ეკონომისტები პოლიტიკაში მიდიან
ეკა ლომიძე
საქართველოში ყველა მოწვევის პარლამენტი, ასე თუ ისე, მეცნიერ-ეკონომისტებისა და იურისტების დეფიციტს განიცდიდა. დღეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებენ საზოგადოებისათვის ცნობილი ეკონომისტები, ისინი, ვინც უკვე იყვნენ პოლიტიკაში. მათგან სამი – ვანო ჩხარტიშვილი, ლადო პაპავა და ავთანდილ სილაგაძე – სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მინისტრები იყვნენ, ხოლო რომან გოცირიძე, თავის დროზე ვიცე-პრემიერი გახლდათ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებმა იციან გარკვეული მექანიზმები, თუ
რა და როგორ წყდება მთავრობაში. დღეს ისინი პოლიტიკურ სარბიელზე ისევ გამოჩნდნენ, მხოლოდ სხვა ფორმით.
ლადო პაპავა: “მეცნიერებიდან მოსული ეკონომისტები პარლამენტში თითქმის არასოდეს ყოფილან იმ რაოდენობით, რამდენადაც საჭიროება მოითხოვდა. საკითხი შემდეგნაირად ისმის: არის თუ არა ქვეყანაში მოთხოვნა ეკონომისტებზე? რა თქმა უნდა, არა. არ მესმის იმ პოლიტიკური პარტიის, რომლის სიის ათეულში ეკონომისტი და იურისტი არ არის. სამაგიეროდ, ტრაბახობენ მსახიობებითა და სპორტსმენებით. რა ხდება, პარლამენტი შოუ-ბიზნესია? სპორტმენები და ხელოვნების მუშაკები არა ერთი მოწვევის პარლამენტში გვყავდა, ზოგიერთ მათგანს მთელი 4 წლის მანძილზე ხმაც არ ამოუღია. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ, ხშირად დეპუტატი ზის პარლამენტში, არ ესმის რაზეა საუბარი და ამა თუ იმ კანონპროექტს თუ საკითხს ხმას აძლევს მხოლოდ იმიტომ, რომ მის ფრაქციაში ასე გადაწყდა. თუ სარჩევნო სიას გადავხედავთ, ათეულში ეკონომისტები მხოლოდ ორ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას და ბურჯანაძე-დემოკრატებს ჰყავთ. ზოგიერთ პარტიას ისე გაუჭირდა, რომ თავის ათეულში საერთოდ უცნობი ხალხი ჩასვა. ანუ, წარმოდგენილი პიროვნება ცნობილი გახდება იმ შემთხვევაში, თუ მას აირჩევენ პარლამენტში და გახდება თუ არა, ისიც საკითხავია. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მესმის ამდენმა მომღერალმა და სპორტსმენმა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე რა უნდა აკეთოს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პარლამენტში საკუთარი ბიზნესის ლობირებისთვის მოდიან.
მასმედიის ყველა საშუალებით გამოქვეყნდა საარჩევნო სია, მაგრამ არავის უკითხავს, რაში გვჭირდება პირველ ათეულში ამდენი მომღერალი, სპორტსმენი, თუნდაც ინჟინერი. პარლამენტში ხიდი გვაქვს ასაშენებელი თუ ორმო გასათხრელი? ზოგი ისეთიც გამოთქვამს პრეტენზიას, რომელიც თავის სფეროში არაფრად ვარგოდა. თუ იქ ვერ ივარგა, კარგი დეპუტატი როგორღა იქნება? ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რეალურად გვაქვს იმის პრობლემა, რომ ახალი პარლამენტი დონით, სამწუხაროდ, უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღევანდელი.
რასაკვირველია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პარლამენტი მხოლოდ იურისტებისა და ეკონომისტებისაგან შედგებოდეს. რა თქმა უნდა, ასეთი პარლამენტი არ ივარგებს, რადგან ეს პოლიტიკური ორგანოა. ვფიქრობ, ყველა პარტია თუ ფრაქცია ერთი ეკონომისტით და ერთი იურისტით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი.
თქვენი ჟურნალის საშუალებით მკითხველს მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან, რამდენადაც დაეზარებათ ან ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს, მით უარესი პარლამენტი გვეყოლება და რამდენადაც აქტიურად დააფიქსირებენ თავის გადაწყვეტილებას – იმდენად უკეთესი იქნება.
რომან გოცირიძე – ამ პარლამენტში შედარებით ნაკლებად ჩანდნენ წამყვანი ეკონომისტები. ამ თვალსაზრისით, წინა პარლამენტი უკეთესი იყო. სავარაუდოა, რომ მომავალ პარლამენტში უფრო მეტი ეკონომისტები იქნებიან. დღეს მიდგომები შეიცვალა, პარლამენტში უფრო მეტად ის ხალხი ისწრაფის, ვისაც იმუნიტეტი სჭირდება, მაგრამ იმუნიტეტი ამ შემთხვევაში იმას არ ნიშნავს, რომ საპარლამენტო იმუნიტეტი დაგიცავს. დაგიცავს მხოლოდ ამ წრეში ყოფნა. მინისტრებს ხომ იმუნიტეტი არ აქვთ, მაგრამ უნახავს ვინმეს დაჭრილი მინისტრი, ან მინისტრის მოადგილე, ან რომელიმე ჩინოვნიკი? სასაცილოა, როდესაც ამბობენ, რომ დეპუტატს იმუნიტეტი უნდა გაუუქმდეს. რეალურად, დეპუტატს იმიტომ კი ვერ იჭერენ, რომ იმუნიტეტი აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის არის სერიოზული კლანის ნაწილი, თორემ რეალურად საქართველოსნაირ ქვეყანაში იმუნიტეტი უნდა არსებობდეს, თუნდაც იმიტომ, რომ არ იყოს პოლიტიკური დევნა. პარლამენტში ბევრი თავის შემოსაფარებლად მოდის. ის ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ პარლამენტში ყოფნით და მიკროფონებთან გამოჩენით შედეგს ვერ აღწევენ, უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, არ სურს პარლამენტარობა ძალიან ბევრ სახელოვან იურისტსა თუ ეკონომისტს.
ჩვენს პოლიტიკაში სასაცილო პროცესი მიდის – სიის ათეულში არიან მომღერლები, სპრტსმენები. ადამიანი, რომელიც არის მოქმედი პროფესიონალი, მაგალითად, ხუჯაძე, როგორც დეპუტატი განიცდის როგორც ფიზიკურ (4 წელიწადი უნდა იჯდეს), ისე იმიჯის დეკვალიფიკაციას. ვთქვათ, უკრაინის დეპუტატი რომ იყოს ცნობილი მოკრივე კლიჩკო, რომელსაც აქვს პრეტენზია გახდეს მსოფლიო ჩემპიონი. მაგრამ ძმებ კლიჩკოებს თავიანთი მიზანი აქვთ, რადგან ისინი არიან პროფესიონალები. კანდელაკი, რომელზეც მთელი საქართველო ამყარებს იმედს და მიგვაჩნია, რომ ლენოქს ლუისს შეებრძოლება, პარლამენტში მოდის და დეპუტატის სავარძელი უნდა ხეხოს. ეს ხომ სასაცილოა. ეს ნიშნავს ფსიქოლოგიურ კაპიტულაციას. არ არის მზად, რომ გახდეს ჩემპიონი? მზად არის გახდეს ჩინოვნიკი და აქ იჯდეს? დაამთავრე შენი კარიერა და მერე, კი ბატონო. შვარცენეგერი მსახიობი იყო და პოლიტიკაში წავიდა და გუბერნატორი გახდა. ეს დემოკრატიის პლიუსია. დღეს კალიფორნია დამოუკიდებელი რომ იყოს, ეკონომიკური სიძლიერით მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა იქნებოდა, მაგრამ ამავე დროს აღნიშნული ფაქტორი დემოკრატიის მინუსია. რა უნდა შვარცენეგერს გუბერნატორად, კალიფორნიამ უკეთესი პროფესიონალი ვერ მოძებნა? იქ დემოკრატიული პროცესი, ასე ვთქვათ, გადაცდომებს პატიობს, თორემ კანონით რომ იყოს აკრძალული ხელოვანის პოლიტიკაში მოსვლა, მაშინ ავტორიტარიზმი იქნებოდა. ხალხმა შვარცენეგერი ამოირჩია, თუმცა მალე მიხვდებიან, რომ იგი კარგი გუბერნატორი ვერ იქნება. შვარცნეგერი 60-ს გადაცილებული კაცია, მაგრამ, როცა მოქმედი სპორტსმენი მიდიხარ და დეპუტატად კენჭს იყრი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე შეეგუე შენს ბედს და ეს არის გედის სიმღერა. ასე რომ, ამ არჩევნებში ხდება დევალვაცია პროფესიონალიზმისა და პარლამენტარიზმისა. პარლამენტში უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია მუშაობა მაგიდასთან, რადგან იგი კანონშემოქმედებითი ორგანოა. ჩვენთან პირიქითაა, 95% მიკროფონებთან ლაყბობს და მაგიდასთან 5% ზის.
ვანო ჩხარტიშვილი – “თუ, ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის პროფესიულ შემადგენლობას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ეკონომისტებისა და იურისტების სიმრავლით იგი მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის. რა თქმა უნდა, პარლამენტში არიან ამ პროფესიის ღირსეული და კვალიფიციური სპეციალისტები, მაგრამ ვფიქრობ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკურ და იურიდიულ თემებს მეტი სიფრთხილითა და ყურადღებით მოპყრობა სჭირდება. როგორც ჩანს, იგივე მოსაზრებები ამოძრავებთ ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, როცა ფიქრობენ, რომ ეკონომიკური საკითხების გადაჭრას საპარლამენტო უფლებამოსილებით აღჭურვილნი უფრო ეფექტურად შესძლებენ. რასაკვირველია, ამ კუთხით შექმნილი ვითარება, უკეთესი რეალობის სურვილს ტოვებს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა პარტიულ სიებში საკმაოდ მრავლად არიან თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ეკონომისტები, ასევე ბიზნესის პრაქტიკოსები. ვფიქრობ, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამ ხალხის აზრის შეჯერება სასურველ შედეგს გამოიღებს, ოღონდ მომავალში მაინც აღარ უნდა დავუშვათ, რომ პარლამენტში სიტუაცია პოლიტიკურმა კონიუნქტურამ გადაწონოს.
ნაკლები წინააღმდეგობის გადალახვა მომიწევდა რომელიმე რეიტინგული პარტიის ან ბლოკის სიით რომ ვიყრიდე კენჭს. პარლამენტში მოსახვედრად შეგნებულად ავირჩიე მაჟორიტარის გზა და მხარს მიჭერს მრავალრიცხოვანი და ერთსულოვანი “პარტია”, რომელსაც ოზურგეთის მოსახლეობა ჰქვია. თავად მაქსიმალურად შევუწყობ ხელს ოზურგეთელების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებას, როგორც მაკრო, ასევე მიკრო დონეზე. ამის მისაღწევად კი, ყველა ბერკეტს გამოვიყენებ. ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის სურვილიც სწორედ ამ ფაქტორითა და გარემოებითაა გამოწვეული”.
ასე რომ, ცნობილი ეკონომისტები პოლიტიკაში მიდიან. მომავალ პარლამენტს ნამდვილად აქვს სიჭრელის “პერსპექტივა”. რამდენად უშველის საქართველოს ეკონომიკას თითო-ოროლა ეკონომისტი და მისი “დემოკრატიული სიჭრელე”, ამას უახლოეს მომავალში ჩვენივე თავზე ვიგემებთ.