ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები

ქეთევან ღარიბაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტი
ketato97@gmail.com

რეზიუმე

სტატიაში განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების საშუალებები. ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომლითააც ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ეფექტურ, ანტიინფლაციურ ეკონომიკურ კლიმატს არის მონეტარული პოლიტიკა, რომელიც პასუხისმგებელია, ეკონომიკა მოამარაგოს საჭირო ფულის ოდენობით. სტატია ასევე მოიცავს ისეთ რეგულაციებს, როგორიცაა მოკლევადიანი სესხები და ობლიგაციები, დეპოზიტები ფიქსირებული განაკბვეთით, სავალუტო აუქციიონები. ამგვარად, ეროვნული ბანკი არის ფუნდამენტური მექანიზმი, რომელიც გავლენას ახდენს არა მარტო ფინანსურ სექტორზე, არამედ მთლიანად ეკონომიკის ფუნქციონირებაზე.

Abstract

The thesis concerns to the regulations of the national bank of Georgia. One of the main instrument for the effective, anti-inflation climate is monetary policy, which is responsible to provide the economic with the necessary amount of money. The thesis also includes regulations with short-term loans and bonds, deposits with fixed period, auctions of currency. So national bank of Georgia is the basic mechanism which affects not only the financial sector but also the functioning of the whole economic of Georgia.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები

საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა. იგი დღევანდელი სახით, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს. საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

მიზნების მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებს, რომელთა ეფექტიანობას მნიშვნელოვანწილად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გარემო განაპირობებს. საქართველოს ეროვნული ბანკის განკარგულებაში მყოფი ძირითადი ინსტრუმენტებია: მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და ღია ბაზრის ოპერაციები- რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები – ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები. მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, ფინანსურად უაღრესად მძიმე ვითარებაში მყოფი ბანკებისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოდის ბოლო ინსტანციის კრედიტორად.

საქართველოს ეროვნული ბანკი სწავლობს საფინანსო სექტორის სისტემურ რისკებს. ამ მიზნით, წელიწადში ერთხელ აქვეყნებს ამ მხრივ თავის ძირითად გამოკვლევას – ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს, რომელიც, სტანდარტული მაკროეკონომიკური ანალიზისგან განსხვავებით, შეისწავლის მოვლენებს, რომელთა მოხდენის ალბათობის დადგენა რთულია, მაგრამ რისკის მატერიალიზაციის შემთხვევაში უარყოფითი ზეგავლენა – არსებითი. როვნული ბანკი, 2009 წლის დეკემბრიდან, ასევე პასუხისმგებელია საფინანსო ბაზრის ცალკეულ მონაწილეთა – კომერციული ბანკების, საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობასა და რეგულირებაზე. ფინანსური სტაბილურობის მაკრო და მიკრო ასპექტების ერთი ორგანიზაციის ქვეშ მოქცევა, ფინანსური სისტემის გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება.

ეროვნული ბანკი პერმანენტულად ზრუნავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტების დახვეწისათვის მონეტარული გადაცემის მექანიზმის ეფექტურობის ზრდისა და ეკონომიკაზე საკუთარი გავლენის გაძლიერების მიზნით. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იკრიბება თვეში ერთხელ წინასწარ ცნობილი კალენდრის შესაბამისად (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა) და იღებს გადაწყვეტილებებს მიზნობრივი ინფლაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით და აგრეთვე ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ სხვა გადაწყვეტილებებს, რომლებიც დელეგირებული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ. კერძოდ, ღია ბაზრის და სხვა ფულად–საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესების განსაზღვრასთან დაკავშირებით; ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად–საკრედიტო ოპერაციებზე (გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა) საპროცენტო განაკვეთების დადგენასთან დაკავშირებით; მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრასთან დაკავშირებით; ფულად–საკრედიტო, სავალუტო და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები

სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით. სახაზინო ობლიგაცია არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1 – დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები იყიდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნულ ბანკში. ფასიანი ქაღალდების მფლობელი შეიძლება გახდეს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები, რეზიდენტები და არარეზიდენტები. ფასიანი ქაღალდების შეძენა რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკის მეშვეობით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად ამოცანას ფასების სტაბილურობა წარმოადგენს. ინფლაციის გასაკონტროლებლად ეროვნული ბანკი იყენებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გადაცემის მექანიზმს, რომლის თანახმადაც საპროცენტო განაკვეთების მართვით შესაძლებელია ფასების დონეზე გავლენის მოხდენა. ფულადი ბაზრის მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გადაცემის მექანიზმში და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლის მიღწევაში. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს საოპერაციო ორიენტირს: მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რომლის მიღწევაც აუცილებელია ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ოპერაციული ორიენტირის მისაღწევად სებ იყენებს საოპერაციო ჩარჩოს რომელიც შედგება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და პროცედურებისაგან. საოპერაციო ჩარჩო განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება არსებული ინსტრუმენტებით ფულად ბაზარზე სასურველი საპროცენტო განაკვეთის მიღწევა. სებ საოპერაციო ჩარჩო შედგება შემდეგი ინსტრუმენტებისაგან: რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონები, სახაზინო ობლიგაციების აუქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის აწესებს მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნებს, რომელიც განისაზღვრება ცალ-ცალკე ეროვნული და უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით. საშუალო მოზიდული სახსრებიდან ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული ნორმის შესაბამისად იქმნება მინიმალური რეზერვები: მინიმალური სავალდებულო რეზერვები და მინიმალური გასაშუალებული რეზერვები. მინიმალური რეზერვების შენახვა ხორციელდება ეროვნული და უცხოური ვალუტით, ხოლო დაცვა წარმოებს 14-დღიანი პერიოდის ინტერვალებით. უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური სავალდებულო რეზერვების შენახვა წარმოებს უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ეროვნულ ბანკში. ბანკები ვალდებული არიან დაცვის 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში სარეზერვო ანგარიშზე იქონიონ სარეზერვო ნორმის შესაბამისი თანხა. ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მიხედვით მინიმალური გასაშუალებული რეზერვების შენახვა ხდება ეროვნული ვალუტით ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, დაცვის 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში საშუალო ნაშთის სახით, რაც უნდა იყოს არანაკლებ სარეზერვო ნორმისა. სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ზრდის ფულის მულტიპლიკატორს დაშესაბამისად ფულად აგრეგატებს და პირიქით, სარეზერვო ნორმის გაზრდა ფულის მულტიპლიკატორის მეშვეობით ამცირებს ფულის მასას მიმოქცევაში.

როგორც ცნობილია, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მხოლოდ ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს, მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები. ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების (თეთრების) დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება. საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება.

ფულის ნიშნების მიმოქცევაში გასვლის შემდეგ იწყება მათი ცვეთის ბუნებრივი პროცესი, რაც, საბოლოო ჯამში, მიმოქცევისათვის მათ გამოუსადეგარობას იწვევს. ქაღალდის ფულის ნიშნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1-დან 5 წლამდე მერყეობს, გამომდინარე ნომინალის მოხმარების თავისებურებებიდან. მონეტები მიმოქცევაში გაცილებით დიდხანს ძლებს. ეროვნული ბანკი სისტემატურად ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღებას და მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.

ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ეროვნული ვალუტის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე – ექსპერტი უცხოური ვალუტისა და საბანკო ბილეთების ნამდვილობის დადგენის საქმეში. იგი სისტემატურად ახორციელებს მიმოქცევიდან ყალბი და ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების ამოღებას. ამასთან, ყალბი და ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების ამოღება ხდება კომპენსაციის გარეშე. მიმოქცევისათვის განკუთვნილი ფულის ნიშნების ემისიის გარდა, ეროვნული ბანკი კანონმდებლობით არის უფლებამოსილი, გამოუშვას ნუმიზმატური დანიშნულების – სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტები.

რეფინანსირების სესხები

2008 წლის სექტემბრიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მონეტარული პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტი – ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები, რაც დაკავშირებული იყო საბანკო სისტემაში ჭარბი მოკლევადიანი ლიკვიდობის მდგომარეობიდან ლიკვიდობის დეფიციტის მდგომარეობაზე გადასვლასთან. რეფინანსირების სესხები ბანკებზე გაიცემა აუქციონის წესით. სესხის გირაოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატები, სახელმწიფო ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, სახაზინო ობლიგაციები, საერთაშორისო საბანკო გარანტია, ბანკების სასესხო აქტივები. რეფინანსირების ინსტრუმენტის მიზანია ბანკთაშორის ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მართვა. ეროვნული ბანკი არის ბაზარზე მოკლევადიანი ლიკვიდობის ერთადერთი მიმწოდებელი, ამდენად მას აქვს საშუალება რეფინანსირების ინსტრუმენტით მიაღწიოს ბანკთაშორის ბაზარზე სასურველ საპროცენტო განაკვეთს. 2010 წლის აპრილიდან ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა ახალი ინსტრუმენტი გარანტირებული რეფინანსირების სესხი. აღნიშნული ინსტრუმენტით კომერციულ ბანკებს საშუალება აქვთ მიიღონ სესხი გარანტირებულად, აუქციონის გარეშე, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. საპროცენტო განაკვეთი მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხზე განისაზღვრება, როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს პლიუს ერთი.

სახელმწიფო ობლიგაციები

საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2006 წლის 20 მარტს გააფორმეს შეთანხმება ,,საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ”, რომლის საფუძველზე, 2006 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არსებული საქართველოს მთავრობის 832.9 მლნ. ლარის დავალიანებიდან 48.0 მლნ. ლარი ყოველწლიურად გადაფორმდება “ობლიგაციებად”, რომელთა ვადიანობა არის 16-60 თვე. დავალიანება სრულად დაიფარება 2030 წელს. აღნიშნული ობლიგაციები, ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს ღია ბაზრის ოპერაციებისათვის. სახელმწიფო ობლიგაციების საჯარო შეთავაზება ხორციელდება სახელმწიფო ობლიგაციების აუქციონის მეშვეობით. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს და მათი მეშვეობით რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება ხდება ეროვნულ ვალუტაში. აუქციონის ჩატარება ეფუძნება მრავალი ფასის მეთოდს. სადეპოზიტო სერტიფიკატებისგან განსხვავებით საელმწიფო ობლიგაციები უფრო გრძელვადიანი (ერთ წელზე მეტი ვადიანობის) ინსტრუმენტია, რაც ხელს უწყობს საბანკო სისტემიდან უფრო გრძელვადიანი ლიკვიდობის ამოღებას.

ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები

ერთდღიანი სესხი გაიცემა კომერციულ ბანკებზე შესაბამისი უზრუნველყოფის საფუძველზე. სესხის უზრუნველყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, საერთაშორისო საბანკო გარანტია, ბანკების სასესხო აქტივები. სესხის აღების შესახებ ბანკებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ დღის 16:00 საათამდე. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება საანგარიშსწორებო დღის დახურვამდე. ერთდღიან სესხზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს პლიუს ორი პროცენტული პუნქტი. ერთდღიანი დეპოზიტის ეროვნულ ბანკში განთავსება ბანკს შეუძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, საანგარიშწორებო დღის დახურვამდე. მომდევნო სამუშაო საბანკო დღეს, საოპერაციო დღის გახსნისთანავე, ერთდღიანი დეპოზიტის ძირითად თანხას და მასზე დარიცხულ პროცენტს ეროვნული ბანკი ჩარიცხავს ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე. ერთდღიან სესხზე საპროცენტო განისაზღვრება როგორც მონეტარული პოლიტიკის ანაკვეთს მინუს ორი პროცენტული პუნქტი. ერთდღიანი სესხებისა და ერთდღიანი დეპოზიტების ინსტრუმენტებით ფაქტობრივად დაწესდა საპროცენტო განაკვეთის კორიდორი ბანკთაშორის ბაზარზე, რაც ხელს უწყობს ბანკთაშორისი ბაზრის საპროცენტო განაკვეთის მერყეობის შემცირებას.

სავალუტო აუქციონები

სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. ეროვნული ბანკი აუქციონს ატარებს მრავალი ფასის მეთოდით. აუქციონის ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი წინასწარ შეტყობინებას უგზავნის კომერციული ბანკებს. აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება ხდება აუქციონის მომდევნო საბანკო დღეს.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Curdia and Woodford (2011): www.nber.org
2. IMF (2011): www.imf.org
3. Sarno and Taylor (2001): www.cass.city.ac.uk
4. Adler and Tovar (2011): www.imf.org