სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები

8 მაისს, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა მრგვალი მაგიდა პროექტის – სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა; ფოკუსი: სოფლის მეურნეობა – ფარგლებში. შეხვედრის დროს ასევე გაიმართა სტატიის „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო საწარმოები და მათი როლი დარგის განვითარებაში“ პრეზენტაცია.
„სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება კვლავ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. დარგს, რომელშიც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 50%-ია დასაქმებული, მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) მხოლოდ 9-10% წილი შეაქვს, ხოლო სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ საწარმოთა წილი მთლიან მშპ-ში დაახლოებით 4% შეადგენს. სწორედ ამიტომ საქართველოს როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობდა და ცდილობს სხვადასხვა პროექტებით დარგის გამოცოცხლებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ – დახარჯული მილიონების მიღმა მხოლოდ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბე ჩანს. კვლავ პასუხგაუცემელია ბევრი კითხვა, მაგალითად: მოქმედებდა და მოქმედებს თუ არა სახელმწიფო დარგის მდგრადი განვითარების კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიხედვით? ისახავს თუ არა მიზნად სახელმწიფოს გადაწყვეტილებები დარგის რეალურ და სისტემურ განვითარებას? თუ პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებები მხოლოდ მოკლევადიანი წინასაარჩევნო მიზნებითაა მოტივირებული?“ – ვკითხულობთ პროექტის ფარგლებში მომზადებულ სტატიაში.

2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის საწყის ეტაპზე, მთავრობამ სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში ლიბერალური მიდგომა აირჩია და ამ სფეროს განვითარება კერძო სექტორს მიანდო. მან უარი თქვა სუბსიდირებაზე, პროტექციონისტულ პოლიტიკაზე და მოხდა მაქსიმალური დერეგულირება. თუმცა მოგვიანებით მიდგომა შეიცვალა და 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სახელმწიფოს მხრიდან პირველი აქტიური ჩარევა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელდა სოფლის მეურენობის მექანიზაციის პროგრამის სახით, რომლის ფარგლებში 349 ტრაქტორი გადაეცა 15-წლიანი განვადებით იმ ამხანაგობებს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, რომლებმაც გაიმარჯვეს სოფლის მეურნეობის სამთავრობო პროგრამაში.

პროგრამა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში აღმოჩნდა წარმატებული, ხშირ შემთხვევაში, იაფი კრედიტის ფარგლებში აღებული სესხების და ტრაქტორების თანხის დაბრუნება ვერ მოახერხეს, რის გამოც მთავრობამ მოგვიანებით ისინი ბალანსიდან ჩამოწერა.

2010 წლიდან სახელმწიფო პოლიტიკა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეიცვალა. ცვლილების ერთ-ერთი გაცხადებული ეკონომიკური მოტივაცია ისიც იყო, რომ მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა და ამან საქართველოში, როგორც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაში, ინფლაციის იმპორტი გამოიწვია. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეძლიერებინა საკუთარი როლი დარგის განვითარებაში და ამისთვის სხვადასხვა მეთოდი აირჩია.
მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი გზა ჰიბრიდული სიმინდის თესლის იმპორტი და მისი მოსახლეობაში მასობრივი გავრცელება გახდა. მთავრობამ ხელი მიჰყო ჰიბრიდული სიმინდის მასობრივ პროპაგანდას მოსახლეობაში, რომელიც მართალია, ბევრისთვის სიახლე არ იყო, თუმცა წვრილ ფერმერულ მეურნეობებში ის იშვიათად გამოიყენებოდა. სახელმწიფომ უზრუნველყო როგორც სათესლე მასალის იმპორტი, ისე მისი მოსახლეობისთვის განვადებით მიწოდება, რაშიც კომერციული ბანკებიც ჩაერთნენ. პროექტი არ აღმოჩნდა წარმატებული, რის მიზეზადაც ბევრი არასწორ დაგეგმვას, ზოგი კი – კორუფციულ გარიგებებსაც ასახელებს. ფაქტია, რომ ინფორმაციის სიმწირისა თუ სათესლე მასალის უხარისხობის გამო, იზარალა არა მხოლოდ ათასობით ფერმერმა, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტმაც.

sofeli 1

სიმინდის პროგრამა არ აღმოჩნდა იმჟამინდელი მთავრობის ერთადერთი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს ინტენსიურ ჩარევას ითვალისწინებდა. 2010 წლიდან სახელმწიფომ თავად დაიწყო ამ ბაზარზე ბიზნეს-აქტივობების წარმოება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბევრი პროცესი სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა, რაც აშკარად ავლენს მაშინდელ მთავრობაში კოორდინაციისა და პარალელური უწყებების პრობლემებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის ცვლილების შედეგად სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად დარჩა, თუმცა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, შეიცვალა მიდგომები სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებთან დაკავშირებით. მართალია, სახელმწიფო თავად აღარ ქმნის საწარმოებს სოფლის მეურნეობაში და მისი როლი დარგის ირიბი სტიმულირებით განისაზღვრება („მცირე მიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა“, „გადამამუშავებელი საწარმოებისთანადაფინანსების პროექტი“ და სხვა), თუმცა ის კვლავ განაგრძობს მემკვიდრეობით მიღებული კომპანიების მართვას, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს.

დღესდღეობით სოფლის მეურნეობის პროფილის 71 სახელმწიფო საწარმოა რეგისტრირებული. ამ საწარმოებს ფლობს და ზედამხედველობას უწევს 3 უწყება: ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო – 11 საწარმო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 1 საწარმო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ – 59 საწარმო.
საინტერესოა, ჯამში 71 საწარმოდან რამდენია რეალურად მოქმედი დღეს არსებული მდგომარეობით:

Screen Shot 2014-05-16 at 11.11.59 AM

ცხრილში მოცემულია ამ მოქმედი საწარმოების დაჯგუფება მათი საქმიანობის ფორმატის მიხედვით:

2

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კომპანიების რიცხვი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია, განსაკუთრებულ ყურადღებას ის საწარმოები იმსახურებს, რომლებსაც მუშაობა არასახარბიელო ფინანსური მაჩვენებლების მიუხედავად დღემდე არ შეუწყვეტია და კვლავაც განაგრძობს სახელმწიფო რესურსების გამოყენებას. ყველა ასეთი საწარმო, გარდა ერთისა (შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია“), სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ბალანსზეა და მათ ზედამხედველობასაც ეს უკანასკნელი უწევს. თავის მხრივ, სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი აქვს და მის გამგეობაში მაღალი თანამდებობის პირები შედიან. კერძოდ, გამგეობის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, ხოლო წევრები ეკონომიკური პროფილის მინისტრები და მათი მოადგილეები არიან.
2014 წლის 13 იანვარს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მმართველობაში სულ 11 კომპანია შედის:

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანის ოფიციალური სტატუსია „მოქმედი“, მათი დატვირთვის ხარისხი და მუშაობის კონცეფცია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
კვლევის ფარგლებში მომზადებულ სტატიაში თითოეულ მათგანზეა საუბარი, ჩვენ ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითის განხილვას შემოგთავაზებთ: ჩატარებული ინტერვიუების შედეგად, ირკვევა, რომ შპს „გრუზვინპრომისა“და შპს „აკურას“ საქმიანობა თითქმის იდენტურია. ორივე კომპანია ფლობს ღვინის საწარმოებს კახეთის რეგიონში და ყურძნის მოსავლის დიდ ნაწილს იბარებს. 2012 წელს ამ 2 კომპანიის მიერ ჩაბარებულმა ყურძნის რაოდენობამ მიღებული მოსავლის 65% შეადგინა, თუმცა ეს მაჩვენებელი 2013 წელს 17%-მდე შემცირდა, რაც, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ქართული ღვინისთვის ბაზრის გახსნითა და კერძო საწარმოების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნის გაზრდით იყო გამოწვეული. აღსანიშნავია ისიც, რომ რთველის სუბსიდირებისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 25 მლნ ლარი ჰქონდა გამოყოფილი.

„პირველადი ანალიზის საფუძველზე იქმნება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ღვინის საწარმოები მთავრობას „ჭარბი“ ყურძნის მოსავლის რეალიზაციისთვის სჭირდებოდა და ამ ბერკეტზე არც ამჟამინდელი ხელისუფლება ამბობს უარს. ფაქტობრივად, რთველის სუბსიდირება ორი გზით ხდება: პირდაპირი – რაც ვაუჩერის სახით ფულად დახმარებას გულისხმობს და არაპირდაპირი – სახელმწიფოს მიერ ყურძნის მიღება და შემდგომ მისი გადამუშავებული (ძირითადად სპირტის) სახით, ხშირად თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, აუქციონის გზით რეალიზება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მეთოდის გამოყენებით სახელმწიფო პირდაპირ ახდენს ყურძნის ბაზარზე ფასწარმოქმნის პროცესზე გავლენას და ფაქტობრივად, აწესებს ხელოვნურ ფასს, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში, დიდი ალბათობით, იგივე არ იქნებოდა“ – ვკითხულობთ კვლევაში.
სუბსიდიით არ სარგებლობს, თუმცა ე.წ. „სოციალური ფასების პოლიტიკას“ მიჰყვება შპს „მექანიზატორი“, რომლის ამოცანა ფერმერთა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მომსახურებაა. კომპანია 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ ის სოფლის მეურნეობის პროფილის ყველაზე მსხვილი სახელმწიფო საწარმოა აქტივების რაოდენობის მიხედვით. საწარმოს დაფუძნების იმდროინდელი მოტივაცია იყო ბაზარზე არსებული ვაკუუმის შევსება, რაც უკავშირდებოდა საჭირო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტს. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო სექტორი ვერ უზრუნველყოფდა საჭირო რაოდენობის და ხარისხიანი ტექნიკის მობილიზებას, შპს „მექანიზატორისთვის“ მოხდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის-ტრაქტორების, კომბაინების და შესაბამისი იმპლემენტების – შესყიდვა. ირკვევა, რომ კომპანიის დაარსების საწყის ეტაპზევე ჩაფიქრებული იყი მისი გაძლიერება და შემდგომი გასხვისება.

დღესდღეობით, შპს „მექანიზატორს“ საქართველოს რეგიონების მასშტაბით გააჩნია 12 სერვისცენტრი, სადაც თავმოყრილია 1069 ერთეული ტრაქტორი, 81 ერთეული კომბაინი და დაახლოებით 5000 ერთეული იმპლემენტი. სხვადასხვა ტენდერების ფარგლებში საწარმოსთვის შეძენილი დაგროვილი აქტივების რაოდენობამ 300 მილიონი ლარი შეადგინა. ბოლო ტენდერი 2013 წელს განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მაქანიზატორმა 25 მილიონი ევროს ღირებულების 290 ერთეული ტრაქტორი, 1700 ერთეული მონობლოკი და 1500-მდე ერთეული იმპლემენტი შეიძინა. საწარმოს მუდმივ შტატში ჰყავს 400 თანამშრომელი.

შპს „მექანიზატორის“ საქმიანობა 2 მიმართულებით შეგვიძლია დავყოთ: 1. სახელმწიფო პროგრამების მომსახურება და 2. კერძო შეკვეთების მომსახურება. „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის“ მიხედვით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ბარათებით საწარმოს მიერ დაიხნა 80,661 ჰა, ხოლო დაიდისკა 96,131 ჰა მიწის ფართობი. სახელმწიფო პროგრამის გარდა, 2013 წელს კომპანიამ დაამუშავა 70,927 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები კერძო შეკვეთებიდან. წინა წლებთან შედარებით 2013 წელს კერძო შეკვეთების ნაწილში დაფიქსირდა 30%-ანი მატება. ბუნებრივია, სახელმწიფო პროგრამების რაოდენობა გავლენას ახდენს კერძო შეკვეთების რაოდენობის ზრდაზე ან შემცირებაზე. თუმცა ბოლო წლებში გაზრდილი სახელმწიფო პროგრამების გამო აქტიურ სეზონზე „მექანიზატორს“ არ ჰყოფნის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მარაგები შეკვეთების დროული მომსახურებისთვის. ამ მიმართულებით პრობლემას წარმოდგენს ისიც, რომ თავის დროზე მოხდა სერვის ცენტრების არასწორი დაგეგმარება. საქმე იმაშია, რომ შეირჩა 12 ლოკაცია, სადაც სერვისცენტრები გამოსაჩენ ადგილას, ცენტრალურ გზებთან ახლოს და თითქმის თანაბარი სიმძლავრეებით დაპროექტდა და აშენდა, რაც იწვევს, ერთი მხრივ, ტექნიკის მიწის ნაკვეთებამდე მისასვლელი დიდი დისტანციების გამო გაზრდილ დანახარჯებს და მეორე მხრივ, ტექნიკის დეფიციტს იმ რეგიონებში, სადაც მაღალია სასოფლო-სამეურნეო აქტივობა. მაშინ, როდესაც იგივე სიმძლავრეებზე გათვლილი სერვისცენტრების აუცილებლობა და, შესაბამისად, გაწეული მაღალი დანახარჯები მცირე აქტივობიდან გამომდინარე არ იყო საჭირო რიგ რეგიონებში, მაგალითად, რაჭაში.

შექმნის სხვადასხვა ისტორია აქვთ შპს „გორის სასათბურე მეურნეობასა“ და შპს „საქართველოს სათბურების კომპანიას“, თუმცა პროფილი თითქმის ერთი და იგივე – ბოსტნეულისა და ჩითილების წარმოებაა. განსაკუთრებით საინტერესოა შპს „გორის სასათბურე მეურნეობის“ წარსული, რომელიც 2012 წლის 26 აპრილს დარეგისტრირდა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, კახა ლეგაშვილის ბრძანების საფუძველზე. შპს-ს 100% წილის მფლობელად განისაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი. 2012 წლის 25 ივლისიდან შპს „გორის სასათბურე მეურნეობის“ 100% წილი 3.300.000 ლარად შეისყიდა ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა. 2011 წელს, „საქართველოს სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ მიერ შეიქმნა შპს „საქართველოს სათბურების კომპანია“, რომლის მთავარი ამოცანა სათბურების მოწყობა და ბოსტნეულის იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება იყო. კომპანიამ 0.85 ჰა-ზე მოაწყო სათბური, რომელშიც, ძირითადად, ახლოს მცხოვრები დევნილები დასაქმდნენ. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კარგი დასაწყისისა, არც ერთი კომპანია არ გამოირჩევა კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. ორივე მათგანი დამოკიდებულია სახელმწიფო სახსრებზე, რომელიც ხშირად სხვადასხვა მიზეზით იგვიანებს. ეს კი წარმოების პროცესს მნიშვნელოვნად უშლის ხელს. მიუხედავად ამისა, ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ორივე კომპანიას გააჩნია, მათი სათბურების არახელსაყრელი მდებარეობაა. მკაცრი კლიმატი, მზის სხივების არასაკმარისი რაოდენობა, წყლის ხარისხი და სხვა ფაქტორები, სავარაუდოდ, არ იქნა გათვალისწინებული მათი დაგეგმვის პროცესში, რაც სავალალო აღმოჩნდა სათბურების რენტაბელურობისთვის. ეს გარემოება ბადებს ეჭვს, რომ მათი ლოკაციის ადგილის შერჩევა არა საფუძვლიან კვლევას, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს ეფუძნებოდა. კერძოდ, წეროვანის სათბურის მდებარეობა, დიდი ალბათობით, შეირჩა დევნილთა დასაქმების მიზნით, ხოლო გორის სათბური ავტობანთან სიახლოვის მიხედვით, რაც ადვილად ხილვადს გახდიდა მას თბილისისკენ მიმავალი მგზავრებისთვის.

2011 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დააფუძნა და 2012 წელს სოფლის მეურნეობის კორპორაციას გადასცა შპს „მიწის რეაბილიტაციის სააგენტო“, რომლის ფუნქციად გაველურებული ნარგავებით დაფარული მიწის ნაკვეთების რეაბილიტაცია განისაზღვრა. კომპანია, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში სპეციალური ტექნიკის საშუალებით ძველი პლანტაციების გაწმენდით არის დაკავებული. ამჟამად, სააგენტოს საკუთრებაში გააჩნია 636 ჰა მიწის ფართობი, საიდანაც სრულად რეაბილიტირებულია 225 ჰა. გარდა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა, სააგენტო მიწის ნაკვეთების რეაბილიტაციისა და სხვა სახის მომსახურებებს უწევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. იკვეთება გარემოება, რომ კომპანია თავის დროზე სპეციალურად გაველურებული ნარგავებისგან მიწების გასუფთავებისთვის შეიქმნა, რომელსაც სპეციალური ტექნიკა ესაჭიროება. თუმცა გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამისთვის ცალკე ეკონომიკური სუბიექტის შექმნა, როცა მისი ფუნქციები თავისუფლად შეეძლო შპს „მექანიზატორსაც“ შეეთავსებინა.

„ფაქტობრივად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საწარმოს მაგალითი გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს მიერ აგრო-საწარმოების მართვა არ გამოირჩევა დიდი ეფექტიანობით. ბუნებრივია, ვერ გამოვრიცხავთ სუბიექტურ ფაქტორებსაც, თუმცა ასეთი ფაქტორებისა და სხვა ფუნდამენტური პრობლემების იდენტიფიკაციისთვის, უფრო სიღრმისეული ანალიზია საჭირო“, – მიიჩნევენ კვლევის ავტორები.

მრგვალი მაგიდის მონაწილე სპეციალისტთა ნაწილი კი უფრო სიღრმისეულ პრობლემაზე საუბრობს: სახელმწიფოს სამეურნეო საქმიანობაში ჩარევას.

sofeli 2
თსუ-ს პროფესორი, „საქართველოს ბიზნეს პალატის“ დამფუძნებელი, ემზარ ჯგერენაია: „ქვეყანაში ცალსახად არსებობს კონსტიტუციური პრობლემა და არა მარტო სოფლის მეურნეობაში. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკას განაგებდნენ, რეალურად, ისინი დიდი მონდომებითა და ენთუზიზმით ახდენენ სამეურნეო სამიანობაში ათქვეფას. ყველა სამინისტროს ჰყავს თავისი „მოსაფერებელი“ შპს-ები თუ სსპ-ები და არც ერთ შემთხვევაში არ აპირებენ მათ დათმობას. ამიტომ სამინისტროებს არ რჩებათ დროს იმისათვის, რომ პრობლემებზე იმუშაონ და ქვეყანა წინ წავიდეს. ამ პრობლემის ფუნდამენტი არის კონსტიტუციური პრობლემა. თუ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არ გადაწყდა, რომ სამეურნეო სამიანობა ჩამოერთვას მთავრობას, არაფერი დალაგდება. ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური სარჩული და ეს ყველაფერი კეთდება გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ამომრჩეველთა ხმების მოსასყიდად.
სახელმწიფო დღესაც ქმნის მონოპოლიებს. ვინ არის ეს დაცვის პოლიცია? წინა მთავრობა ცუდი რომ იყო და კაციჭამია, ვიცით, მაგრამ რას ვაკეთებთ ახლა?! რატომ ვაგრძელებთ კვლავ მონოპოლიების შექმნას? დღესაც არის მხარდაჭერა ამ დაცვის პოლიციის მიმართ. ისევ ვქმნით ფოსტას, რომელიც გაანადგურებს 50-მდე პატარა კომპანიას და ადამიანებს უმუშევრად დატოვებს. ჩვენ იგივე მონსტრს ვქმნით, როგორიცაა ლატარიის კომპანია. სწორი მიდგომა არის ერთი: სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით მილიონების გადაყრას, იქნება ეს მელიორაცია, მექანიზაცია თუ ნებისმიერი სხვა თემა.
მესმის, რომ სოფლის მეურნეობას სჭირდება დახმარება, მაგრამ ვინ კითხავს ღვინის ორგანიზაციას ყურძნის შესყიდვას და ბაზარზე ფასების რეგულირებას? ეს სოციალიზმიც არაა, იმის იქით მივდივართ, არადა, დეკლარირებული გვაქვს, რომ ვაშენებთ თავისუფალ ეკონომიკას. არასოდეს არ გადაწყდება ეს საკითხი, თუ მთავრობას ხმამაღლა არ ვუთხარით ორი რამ: თავი დაანებონ სამეურნეო საქმიანობას და ეკონომიკურ, ე.წ. ბიზნეს ნაბიჯებს და ნუ დახარჯავენ ბიუჯეტის ფულს“
– დასძენს ემზარ ჯგერენაია.

sofeli3
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე: „მსგავსი პროექტების განხორციელებისას პრობლემა არის არა მიზანი (შეიძლება ქაღალდზე ეწეროს, რომ პროგრამის მიზანი არის ბაზრის ჩავარდნისაგან თავის დაცვა), არამედ პრობლემა არის პოლიტიკური. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მილიონ 200 000 ადამიანი, რაც საკმაოდ დიდი ელექტორატია ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის. ამიტომ ამ პოლიტიკის შეცვლა იქნება საკმაოდ რთული. დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი პოლიტიკური მმართველი გუნდი ვერ გარისკავს ასეთი რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას. არადა, პრობლემის გადაჭრის ფორმულა არის ძალიან მარტივი: გასაყიდი გაიყიდოს, გადასარჩენი გადარჩება, ვინც ვერ გადარჩება, შეიქმნება ფერმერული გაერთიანებებით, კოოპერაციებით და სხვა ფორმით გაერთიანებები ამ პრობლემის გადასაჭრელად. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს გაუჭირდება ამ გადაწყვეტილების მიღება“.

შენიშვნა: მასალა მომზადებულია სტატიის „სოფლის მეურნეობის სახელმწიფო საწარმოები და მათი როლი დარგის განვითარებაში“ მიხედვით. რომელიც მომზადდა პროექტის – სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა; ფოკუსი: სოფლის მეურნეობა – ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) „გადასახადის გადამხდელთა კავშირთან“ (TPU) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.