინებს ახალი კომპონენტის დანერგვას, რომელსაც ეწოდება კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა. ეს რეფორმა გათვლილია მომავალ პენსიონერებზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ საპენსიო უზრუნველყოფას.
• რეფორმის შედეგად, ჩვენს შედარებით ახალგაზრდა მოქალაქეებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა, რომ საპენსიო ასაკში არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ სახელმწიფოს სოციალურ თანადგომაზე და თავიანთი შრომისა და სურვილის მიხედვით დააგროვონ კაპიტალი, რითიც უზრუნველყოფენ საპენსიო ასაკში საკუთარ მატერიალურ კეთილდღეობას.
• სახელმწიფო მნიშვნელოვნად წაახალისებს საპენსიო შენატანების განხორციელებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგალურად დასაქმებული პირი საპენსიო ანგარიშზე შეიტანს თავისი შემოსავლის ორ პროცენტს ან მეტს (სურვილის მიხედვით), ხოლო წახალისების მიზნით ორ პროცენტს დაუმატებს დამსაქმებელი და ორ პროცენტს – სახელმწიფო.
• ამრიგად, დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაგროვდება გარკვეული თანხა, რომელიც ინვესტირდება ეკონომიკაში. კერძო დაგროვებითი პენსია უნდა იყოს მისი შემოსავლისა და შენატანის პირდაპირპროპორციული.
• მნიშვნელოვანია, რომ მომავალში პენსიონერი მიიღებს ორი სახის პენსიას: სოციალურ პენსიას დაემატება კერძო დაგროვებითი პენსია. სისტემაში გაწევრიანება ნებაყოფლობით შეეძლება ნებისმიერი ასაკის დასაქმებულ მოქალაქეს.
• ეს რეფორმა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კერძო დაგროვებითი სისტემის მეშვეობით ადგილობრივ ბაზარზე შეიქმნება ლარის გრძელვადიანი რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის დედოლარიზაციას და ასევე ძალიან დაგვეხმარება ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებაში.