ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები

ელექტორენერგიის ტარიფები აღარ გაიზრდება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტოსისტემამ“, „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“, „ენერგო -პრო ჯორჯიამ“ და „თელასმა“ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიში წარუდგინეს და ხალხს დაჰპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში ტარიფი აღარ გაიზრდება. ენერგეტიკული კომპანიების გარდა, ტარიფების გაზრდას გამორიცხავს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მისი თქმით, მთავრობამ საარჩევნო დაპირება შეასრულა და ტარიფი 4 თეთრით შეამცირა, თუმცა, ლარის დევალვაციის გამო, დენის ტარიფის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა.
„რა თქმა უნდა, მოსახლეობისთვის მძიმე და მტკივნეულია, როდესაც ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ელექტროენერგიის საფასური 4 თეთრით შევამცირეთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც დოლარი ლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო ზამთრის თვეებში დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის შემოტანა გვიწევს, თბოელექტროსადგურები კი იმპორტირებულ გაზზე მუშაობენ, ტარიფი ძველ ნიშნულზე დაბრუნდა, რომელიც 2012 წლამდე იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი რამდენჯერმე შეიცვალა. 2006 წელს მნიშვნელოვნად მოიმატა, 10 თეთრიდან 15 თეთრამდე გაიზარდა. ამ ცვლილებას დადებითი შედეგიც მოჰყვა, მიწოდება გაიზარდა, მოსახლეობამ კი 24-საათიანი მიწოდება მიიღო. 2007 წელს 2006 წელთან შედარებით საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 300%-ით გაიზარდა. მათ შორის, ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული პროდუქცია 377%-ით გაიზარდა.
2006-2012 წლებში სახელმწიფოსა და ენერგოკომპანიებს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები ფიქსირებული იყო. ამ მემორანდუმების თანახმად, ფიქსირებული ტარიფების სანაცვლოდ კომპანიები გარკვეულ საინვესტიციო ვალდებულებებს იღებდნენ. 2006-2012 წლებში ლარის კურსს დოლართან მიმართებით მეტწილად გამყარების ტენდენცია ჰქონდა. კურსის გამყარების და ძირითადად ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის და შიდა საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციის საშუალებით ენერგოკომპანიებმა აღნიშნულ პერიოდში მაღალი მოგების მიღება მოახერხეს. ეს მოგება ძირითადი აქტივების დაახლოებით 20 %-მდე იყო – რაც მეტია მოგების იმ მარჟაზე, რაც საჭიროა კომპანიებისთვის რათა სექტორიდან არ გავიდნენ. დღეს ეს მოგება 13.5%-ს შეადგენს.
2013 წლიდან ტარიფების ორსაფეხურიანი შემცირება მოხდა – საშუალოდ 3.12 თეთრი/კვტსთ-ით, რაც კომპანიებს სწორედ მოგების დათმობის ხარჯზე მოუწიათ. 20%-მდე მოგება დაახლოებით 7-8%-ით შეუმცირდათ.

                                      ელექტროენერგიის ტარიფების დინამიკა, 2006-2015 წლები
55

                                                                               წყარო: სემეკი
2015 წლის აგვისტოდან საქართველოს რეგიონებში (კახეთის გარდა, რომლებიც “ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტები არიან) ხოლო სექტემბრიდან თბილისში ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მოხმარება, დაახლოებით, 4 თეთრით გაძვირდა. მარეგულირებელი კომისიის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, კომპანიის აბონენტებისთვის პირველი კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ ოჯახებზე ვრცელდება, რომლებიც თვეში 101 კვ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, არსებული 9 თეთრიდან 12.96 თეთრამდე გაიზრდება.
მეორე კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ აბონენტებზე ვრცელდება, რომლებიც თვეში 101-დან 301 კვ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, არსებული 12.98 თეთრიდან 16.93 თეთრამდე გაიზრდება კვ/სთ-ზე.
მესამე კატეგორიის ტარიფი, რომელიც იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებიც 301 კილოვატზე მეტს მოიხმარენ თვეში, არსებული 17.5 თეთრიდან 21.45 თეთრამდე გაიზრდება კვ/სთ-ზე. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ზრდის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურება დასახელდა. თუმცა საინტერესოა, რატომ და რამდენად აქვს ლარის კურსს ტარიფზე გავლენა.
ეროვნული ვალუტის რყევები ტარიფებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. წლიურად დაახლოებით შვიდი თვის განმავლობაში, ქვეყნის ენერგომომარაგებაში თბოსადგურების (სადაც ელექტროენერგია იმპორტირებული ბუნებრივი აირით იწარმოება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მაღალია. ბუნებრივი აირის და იმპორტირებული ელექტროენერგიის შეძენა კი უცხოურ ვალუტაში ხდება. ამ რისკების შესამცირებლად ქვეყნის შიდა რესურსებით წარმოების გაზრდაა აუცილებელი, რაც მსხვილი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე შეუძლებელია. თუმცა, ინვესტიციების მოზიდვა საწყის ეტაპზე ზრდის ამ სექტორის დანახარჯებსაც, რაც კვლავ ტარიფებზე პოვებს ასახვას.
როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოს საკმაოდ დაბალი ელექტროენერგიის ტარიფები აქვს .

                                     ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები ქვეყნების მიხედვით
(31.07.2015 პერიოდისთვის არსებული მონაცემები)

2
წყარო: სემეკი
მართლია დღეს ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე მაღალი ტარიფია,თუმცა საქართველოს მოსახლეობას ეს მძიმე ტვირთდ აწევს. ქვეყნის მთავარ პრობლემად მაინც დაბალი შემოსავლები რჩება.ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე ხარჯების ზრდის კუთხით უარყოფითად აისახება. ტარიფები იზრდება კომერციული მომხმარებლებისთვისაც, რამაც, თავის მხრივ, საწარმოო ხარჯების ზრდა და ადგილობრივი პროდუქციის გაძვირებაც შეიძლება გამოიწვიოს. ტარიფების და ფასების ზრდა განსაკუთრებით მცირე შემოსავლიან მოსახლეობას აზარალებს, რომელთა სამომხმარებლო ხარჯებშიც პირველადი მოხმარების პროდუქციას შედარებით უფრო მაღალი ხვედრითი წილი უკავია. შესაბამისად, ქვეყნის მთავარი გამოწვევა კვლავ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა, რაც მომხმარებელთა შემოსავლების ზრდაში გამოიხატება.

წყარო:  საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

მოამზადა – მარიამ ლეკიაშვილმა