გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2013/14

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2013-2014 წლის ”გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების” (The Global Competitiveness Report) მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 5 ადგილით გაუმჯობესდა 77-ე ადგილიდან 72-ზე (4,15-იანი ქულით) გადმოინაცვლა. აღნიშნულ რეიტინგში, საქართველოს დაწინაურება განაპირობა შემდეგი ფაქტორების გაუმჯობესებამ: ძირითადი მოთხოვნები (Basic Recuirement) – საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 7 საფეხურით და 64-ე ადგილიდან 57-ზე გადმოინაცვლა.

კომპონენტზე გავლენა იქონია საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებამ შემდეგ მაჩვენებელში:

მაკროეკონომიკური გარემო – გაუმჯობესდა 27 პოზიციით და 88-ე ადგილიდან 61-ზე გადმოინაცვლა; ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები (Efficiency Enhancers) – გაუმჯობესდა 1 პოზიციით და 87-ე ადგილიდან 86-ზე გადმოინაცვლა; ტექნოლოგიური მზაობა (Technological Readiness) – გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 76-ე ადგილიდან 68-ზე გადმოინაცვლა; საფინანსო ბაზრის განვითარება (Financial market development) – გაუმჯობესდა 18 პოზიციით და 93-ე ადგილიდან 75-ზე გადმოინაცვლა;
ბაზრის ეფექტიანობა (Goods Market Efficiency) – გაუმჯობესდა 15 პოზიციით და 82-ე ადგილიდან 67-ზე გადმოინაცვლა; უმაღლესი განათლება და ტრეინინგი (Higher Education and Training) – გაუმჯობესდა 1 პოზიციით და 93-ე ადგილიდან 92-ზე გადმოინაცვლა; განვითარების შეფასების მიხედვით, საქართველოს კვლავ ეფექტიანობით მამოძრავებელი (Efficiency Driven) ქვეყნის სტატუსი აქვს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პრობლემური ფაქტორები, რომელიც ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს (ცხრილი #1) არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა (19%), კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა (14.2%), სამუშაო ეთიკის დაბალი დონე მოსახლეობაში (12.2%), პოლიტიკური არასტაბილურობა (10%) და ინოვაციების მხრივ ჩამორჩენა (7.8%).

1

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 12 ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით ითვლება. პირველი არის ინსტიტუციონალური გარემო, სადაც საქართველოს 148 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი უკავია. ამ მაჩვენებელში შედის ისეთი პუნქტები, როგორიცაა საკუთრების უფლება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საჯარო ფონდების მართვა-არსებობა, პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის ნდობა, კანონმდებლობა, პოლიცია, სასმართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი და ა.შ.

2

მეორე პუნქტი მიმოიხილავს ინფრასტრუქტურას, საქართველო ამ ქვე-რეიტინგში 56-ე ადგილს იკავებს. მაკროეკონომიკური გარემოს მაჩვენებლით საქართველო 61-ე ადგილზეა, ჯანდაცვისა და დაწყებითი განათლების ხარისხის მაჩვენებლით 70-ე ადგილზე, უმაღლესი განათლების ხარისხი მიხედვით კი საქართველო მხოლოდ 92-ე ადგილს იკავებს, სასაქონლო ბაზრების ეფექტიანობის მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა 67-ე ადგილზეა, შრომის ბაზრის ეფექტურობის მზიედვით მე-40 ადგილზე, ფინანსური ბაზრების განვითარების მხრივ 75-ე ადგილზე, ტექნოლოგიური მზაობით 68-ე ადგილზე, ბაზრის მოცულობის მხრივ 103-ე ადგილი გვიკავია, ბიზნესის განვითარების მხრივ მხოლოდ 120-ე ადგილი, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს ინოვაციების კუთხით უკავია – მხოლოდ 126-ე პოზიცია.

3

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა – ხორვატია (75-ე ადგილი), რუმინეთი (76-ე ადგილი), სომხეთი (79-ე ადგილი), უკრაინა (84-ე ადგილი), მოლდოვა (89-ე ადგილი), და ა.შ. აღნიშნულ რეიტინგში პირველი ადგილი შვეიცარიას, ხოლო უკანასკნელი ჩადს უკავია.

მიმდინარე წლის მოხსენება 148 ქვეყანას მოიცავს. გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ყოველწლიურად მზადდება. აღნიშნული მოხსენება იკვლევს ფაქტორებს, რომლებიც ეროვნული ეკონომიკის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფენ. მიმდინარე წლის მოხსენებაში 100 ქვე-ინდექსია გამოკვლეული, რომლებიც 12 მაჩვენებელსა და საბოლოო ჯამში, 3 ფაქტორში ერთიანდება. გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში გამოკვლეულია შემდეგი მაჩვენებლები: ინსტიტუციები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება, უმაღლესი განათლება და ტრენინგები, ბაზრის ეფექტიანობა, შრომის ბაზრის ეფექტიანობა, საფინანსო ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიები, ბაზრის სიდიდე, ბიზნესი და ინოვაციები.