ბანკები უარობენ, ფაქტები ჩნდებიან
ნინო არველაძე
ოპტიმისტები გვიკიჟინებენ, რომ გლობალური ფინანსური კრიზისი მხოლოდ იმ ქვეყნებს დააზარალებს, რომლებიც მსოფლიო ფინანსურ სისტემასთან მჭიდროდაა დაკავშირებული, მაგრამ ნუთუ მავანს ავიწყდება, რომ საქართველოს მსგავს ქვეყანაში შემოსავლების ოდნავი შემცირებაც კი მოსახლეობაზე მტკივნეულად აისახება, რადგან ჩვენთან ისედაც დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა ჭარბობს მდიდრებს. ამა თუ იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ქართველები ბოლო წლებში ბანკიდან აღებული სესხების საშუალებით ახერხებდნენ, შემდეგ გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები სესხებზე, ხოლო ბოლო პერიოდში ბანკები სესხების გაცემისგან თავს იკავებენ, შედეგად ადგილობრივი წარმოება და ბიზნესი დაზარალდება, რაც კიდევ ერთხელ დააზარალებს ქართველის ჯიბეს.
მსოფლიო ფინანსური კრიზისი საბანკო და ფინანსურ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს უმუშევარს ტოვებს, აშშ-ი, ევროპა და აზია ინტენსიურად იუწყებიან საბირჟო ინდექსების ვარდნის შესახებ. უფასურდება ისეთი ცნობილი კომპანიების აქციები, როგორებიცაა “სონი” და “სამსუნგი”. მსოფლიო ფინანსური კრიზისი ქართველი ექსპერტების განსჯის საგანი ხშირად ხდება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ქართული კომეციული ბანკები დიდად არიან დამოკიდებულნი მსოფლიო ფინანსურ ინსტიტუტებზე და ამიტომ გლობალური კრიზისის მძიმე ტალღა საქართველოს მოსახლეობას მტკივნეულად შეეხება.
მიზეზის ახსნა მარტივადაა შესაძლებელი: თუ მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე უცხოურ ბანკებს არ ექნებათ შესაძლებლობა დააფინანსონ ქართული ბანკები, შესაბამისად, ქართულ ბანკებს არ ექნებათ შესაძლებლობა დააფინანსონ ბიზნესი, გაკოტრებული ბიზნესი კი უმუშევრობის მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი გარანტიაა.
ლარის გაცვლითი კურსის ვარდნა აშშ დოლარის მიმართ კიდევ ერთი გამოცდაა, რომლის შედეგიც ინფლაციის ზრდა იქნება. ექსპერტები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას გაზაფხულზე ელიან.
გასულ წლებში ქართველი ექსპერტები გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს საბანკო, სადაზღვევო და სამშენებლო სექტორები ერთმანეთზე იყვნენ გადაჯაჭვულნი და ამიტომ ერთ-ერთ მათგანში პრობლემის წარმოჩენა მეორის უდიდეს პრობლემებს განაპირობებდა. სამწუხაროა, მაგრამ როგორც სჩანს, ეს დღე დადგა, აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა დიდი დარტყმა მიაყენა ადგილობრივ და იმ ბიზნესს, რომლებიც ინვესტიციებზე იყვნენ დამოკიდებულნი. ბიზნესებს, რომლებსაც ბანკის სესხი აქვთ, ვალის დაბრუნება უჭირთ, ეს პირდაპირ ქართულ კომერციულ ბანკებზე აისახება და ქართული საბანკო სექტორის ბუმიც ნელ-ნელა წარსულს ბარდება. მართალია, ცალ-ცალკე თითქმის თითოეულმა ქართულმა ბანკმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც მუდამ ცხადდება, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ფაქტი ერთია – მომხმარებელი, რომელიც ადვილად იღებდა ბანკიდან სესხს, ახლა მხოლოდ უარს იღებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი საქართველოს საბანკო სექტორის კრიზისის არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ დღეს ქართულ ბანკებს საკმარისზე მეტი ლიკვიდობა აქვთ და საბანკო სექტორის ზრდის მაღალი ტემპი სამუდამოდ ვერ შენარჩუნდებოდა. თუმცა დავით ამაღლობელი არ უარყოფს, რომ ბანკებში არსებობს რესურსის პრობლემა, რადგან პირველი წყარო დასავლური იაფი საკრედიტო რესურსი იყო, მაგრამ მოხდა საერთაშორისო საფინანსო სისტემის ძალისხმევის მობილიზება და ამით პრობლემები მოგვარდება.
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მთლიანი წმინდა აქტივები მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით სექტემბერში 7.9%-ით, ანუ 701.9 მლნ ლარით შემცირდა.
დავით ამაღლობელმა “როიტერთან” საუბრისას განაცხადა, რომ წლის ბოლოს ინფლაცია 8% იქნება, თუმცა ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველი მას განვითარებული სიძნელეების (შიდა და გარე) ფონზე არ აქვს. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურებით სწორედ საქართველოს კომერციული ბანკები იყვნენ დაინტერესებულნი, ლარის დაბალი გაცვლითი კურსის საშუალებით მათ დანაკარგების ანაზღაურება შეეძლებათ, ექსპერტები დასძენენ, რომ გლობალური კრიზისი ქართული საბანკო კრიზისის ერთადერთი წყარო არ არის და რომ ამ უკანასკნელის გარეშეც მზად იყო ნიადაგი იმ შედეგის მისაღებად, რომლის წინაშეც დღეს ვართ, რადგან მეწარმეებს უკვე უჭირდათ სესხების დროულად დაფარვა. მათი პრობლემები კი ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის პრობლემებს ნიშნავს.