გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო

საქართველოში დამატებითი ელექტროენერგიის გამომუშავებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების მიზნით, საპარტნიორო ფონდმა, შვილობილ კომპანია – სს ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან” ერთად, მიმდინარე წლის 17 იანვარს, გარდაბნის რაიონში ენერგო პროექტის – გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას დაიწყო.

მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, მთავრობის წევრებმა, პარლამენტარებმა, თურქეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.

garibashvili

“დღეს აქ, გარდაბანში, იწყება უმნიშვნელოვანესი მშენებლობა – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური. ეს არის უპრეცედენტო პროექტი – ასეთი დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკური წინსვლისათვის, რაც ჩვენი ქვეყნის სიძლიერის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის საწინდარია.
საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერისხვა ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას, რასთანაც პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ აქვს ამხელა მნიშვნელობა ისეთი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, რომელსაც დღეს ვუყრით საფუძველს.
მოგეხსენებათ, ენერგეტიკა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, რომლებიც საჭიროა ეკონომიკური სტაბილურობისათვის და სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობებისთვის” – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მშენებლობის პერიოდში 600-მდე ადამიანი დასაქმდება.

“გარდაბნის სადგური აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, რაც ენერგოსისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ქვეყნის ენერგოსისტემისთვის ეს იქნება საიმედო რეზერვი და ამასთან იგი დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს ადგილობრივ ბაზარს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის შექმნის შემთხვევაში, სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას. გარდაბნის თბოელექტროსადგური იქნება სერიოზული დასაყრდენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. მინდა ყველას მივულოცო საქართველოსთვის სრულიად ინოვაციური პროექტის განხორციელების დაწყება. მინდა ყველას მივულოცო ეს წარმატება და განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება, მეგობრების დახმარებით, ყველაფერს გააკეთებს ხალხის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის ”ჯენერალ ელეკტრიკის” უახლესი ტურბინებით და ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. დამატებით, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას.

გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიური იქნება. მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება, რის გამოც მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს.

”ეს იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ჩვენს ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს. გენერაციის ახალი წყაროების შექმნის თვალსაზრისით ეს პროექტი მნიშვნელოვანი წინსვლაა” – განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე.

kovzanadze

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ. აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მიერ, ხოლო სადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია – ÇALIK ENERJİ ახორციელებს.