რა ფასი აქვს ფასების ინსპექციას?

ბაკურ ჟღენტი

სულ რამდენიმე თვეა, რაც ფასების სახელმწიფო ინსპექციის გარშემო ათასგვარი მითქმა-მოთქმა და ჭორი აგორდა: ზოგი ამტკიცებდა, რომ ამ ინსტანციას საერთოდ აუქმებენ, ზოგის ვარაუდით, მას ანტიმონოპოლიურ სამსახურთან აერთიანებენ. რეალურად კი, რაც შეეხება ინსტიტუციონალურ სრულყოფას, განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექცია თავის ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს. შესაძლოა, მავანთა გაღიზიანება სწორედ ამან გამოიწვია და აგორებული ჭორი სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა სურვილი ამ ორგანიზაციის დისკრედიტაციისა. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ამ ინსპექციას უფლება-მოსილების გაფართოება, სტატუსის ამაღლება და პოზიციების გამყარება სურდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის დიდი უმეტესობა უცხოურ თარგზეა მორგებული, თანაც ისე, რომ სულაც არ იყო საჭირო ამ თარგის საქართველოზე მორგება და ზუსტი ასლის გადაღება. კონკრეტულ შემთხვევაში საქმე პირიქითაა: უცხოური გამოცდილება მთლიანად არის ასახული ქართულ პრაქტიკაში, ანუ ფასების სახელმწიფო ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურები საზღვარგარეთ აუცილებელი და საჭიროა. თუმცა ამაზე – უცხოეთის გამოცდილებაზე ცოტა ქვემოთ.

ფასების სახელმწიფო ინსპექციის ძირითად მიმართულებას შემოწმებულ ორგანიზაციათა მიერ შეტანილ სარჩელებზე საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ფასების სახელმწიფო ინსპექციის მონაწილეობით სასამართლო დავის უმეტესობა ფასების ინსპექციის “გამარჯვებით დასრულდა”.

თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააქციო საზოგადოება “რუსთავგაზის” სარჩელი და სასამართლო გადაწყვეტილებით ძალაში ეკონომიკის მინისტრის ბრძანება 1638474 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღების შესახებ დატოვა. ასევე, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის “სანდასუფთავების სპეცავტომეურნეობის” სარჩელი და სახელმწიფო ბიუჯეტში 99680 ლარის ამოღების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის საოლქო სასამართლომ ფასდარღვევის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღების შესახებ გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა შემდეგ ორგანიზაციებზე: ს/ს “მცხეთაგაზი” – სადაო თანხით 115918 ლარი; ს/ს “საქენერგო” – 4257678,5 ლარი; ს/ს “პონტოელი” – 877588 ლარი; ს/ს “ელექტროგადაცემა” – 1170000 ლარი; შპს “საქაერონავიგაცია” – 329971,6 ლარი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ განაახლა ს/ს “ეი-ი-ეს თელასის” სასარჩელო განცხადების განხილვა. სადაო თანხის მოცულობა 7431114 ლარს შეადგენს. ძნელი სათქმელია, გადაიხდის თუ არა “რაო ეესი” “ეი-ი-ეს-ის” დატოვებულ ვალებს, მაგრამ თუკი სახელმწიფო ნება იქნება, ეს თანხები, შესაძლოა, ბიუჯეტში მართლაც შევიდეს.

“ფაქტობრივად, თუ ექვსი თვის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, იმ ორგანიზაციებზე, რომლებზეც თანხის დარიცხვის შესახებ მინისტრის ბრძანებები იყო გამოცემული, არც ერთი პროცესი არ წაგვიგია; “საქგაზთან” პროცესი მოვიგეთ და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 მლნ 200 ათას ლარამდე თანხა ამოღებას ექვემდებარება. ასევე, იმედი გვაქვს, რომ პროცესს “პონტოელთანაც” მოვიგებთ, უმრავლესობის მოგების იმედი გვაქვს; ბიუჯეტის სასარგებლოდ “საქგაზის” თანხის ჩათვლით 16 მლნ ლარზე მეტი თანხა უნდა იყოს ამოღებული, მაგრამ ნაცვლად ამისა, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ამოღებულია 20 ათასი ლარი. ეს სასაცილო ციფრია,” – აცხადებს ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, ალეკო მითაიშვილი.

ბატონო ალეკო, თქვენი თქმით, გამოდის, რომ პრობლემა მხოლოდ თანხის ამოღებაა, ანუ ჯერი საგადასახადო დეპარტამენტზეა. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ხდება ამ თანხების ამოღება?
იმის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონდარღვევის შედეგად დარიცხულ თანხას განმარტავს, როგორც არასაგადასახადო შემოსავალს. საგადასახადო ორგანოები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მისი სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღების საკითხებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფასების სახელმწიფო ინსპექციამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო დეპარტამენტის წინაშე დასვა საკითხი ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად დარიცხული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების თვალსაზრისით საქმიანობის გააქტიურების მიზანშეწონილობის შესახებ. საგადასახადო დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ყურადღება დამატებით მიიქცია იმ ფაქტებმა, რომ თანხები ბიუჯეტში ამოღებულია, მაგრამ იგი ფასების სახელმწიფო ინსპექციის ანგარიშზე ჩარიცხული არ არის.

თქვენს სამსახურს, ალბათ, აქვს ურთიერთობა და მიმოწერა საგადასახადო დეპარტამენტთან. მიზეზად რას ასახელებენ, რატომ ვერ ხდება თანხების ამოღება?
საგადასახადო დეპარტამენტი ახსნა-განმარტებას არ იძლევა. მათგან არც წერილობითი ინფორმაცია მიგვიღია. ჩვენი ინფორმაციით, საგადასახადო დეპარტამენტმა შეამოწმა “ზაჰესი”, ამოუღიათ 20 000 ლარი, მაგრამ როგორც გავიგეთ, სიტყვიერი ახსნა განმარტებით, ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციებს საგადასახადო კუთხით ბიუჯეტის დავალიანება აქვს და ამიტომ დაინტერესებულნი არიან, პირველ რიგში, თავიანთი გადასახადები ამოიღონ. ფასების სახელმწიფო ინსპექცია ფასდარღვევის თანხებს ორგანიზაციებს ბიუჯეტის სასარგებლოდ აღურიცხავს, ამის შემდგომ კი, პროცესი ჩვენი კომპეტენციის ფარგლებდან გადის.

როგორც ვხვდები, აუიცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები, ინსტიტუციონალური მოწყობის სრულყოფა. აპირებთ თუ არა ამ მხრივ რაიმე ნაბიჯების გადადგმას, ან უფლებების გაფართოებას?
ჩვენმა სამსახურმა რამდენიმე მნიშვნელოვანი წინადადება შეიმუშავა. კონკრეტულად, 2003 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, რამოდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნაც გაკეთდა:

ფასების სახელმწიფო ინსპექციის მუშაობის სამართლებრივი საფუძვლების სრულყოფის აუცილებლობა; ინსტიტუციონალური მოწყობის შემდგომი სრულყოფა; “ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლის შესახებ” საქართველოს კანონის სრულყოფის აუცილებლობა; კერძოდ, კანონით ფასების სახელმწიფო რეგულირება ვრცელდება, როგორც მეწარმე, ისე არამეწარმე სუბიექტზე (საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამასთან, კანონი ფასწარმოქმნის კანონდარღვევისათვის საჯარიმო სანქციების გავრცელებას მხოლოდ მეწარმე სუბიექტზე ითვალისწინებს. მეწარმეების ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლასთან დაკავშირებით, საჭიროა შემუშავდეს პროდუქციის თვითღირებულების კალკულაციის ზოგადი წესი, რომელიც მარეგულირებელი ორგანოების მიერ პროდუქციის ფასის დადგენის პროცესში ალტერნატიული მიდგომის გამოყენების შესაძლებლობებს და შესაბამისად, სახელმწიფო რეგულირებადი ფასების დაუსაბუთებელ ზრდას გამორიცხავს.

სანქცია, რომელიც განსაზღვრულია ფასებისა და ფასწარმოქმნის კანონმდებლობის დარღვევისათვის, არაერთგავაროვანი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა. საჭიროა, შემუშავდეს ფასებზე სახელმწიფო კონტროლის წესი, რაც შემმოწმებელს საშუალებას მისცემს, ბიუჯეტის სასარგებლოდ დასარიცხი თანხის მოცულობა ზუსტად განსაზღვროს.

დებულებაში საჭიროა ცვლილებების და დამატებების შეტანა “სახელმწიფო რეგულირებადი ფასების (ტარიფების) პარამეტრების წარდგენის, განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების წესის შესახებ”. გარდა ამისა, აუცილებელია მაკონტროლებელ ორგანოთა ფუნქციებისა და უფლებამოსილებათა გამიჯვნაზე კანონის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფასების სახელმწიფო ინსპექციისა და ანტიმონოპოლიური სამსახურის კოორდინირებული მუშაობისათვის აუცილებელია მარეგლამენტირებელი აქტის მიღება.

განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საბაზრო ეკონომიკის ყველა პოტენციური შესაძლებლობის მაქსიმალური პირობებია შექმნილი, მეწარმეს აქვს შესაძლებლობა, თავისუფლად ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ არის კანონით აკრძალული. ასეთ პირობებში, ცხადია, ფასების ფორმირების საფუძველს ღირებულების კანონი წარმოადგენს, მაგრამ, გარდა ამისა, ფასზე ზეგავლენას მთელი რიგი შიდა და გარე ფაქტორები, მათ შორის, ფასების სახელმწიფო რეგულირება ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ ფასებისა და ფასწარმოქმნის სფეროში თავისუფალი ფასწარმოქმნის პრინციპი დომინირებს, სახელმწიფო მთელ რიგ დარგებში მომსახურების სახეებზე ფასების დაწესებისას, ფასების რეგულირების პროცესში პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმებით ერევა. ამ მიზნით ქვეყანაში იქმნება სპეციალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც, განსაზღვრულ სიტუაციებში, სახელმწიფო შიგა ფასწარმოქმნის პროცესებშიც ერევა, რომელიც ქვეყნის განვითარების მაკროეკონომიკური პარამეტრების მართვის აუცილებლობით, ზოგჯერ კი, მეწარმეთა ინტერესების “ლობირებითაც” არის განპირობებული. ასეთი ზეგავლენა სახელმწიფოს მხრიდან, ძირითადად, ორი მიმართულებით ვლინდება: 1. სახელმწიფოს მხრიდან ფასების რეგულირება პირდაპირი მეთოდებით. 2. ფასებზე დაკვირვების (კონტროლის) განხორციელების გზით.

თანამედროვე განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებიდან არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი ფასები. სახელმწიფოს მხრიდან საქონლის (მომსახურების) მთელ რიგ სახეობებზე დაწესებულია ფასების სახელმწიფო რეგულირება, რომელსაც თან სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების მექანიზმების განხორციელება ახლავს. სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების არსენალი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორია ხელისუფლების პოლიტიკა მოსახლეობის სოციალური დაცვის, ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერის, ქვეყნის განვითარების მაკროეკონომიკური პარამეტრების მართვის საკითხებში და სხვა. ხელისუფლების მიერ ფასებზე ზემოქმედების მექანიზმების განხორციელება დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურაზე, ამა თუ იმ დარგის განვითარების დონეზე, პრიორიტეტული დარგების მხარდაჭერის აუცილებლობაზე და სხვა.

აშშ-სა და ევროგაერთიანების ქვეყნებში სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ფასებზე სახელმწიფო რეგულირება შემდეგ ძირითად ფორმებში ვლინდება: ფასების დონის ფორმალური სახელმწიფო ან ზესახელმწიფოებრივი ფიქსაცია, რომელიც განსაზღვრულ საზღვრებში საბაზრო ფასების ცვლილებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში აუცილებელია: 1. ყველა ქვეყნისათვის დადგენილი ფასების დონის დაცვა (იგულისხმება ევროგაერთიანებაში შემავალი ქვეყნები); 2. წარმოების საშუალებების საბაზრო ფასებისა და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ფასებზე და მათ თანაფარდობაზე დაკვირვება; 3. სოფლის მეურნეობის პროდუქციის დანახარჯების დინამიკაზე დაკვირვება; 4. სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების ფუნქციონირება, რომლებიც ვალდებულნი არიან ფერმერებისგან სასოფლო სამეურნეო პროდუქცია დადგენილ მინიმალურ გარანტირებულ ფასებში შეისყიდონ; 5. რიგი დამხმარე ღონისძიებების მეშვეობით საბაზრო ფასების დონეზე ზეგავლენა; 6. ფასების სისტემისა და მეთოდების მეშვეობით სოფლის მეურნეობაში შემოსავლებისა და დაგროვების ფორმირების პროცესის მართვა; 7. დანამატი საექსპერტო ფასებზე.

ზემოაღნიშნულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის დაფინანსება (სუბსიდირება) ფასწარმოქმნის მექანიზმის მეშვეობით ხორციელდება. იქ ფართოდაა განვითარებული სახელმწიფო პროტექციონიზმი, რომელიც პროდუქციაზე სახელმწიფოს მხრიდან ფასების რეგულირების ფორმით ვლინდება იმ მიზნით, რათა დაიცვას შიგა ბაზარი იმპორტირებული პროდუქციისგან (რომლის ფასები ხშირად სამამულო პროდუქციის ფასებზე დაბალია).

იაპონელი ეკონომისტები თვლიან, რომ საბაზრო მექანიზმს არ შეუძლია ნორმალურად ფუნქციონირება, თუ მთავრობა ეფექტურად არ არეგულირებს ფასების დონეს. მათი აზრით, საბაზრო მექანიზმის თავისუფლება არცთუ იშვიათად ანომალური სიტუაციების შექმნას იწვევს. ამ თვალსაზრისით, ისინი თვლიან, რომ სახელმწიფომ კომუნალურ მეურნეობაში ფასები აუცილებლად უნდა არეგულიროს, რადგან იაპონიის ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაში მონოპოლიზმის დონე საკმაოდ მაღალია. ამ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ მომსახურების დაახლოებით 19% რეგულირდება.

ამ და სხვა ქვეყნების ფედერალური ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში ფასების სახელმწიფო ინსპექციის მსგავსი ქვედანაყოფი ყველგან არსებობს, რადგან ფასების სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების აღსრულების პროცესი იმდენად მნიშვნელოვანია ფასების სტაბილურობის, მომხმარებლების სოციალური დაცვის (განსაკუთრებით, მონოპოლიური მდგომარეობის საწარმოების თვითნებობისაგან დაცვის გამო), სამამულო წარმოების საქონელზე დადგენილი ფასების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რომ შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციონირება ობიექტურად აუცილებელია.