საბაჟომ ბიუჯეტში წლის საბიუჯეტო შემოსავლები სრულად შეიტანა, თვითონ ერთი წლის ბიუჯეტი მთლიანად სჭირდება
ეკა ლომიძე
მრავალტანჯულ, მრავალჯერ განკითხულ, განაწამებ საბაჟოს ახლა ავსტრიელები მიადგნენ და ახალი კოდექსი დაუწერეს, რომლის ძირითადი ლაიტმოტივი არის ის, რომ საბაჟოს ტარიფების რეგულირება თვითონ საბაჟოს შეეძლება. ანუ დაახლოებით ისე, როგორც კომერციული ბანკი უდგენს მომსახურების ტარიფებს თავის კლიენტებს.
ასეთი მეთოდი რუსეთსა და ევროპაშიც არის, მაგრამ საინტერესოა, მებაჟე, რომელსაც 47 ლარი აქვს ხელფასი, როგორ განახორციელებს მას. ამასთან, ნავარაუდევია საბაჟოს სტრუქტურული, ნორმატიული და საკადრო ცვლილებები. მომავალი წლის იანვარში საბაჟოზე, ალბათ, ზამთრის სესიები იქნება – მებაჟეებს მოუწევთ იმ გამოცდების ჩაბარება, რომლისთვისაც წლების განმავლობაში ემზადებოდნენ. საბაჟომ შეიმუშავა უახლეს ღონისძიებათა გეგმა, რომელიც არის გასატარებელი სამუშაოების კომპლექსი. 2004 წელს საბაჟოს მოუწევს, ერთი მხრივ, გაზრდილი მაჩვენებლების შესრულება, მეორე მხრივ, რეფორმირების მკაცრი ღონიძიებების გატარება. რა რესურსებს ფლობს საბაჟო და შესძლებს თუ არა თავი გაართვას ამ ამოცანებს?
რეფორმების პრაქტიკული განხორციელების პროცესში გადამწყვეტი როლი უცხოურ დახმარებებს ეკისრება. საბაჟოს მთავარი დონორები არიან: აშშ-ს მიერ დაფინანსებული “საზღვრის დაცვის და კანონიერების განმტკიცების პროგრამა” და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი – “საბაჟო პროცედურების განხორციელება და საქართველოს საბაჟო სამსახურის შესწავლა”. ეს პროექტი სწორედ ამჟამად ხორციელდება. ევროპულ პროექტს ექსპერტები დადებითად აფასებენ, თუმცა მთავარი სამუშაო ჯერ კიდევ წინ არის.
გთავაზობთ ინტერვიუს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, დავით თარხან-მოურავთან:
ბატონო დავით, საბაჟო სისტემის რეფორმა რამდენიმე მთავარ მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი სტრუქტურული რეფორმაა.
სტრუქტურული რეფორმა საბაჟო ორგანოებისათვის სპეცსამსახურის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი სტრუქტურის შემუშავება, საშტატო ერთეულების განსაზღვრა, კადრების პროფესიონალი სპეციალისტებით დაკომპლექტება, რისთვისაც საკვალიფიკაციო გამოცდები უნდა ჩატარდეს. გაწეული მუშაობის შედეგად საბაჟო ადმინისტრაციას სამართალდამცავი ფუნქცია დაუბრუნდა.
დაბალი ანაზღაურების პირობებში, რაგინდ განსწავლული კადრიც არ უნდა მოიზიდოთ, საბაჟოს მოხელისათვის ფუნქციების ნორმალური და პატიოსანი შესრულება ძნელი იქნება.
თუ საბაჟომ მის მიერ მობილიზებული თანხების 15% არ მიიღო, ის ვერ შესძლებს ფუნქციების ნორმალურად შესრულებას, განსაკუთრებით საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზული მაჩვენებლების ზრდის პირობებში. სტრუქტურული რეფორმების, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება-ჩატარების მხრივ ევროკომისიის მხრიდან, ევროსაბაჟოსგან დიდ დახმარებას ველოდებით. უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო სისტემის მოხელეთა მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად საბაჟო აკადემიის შექმნის მიზნით მიმდინარეობს საბაჟო დეპარტამენტთან მუშაობა.
ფუნქციონალური თვალსაზრისით, საბაჟო ადმინისტრაციას სათანადო მოწყობა სჭირდება. რა პრობლემები არსებობს ამ მხრივ?
პრობლემა მართლაც უამრავია: საბაჟო კონტროლის ზონიდან გასაყვანია ფიტოსანიტარული, ვეტერინარული და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები – უნდა გამოირიცხოს საბაჟო სამართალდარღვევების სფეროში სხვა ორგანოების ჩარევა. ქვეყნის საგადასახადო სივრცეში საბაჟო მიზნებისათვის კონტროლის განსახორციელებლად საბაჟო ორგანოთა კომპეტენციის გაზრდაა საჭირო, ასევე, საბაჟო გაფორმების შემდგომი კონტროლის განსახორციელებლად იმპორტირებულ ტვირთებზე ხანგრძლივი ვადა უნდა დადგინდეს. საბაჟო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე საბაჟო ორგანოებს ქვეყნის საგადასახადო ტერიტორიაზე ტვირთის შემოწმების უფლება მიენიჭათ. სხვადასხვა გამშვები პუნქტებისათვის შემუშავდა საბაჟო კონტროლის ტექნოლოგიური სქემები.
თქვენი აზრით, საბაჟო სისტემების მართვის სრულყოფისათვის რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო?
დღეისათვის საგადასახადო კონტროლის შემოსავლების ამოღების მიზნით, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საქონელს ნავთობპროდუქტები წარმოადგენს. ამ მხრივ აუცილებელია განხორციელდეს ბენზინ-გასამართი სადგურების კონტროლი და შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დაბალი ხარისხის ნავთობის დისტილატების და გამზავებლების შერევის გზით ფალსიფიცირებული ბენზინის წარმოებას არაშემოსავლიანს გახდის. უნდა დაინერგოს საქონლის რეალიზაციის ქრონომეტრაჟის და საკონტროლო შესყიდვების განხორციელების პრაქტიკა. საბაჟო ორგანოებმა უნდა განახორციელონ სავალუტო კონტროლი, ხოლო ეკონომიკურ პროცესებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით უნდა შემუშავდეს განსაკუთრებული, სეზონური და ანტიდემპინგური გადასახადების დაწესების მექანიზმები.
ბატონო დავით, თქვენ საკანონმდებლო ასპექტებზე საუბრობდით, რას მოიცავს ეს საკითხი?
ახალი საბაჟო კოდექსის მიღებას, რომლის პროექტიც ევროსაბაჟოს მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში უკვე შექმნილია. აღსანიშნავია, რომ კოდექსი ჰარმონიზებულია ევროპულ კანონმდებლობასთან და კიოტოს კონვენციის მოთხოვნებთან.
ანუ, იგულისხმება კიოტოს კონვენციასთან მიერთება?
აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიერთების შიდამწყობრივი პროცედურის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ ფინანსთა სამინისტროშია წარდგენილი.
გარდა საკანონმდებლო სრულყოფისა, პრობლემას აქციზური საქონლის არალეგალური ბრუნვა და აღრიცხვიანობის გაუმჯობესებაც წარმოადგენს.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია რიგი ქვეყნების (რუსეთის, საბერძნეთის, გერმანიის, ავსტრიის) გამოცდილების გაზიარება, ამ საქონლის (ნავთობპროდუქტების, თამბაქოს) იმპორტი, წარმოება და რეალიზაცია ტენდერის გზით შერჩეულმა საწარმოებმა აწარმოონ.
ბატონო დავით, როგორც ცნობილია, რეფორმა ტექნოლოგიურ ასპექტებსაც მოიცავს, რაც ელექტრონული პასპორტებისა და ლუქების დანერგვას, საქონლის დოკუმენტაციის ელექტრონული ასლების შექმნას და მათ ბაზაზე ერთიანი საბაჟო-საგადასახადო მონაცემთა ბაზის ფორმირებას გულისხმობს. ამის გარდა, რას მოიცავს რეფორმის ტექნოლოგიური მხარე?
1996 წელს გაეროს ეგიდით კომპიუტერული სისტემის – ასიკუდას პროექტის განხორციელება დაიწყო და 1998 წელს იგი მხოლოდ თბილისის საბაჟოზე დაინერგა. აშშ-ს დახმარებით შემუშავდა ასიკუდას განვითარების პროექტი, რომელიც ორ ეტაპად გაიყო. I ეტაპი დასრულდა – ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირია ფოთთან, ქუთაისთან, თბილისის ლილოს ოფისთან, აეროპორტთან, რუსთავთან და წითელ ხოდთან. ასიკუდას პროგრამის მთავარი სერვერი ცენტრალურ ოფისშია გადმოტანილი. ჩვენი ძალებით მოხერხდა ასიკუდას პროგრამით დოკუმენტების ქართულ ენაზე ბეჭდვა. პროექტის II ეტაპის შემდეგ პროგრამა ასიკუდას გამართულ მუშაობას სატელიტური ანტენებით კავშირი უზრუნველყოფს.
საბაჟო სისტემის რეფორმირების პროცესში საბაჟო გამშვები პუნქტების კეთილმოწყობა, სასწორების სისტემის დანერგვა და საბაჟო ლაბორატორიის აღჭურვა იგეგმება. სხვათა შორის, დღეისათვის არ არსებობს ნავთობპროდუქტების, სიგარეტის და სხვა საქონლის ხარისხის კონტროლის საშუალება. ერთი სიტყვით, ჩვენი საბაჟო (ქაღალდზე მაინც) ცდილობს ევროსაბაჟოსთან მიახლოებას, თუმცა, როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა მირიან ყარაულაშვილმა განაცხადა, ევროსაბაჟოელებმა კარგად იციან, რომ ჩვენი დახმარებით ისინი საკუთარ თავს ეხმარებიან, რადგან ახლომდებარე რეგიონების საბაჟოების გამართული მუშაობა მათთვისაც ხელსაყრელია. მირიან ყარაულაშვილის განცხადებით, ახალი საბაჟო კოდექსის ინგლისური ვარიანტი უკვე შექმნილია, ჯერი მის გადათარგმნაზეა. ეს საკითხი კი, ქართული რეალობიდან გამომდინარე, არცთუ ისე უმნიშვნელოა.