ცხოვრების დონის ანალიზი საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

თიკო ელაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

tikoelashvili55@gmail.com

ანოტაცია

მოსახლეობის ცხოვრების დონის ტრანსფორმაციული პროცესების გამოკვლევა თანამედროვე ეკონომიკური თეორიისა და პრაქტიკის აქტუალურ ამოცანას წარმოადგენს. მოსახლეობის ცხოვრების დონეს სწორედ რომ არსებული სოციალური გარემო განაპირობებს სხვა არაერთ ფაქტორთან ერთად, რომელთაგან უმთავრესი ეკონომიკური განვითარებაა. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია ქვეყნის განვითარების დონე და ხარისხი, შესაბამისად, უფრო მაღალია მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობაც. მოცემულ ნაშრომში გამოვიკვლევ საქართველოს ცხოვრების დონეს საკვანძო ინდიკატორების საშუალებით.

Annotation

Examining the transformational processes of the living standards of the population is a topical task of modern economic theory and practice. The standard of living of the population is determined by the existing social environment along with many other factors, the most important of which is economic development. Naturally, the higher the level and quality of the country’s development, the higher the ability to meet the needs of the population. In this paper I will examine the standard of living of Georgia through key indicators.

ცხოვრების დონის ინდიკატორები

მეცნიერთა განმარტებით “ცხოვრების დონის” ქვეშ იგულისხმება მოსახლეობის უზრუნველყოფა აუცილებელი მატერიალური დოვლათითა და მომსახურებით. ცხოვრების დონე წარნოადგენს მახასიათებელს, რომელშიც აისახება საზოგადოების ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური მდგომარეობა და დამოკიდებულია მრავალ რთულ და განსხვავებულ გარემოებებზე: ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, ისტორიულ, ეროვნულ თავისებურებებზე, ბუნებრივ პირობებზე.

ძირითადად, პრაქტიკაში გამოიყენება მოსახლეობის ცხოვრების დონის ოთხი გაგება: უზრუნველყოფილი დონე (კეთილდღეობა), რომლის პირობებშიც შესაძლებელია ადამიანის ყოველმხრივი განვითარება; ნორმალური დონე ითვალისწინებს რაციონალურ მოხმარებას მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების მიხედვით; სიღარიბე, რომლის პირობებშიც შესაძლებელია მხოლოდ შრომისუნარიანობის შენარჩუნება. იგი წარმოადგენს სამუშაო ძალის კვლავწარმოების ქვედა ზღვარს; სიღატაკე, მასში იგულისხმება საქონლის და მომსახურების ნაკრები, რომელიც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ადამიანის სიცოცხლის უნარიანობა. ამრიგად, ცხოვრების დონე სტატისტიკური მეცნიერების უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა. მასზე ბევრად არის დამოკიდებული საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონე. [1]

ზოგადად, ცხოვრების დონის გაზომვა პირდაპირი გზით შეუძლებელია. ამისათვის, მეცნიერები მიმართავენ ცხოვრების დონის აღმწერი ინდიკატორების გამოყენებას. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად იყენებენ ისეთ ინდიკატორებს, როგორებიცაა მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ან ადამიანური განვითარების ინდექსი.

მთლიანი შიდა პროდუქტი გაანგარიშებული ერთ სულ მოსახლეზე წარმოადგენს ქვეყნის საზღვრებში წარმოებული მთლიანი საბოლოო პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულებას, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი შემცირება ყოველთვის არ ნიშნავს შეფერხებას ეკონომიკურ განვითარებაში და ასევე მისი ზრდაც არ ნიშნავს, იმას, რომ მოსახლეობის ყველა ფენის მდგომარეობა უმჯობესდა. იგი ვერ იძლევა წარმოდგენებს შემოსავლების უთანაბრობის გაზრდის ან შემცირების შესახებ.

ამისათვის, ხშირად, იყენებენ ჯინის კოეფიციენტსაც. ჯინის კოეფიციენტი ზომავს უთანაბრობას მონაცემთა განაწილებაში და გვიჩვენებს რამდენად ახლოს ან შორსაა შემოსავლების უთანაბრობის დონე იდეალურისგან, როდესაც კოეფიციენტი 0-ის ტოლია, მაშინ შემოსავლები სრულად გათანაბრებულია, ხოლო კოეფიციენტი თუ 1-ის ტოლია – სრულიად გაუთანაბრებელი. [1]

ცხოვრების დონე საქართველოში

საქართველო გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. ბოლო წლების მონაცემებით მისი მოსახლეობა 3.8 მილიონს უახლოვდება. მშპ-ს სიდიდის მიხედვით ის 124-ე ადგილზეა და იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით მიღებული წმინდა ექსპორტის უარყოფითი სალდო ხაზს უსვამს ამას. შედეგად, საქართველოს მეტი კვალიფიციური და გამოცდილი კადრი სჭირდება. ზოგადად, რაც მეტის მშპ-ს მიმართი ექსპორტ/იმპორტის მოცულობა, მით უფრო მაღალია ქვეყნის ეკონომიკაში სპეციალიზაციის დონე, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სწორად და რაციონალურად იყენებს რესურსს. COVID-19 პანდემიამ ზარალი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას და 2020 წლის რეალური მშპ-ის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. რასაკვირველია, რომ ეს ყოველივე მძლავრად იმოქმედებდა ცხოვრების დონეზეც. ჩვენი ანალიზისთვის, განვიხილოთ საკვანძო ინდიკატორები: მშპ 1 სულ მოსახლეზე, უმუშევრობის დონე(%), ასევე სიღარიბის დონე და ჯინის კოეფიციენტი.

გრაფიკი 1: საქართველოს მშპ 1 სულ მოსახლეზე, ლარებში (2010-2020 წლები)

ავტორისეული გრაფიკი. მონაცემების წყარო: www.geostat.ge

თუ დავაკვირდებით, 2010 წლიდან მიყოლებული მშპ 1 სულ მოსახლეზე იზრდებოდა, თუმცა 2019 წლის შემდგომ მან შეცვალა მიმართულება და 2020 წლის მონაცემი წინა წლის შესაბამის მონაცემთან შედარებით დაბალი აღმოჩნდა. ეს, ცხადია, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კოლაფსის ბრალია. თუმცა, ჩვენი ანალიზისთვის უფრო მიზანშეწონილია გამოვიყენოთ მშპ 1 სულზე გამოსახული აშშ დოლარებში, რადგანაც ეროვნული ვალუტა არცთუ ისე მყარია და შესაბამისად, უფრო ხელსაყრელი იქნება ვისარგებლოთ არა ეროვნული ვალუტით, არამედ აშშ დოლარში გამოსახული მაჩვენებლით. [3]

როგორც ვხედავთ, 2019-2020 წლებში შეინიშნება მკვეთრი ვარდნა, რომელიც, გარდა პირდაპირი ეკონომიკური რეცესიისა, გამოწვეულია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის რყევებით.

გრაფიკი 2: საქართველოს მშპ 1 სულ მოსახლეზე, ლარებში (2010-2020 წლები)

ავტორისეული გრაფიკი. მონაცემების წყარო: www.geostat.ge

შემდგომი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია უმუშევრობის დონე. უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის თანხმლები სოციალურ-ეკონომიკური მოვლენაა. უმუშევრობის პირობებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნაწილი ვერ იყენებს თავის სამუშაო ძალას. შრომის ბაზარზე დარღვეულია კონიუნქტურა, ანუ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შესაბამისობა. [2]

გრაფიკი 3: უმუშევრობის დონე (%) საქართველოში (2010-2020 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

ცალსახაა, რომ პანდემიის გამო, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. 2019 წლის ბოლოს უმუშევრობის დონე საქართველოში 17.6%-ს შეადგენდა, ხოლო უკვე 1 წლის შემდეგ, პანდემიის პიკზე, თითქმის 20%-ს ცდებოდა. არც 2021 წლის პირველი ორი კვარტალი გამოდგა საიმედო და უმუშევრობის დონემ, შესაბამისად შეადგინა 21.9% და 22.1%. უახლესი სტატისტიკით, 2021 წლის მე-3 კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა, რაც მცირე იმედს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უმუშევრობის ტენდენცია კვლავ კლებად სახეს მიიღებს. [4]

როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანია ასევე სიღარიბის დონე. სიღარიბე არის სოციალური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ძირითადი გადარჩენისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობით ან აუცილებელი ცხოვრების დონის გარკვეული მინიმალური დონის დასაკმაყოფილებლად, სადაც ის ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, გამოვყოთ აბსოლუტური სიღარიბე, რომელიც განისაზღვრება, როგორც რესურსებისა და საშუალებების სრული ნაკლებობა, რაც საჭიროა ცხოვრების ყველაზე ძირითადი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. [1]

გრაფიკი 4: სიღარიბის დონე (%) საქართველოში (2005-2020 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done

გრაფიკიდან ჩანს, რომ გარკვეული პოლიტიკური ღონისძიებებითა და ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებით, 2010 წლიდან შეინიშნებოდა სიღარიბის მაჩვენებლის კლება. თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს ასევე ქვეყნის დემოგრაფიული ცვლილებების წვლილიც. 2019 წლიდან სიღარიბის დონე გაიზარდა, რადგანაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია უმუშევრობის ზრდა, რამაც, საბოლოოდ შეამცირა ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებიც. [5]

ბოლო ინდიკატორი, რაზეც მსურს გავამახვილო ყურადღება არის ჯინის კოეფიციენტი. ზოგადად, მიჩნეულია, რომ ჯინის კოეფიციენტი არის უთანასწორობის გაზომვის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი. ის ასახავს დოვლათის განაწილების უთანაბრობას ქვეყანაში.

გრაფიკი 5: ჯინის კოეფიციენტი საქართველოში (2006-2020 წლები)

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done

თუ დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის არც ისეთი მაღალია, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ. იგი საშუალოდ 0.35-0.4 ფარგლებში მდებარეობს, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლები ქვეყანაში საშუალო დონით არის გადახრილი თანაბარი განაწილებიდან. უმაღლეს მნიშვნელობას იგი 2011 წელს აღწევს (0.42), ხოლო ბოლო 2020 წლის მონაცემით კი, 0.36-ის ტოლია. [5]

დასკვნა

რა შეიძლება ითქვას საბოლოოდ? შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო ამართლებს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნის ყველანაირ პოსტულატს. ქვეყანაში მაღალია უმუშევრობის დონე, არის არასტაბილური ეროვნული ვალუტა, მძვინვარებს ინფლაცია და მოსახლეობის 20% სიღარიბეში ცხოვრობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ COVID-19 პანდემიამაც შეცვალა ეკონომიკური რეალობა და თავისი ნეგატიური, თუმცა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ვიმედოვნებ, რომ სწორი პოლიტიკური ღონისძიებებით საქართველო შეძლებს ეკონომიკის დასტაბილურებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ., „ეკონომიკური განვითარება“, თბილისი, თსუ, 2015
  2. ცარციძე მ, ლაცაბიძე ნ., „დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება“, თბილისი, თსუ, 2017
  3. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
  4. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/192/tskhovrebis-done