ყველა ეკონომისტს, უნივერსიტეტების ეკონომიკური ფაკულტეტების სტუდენტებს ვულოცავ ეკონომისტის დღეს!
1918 წლის სექტემბრის მეორე პარასკევს, პირველი რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით გამოვიდა პირველი ქართული სამეცნიერო-ეკონომიკური ჟურნალი. 1999 წლიდან კი გადაწყდა, რომ ამ დღეს აღნიშნულიყო ეკონომისტის პროფესიული დღე.
სამწუხარო ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოს ეკონომიკა ვერ ვითარდება ჯეროვან დონეზე, რაშიც ბრალი ქართველ ეკონომისტებსაც მიუძღვის, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ქვეყნის ეკონომიკის სადავეები ყოველთვის არ ყოფილა პროფესიონალ ეკონომისტთა ხელში.
სამწუხაროდ, მომრავლდა ის ადამიანები, რომლებიც იბრალებენ ეკონომისტობას. მათთვის ახალი ტერმინიც კი გაჩნდა – ”ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში”, რომლითაც ცდილობენ ჩაანაცვლონ პროფესია ”ეკონომისტი”. არც თუ იშვიათად, ასეთ ადამიანები სხვადასხვა ხერხებით იპოვებენ სამეცნიერო ხარისხებს ეკონომიკაში (რას, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ეკონომისტების ბრალია!) და შემდეგ ასეთივე ხერხებით იკავებენ პოლიტიკურ თანამდებობეს.
არა მარტო საქართველოშია გავრცელებული შეხედულება, როცა ითვლება, რომ მთავრობაში უნდა იყოს კარგი მენეჯერი. ეს უდიდესი შეცდომაა, რადგანაც მენეჯერის, რაგინდ კარგიც არ უნდა იყოს ის, ადგილი მხოლოდ ბიზნესშია, ხოლო მთავრობაში კი უნდა იყვნენ შესაბამისი განათლების მქონე სახელმწიფო მოღვაწეები.
მთავრობისადმი მენეჯერულმა მიდგომამ მოიტანა ის, რომ თანამედროვე ქართული ეკონომიკური პოლიტიკა, სამწუხაროდ, პრიმიტიულია. მით უფრო დასანანია, რომ ჯეროვნად არ ისმის ქართველ ეკონომისტთა ხმა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში.
იმედისმომცემია ეკონომისტების ახალი თაობა, რომელიც დაინტერესებულია დაეუფლოს ეკონომიკურ მეცნიერებას, და მოპოვებული ცოდნით ემსახუროს სამშობლოს.
გაისად, საქართველო აღნიშნავს ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ას წლისთავს. ამ ლამაზ თარიღებთან ერთად, ქართველმა ეკონომისტებმა ასევე უნდა აღვნიშნოთ პირველი ქართული სამეცნიერო-ეკონომიკური ჟურნალის გამოსვლის ასწლიანი იუბილე.
მჯერა, რომ, როგორც ღვაწლმოსილი, ისე დამწყები ქართველი ეკონომისტი ღირსეულად შეხვდება ამ საიუბილეო თარიღს.
ყველას გილოცავთ ეკონომისტის დღეს!
აკადემიკოსი ლადო პაპავა
8 სექტემბერი (სექტემბრის მეორე პარასკევი), 2017 წელი