ციფრების და რეალობის დიალექტიკა საქართველოს ეკონომიკაში
სოფიკო სიჭინავა
წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში წარმოებულია თითქმის 4 მლრდ ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი, რომლის რეალური ზრდის ტემპმა 8,6%-ს მიაღწია. ეს ბოლო 6 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მონაცემებში ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დაწყების დამსახურებაა. სხვა შემთხვევაში, ზრდა 5%-საც ვერ მიაღწევდა.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2003 წლის პირველ კვარტალში წინა წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა საკმაოდ მაღალი იყო – 7,2%. 2003 წლის მეორე კვარტალში კი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდამ (წინასწარი მონაცემებით) კიდევ უფრო მაღალ დონეს – 9,9%-ს მიაღწია.
2003 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ასეთი სწრაფი ზრდა მნიშვნელოვნად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობის დაწყებამ განაპირობა, თუმცა, ამასთან ერთად, აქტივობის დონე საქმიანობის დანარჩენ სახეობებშიც საკმაოდ მაღალი იყო.
ამასთანავე, 2003 წლის პირველ ნახევარში არაფინანსურ აქტივებში ინვესტირების მაჩვენებელში დიდი როლი კვლავ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენმა ითამაშა: არაფინანსურ აქტივებში ნავთობსადენის მშენებლობაში დაფინანსების ყველა წყაროთი 174,8 მლნ ლარის სახსრები იყო ინვესტირებული. წინასწარი ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე არაფინანსურ აქტივებში 143,4 მლნ ლარია ინვესტირებული.
2003 წლის პირველ ნახევარში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისათვის უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი – მილები და მილაკებია შემოტანილი, რომლის წილი 10,1 პროცენტს შეადგენს.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, ზრდა ეროვნული ეკონომიკის ყველა დარგში და საქმიანობის სფეროშიც დაფიქსირდა. ეს ეხება მშენებლობასაც (46%-ით), რაც მილსადენების მშენებლობის დიდი პროექტების დაწყებით არის განპირობებული, აგრეთვე კავშირგაბმულობასა (29,2%) და საფინანსო შუამავლობას (29,8%). მნიშვნელოვანია ეკონომიკის ძირითადი დარგების – სოფლის მეურნეობისა (7,2%) და მრეწველობის (7,9%) წვლილიც.
მრეწველობის დარგი წლის დასაწყისიდან არაერთგვაროვნად ვითარდებოდა: იანვარ-მარტში ძირითადი მრეწველობის მიხედვით, ზრდის ტემპი 102,8% იყო, 5 თვის შედეგებით – 108,3%, ხოლო პირველი ნახევრის შედეგით კი, უკვე 110,1%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კვების მრეწველობაში 22,1%-იანი, ხოლო ენერგეტიკის სფეროში 3,9%-იანი ზრდაა მიღწეული.
ექსპორტ-იმპორტის მხრივაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაფიქსირებული: 6 თვეში ექსპორტზე 190,5 მლნ ლარის სამრეწველო პროდუქციაა გადატვირთული, ხოლო ექსპორტის წილმა წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მთელ მოცულობაში 30,6% შეადგინა (საექსპორტო პროდუქციის ძირითადი სახეობებია: ნახევრად დამუშავებული ოქრო, საფრენი აპარატები, ნატურალური ყურძნის ღვინო, აზოტოვანი მინერალური სასუქები, მინერალური წყლები, სპილენძის კონცენტრატი, ფეროშენადნობები და სხვ.).
ზემოაღნიშნული დადებითი ტენდენციების მიუხედავად, რეზერვები მსხვილ სამრეწველო საწარმოებში დიდია. 131 მსხვილ საწარმოზე მთელი წარმოების 86%-ზე მეტი მოდის, რომლებიც ენერგომატარებლების არასტაბილური მიწოდების გამო და საბრუნავი სახსრების დეფიციტიდან გამომდინარე, შეფერხებით მუშაობენ. აქვე ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც უნდა აღინიშნოს: წარმატებულ საწარმოთა ხელმძღვანელთათვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ გამოშვებული პროდუქციის ზრდა უნდა იყოს, არამედ ვალდებულებების დროულად და სრულად გადახდის კულტურის ათვისებაც. სტაბილურად მუშაობასთან ერთად საწარმოები კარგ და კეთილსინდისიერ გადამხდელებად უნდა ჩამოყალიბდნენ: ბიუჯეტში დროულად გადაიხადონ გადასახადები, დაფარონ ელექტროენერგიის თუ გაზის გადასახადები, მოახდინონ დივიდენდების მობილიზება არა მარტო საკუთარ ჯიბეებში, არამედ სახელმწიფოსაშიც. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეწარმე და სახელმწიფო, ორივენი კეთილსინდისიერ და ურთიერთვალდებულ პარტნიორებად უნდა იქცნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ხანდახან (და არც თუ იშვიათად), სახელმწიფო ცუდი პარტნიორის როლში გამოდის, თუმცა ესეც იმ პარტნიორთა წყალობით, რომლებიც, თავის მხრივ, ცუდი გადამხდელები არიან.
2003 წლის იანვარ-ივლისში ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებულია 7 მლნ ტონა ტვირთი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით9,4%-ით მეტია. ასეთი დინამიკა აბრეშუმის გზის მზარდ დატვირთვაზე და პერსპექტივების სწრაფ ათვისებაზე მიუთითებს.
სერიოზული მატებაა სამშენებლო საქმიანობის, შიდა ვაჭრობის, საგარეო ვაჭრობის კუთხითაც. რაც შეეხება ამ უკანასკნელს, მიმდინარე წლის მარტიდან მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა: თუ იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21,2%-ით, ხოლო იანვარ-თებერვალში 7,7%-ით შემცირდა, მარტიდან მდგომარეობა შეიცვალა და 6 თვეში საგარეო ვაჭრობაში 20,6%-იანი ზრდა დაფიქსირდა (იანვარ-ივნისში კი, როცა ექსპორტი პერმანენტულად მცირდებოდა, მხოლოდ 5,8%-ით იყო დაფიქსირებული, მართალია, იმპორტის 27%-ით ზრდის ხარჯზე). საბოლოო ჯამში, საგარეო სავაჭრო ბალანსმა 282 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისათვის 44,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მილებისა და მილაკების შემოტანით იყო განპირობებული.
“წლევანდელი განვლილი პერიოდის შედეგები ეკონომიკური თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელია, თუმცა, ასეთი შედეგები რომელიმე უწყების ან მთლიანად ხელისუფლების თვითკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა განვითარების ისეთ ფაზაში იმყოფება, როდესაც მხოლოდ ეკონომიკური ზრდის დაფიქსირება სასურველ შედეგად ვერ ჩაითვლება, თუკი მას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისი გაძლიერება არ მოჰყვა. ანუ, ჩვენს მიზნად კვლავ მიღწეული ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტის სამსახურში ჩაყენება რჩება. აღნიშნულის მიღწევა კი, ცალკეული ძვრების მიუხედავად ჯერჯერობით მაინც ვერ მოხერხდა. ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებში ორი ძირითადი მიმართულებითაა ჩაბმული: კონკრეტული ვალდებულებები არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზების ნაწილში და მეორე, ინდიკატურ დაგეგმვაში, შესაბამისად, კონკრეტული ეკონომიკური რეზერვების მითითებაში. კონკრეტული დარგების განვითარების ანალიზიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ საბიუჯეტო კრიზისის მიზეზები არ შეიძლება მოიაზრებოდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პარამეტრებში და ისინი სხვა სფეროებში უნდა ვეძებოთ”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გაჩეჩილაძე, – “ჩვენი გათვლებით, მოწესრიგებული საზღვრების და ნორმალური ადმინისტრირების პირობებში დღევანდელი მთლიანი შიდა პროდუქტიდან სულ მცირე ორჯერ მეტი გადასახადი უნდა ამოდიოდეს. ობიექტური სირთულეების გათვალისწინებით, ყოველთვის ვიზიარებთ ფინანსთა სამინისტროს პესიმიზმს თუ სიფრთხილეს და უფრო მოკრძალებულ საბიუჯეტო პროგნოზებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი განპირობებულია არა იმის აღიარებით, რომ საქართველოს მზარდი ეკონომიკა დღევანდელზე მეტი გადასახადების მომცემი ვერ იქნება, არამედ, უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზთა გამო. დღეს შესაბამისი უწყებები მეტს ვერ აგროვებენ, რაც, ალბათ, დროებითი მოვლენაა, რომელიც ადრე თუ გვიან, ფისკალური ორგანოების რეფორმის დასრულების ფონზე უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. საბიუჯეტო პრობლემებზე საუბრისას, ზოგჯერ გვესმის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ვერ იქნება ასეთივე მაღალი ფისკალური შედეგის მომტანი, რადგან დღეს ისეთი დარგები ვითარდება, რომლებიც დასაბეგრი ბაზიდან კანონიერად გამოირიცხნენ და ამდენად ბიუჯეტისათვის თითქოსდა არაფრის მომცემი არიან. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: დღესდღეობით არ არსებობს რაიმე დარგი, რომლის განვითარებაც კონკრეტულ საბიუჯეტო შემოსავლებში არ უნდა აისახებოდეს. ყველაფერი ეს, რომ იტყვიან, ზედაპირზეა და მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურიდან გამომდინარეობს.”
ქვეყნის ეკონომიკაში გადასახადებითა და არასაგადასახადო შემოსავლებით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების საერთო დაბალ დონეს დაუკვირვებადი ეკონომიკის დიდი წილი მჭიდროდ უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიმჩნევა საერთო შემცირების ტენდენცია, დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი სამეწარმეო სექტორში საკმაოდ მაღალია. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 50%-ს აღემატება. საერთოდ, დაუკვირვებადი ეკონომიკის მაღალი წილი დამახასიათებელია მთლიანად სამეწარმეო სექტორისათვის.
დაუკვირვებადი ეკონომიკის დიდ წილთან ერთად საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში არაფორმალური სექტორის დიდი წილიც მონაწილეობს, თუმცა, ასეთი მდგომარეობა გარდამავალი ეკონომიკის Qქვეყნებისათვის უცხო არ არის.
ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის ტემპები მაღალი იქნება და საბოლოო შედეგების მიხედვით, ინდიკატური გეგმით გათვალისწინებული პარამეტრების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება.
ეკონომიკური განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანი პარამეტრია საქონლისა და მომსახურების წმინდა ექსპორტის სიდიდე. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მისი სალდო უარყოფითია, რაც ქვეყნიდან საზღვარგარეთ ფინანსური რესურსების გაწოვის, ან ვალდებულებების ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საგარეო ვაჭრობის დეფიციტს ნაწილობრივ საზღვარგარეთიდან წმინდა ტრანსფერტები ფარავს. დაფინანსების უფრო დიდ წყაროდ კი უცხოური პირდაპირი ინვესტიციები გვევლინება.
ყველა ინსტიტუციური სექტორის მიხედვით გაანგარიშებული კაპიტალის მთლიანი ფორმირების წილი მშპ-ში დაახლოებით 20%-ს იკავებს, რაც განვითარებადი ეკონომიკისთვის მაღალ მაჩვენებლად ვერ ჩაითვლება, თუმცა იგი ეკონომიკური ზრდის საკმაო საფუძველს იძლევა.
ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ არსებობს სრული საფუძველი, თუკი მთელი მთავრობა გაერთიანდება საბიუჯეტო კრიზისის პრიორიტეტული ამოცანის მისაღწევად, სავსებით შესაძლებელია წლის ბოლომდე დაგეგმილი პარამეტრების შესრულება და, რაც მთავარია, აღნიშნულ ფონზე ძირითადი სოციალური ვალდებულებების დაკმაყოფილება.