დასაქმების პოლიტიკა და მისი გამოწვევები საქართველოში

ავტორის სტილი დაცულია

ქეთი ზაუტაშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
III კურსის სტუდენტი
zautashviliq@gmail.com

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია მსოფლიო დონის უმწვავესი პრობლემა – დასაქმება. როდესაც 1920-1930 წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი სუფევდა, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში უმუშევრობამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. იმ პერიოდიდან მოყოლებული, დასაქმების მაღალი დონის უზრუნველყოფა ეკონომიკურ-პოლიტიკური დებატების, კამათისა და გადაწყვეტილებების მთავარ მიზანს წარმოადგენს. ყურადღებას გავამახვილებ დასაქმების პოლიტიკის არსზე და  მიზნებზე. ვისაუბრებ აგრეთვე იმ პრობლემებზე, რომლებიც თან ახლავს დასაქმების პოლიტიკის გატარებას. ვისაუბრებ ამ პრობლემების დაძლევის გზებზე და ამ ყველაფერს შევაჯამებ საქართველოს მაგალითზე. ბოლოს, ცოტაოდენ ვისაუბრებ უახლოესი პერიოდის პრობლემაზე, კორონავირუსზე, რომელმაც მთელი მსოფლიოს რუტინული ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. დამატებით ვისაუბრებ  მის კავშირზე დასაქმების პოლიტიკასთან.

Annotation

This article discusses the most acute problem in the world – employment. In 1920-1930, when the world economic crisis reigned, unemployment in many developed countries reached record levels. Since then, ensuring a high level of employment has been a major goal of economic-political debate and decisions. I will focus on the essence of employment policy and goals. I will also talk about the problems that accompany the implementation of employment policy. I will show ways to overcome these problems and summarize all this on the example of Georgia. Finally, I will talk a little bit about the problem of the recent period, Covid-19, which has significantly changed the routine life of the whole world. In addition, I will talk about its connection with employment policy.

დასაქმების პოლიტიკის არსი და მიზნები

ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისა და არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფას, რომელშიც უმთავრესი როლი სახელმწიფოს ენიჭება. სახელმწიფოს მარეგულირებელი როლი უნდა გამოიხატოს ძირითადად დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებაში და პასიური პოლიტიკის ღონისძიებების მინიმუმამდე შემცირებაში.

დასაქმების აქტიური პოლიტიკა არის სახელმწიფოს მიერ გატარებული ორგანიზაციული, სამართლებრივი და ეკონომიკური ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიმართულია სამუშაო ძალის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და შრომითი საქმიანობის სფეროს გაფართოებისაკენ, უმუშევრობის შემცირებისა და ეფექტიანი დასაქმების ზრდისაკენ.

აქტიური პოლიტიკის მიზანია დაგეგმოს და განახორციელოს მხარდამჭერი ღონისძიებები მათთვის, ვინც ვერ ახერხებს სტაბილურ დასაქმებას. დახმარება სამუშაოს მოძიებაში, პროფესიული მომზადება-გადამზადება, დასაქმების სუბსიდირება და მრავალი სხვა, ეს ყველაფერი აქტიური პოლიტიკის გავრცელებული ფორმებია.

დასაქმების აქტიური პოლიტიკის უპირატესობა აღიარებულია განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილებით, რადგან ასეთი პოლიტიკა სტიმულს აძლევს მოსახლეობის ყოველ სოციალურ-დემოგრაფიულ ჯგუფს შრომის ბაზარზე აქტიური მოქმედებისთვის, ხელს უწყობს კადრების მომზადება-გადამზადებას და უმუშევართა სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას.

დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებას საფუძვლად უნდა დაედოს დასაქმების სახელმწიფო, რეგიონალური და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, სადაც განისაზღვრება დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზედების ძირითადი მიმართულებები. აგრეთვე, მნიშვნელოვანია უმუშევართა სოციალური დაცვის ქმედითი მექანიზმების ამუშავება.

დასაქმების აქტიურმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოფს შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევა და დასაქმების სამსახურების ფუნქციონირების არსებითი გაუმჯობესება.

დასაქმების აქტიური პოლიტიკის გატარება გრძელვადიან პერიოდს მოითხოვს. იგი უნდა იცვლებოდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები საჭიროებს ეფექტიან მართვასა და მენეჯმენტს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (ეთგო) გვთავაზობს აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტების შემდეგ კლასიფიკაციას:

  • საჯარო დასაქმების მომსახურებები (Public Employment Services)
  • პროფესიული გადამზადების პროგრამები (Labor Market Training)
  • დასაქმების წახალისება (Employment Incentives)
  • შრომის უნარს მოკლებული სამუშაო ძალის მხარდაჭერა და რეაბილიტაცია (Sheltered and Supported Employment and Rehabilitation)
  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნა (Direct Job Creation)
  • სტარტაპების წახალისება (Start-up Incentives)

ამრიგად, დასაქმების აქტიური პოლიტიკის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დაეფუძნოს შრომის ბაზარზე რეალურად არსებული მდგომარეობის შეფასებას და მიმდინარე პროცესებზე სისტემატური დაკვირვების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს.

დასაქმების აქტიური პოლიტიკის პარალელურად, სახელმწიფო ახორციელებს დასაქმების პასიურ პოლიტიკასაც. იგი უზრუნველყოფს უმუშევრობის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრას.

აქტიური პოლიტიკისგან განსხვავებით, პასიური პოლიტიკის მიზანი არ არის სამუშაო ძალის ბაზრის ეფექტიანობის ამაღლება. პასიური პოლიტიკა ორიენტირებულია არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩენილი უმუშევრების კეთილდღობის გაუმჯობესებისკენ.

პასიური პოლიტიკის ტიპური ინსტრუმენტებია უმუშევრობის დაზღვევა და ვადამდელი პენსია.

პასიური პოლიტიკის შემთხვევაში, სახელმწიფომ სწორად და ზუსტად უნდა განსაზღვროს უმუშევრის შემწეობის ოდენობა და გაცემის ხანგრძლივობა. რადგანაც, არსებობს იმის საშიშროება, რომ უმუშევართა და სამუშაოს მაძიებელთა შრომითი მოტივაციის ხარისხი შემცირდება გადამეტებულად დიდი და ხანგრზლივი შემწეობის დროს. [„დასაქმებისა და შრომის ბაზრის რეგულირება“(მ.ცარციძე,2017,თსუ,თბილისი)[2.]

დასაქმების პოლიტიკა საქართველოში: პრობლემები და დაძლევის გზები

პოსტსაბჭოური ტრანსფორმაციის დასაწყისიდან მოყოლებული უმუშევრობის პრობლემა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად საქართველოში. 1992 წლიდან მოყოლებული საქართველოში უმუშევრობის სტრუქტურის, დინამიკისა და ტენდენციების კუთხით გაანალიზებით, შეგვიძლია შემდეგი დასკვნების გამოტანა:

უმუშევრობის მაღალი დონე ნარჩუნდებოდა სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც, იზრდებოდა 2008-წლის მოვლენებამდე, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისმა მოიცვა. დასაქმების პროგრამების ფარგლებში დახარჯული რესურსების მიუხედავად, დასაქმების მაჩვენებელი არ გაზრდილა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა დასაქმების პროგრამებმა შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ დასაქმების საკითხი საქართველოში კვლავ საგანგაშოა.

ნახაზი 1:  უმუშევრობის დონე საქართველოში 2006-2019 წლებში

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/37/dasakmeba-khelfasebi  

2006-2019 წლების მიხედვით, შეგვიძლია შევნიშნოთ, რომ უმუშევრობის დონე მცირდება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ მიუთითებს დასაქმების პოლიტიკის ღონისძიებების წარმატებაზე. სამწუხაროდ, საქართველოს რეზიდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სამსახურს საზღვარგარეთ ეძებს და, როგორც კი ახალ ადგილას დამკვიდრდება, უკან აღარ ბრუნდება. ამის შედეგად, მცირდება მოსახლეობა, შესაბამისად, უმუშევრობის დონეც ხელოვნურად მცირდება.

საქსტატის მონაცემებით 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4000 ამერიკული დოლარი შეადგინა, თუმცა უმუშევრობის დონე არ შემცირებულა. ეს ფაქტი იმაზე მიუთითეს, რომ დასაქმების დონე ეკონომიკურ ზრდაზე ნაკლებად რეაგირებს. [ https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp]

დასაქმების პოლიტიკის მეორე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს უმუშევრობა უბრანულ რაიონებში.

ნახაზი 2: უმუშევრობის დონე საქართველოში, ქალაქ-სოფლის ჭრილში, %. 2010-2019 წლებში 

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/ddu#

ვხედავთ, რომ ქალაქში უმუშევრობა  უფრო მეტია, ვიდრე სოფელში. აღნიშნული გარემოება გამოწვეულია სოფლად თვითდასაქმებულთა რაოდენობის მაღალი მაჩვენებლით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში შეინიშნება ამ ორი მაჩვნეებლის კონვერგენცია.

მნიშვნელოვანი წინაღობას დასაქმების პოლიტიკისთვის წარმოადგენს ასევე ახალგაზრდების უმუშევრობა. ეს პრობლემა, საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების, ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და ინტეგრაციის პირობებში, განსაკუთრებით სიმწვავით წარმოჩინდა.

ახალგაზრდების დასაქმება განსაკუთრებულ დახმარებასა და ხელშეწყობას მოითხოვს. სხვა სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფებისგან გამოირჩევა ჯანმრთელობით, განათლების მაღალი დონით, პროფესიული მომზადებით, მობილობით და ა.შ. ახალგაზრდობის დასაქმების პრობლემების გადაწყვეტა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს, რადგან ახალგაზრდობა გვევლინება საზოგადოების ყველაზე მობილურ, აქტიურ და ამავე დროს ფეთქებად ელემენტად, რომელიც მძაფრად რეაგირებს სოციალურ უსამართლობაზე და ადვილად ერთვება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.

გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისა და, მათ შორის, საქართველოსთვის, დამახასიათებელია ის, რომ უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა მიწოდებასა და მათზე მოთხოვნას შორის მკვეთრი დისბალანსი არსებობს.

ნახაზი 3: უმუშევრობის დონე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით საქართველოში, 2019 წელი, %

წყარო: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/ddu#

2019 წლის მონაცემებით  15-24 წლამდე ასაკის მოსახლეობის, ანუ ახალგზრდების  უმუშევრობის მაჩვენებელი 27.8%-ს შეადგენს, რაც საგრძნობლად მაღალი მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2-ჯერ აღემატება ევროპული ქვეყნის შესაბამის მაჩვენებელს. ახალგაზრდა მშრომელთა შრომითი პოტენციალი არ არის საკმარისად გამოყენებული, რაც ეკონომიკის ეფექტიანობასაც ამცირებს.

ერთი შეხედვით დრამატული სურათის მიუხედავად, საქართველოს მდგომარეობა ამ კუთხით შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ იქნება გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია.

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, რომლის განხორციელებაში ჩართული სამინისტროები საერთო სტრატეგიის ფარგლებში, კოორდინირებულად იმოქმედებენ.

მეორე, სახელმწიფო დასაქმების პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს მოსახლეობის მოტივაციას ჩაერთონ სამუშაო ძალაში. განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდებს. ახალგაზრდობის თვითდამკვიდრებისა და თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა მათი დასაქმება მიღებული განათლებისა და სპეციალობის შესაბამისად. ახალგაზრდობის დასაქმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი პოლიტიკის საფუძველზე, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სპეციალური ღონისძიებების სისტემის შემუშავებას. საქართველოს ახალგაზრდობის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტში მოცემულია 4 სტრატეგიული მიმართულება: 1-მონაწილეობა, 2- განათლება, დასაქმება და მობილობა, 3- ჯანმრთელობა და 4- სპეციალური მხარდაჭერა და დაცვა.

მესამე, სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა გაზარდოს დასაქმების სახელმწიფო სერვისების ცნობადობა რეგიონებში და მომსახურება ხელმისაწვდომი გახდეს მათთვისაც, ვისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი არაა. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანრგვისა და განვითარების ეს სტრატეგია მოიცავს საინფორმაციო სისტემის შექმნას, რომლის საშუალებით მიიღწევა მოსახლეობის ინფორმაციით მაქსიმალური უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, საჭიროა ჩატარდეს შრომის ბაზრის უფრო სიღრმისეული კვლევები, რათა ექსპერტებს მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დასაქმების და სხვა სოციალური პრობლემების უკეთ გასაანალიზებლად.

ბოლოს, დასაქმების ეფექტიანი პოლიტიკის და, ამავდროულად, უმუშევრობის დაძლევის საწინდარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

[„დასაქმებისა და შრომის ბაზრის რეგულირება“(მ.ცარციძე,2017,თსუ,თბილისი)][2.] [3.]

Covid-19 და დასაქმების პოლიტიკა

2019 წელს ჩინეთის ქალაქ უჰანში დაიწყო კორონავირუსის გავრცელება. სულ რაღაც 3-4 თვეში, ამ პროცესმა მთელი მსოფლიო მოიცვა, და დღეს, 2021 წლის იანვარში, მსოფლიომ ჯერ კიდევ ვერ „მოინელა“ ეს ფართომასშტაბიანი პანდემია.

კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური კრიზისების მიზეზი გახდა. უამრავი ადამიანი უმუშევარი დარჩა, უკიდურეს სიღარიბეში აღმოჩნდა უსახსრობის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის მძვინვარების პერიოდში, გაიზარდა დისტანციურად მომუშავეთა რაოდენობა.

ეკონომიკური კვლავწარმოების ციკლი და უამრავი ეკონომიკური საქმიანობა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, თითქმის სრულიად გაჩერდა და ადამიანების ცხოვრების რითმი შეიცვალა. საქართველოში ეკონომიკური რეცესიის საშიშროებამ, მთავრობას აიძულა სახელმწიფო ვალის აღება. 2020 წელს იანვარ-თებერვალში ვალი 20.7 მილიარდი იყო, თუმცა ახალი ვალის აღებამ, 8 მილიარდი ღირებულებით, კვლავ გაზარდა ეს მონაცემი. 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალმა 30 მილიარდს გადააჭარბა.

ცხრილი 1: საქართველოს მდგომარეობა 2020 წლის ნოემბრის მიხედვით

წყარო: https://mof.ge/saxelmwifo_valis_statistika

სახელმწიფო ვალი, თავის მხრივ, საკმაოდ ორაზროვანი ეკონომიკური საკითხია და დღესაც ბევრ დავას იწვევს ეკონომისტებს შორის. თუმცა, ცალსახად ყველა თანხმდება, რომ სახელმწიფო ვალის გამოყენება მიზანშეწონილია გრძელვადიან პერსპექტივებში, როგორიცაა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოსახლეობაზე და ამ რთულ პერიოდში, პანდემიის ფონზე, შექმნას მაქსიმალურად ღირსეული ეკონომიკური აღამოვლობის წინაპირობები. აღებული თანხით სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ეკონომიკური სტაბილიზაციის მინიმალური ღონისძიებები მაინც, რათა შემდგომ, პოსტკრიზისული აღდგენის პერიოდში, მოსახლეობას გააჩნდეს უზრუნველყოფილი მომავლის იმედი.

დასკვნა

ამრიგად, ვისაუბრეთ დასაქმების პოლიტიკის არსსა და მიზნებზე, აღვნიშნეთ სახელმწიფოს როლი დასაქმების პოლიტიკის გატარებაში. ხაზი გავუსვით დასაქმების პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებს, რომლებიც, განსაკუთრებით მწვავედ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ვნახოთ. ვისაუბრეთ აგრეთვე, ამ პრობლემების დაძლევის გზებზე, რომლებიც კვლავ სახელმწიფოსა და შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოების ძირითად ამოცანად გვევლინება. ბოლოს, საუბარი გვქონდა მსოფლიოს უახლოეს წარსულში მომხდარ ამბებზე და დავინახეთ ის, ერთი შეხედვით, არაცხადი სამომავლო პერსპექტივები, რომელთა სწორი გამოყენება, მიუხედავად კორონავირუსის ნეგატიური ზემოქმედებისა, მთელ მოსახლეობას ოპტიმისტური მომავლის იმედად გვევლინება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. „დასაქმებისა და შრომის ბაზრის რეგულირება“(მ.ცარციძე,2017,თსუ,თბილისი)
  2. http://www.gruni.edu.ge/uploads/files/Other_page/human_law/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D%20%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98.pdf
  3. https://openscience.ge/bitstream/1/920/1/samagistro%20kakabadze%20mariam.pdf
  4. https://www.geostat.ge/ka
  5. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/ddu
  6. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/37/dasakmeba-khelfasebi
  7. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp
  8. https://mof.ge/saxelmwifo_valis_statistika