„Check in Georgia“-ს პროექტში ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ჩაერთვება
საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებისა და ფესტივალების პრომოუშენში ჩართვის სურვილი კერძო სექტორიდან უკვე გამოხატა ავიაკომპანია „ატლასგლობალმა.“ ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, თამარ თანდაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
„ჩვენ როცა დავაანონსეთ Check in Georgia, ავღნიშნეთ, რომ პროექტში გვეყოლებოდა კერძო სექტორიდან პარტნიორები. ერთ-ერთმა პირველმა, ავიაკომპანია „ატლასგლობალმა“ გამოხატა მზაობა, რომ ყველა თავიანთ მიმართულებაზე განათავსებენ სარეკლამო-საპრომოციო მასალებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე კონცერტებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით. ეს კომპანია დაფრინავს არაერთი მიმართულებით, მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო ისეთი ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ჰოლანდია, გერმანია, ინგლისი, შვედეთი, შვეიცარია, ირანი, დუბაი, უკრაინა და ა.შ. შესაბამისად, კომპანიის მხარდაჭერა პროექტის მიმდინარეობისას საკმაოდ მნიშვნელოვანია. „ატლასგლობალმა“ უკვე დაიწყო ტურპაკეტების ფორმირება და სამიზნე ჯგუფებისთვის შეთავაზება იმისთვის, რომ სპეციალურად „Check in Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის დამატებით შემოიყვანოს ტურისტები“ – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„ატლასგლობალის“ კომერციული დირექტორის, თამარ თანდაშვილის განცხადებით, კომპანიამ ევროპის ქვეყნებიდან უკვე მიიღო სამ, ხუთ და შვიდდღიანი ტურების განხორციელებაზე შეკვეთები. „ჩვენ სამიზნე ჯგუფებს მივაწოდეთ სასტუმროების ნუსხა და გავაცანით საქართველოს თვალსაჩინო ადგილების დათვალიერების შესაძლებლობები. მჭიდრო კავშირი გვაქვს მსოფლიოს ცნობილ ტუროპერატორებთან, მათ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ისინი შექმნიან ტურისტულ პაკეტებს და გაუწევენ პოპულარიზაციას შეთავაზებულ პროდუქტს. ჩვენი ავიაკომპანია მოხარულია, რომ მხარს უჭერს ამ მნიშვნელოვან პროექტს“ – აღნიშნა თამარ თანდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილიდან საქართველოში კონცერტებს გამართავენ მსოფლიო ვარსკვლავები – ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, „Maroon 5“- და ხოსე კარერასი. „Check in Georgia“-ს ფარგლებში საქართველოს 19 ქალაქში ასევე ჩატარდება კონცერტები და და ფესტივალები ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. გარდა ამისა, დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვები, ღვინისა და ყველის ფესტივალები, ასევე ველო-ტურები და ლაშქრობები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.