უშველის კი უკვე კანონმორჩილი საკრედიტო კავშირი გაკოტრებულ გლეხს?
მაია რაზმაძე
საკრედიტო კავშირი თვითდაფინანსებასა და თვითმმართველობაზე დაფუძნებული მიკროსაფინანსო ინსტიტუტია, რომლის დანერგვასაც საქართველოში ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე ცდილობდა. მაშინ საკრედიტო კავშირების განვითარება არასწორმა მენეჯმენტმა, საბოლოოდ წამოსწრებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა დაასამარა…
საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადასულმა რეალობამ დღის წესრიგში კვლავ დააყენა ამ მიკროსაფინანსო ინსტიტუტის შემოღების საჭიროება. საკრედიტო კავშირები, უპირველესად, სოფლის შეჭირვებული კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების კალთასმოწყვეტილი გლეხობის დამხმარე ძალად მოიაზრებოდა.ღეისათვის საქართველოში 200-ზე მეტი საკრედიტო კავშირი მოქმედებს. ამ ქსელის გაშლა დონორი ორგანიზაციების, მსოფლიო ბანკის უშუალო დახმარებითა და დაფინანსებით მოხდა. მართალია, უცხოელი ექსპერტები აღფრთოვანებულნი არ არიან და არცთუ წარმატებულად მიიჩნევენ მათ მოღვაწეობას, მაგრამ მაინც აპირებენ კვლავ მხარი დაუჭირონ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებას. მით უფრო, რომ მათი მოთხოვნა – კანონის ჩარჩოებში მოქცეულიყო საკრედიტო კავშირების საქმიანობა, შესრულდა. პარლამენტმა ახლახან მიიღო კანონი “არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების შესახებ”, რომელიც საკრედიტო კავშირების მოღვაწეობასაც უქმნის იურიდიულ საფუძველს.
საკრედიტო კავშირების არაეფექტური მუშაობის მიზეზების – სოფლის მოსახლეობის გადახდისუუნარობას, სახელმწიფოს მხრიდან ამ საქმეში დოტირების არარსებობის და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მაღალრისკიანობის მიუხედავად, უნდა განვითარდეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ რეალურად დაგვანახვოს სასიკეთო შედეგები. დავით კირვალიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი: – გარდამავალი ეკონომიკის პერიოდში მიკროფინანსირება ბევრ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს. რამდენად არის ის საჭირო ქვეყნისათვის – ფერმერებისათვის ყველაზე სერიოზული პრობლემა ფინანსური დეფიციტია, ანუ ის, რომ მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საწყის კაპიტალზე. ამის ობიექტური მიზეზები ქვეყნის რეალობიდან გამომდინარეობს. დღეს საქართველოში ფული ძვირია. ძვირი ფული ნიშნავს, რომ ბაზარი ჩვენთან ისე არ არის გაჯერებული, როგორც ევროპის ქვეყნებში, სესხების საშუალო წლიური განაკვეთი 18%-დან 24%-მდე მერყეობს, თანაც, თითქმის ყველა შემთხვევაში, ასეთი ტიპის სესხები ხანმოკლეა და ფიქსირებულია მყარ ვალუტაში, ძირითადად, დოლარებში. ეს კი ნიშნავს, რომ ინფლაციის რისკი მთლიანად ფერმერზეა გადასული. ასეთი ძვირი საპროცენტო განაკვეთი სოფლის მეურნეობაში თითქმის არ გვხვდება. ცხადია, ბანკების ინტერესში არ შედის ასეთ რისკიან საქმეში ჩადონ ფული, ფერმერები ძალზე რთულად ახერხებენ ამ საკითხებთან დაახლოებას, ძალზე სერიოზულია გირავნობის პრობლემაც და ა.შ. არადა, ამ საკითხების გადაწყვეტა აუცილებელია. ამ საქმეში ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი სწორედ მიკროსაფინანსო ინსტიტუტებია, საკრედიტო კავშირები, საკრედიტო ასოციაციები.
საქართველოში საკრედიტო კავშირების დანერგვას რამდენიმე ორგანიზაცია ახორციელებდა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მსოფლიო ბანკი, რომელმაც შექმნა საკრედიტო კავშირები და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია (აისიდიაიბოკა), რომელმაც საკრედიტო ასოციაციები დააარსა. გარდა ამისა, იყო საფრანგეთის მთავრობის ინიციატივით შექმნილი საკრედიტო კავშირები მხოლოდ იძულებით ადგილნაცვალი პირებისათვის.
საკრედიტო კავშირები და საკრედიტო ასოციაციები, თავისი მიკროსაფინანსო სქემებით, გარკვეულ ნიშას ავსებენ და გლეხებს გარკვეულ პრობლემებს უხსნიან, მაგრამ ეს ქსელი მთელ საქართველოს ვერ ფარავს, ვერ მოიცავს ფერმერთა სრულ რაოდენობას. იმ რაიონებში, სადაც საკრედიტო კავშირები მუშაობენ, მეტი შესაძლებლობებია – გლეხს ხელი მიუწვდება სესხზე, გირავნობის მომენტი გამარტივებულია, აგრეთვე მუშაობს სქემები, როგორიცაა მომავალი მოსავლის დაგირავება, რაც ბანკებისათვის ნაკლებად მიმზიდველია.
ჩვენ საკრედიტო კავშირებს მხარს ვუჭერთ და მიგვაჩნია, რომ ეს მიკროსაფინანსო ინსტიტუტი სწორედ ის ბერკეტია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც შარშან მოაწერეს ხელი ფინანსთა სამინისტრომ და ამერიკის მთავრობამ, 35 ათასი ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა. ამ ხორბლის მონეტიზებიდან ამოსული თანხის ნაწილი სწორედ ამ მიკროსაფინანსო ინსტიტუტების გასაძლიერებლად – მათთვის საკრედიტო რესურსების გადასაცემად მიემართება.
საკრედიტო ასოციაციები შეუჩერებლად მუშაობენ. მსოფლიო ბანკის საკრედიტო კავშირები გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო, მაგრამ მათი საქმიანობა ისევ გაგრძელდება, მათ უკვე დაიწყეს თანხების გაცემა. გარდა ამისა, საკრედიტო კავშირების საქმიანობით სერიოზულადაა დაინტერესებული IFAD-ი. IFAD-ის პროგრამაში, რომელიც მთიანი რეგიონების განვითარებას გულისხმობს, მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორედ მიკროსაფინანსო ინსტიტუტების შექმნა სოფლად და გლეხობისათვის საკრედიტო რესურსების მიწოდება. გარდა ამისა, პარლამენტმა უკვე მიიღო კანონი საკრედიტო კავშირების შესახებ. ამასთან, სპეციალური სარეგისტრაციო-საზედამხედველო რგოლი შეიქმნა ეროვნულ ბანკში.
საკრედიტო კავშირების შექმნა აუცილებელია მსხვილი ფერმერების გაჩენისათვის კოოპერაციის ხელშეწყობისათვის.
გიგი მაღლაკელიძე, მსოფლიო ბანკისა და IFAD-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის დირექტორი: – საკრედიტო კავშირები მთელ მსოფლიოშია განვითარებული, მათ დიდი ისტორია აქვთ. საქართველოში საკრედიტო კავშირების, ანუ წვრილი გლეხური საკრედიტო ამხანაგობების ისტორიული გამოცდილება რევოლუციამდელ პერიოდში დაგროვდა. მათი შემოღების ერთ-ერთი მოთავე და სულისჩამდგმელი ილია ჭავჭავაძე იყო.
საკრედიტო კავშირი წვრილი გლეხური გაერთიანებაა, რომელიც გლეხისათვის საკრედიტო რესურსს ხელმისაწვდომს ხდის. დღეს მთელ მსოფლიოში საკრედიტო კავშირები და ასოციაციები მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებად ყალიბდება, საქართველოს სინამდვილეში კი მათ ახლა ეყრება საფუძველი.
საქართველო აგრარული ქვეყანაა და მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს. იმ ტრანსფორმაციის შემდეგ, რაც საბჭოთა სისტემის დაშლას მოჰყვა, ამ ხალხის წინაშე ფინანსური წყაროს ხელმიუწვდომლობის პრობლემა დადგა, ანუ ორ მლნ-ზე მეტი ადამიანი ყოველგვარი კრედიტის გარეშე დარჩა და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვერანაირ საქმიანობას ვერ ახორციელებს.ეს საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც კომერციული ბანკის კლიენტი კიდევ მინიმუმ 20-25 წელი ვერ გახდება, რადგან მათ არა აქვთ საგარანტიო საშუალებები, ლიკვიდური ქონება… მაგრამ სჭირდებათ თანხა საქონლის შესაძენად, მცირე ტექნიკის, საწვავ-საცხები მასალისათვის თუ სხვა. დღეს მათ არც კომერციული ბანკი და არც სხვა საფინანსო ინსტიტუტი არ მიიღებს. ამიტომ საკრედიტო კავშირი არის შემოთავაზებული ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც სოფელში გლეხები თავად აყალიბებენ.
ამისათვის ჩვენმა პროგრამამ, IFAD-მა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ საცდელი პილოტ-საქმიანობა წამოიწყო, რომ ფონი, ბაზისი შეექმნა საკრედიტო კავშირების განვითარებისათვის. დღეისათვის შექმნილია ათეულობით საკრედიტო კავშირი, რომლებშიც 1997 წლიდან მოყოლებული, ათასობით ადამიანი გაწევრიანდა. პირველი საკრედიტო კავშირი კავთისხევში შეიქმნა. გლეხს გაუჩნდა საშუალება თბილისში ჩამოუსვლელად, სადაც ბანკში აუცილებლად უარს ეტყოდნენ კრედიტის მიცემაზე და ისე გააბრუნებდნენ, აიღოს სესხი. თავის მხრივ, ბანკებიც მართალნი არიან. ჩვენთან მოქმედი ბანკებისათვის მათი შესაძლებლობებიდან, სტრატეგიიდან, მონიტორინგიდან გამომდინარე, მიმზიდველი არ არის ერთ კაცს მისცენ 300-500 ლარი, თუნდაც 1000-2000 დოლარი. სესხების ასეთი დივერსიფიცირება არ არის მათთვის მისაღები. საკრედიტო კავშირი კი ერთადერთი საშუალებაა, რომ ადამიანმა სოფლიდან გაუსვლელად ისესხოს და ჩაასესხოს თანხა. საკრედიტო კავშირი არა მარტო მოზიდული რესურსია, არამედ მისი მთავარი იდეაა, რომ თვითონ ხალხმა დაზოგოს ფული: შექმნან ურთიერთდახმარების და საკრედიტო ფონდი, საპაიო კაპიტალი და მერე დამატებით მიიღონ სხვა ფულადი წყაროები, რესურსი. როცა ასეთი ფონი შეიქმნა, სამართლებრივი, ინსტიტუციონალური ჩამოყალიბება, საკანონმდებლო საკითხი დღის წესრიგში დადგა. საჭირო იყო კანონი ან ნორმატიული აქტი, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებდა. კანონის მომზადების საკითხში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, ეროვნული ბანკი. ეროვნულ ბანკში შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს არასაბანკო-სადეპოზიტო ორგანიზაციათა საქმიანობას. საკრედიტო კავშირები ამ საქმიანობის ერთ-ერთი სერიოზული ნაწილია. ასე რომ, ქვეყანას უკვე აქვს იურიდიული და სამართლებრივი საფუძველი, საკრედიტო კავშირების საქმიანობის განხორციელებისათვის. როცა 30-იან წლებში ამერიკა სერიოზულ კრიზისს განიცდიდა, რუზველტმა გადაწყვეტილება მიიღო და ფედერალური საცავიდან გამოიღო ფული, რომელიც საკრედიტო კავშირების მეშვეობით მისცა გლეხებს. ამით მან 6 მლნ გლეხი დააკავა მიწაზე და საშუალება არ მისცა ფულადი რესურსების მიცემის შემდეგ აყრილიყვნენ. ამერიკა მთელი მსოფლიოს ბეღელად იქცა – ამ რეალობას 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ეს კი საკრედიტო კავშირის მოდელის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც სოფლად გლეხს დაეხმარება.
მაგრამ, ცხადია, არის პრობლემები. ქვეყანაში, რომელსაც ძალიან მძიმე მაკროეკონომიკური მდგომარეობა აქვს, საკრედიტო კავშირების საქმიანობის განხორციელება ძალიან ძნელია. გლეხი ყველაზე კეთილსინდისიერი და მაღალი პასუხისმგებლობის მოქალაქეა, მაგრამ კლიმატური თუ მაკროეკონომიკური პორობებიდან გამომდინარე, ძალიან უძნელდება სესხის დაფარვა. არის სხვა ობიექტური მიზეზებიც – გვალვა, ღვარცოფი, წყალდიდობა. ამიტომ საკრედიტო კავშირებს სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა სჭირდება. თუ ამგვარი მზრუნველობა არ იქნება, ძალიან გაძნელდება.
ხელშეწყობაში კონკრეტულად რას გულისხმობთ?
უნდა დაინერგოს გრძელვადიანი სესხის გაცემა, რეალური საპროცენტო განაკვეთის დაწესება, იმ საკრედიტო კავშირების რესტრუქტურიზაცია, რომელსაც უჭირს. მიუღებელია საკრედიტო კავშირების სამთვიანი, ექვსთვიანი, ერთწლიანი რესურსის მიცემა. სოფელში კრედიტი გრძელვადიანი უნდა იყოს, რომ გლეხმა ვაზი დარგოს, ხეხილი ჩაყაროს და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სტიმულირება აუცილებელია.
მაგრამ ამაზე არსებობს პასუხი – სახელმწიფოს თანხები არა აქვს.
ამისთვის საჭირო თანხები არის, ანუ საკრედიტო რესურსები ყოველთვის არსებობს. თუნდაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. როცა ქვეყანაში საკრედიტო კავშირები წელში გაიმართება და მათდამი მზრუნველობა იქნება, პროცესში საერთაშორისო კომერციული ბანკებიც ჩაერთვებიან. ამ მიმართულებით მუშაობენ საფრანგეთის უდიდესი ბანკი “ეგრიკოლბანკი”, ჰოლანდიაში – “რაბობანკი”. ირლანდიაში საკრედიტო კავშირები იმდენად მძლავრები და ძლიერები არიან, რომ სახელმწიფოს იქით ეხმარებიან და სადეპოზიტოდ დაგროვილ თანხას სესხად აძლევენ, გზების თუ ხიდების მშენებლობისათვის. ეს ფულად-საკრედიტო, საფინანსო ინსტიტუტია. ჩვენც რომ მივიდეთ იქამდე, დიდი მზრუნველობაა საჭირო. თავად მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდში ძალიან მძლავრი საკრედიტო კავშირები მოქმედებენ. მაგრამ მათი მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ცხადია, ძლიერია, ზურგს მაღალი ხელფასი უმაგრებთ. საკრედიტო კავშირები იქმნება ერთი მიზნობრივი ჯგუფის მიერ, ნდობის ფაქტორი მაღალია, აქვთ გარანტირებული ხელფასი. ჩვენთან კი გლეხს უჭირს – ეს რეალობა გასათავისებელია და მთავრობამ ამ რეალობიდან გამომდინარე, სერიოზული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. არის მთელი რიგი საკითხებისა, რაც მთავრობის გადასაწყვეტია. მთავრობაში იმ სახელმწიფო ინსტიტუტებს ვგულისხმობ, ვისაც ეს საკითხები ეხება.
კანონის მიღებით რა ეფექტს ელით?
კანონი დიდ ეფექტს მოგვცემს. პირველ რიგში, იქნება სამართლებრივი საფუძველი. კანონში ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საკრედიტო კავშირებმა უნდა გაიარონ ლიცენზირება, რეგისტრაცია, შემოდის ფინანსური პარამეტრები – როგორი უნდა იყოს კაპიტალის მოცულობა, საკრედიტო კავშირების მართვის სტრუქტურა. ყველაფერია გათვალისწინებული, რომ ადგილი არ ჰქონდეს ე.წ. “პირამიდებს”, სხვადასხვა მახინჯ ფორმებს. ამ კანონით საკრედიტო კავშირების საქმიანობა საკანონმდებლო და საზედამხედველო ნორმების ქვეშ ექცევა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
თემურ კუპრავა, მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი: – ჩვენს სიტუაციაშიც და სხვაგანაც საკრედიტო კავშირები გამოყენებული იყო როგორც სტრუქტურა სოფლად საკრედიტო რესურსის გაჩენისათვის. თავად სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და მის ხელშესაწყობად კი ეს სტრუქტურა ცოდვაა, რადგან დარგი დაფინანსების კუთხით დაბალი მომგებიანობით გამოირჩევა და ძნელია, თუ სპეციალური პროგრამები არ არსებობს. მსოფლიო გამოცდილება ამას ამბობს. ცნობილ “ეგრიკოლბანკზე” საფრანგეთში სასოფლო-სამეურნეო სესხების 85% მოდის. საპროცენტო განაკვეთის დოტირებას კი, რომლითაც ფერმერი თანხას იღებს, სახელმწიფო ახდენს. ეს განვითარებულ ქვეყნებშიც კი ასეა. ანუ იქ სპეციალური ბანკები არსებობს, რომლებიც სოფლის მეურნეობის დაფინანსებაზე მუშაობენ.
დღეისათის, ფაქტობრივად, ტიპური სოფლის მეურნეობის საკრედიტო კავშირები, როგორც წესი, არ არსებობს. ისინი არიან სასოფლოები, სოფელში მოქმედებენ და, ბუნებრივია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას აფინანსებენ, ძალზე ცნობილია ირლანდიის საკრედიტო კავშირების ლიგა. მასში ირლანდიის მოსახლეობის 70%-ია გაწევრიანებული. უფრო ახალია პოლონეთის მაგალითი. პოლონეთს 10-15 წელი დასჭირდა, რომ მათთან საკრედიტო კავშირებს მხოლოდ საკუთარი თანხებით ემუშავა. მანამდე ისინიც ჩვენ მსგავსად სხვადასხვა პროექტებით ფინანსდებოდნენ. მათ გაუძლეს ყველა პრობლემას, რომელიც ასეთი სახის დაფინანსებას ახლავს და დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე გამართულ სტრუქტურად, სქემად მიიჩნევა. ევროპელები საკრედიტო კავშირების საერთო ცენტრის შექმნას აპირებენ, რომლის ცენტრიც პოლონეთი იქნება.
სესხს სტაბილურად მუდმივი შემოსავლის პირობებში შეიძლება მოემსახურო. ჩვენს პირობებში სოფლის მოსახლეობას, ძირითადად, პროდუქციის რეალიზაციიდან აქვს შემოსავალი, რომელიც მის ყველანაირ ყოფით ხარჯებს უნდა მოემსახუროს და, ბუნებრივია, უჭირს. სესხის მომსახურება, ფაქტობრივად, ვადის გასვლის შემდეგ ხდებოდა. საკრედიტო კავშირებმა ჩვენთან ძალიან დიდ გამოცდას გაუძლეს, მაგრამ სოფლის მოსახლეობა ხვდება, რომ სხვა ბერკეტი არ არსებობს, თავიანთი საქმიანობა რომ დააფინანსონ. ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნონ ეს ინსტიტუტი. ნდობაც გაჩნდა. მიხვდნენ, რომ ეს კოოპერატივია, რომელიც თავად უნდა მართონ.
საერთოდ, მიკროფინანსირების სექტორი, ეს არის ნიშა ბაზარზე, რომელსაც ბანკი ვერ აიღებს. 200-300 ლარის გაცემა ბანკის ტერმინოლოგიით იმდენ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ მას არ უღირს ამის გაკეთება. ამიტომ ნიშას მომსახურება ვიღაცამ უნდა აიღოს თავის თავზე, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს. ამისათვის საკრედიტო კავშირი ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
მზია ტეფნაძე, ეროვნული ბანკის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი: – 1996 წელს გამოვიდა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა საკრედიტო კავშირების საქმიანობას. ამ ბრძანებულების გამოსვლა იმან განაპირობა, რომ ძველი სისტემის დაშლამ, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების მოშლამ სოფლის მოსახლეობას მიწის დამუშავების, მომარაგების, გასაღების სფეროში პრობლემები შეუქმნა. ეს პრობლემები დღეს ძალზე აქტუალურია. როცა ესა თუ ის საქმიანობა გარკვეულ ტრადიციებთანაა დაკავშირებული, ახლის მოძებნამდე ვაკუუმი, სიძნელეები იქმნება, რომელსაც დაძლევა სჭირდება. გარდა ამისა, ადრეულ პერიოდში ფიზიკურ პირებს სესხებთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, არ ჰქონდათ. ამას იურიდიული პირები მიმართავდნენ, ანუ ამისი კულტურა მოსახლეობას ნაკლებად ჰქონდა. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რომ მათ საქმიანობაში სირთულეები უფრო მეტად გამოხატულიყო. ამიტომ გაჩნდა მოსაზრება – იქნებ სოფლის მეურნეობის კვლავ აღორძინებისათვის ხელი შეეწყო საკრედიტო კავშირების შექმნას, რომელიც მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომს გახდიდა კრედიტს და საქმიანობას გაუადვილებდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა პრეზიდენტის ხსენებული ბრძანებულება, რომელიც, გარკვეულწილად, ავსებდა სამართლებრივ ვაკუუმს. 1996 წლიდან მოყოლებული, სტატისტიკის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, 200-ზე მეტი საკრედიტო კავშირია დარეგისტრირებული.
1860-იან წლებში საქართველოში უკვე იყო საკრედიტო კავშირები, ანუ ეს საკითხი მაშინაც ძალიან აინტერესებდათ. მაშინაც ის პერიოდი გახლდათ, როცა ურთიერთობები კერძო საკუთრებაზე ეფუძნებოდა და ახლაც ასეა. რადგან რეალურად უკვე არსებობს ამდენი საკრედიტო კავშირი, ბუნებრივია, საჭირო გახდა მათი საქმიანობა სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეულიყო. დღის წესრიგში დადგა მათი საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შექმნა. მეწარმეთა შესახებ კანონში მთელი თავი აქვს დათმობილი კოოპერატივებს. საკრედიტო კავშირიც კოოპერაციის ფორმაა, მაგრამ ის ვიწრო მიმართულებაა და ვინაიდან მათ სპეციალური საქმიანობა აქვთ, ამიტომ გახდა საჭირო ამ კანონის მიღება. მას დაექვემდებარება როგორც ძველი, უკვე საკრედიტო კავშირების საქმიანობა, ასევე ახლის შექმნა.
საკრედიტო კავშირი წევრთა ნებაყოფლობით საფუძველზე შექმნილი ორგანიზაციაა. კავშირში წევრები შეიძლება გაერთიანდნენ პროფესიული, სამუშაო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. როცა სახელმწიფო (ამჟამად ეროვნულ) ბანკში დავიწყე მუშაობა, იქ ურთიერთდახმარების სალარო დამხვდა. ეს წარსულიდან მოდიოდა, მაგრამ ბოლომდე გაცნობიერებული არ გვქონდა, საიდან და რა სამართლებრივი სტატუსით განისაზღვრებოდა. ერთადერთი იყო ნათელი – ჩვენ, თითოეულ თანამშრომელს, ეს გვჭირდებოდა. ვდებდით გარკვეულ თანხას, რომელიც ჩვენთვის დანაზოგიც იყო, რადგან შეგვქონდა როგორც საპაიო შენატანი (ცხადია, ასე არ ერქვა). დებულება არ გვქონდა, უბრალოდ, გვყავდა აღმრიცხველი, შეგვქონდა თანხები, ვისაც დასჭირდებოდა – გამოჰქონდა და ეს ყველაფერი ფორმდებოდა, თუმცა, სამართლებრივი საკითხებით არ იყო დატვირთული. ურთიერთდახმარების სალაროს სიკეთეს ყველა ვგრძნობდით -თანხა, რომელიც შემქონდა, ჩემთვის დანაზოგი იყო, ეს არ იყო დიდი თანხა. მისთვის ვერც სალაროში წავიდოდი და ვერც შევინახავდი – დაიხარჯებოდა. და თუ დამჭირდებოდა, და ეს ხშირად ხდებოდა, ვიცოდი არავინ მეტყოდა უარს მის მიცემაზე და არა მხოლოდ შეტანილი თანხის ფარგლებში, არამედ ასეთი ორიენტაცია იყო აღებული – საწევროს პლუს ხელფასი. შემეძლო ამ ოდენობის სესხი ამეღო. ეს ძალზე მოხერხებული იყო. არსებულ დანაზოგს თავისთავად ვაქცევდი ბრუნვაში. მეორე მხარეს კი არ ეშინოდა მოეცა საწევროს დამატებული ხელფასი, რადგან ვმუშაობდი და ხელფასი გარანტირებული იყო. ეს კარგი დაზღვევა იყო, ორივე მხარისათვის მისაღები.
სწორედ ეს პრინციპია ჩადებული საკრედიტო კავშირების საქმიანობაში, ანუ იგი თვითმმართველობის და თვითდაფინანსების პრინციპებზეა დაფუძნებული. კანონშიც სწორედ ეს დევს ლაიტმოტივად.
კანონი განსაზღვრავს საკრედიტო კავშირის წევრთა შენატანის რაოდენობას.
კანონი ამ ეტაპზე შენატანის ოდენობას არ განსაზღვრავს. მაგრამ ვინაიდან ეს გახლავთ საბანკო საქმიანობის ნაწილი, შენატანი თუ ერთი თეთრი იქნება, ცხადია, არაფერი გამოვა ათასი წევრიც რომ გაერთიანდეს, კანონმა ასე განსაზღვრა – შენატანის რაოდენობას წევრები თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დააწესებენ, მაგრამ მინიმალურ ოდენობას პერიოდულად ეროვნული ბანკი განსაზღვრავს. ანუ მინიმალური ოდენობის ზემოთ თავად დაადგენენ შესატანის რაოდენობას, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ უნდა გასცენ კრედიტები იმის გათვალისწინებით, როგორი იქნება საწევრო, როგორი იქნება წევრების მოთხოვნა კრედიტებზე და შემდეგ როგორი იქნება დაფარვის ეფექტურობა, რა ვადებში იქნება გაწერილი კრედიტები.
საკრედიტო კავშირების საქმიანობას ამიერიდან სახელმწიფო გაუწევს ზედამხედველობას, ეროვნული ბანკის მეშვეობით.
ერთია, რომ საკრედიტო კავშირის წევრებს თანხები შეაქვთ საპაიო სახით, მეორეა რომ მათ შეუძლიათ დეპოზიტების (არასაპაიო) სახით დადონ თანხები, სადაც ჩნდება დეპოზიტი, ყველა, ვინც ხდება დეპოზიტის მიმზიდველი, ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის თანახმად ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ ექცევა. ეს ფუნქცია ეროვნულ ბანკს სახელმწიფომ დააკისრა, რომ მოსახლეობა დეპოზიტების განიავებისგან დაცული იყოს. ეროვნული ბანკი მეთვალყურეობას გაუწევს, საით მიდის ესა თუ ის რგოლი, ხომ არ მიდის გაკოტრებისკენ, რომ ეროვნული ბანკი თავისი პრუდენციანული ნორმების გათვალისწინებით ჩაერიოს მის საქმიანობაში და ამგვარი საშიშროება ააცილოს.
სწორედ ამიტომ შემოვიდა ზედამხედველობის ეს ნორმა და საკრედიტო კავშირების საქმიანობა გახდა ლიცენზირებადი. კანონის ამოქმედების შემდეგ აღარავის ექნება უფლება, გახსნას საკრედიტო კავშირი ეროვნული ბანკისგან მიღებული ლიცენზიის გარეშე. უკვე მოქმედმა საკრედიტო კავშირებმა კი თავიანთი საქმიანობა კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ.
რას ნიშნავს შესაბამისობაში მოყვანა?
საკრედიტო კავშირს ჰყავს სამი ხელმძღანელი ორგანო – საკრედიტო კავშირის წევრთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და გამგეობა. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კონტროლს, როგორ ხორციელდება პოლიტიკა, როგორ განავითაროს საკრედიტო კავშირმა საბანკო-საფინანსო საქმიანობა. ამ საქმიანობის შესრულებას კი გამგეობა განაგებს. ამ სტრუქტურაში უნდა მოექცეს ნებისმიერი მოქმედი საკრედიტო კავშირი. გამგეობა წარმოადგენს საკრედიტო კავშირს მესამე პირთან მმართველობის თვალსაზრისით. ის კავშირის შიგნით სამხარეო უბნებს ქმნის. ერთ-ერთი ასეთი მთავარი დამხმარე საკრედიტო კომიტეტია, რომლის მეშვეობითაც ხდება სესხების გაცემა წევრებზე. ამას სტიქიური სახე რომ არ ჰქონდეს, აუცილებელია, პოლიტიკის განსაზღვრა, რის ფარგლებში, როგორ, რა ვადით გასცენ კრედიტები. ეს ყველაფერი კანონის შესაბამის მუხლებშია გათვალისწინებული.
გამგეობას მართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მისი შემადგენლობიდან აირჩევა. აღმასრულებელი დირექტორი შეიძლება იყოს დაქირავებული პირიც, რადგან შესაძლოა, წევრთა შორის არ იყოს კადრი, რომელიც საბანკო საქმიანობის მართვას შეძლებს. ეს თვითმმართველობასა და თვითდაფინანსებაში აღსანიშნავი ერთი ნიუანსია, რომელსაც კანონი ითვალისწინებს.
1 ოქტომბრიდან კანონი მთელი სისრულით ამოქმედდება და თუ საკრედიტო კავშირი ლიცენზირებული არ იქნება, საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს.
საკრედიტო კავშირები, პირველ რიგში, მოწოდებული იყო სოფლად ამ ტიპის ორგანიზაციის მოსაწყობად, რომელიც ჩვენი სოფლის მოსახლეობას დაეხმარებოდა კვლავწარმოების პროცესებში. მოგეხსენებათ, სოფლის მოსახლეობა ქალაქის მოსახლეობაზე მეტად შეჭირვებულია. ის მთლიანად კლიმატურ, ბუნებრივ პირობებზეა დამოკიდებული. მიწის მოხვნის პროცესიდან დაწყებული პროდუქციის რეალიზებით დამთავრებული უამრავი პრობლემაა, ძალიან ბევრია რისკ-ფაქტორი. ეს ყველაფერი კი მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობა ეკონომიურად ძალიან გაჭირვებულია, ცხადია, საკრედიტო კავშირები ისეთი ქმედითუნარიანი, ანუ მათი საწევრო შენატანი ისეთი მობილური ვერ იქნება, რომ გაამართლოს თავისი საქმიანობა. ამას ძალიან კარგად ხედავენ ის საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც დამხმარებას უწევენ ჩვენს ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში და დიდი თანხები ჩადეს საკრედიტო კავშირებში. ისინი ითხოვენ გარანტიას, რომ ეს თანხები დაცული იქნება და ნამდვილად მივა იმ ადამიანებამდე, ვინც უნდა იყოს მისი ნამდვილი მომხმარებელი. ყველაფერი იდეალურადაც რომ მიმდინარეობდეს, მეორე მხარეს მაინც გაუჩნდება ეჭვი, ვაითუ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც საჭირო არისო. ამიტომ, უმჯობესია, ყველაფერი კანონის ჩარჩოებში მოქმედებდეს. მათი ეს მოთხოვნა კანონის მიღების ერთ-ერთი მიზეზი იყო.
ახლა ისღა დაგვრჩენია, ძალისხმევა არ დავიშუროთ, მოსახლეობა უკეთ გავათვითცნობიეროთ, რომ საკრედიტო კავშირები მათთვის სიკეთის მომტანია და შევუწყოთ ხელი მათ ეფექტურად ამუშავებას.