ვინ უნდა გვიმკურნალოს და რატომ?
სოფიკო სიჭინავა
ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზება ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელსაც არჩევნების წინ პოლიტიკოსები მხოლოდ წინასაარჩევნო დემაგოგიისთვის იყენებენ და ლოზუნგით იმის შესახებ, რომ სამედიცინო მომსახურება უფასო იქნება, თავს არიდებენ ამ რთული, ტკივილიანი და პრობლემური საკითხის სერიოზულ განხილვას. არადა, ყველა თუ ვერ აცნობიერებს, გრძნობს მაინც, რომ ჯანმრთელობის დაცვა ყველასთვის სრულიად უფასო ვეღარასოდეს იქნება, მთავარი ერთია – როგორ მოვახერხოთ, რომ ყოველი მოქალაქისთვის ექიმის დახმარება ხელმისაწვდომი გახდეს.
სახელმწიფო დაზღვევას მუნიციპალური დაწესებულებებიდან წლიურად 40 მლნ უგროვდება, მაგრამ რეალურად არავინ იცის, სად იხარჯება და რას ხმარდება ეს თანხა. უმრავლესობას, ვისაც სამედიცინო დაწესებულებებთან შეხება ჰქონია, თავის თავზე გამოუცდია, რომ სახელმწიფო დაზღვევიდან მას არაფერი შეხვედრია. ბევრმა ამის შესახებ ყურმოკვრითაც კი არაფერი იცის. დადგა დრო, როცა ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, სახელმწიფოს პარალელურად, კერძო დაზღვევა უნდა შემოვიდეს, კერძო სადაზღვევო კომპანიები გააქტიურდნენ და ჯანმრთელობის დაცვა კერძო სექტორისთვისაც სავალდებულო გახდეს. ხოლო მოქალაქეებს მენტალიტეტში გაუჯდეს, რომ მას სადაზღვევო პოლისი ისევე სჭირდებათ, როგორც პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
საქართველომ საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიიღო ერთი მხრივ, ინვესტიცია მეტ-ნაკლებად მოწყობილი საავადმყოფოების, ლაბორატორიებისა და სამედიცინო ინსტიტუტების, მეორე მხრივ, 48 ათასი სხვადასხვა დონის პროფესიული მომზადების მქონე მედპერსონალის სახით. არადა, დღეს საქართველოს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებისთვის რეალურად მხოლოდ 8 ათასი ექიმი სჭირდება, ეს რიცხვი საერთაშორისო დასავლური სტანდარტებით არის გათვლილი. იმ საავადმყოფოებიდან, უფრო სწორად, გიგანტი სამედიცინო ცენტრებიდან, რომელებიც დღეს არსებობს, საქართველოს მხოლოდ 30-40% სჭირდება, უცებ გაჩნდა ზედმეტი 40 ათასი ექიმის პრობლემა, ხოლო საავადმყოფოებიდან 60% გამოუყენებელი რჩება, რომელსაც შენახვა, რემონტი და მისი სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასი სჭირდება. აქედან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებები კონკურენციის გზით ზედმეტი ექიმებისა და ქონებისგან უნდა განთავისუფლდნენ. ამისთვის აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებებში ინვესტიციების ჩადება, მაგრამ აქ უკვე საკუთრებითი საკითხის პრობლემას ვაწყდებით. თავის დროზე, თითქოს კეთილშობილური მიზნებით, მიღებულია არასწორი გადაწყვეტილება, რომ სამედიცინო დაწესებულებები პრივატიზაციას არ ექვემდებარება. თუმცა, კოლექტივი, სამეთვალყურეო საბჭო სამედიცინო დაწესებულების ქონებას მაინც განაგებს, საავადმყოფოები 30-50-წლიანი იჯარით გაცემულია, ანუ იურიდიულად არა, მაგრამ ფარულად პრივატიზირებულია. კოლექტივს რეალურად არ აქვს ის საშუალება, რომ ინვესტიცია მოიზიდოს და დააბანდოს, ამიტომ კერძო კლინიკების მახინჯ სახეს ვიღებთ. თუმცა, ეს ყველა კლინიკას არ ეხება. აქედან გამომდინარე, თუ არ გადაწყდა საკუთრებითი საკითხი, ჯანდაცვის რესტრუქტურიზაცია წინ ვერ წავა.
ეს არ უნდა იყოს ისე გაგებული, თითქოს ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს სახელმწოფო მუნიციპალური საავადმყოფოები. რასაკვირველია, ყველა ქალაქში, მათ შორის, თბილისში ასეთი საავადმყოფო უნდა იყოს. მაგალითად, დედაქალაქში, რესპუბლიკური საავადმყოფო, თავისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლაბორატორიული კვლევითი ცენტრით, ამბულატორიებითა და ინფექციური დავადებების ცენტრებით სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს.
საკუთრებითი პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ, უნდა მოხდეს საავადმყოფოების რესტრუქტურიზაცია ოთხი ტიპის მიხედვით.
პირველი ტიპის იქნება ის საავადმყოფოები და სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც მერია ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე უფასოდ შეინახავს მხოლოდ მაღალი ანაზღაურებით. მართალია, იგი კერძო კლინიკის ანაზღაურებას ვერ გაუთანაბრდება და მოემსახურება სრულიად უმწეო და არაშემოსავლიან მოსახლეობას. მოხდება ორი კატეგორიის ადამიანების დაზღვევა, რომელთა შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და, ბუნებრივია, მათ სახელმწიფო თავის სახსრებით უმკურნალებს. ჩვენი გათვლებით, A ტიპის სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა მოცულობით 10-15% იქნება.
მეორე, B ტიპის კერძო სამედიცინო დაწესებულებები იქნება, რომლებიც სადაზღვევო ფირმებთან ერთად იმუშავებენ. ანუ სადაზღევევო ფირმა ჯანმრთელობის დაცვის პროცესის ორგანიზებას მოახდენს. თუ ჩვენ ჯანმრთელობის დაცვას სრულიად ჩავაბარებთ სამედიცინო დაწესებულებების B ტიპს და მას მოქმედების თავისუფლებას მივცემთ, ისეთ მაღალ ფასებს და გადასახადებს მივიღებთ, რომელიც მოსახლეობას წელში გაწყვეტს.
რატომ ვრთავთ ამ პროცესში სადაზღევევო კომპანიას? კომპანიის ინტერესებში შედის ის, რომ ადამიანი ავად არ გახდეს და თუ ასე მოხდება, სამედიცინო დაწესებულებამ მას ზედმეტი ხარჯები არ დააწეროს. ასეთი ურთიერთდამბალანსებელი მომენტის ჩადების გარეშე, გვექნება ძალიან მძიმე სურათი, როცა ისეთი მარტივი ოპერაციის შემთხვევაში, როგორიცაა, ვთქვათ, ბრმა ნაწლავის ოპერაცია, მივიღებთ ხარჯს – არა 100 ან 200 დოლარს, არამედ, 5000-ს. სამედიცინო მომსახურება ურთულესი დარგია და ძნელი გასაკონტროლებელია, რა ხარჯი გასწია საავადმყოფომ. სამედიცინო დაზღვევის თანხა დამქირავებლის მხრიდან გადასახადისგან განთავისუფლებული უნდა იყოს და თითოეული ადამიანი, რომელიც მუშაობს, დაზღვეული უნდა იყოს. ანუ, ჯანდაცვის დაზღვევა აუცილებელი უნდა იყოს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორშიც. ყველა დაზღვეულ ადამიანს ხელში უნდა ჰქონდეს მრავალწლიანი დაზღვევის პოლისი, თავისი პირადი ბარათი, სადაც უნდა ეწეროს თანხა, ნორმა და ა.შ.
მესამე მიმართულება ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის ჩ ტიპის საავადმყოფოები, რომლებიც მაღალანაზღაურებადი იქნებიან და სადაც ურთულესი ტექნოლოგიებით ურთულესი ოპერაციები გაკეთდება, შესაძლებელია უცხოელი სპეციალიტების დახმარებითაც, აქაც ჩართულები იქნებიან სადაზღვევო ფირმები. მათ შერეული ტიპის, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება ექნებათ, ანუ რაღაც ნაწილი ანაზღაურებული იქნება სადაზღვევო ფირმის, ნაწილი პირადად იმ პიროვნების მიერ, რომელსაც სამედიცინო ჩარევა დასჭირდება. მაგალითად, თუ გულის შულტირება 3 ათასი დოლარი ღირს, 2 ათასს სადაზღვევო კომპანია გადაიხდის, ხოლო ათასს თვითონ პიროვნება.
მეოთხე, D ტიპის საავადმყოფოებში სპეცსამედიცინო მომსახურება იქნება. ვთქვათ, ტრანპლანტაციები, გადანერგვები, სერიოზული ბიოქიმიური ოპერაციები და ა.შ.
სამედიცინო მომსახურება ამ ოთხ ტიპად უნდა დაიყოს იმ პირობით, რომ A ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში დარჩება ონკოლოგიური დაავადებების მნიშვნელოვანი ნაწილი უფასოდ (არა ისე, როგორც დღეს ხდება, ვითომ უფასო), ბავშვების, მრავალშვილიანი და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების დახმარება. დანარჩენისთვის სამედიცინო მომსახურება განხორციელდება რეალური კერძოOდაზღვევით.
თუ კერძო დაზღვევა ჯანდაცვის სფეროში არ შემოვიდა, სახელმწიფოს არასოდეს ექნება ის საბიუჯეტო შემოსავლები, რომ მოსახლეობა ელემენტარული სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოს. თუ მოსახლეობას ნორმალურ ჯანდაცვის პირობებს არ მივცემთ, ვერავითარ ახალ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ და სულ ასეთი დაჩაჩანაკებულები ვიქნებით. მეორე, რასაც უნდა მივეჩვიოთ ის არის, რომ, როგორც ყველა ჩვენგანს სჭირდება პასპორტი და პირადობის მოწმობა, ასევე უნდა სჭირდებოდეს დაზღვევის პოლისი, ეს უნდა იყოს აუცილებელი. ამ საკითხების გადაწვეტას სჭირდება ერთი მხრივ, რესტრუქტურიზაციის პრობლემის, მეორე მხრივ, ანაზღაურების საკითხის მოგვარება, სადაც არ შეიძლება რომელიმე უკიდურესობაში გადავვარდეთ.
1. სპეციალურად რეგისტრირებული დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, უმწეოებისთვის სახელმწიფოს მხრიდან სრული ანაზღაურებით სამედიცინო დაწესებულებები მინიმალური რაოდენობით უნდა დარჩეს; 2. კერძო სტრუქტურებში სრული სამედიცინო დაზღვევა უნდა იყოს; 3. ვისაც სურვილი აქვს, უნდა შეეძლოს მაღალი დონის დაზღვევის გაკეთება; 4. შერეული დაზღვევითა და პირდაპირი გადახდის საშუალებით უნდა გაიხსნას სპეციალური სამედიცინო დაწესებულებები. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში არსებული თანხა ამ დაზღვევის პროცესს ეყოფა.
მაგრამ არის მეორე საკითხიც, საიდან უნდა მოვიდეს ეს თანხები, შრომის ანაზღაურების ლეგალიზაცია ჩვენ ქვეყანაში ხომ უზარმაზარი პრობლემაა? სპეციალისტები მისი გადაჭრის ძალიან მარტივ ხერხს გვთავაზობენ – სოციალური გადასახადები დიდი ოდენობით იმალება, იმის გამო, რომ თვითონ გადასახადის განაკვეთი ძალიან მაღალია, ამიტომ უნდა შემოვიღოთ ერთიანი შრომაზე გადასახადი. შრომის დაქირავებაზე გადასახდში გაერთიანებული იქნება ოთხი ელემენტი: საშემოსავლო, სოცები, დაზღვევა (საუბარია, კერძო დაზღვევასა და საპენსიო დაზღვევაზე). ამ ოთხი ელემენტის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს ადამიანის შემოსავლის 18%-ს. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ადამიანების სრული ლეგალიაზცია მოხდება. დღეს ფირმების უმრავლესობა არსებულის 10%-ს აჩვენებენ, ან სრულიად არ აჩვენებენ. ნებისმიერ კერძო ფირმაში არ მუშაობს ადამიანი, რომლის ხელფასი 70-80 ლარზე დაბალია. რა თქმა უნდა, არ არის იმის საშუალება, რომ ეს დაფიქსირდეს. შრომაზე გადასახადს თუ გავაერთიანებთ და ერთიანი დაქირავების გადასახადს დავაწესებთ, სადაც საშემოსავლოს ნაწილი იქნება, ვთქვათ, 8%, სოცების გადასახადი – 4%, 2% – დაზღვევის, 2% – საპენსიო და ჯამში გახდება 16-17%, დამქირავებელს დამალვა აღარ უღირს. აუცილებლად მოხდება შრომის ანაზაღაურების ლეგალიაცია, რაოდენობრივად მივიღებთ გაცილებით მეტს, ვიდრე დღესაა. რაც შეეხება დღევანდელ თანხას, სოცების სოციალური ანაზღაურების ბიუჯეტი არის 180-200 მლნ. ეს, ძირითადად, მოდის სახელმწიფო საწარმოებიდან და ბუნებრივი მონოპოლიებიდან – რკინიგზა, ელექტროსადგურები, სადაც შრომა ისედაც ლეგალიზებულია. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 700 ათასი ადამიანია დასაქმებული, აქედან, 380-350 სახელმწიფო სექტორში, მათ ამ თანხას აჭრიან და სახელმწიფო, ფაქტობრივად, ამ ფულს ერთი ჯიბიდან იღებს და მეორე ჯიბეში იდებს. ეს კი რეალური ეფექტის მომცემი არ არის. აქედან გამომდინარე, თუ კერძო სექტორი არ გააქტიურდა, ჯანმრთელობის დაცვის რესტრუქტურიზაციის საკითხის გადაწყვეტა გამორიცხულია.
საქმე გვაქვს ერთ მნიშვნელოვან საკითხთან – დღეს ერთ მომუშავეზე 3-4 პენსიონერი მოდის. პირველი – აუცილებელია პენსიონერების რაოდენობის რიცხვის ზუსტი დადგენა, მეორე – შრომის ლეგალიზაციის მეთოდის გამოყენება და ამით რადიკალურად განსხვავებულ სურათს მივიღებთ, თანაფარდობა ასეთი იქნება – 4 დასაქმებულზე 4 პენსიონერი. ეს უფრო ასატანია. წესით, 4 დასაქმებულზე 2 პენსიონერი უნდა მოდიოდეს. ჯერჯერობით, მსოფლიო კაცობრობას, ეკონომიკურ თეორიას თუ პრაქტიკას უკეთესი გზა გამოუგონია.
თავისთავად, სერიოზული პრობლემაა სამუშაოს გარეშე დარჩენილი 40 ათასი ექიმის და მათი ოჯახების ბედი. საკითხი პოლიტიკურ ჭრილში რომ გადავიყვანოთ, ადვილად მივხვდებით, რომ ასეთი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ისურვებდა, ეს ხალხი ხომ ამომრჩევლია? მაგრამ ფაქტი ერთია, პასუხისმგებლობა თავის თავზე ვინმემ უნდა აიღოს. რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილ ექიმებს, მათი პრობლემის გამოსავალიც არსებობს. ჩვენი ჟურნალის ექსპერტები საინტერესო იდეას გვთავაზობენ, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს, შეიქმნას ექიმთა გადაკვალიფიცირების ინსტიტუტი, რომელსაც თვითონ ხელისუფლება დააფინანსებს. ექიმები ახალ ტექნოლოგიებს, წამლებს, მეთოდებს გაეცნობიან. სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების გაყიდვიდან (ისინი აუცილებლად აუქციონზე უნდა გაიყიდოს და არავითარ შემთხვევაში კოლექტივზე) ამოღებული თანხა არ უნდა მიიმართოს ბიუჯეტში სხვადასხვა ხარჯებისთვის, არამედ, უნდა შეიქმნას ექიმთა მხარდაჭერის ერგვარი ფონდი, საიდანაც მათი კერძო ინიციატივების დაკრედიტება მოხდება. თუ ექიმი ძლიერი პროფესიონალია, მას ექნება თავის ბიზნეს-გეგმის წარდგენის უფლება, რის შემდეგაც მიიღებს გრძელვადიან, 15-20-25 წლიან კრედიტს და ნებისმიერი ტიპის სამედიცინო დაწესებულებას შექმნის. რასაკვირველია, ეს სამედიცინო დაწესებულება დაბალგანაკვეთიანი იქნება, წლიურად დაახლოებით, 7-8%-ს ოდენობით, რადგან შემდგომ მომავალ ექიმებს ეს თანხა გამოადგეთ, ფული ფონდში დაბრუნდება და მას, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი გაუწევს მეთვალყურეობას. აღნიშნული საქმიანობა აუცილებლად ლიცენზირებული იქნება, რადგან რეალურად ვინმე პასუხისმგებელი უნდა იყოს. ასე რომ, საქმე, პროფესიონალიზმი ბუნებრივ გადარჩევას, სელქციას მოახდენს.