“დიდი დრო გავა, სანამ საქართველო ევროკავშირის სტანდარტებს მიაღწევს” – რობერტ ლიდლი
ნინო არველაძე
სურსათის უვნებლობა და სტანდარტიზაცია საქართველოსთვის კვლავ აქტუალუტი თემები გახდა. პარლამენტი ამჟამად განიხილავს სურსათის “უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”, “მცენარეთა მავნე ორგანიზმებისაგან დაცვის შესახებ” და “ვეტერინარიის შესახებ” კანონებში დამატებებს, რომლებიც საწარმოთა ინსპექტირებას, მათში მიკვლევადობისა და რისკის კონტროლის სისტემის დანერგვის ვალდებულებას გადაავადებს 2011 წლამდე ევროკავშირში ექსპორტიორი საწარმოებისთვის, 2013 წლამდე მაღალი რისკის საწარმოებისთვის (ცხოველური პროდუქციის გადამამუშავებელ საწარმოებში), ხოლო 2015 წლამდე სურსათის მწარმოებელ დანარჩენ საწარმოებისთვის.
ოთხმეტ დეკემბერს სასტუმრო შერატონში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ორგანიზატორობით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, სადაც მთავარი მომხსენებელი იყო ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რობერტ ლიდლი. ევროკავშირი რობერტ ლიდლის მეშვეობით საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის ამოქმედების გადავადება ევროკავშირისადმი არასასურველი სიგნალია. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) დასადებად თანამიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შესამუშავებელ საკითხებს შორის სურსათის უვნებლობა და სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება.
რობერტ ლიდლიმ დამსწრე საზოგადოებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ევროკავში-საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად აუცილებელია მზადება მოლაპარაკებისთვის, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ეხება. ამ მხრივ საქართველოსადმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტო-სანიტარიის სისტემის დანერგვაა, როემლიც ევროპის კავშირის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განუმარტა საქართველოს მთავრობის წარომადგენლებს, რომ ევროპის კავშირი სურსათის უვნებლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომლის მეშვეობითაც ევროპის კავშირი ადამიანის უფლებათა მაღალ დონეზე დაცვასა და შიდა ბაზრის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. სურსათის უვნებლობა გულისხმობს საკვების მთლიან ჯაჭვს ფერმიდან სუფრამდე.
დესპანმა განაცხადა, რომ საქართველოში ნაწარმი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საექსპორტოდ მზად არ იქნება, სანამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტი ევროკავშირის მოთხოვნების შეუსაბამო დარჩება. საქართველომ ბოლო წლებში გარკვეული ნაბიჯები გადადგა სანიტარიისა და ფიტო-სანიტარიის ნორმების ასამაღლებლად, მაგრამ შესაძლებელია მიღწეული შედეგი უკეთესი ყოფილიყო. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო მომავალი 2008 წლის ოქტომბერში ევროპის კავშირის მისიას უნდა გადაეწყვიტა, რომელმაც დაასკვნა, რომ ქვეყანაში სერიოზულად დგას ფიტო-სანიტარიის გადაუჭრელი პრობლემა.
რობერტ ლიდლიმ ასევე ყურადღება გაამახვილა ლაბორატორიებზე, განაცხადა, რომ საქართველოს დიდი მუშაობა დასჭირდება ამ მხრივ და დასძინა, რომ ევროპის კავშირი საქართველოს მხარს უჭერს, გააუმჯობესოს სანიტარიული და ფიტო-სანიტარიული სისტემები. გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი მუდმივად აძლევდა რჩევებს და ტექნიკურ დახმარებას უწევდა საქართველოს მთავრობას, ევროკავშირის წევრები აქტიურად მუშაობენ სოფლი მეურნეობის სამინისტროსთან და სურსათის უვნებლობის ეროვნულ სამსახურთან.
“მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: სანიტარიულ და ფიტო-სანიტარიულ სფეროებში საკანონმდებლო ბაზის სერიოზული პრობლემების გამო, ცხადია, რომ საკმაოდ დიდი დრო გავა სანამ საქართველო შეძლებს, მიაღწიოს საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებს. მიახლოების პროცესი მოითხოვს ნათელ და ძლიერ პოლიტიკურ ნებას, რომელიც კონკრეტულ ქმედებებში უნდა გამოიხატოს. კერძოდ, ევროკავშირი ძალიან ნანობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, უბრალოდ გადაწყვიტა, ამ კანონის ამოქმდება კვლავ გადაედო, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა. ჩვენ არ გვრჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ შევაფასოთ ეს გადაწყვეტილება, როგორ უარყოფითი სიგნალი, რომელიც სურსათის უვნებლობის სფეროში მოვალეობის შესრულების ნაკლებობაზე მეტყველებს.”
ვფიქრობთ, მოხსენებას და ციტატას არავითარი კომენტარი არ სჭირდება. ის მხოლოდ კონკრეტულ ქმედებას საჭიროებს ან, სულ მცირე, იმას მაინც, რომ ევროკავშირის მხრიდან გულგრილი დამოკიდებულების კრიტიკის დროს – თუ რატომ დაეხმარა ის პოლონეთს ტექნოპარკების გახსნით, ან რატომ დაეხმარება მოლდოვას თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნით და რატომ არ აკეთებს იმავეს საქართველოში,- თუნდაც რობერტ ლიდლის ციტატა გავიხსენოთ, როემლიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ სფეროს ეხება.