მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი საქართველოში
ავტორის სტილი დაცულია
ხატია ჯავახიშვილი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი
javakhishvilikhatia@gmail.com
ანოტაცია
მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედებს და ფულის მიწოდების ცვლილებით მართავს ინფლაციურ პროცესებს. ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკური სისტემის გამართული და ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ფასების სტაბილური დონის შენარჩუნებაზე, განსაკუთრებით პანდემიის, კონფლიქტებისა თუ კრიზისული მდგომარეობების დროს, ძალზედ მნიშვნელოვანია განვიხილოთ თავად მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ორგანო და შევაფასოთ, რამდენად ეფექტიანია ამ ინსტიტუტის მუშაობა. საქართველოში ასეთ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. წინამდებარე ნაშრომში კი სწორედ ამ ინსტიტუტის როლი, მისი ძირითადი ამოცანები, მონეტარული პოლიტიკის გატარების პრინციპები და ინსტრუმენტებია წარმოდგენილი.
Annotation
Monetary policy is one of the most important components of economic policy, which influences aggregate demand and manages inflationary processes by changing the money supply. Since the proper and efficient functioning of the country’s economic system is highly dependent on maintaining stable price levels, especially during pandemics, conflicts or crises, it is very important to consider the monetary policy-making body itself and evaluate how effective the work of this institution is. Such a body in Georgia is the National Bank of Georgia. In the present paper, the role of this institution, its main tasks, principles and tools of monetary policy are presented.
საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს 1991 წლიდან და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით, რის საფუძველზეც დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.
ეროვნული ბანკის მისია ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობაა. დანიშნულება: საზოგადოებაში სწორი მოლოდინების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რათა მათ მიიღონ ეკონომიკურად გამართლებული და ოპტიმალური გადაწყვეტილებები; ასევე, ეროვნული ვალუტის სიძლიერისა და მისდამი ნდობაზე ზრუნვა.
საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის, მთავარ მიზანს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის ფინანსური სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. ფასების სტაბილურობა არ გულისხმობს უცვლელ ფასებს, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასები მუდმივად იცვლება. მცირე მასშტაბით ფასების საერთო დონის ზრდა, ანუ ზომიერი ინფლაცია, ეკონომიკური ზრდისა და, შედეგად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდის თანამდევი მოვლენაა. შესაბამისად, ფასების სტაბილურობაში იგულისხმება საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონე, რომელიც იცავს საუკეთესო ბალანსს შემოსავლების გრძელვადიან ზრდასა და ფასების მატებას შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასების სტაბილურობა არის ინფლაციის ოპტიმალური დონე, როდესაც მოსახლეობის რეალური შემოსავლის ზრდის გრძელვადიანი ტემპი ყველაზე მაღალი და მდგრადია.
ფასების სტაბილურობაზე ორიენტირებული საქართველოს ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ამოცანებია:
• შეამციროს ეკონომიკის ციკლური მერყეობა და ამ გზით ხელი შეუწყოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას;
• ხელი შეიწყოს რესურსების ეფექტიანად განაწილებას;
• იზრუნოს საფინანსო სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებაზე, რითაც ასევე ხელს უწყობს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას;
• ყოველივე ამით ხელი შეუწყოს უმუშევრობის შემცირებას;
• გააუმჯობესოს მოსახლეობის კეთილდღეობა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომსახურებას უწევს საქართველოს მთავრობას. ფინასთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვს ერთიანი სახაზინო ანგარიში, სადაც ხდება სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მისაღები ყველა შემოსულობის ჩარიცხვა და საიდანაც ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ყველა ხარჯვითი ოპერაცია. აგრეთვე, ეროვნული ბანკი, როგორც საქართველოს მთავრობის ფისკალური აგენტი, ატარებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონებს, აწარმოოებს რეალიზებული ფასიანი ქაღალდების რეესტრს, ახდენს საპროცენტო გადახდებს და სახაზინო სამსახურს სხვა ტიპის მომსახურებას უწევს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით. კანონმდებლობით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ან ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის პარლამენტში წარდგენამდე ფინასთა მინისტრი ვალდებულია კონსულტაციები გაიარაოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან სახელწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამტარებლის მიერ საკუთარი ფუნქციების კეთილსინდისიერად შესრლების შეფასებისათვის აუცილებელია ნათლად იყოს წარმოჩენილი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითად პრინციპები: (მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტი, 2019)
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. წარმატებული და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკისათვის, გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. იმისთვის, რომ ინფლაციის მოლოდინები იყოს მიზნობრივი ინფლაციის შესაბამისი, აუცილებელია, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა დამოუკიდებელი იყოს მთავრობის სხვა მიზნებისაგან. საქართველოში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“. ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა: ყოველწლიურად აქვეყნებს და პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, სადაც შეჯამებულია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები, როგორც მონეტარული პოლიტიკის ასევე საზედამხედველო და ყველა სხვა ძირითადი ფუნქციის მიმართულებით; წელიწადში ოთხჯერ აქვეყნებს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს, რაც არის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტი, და მასში მოცემულია ეროვნული ბანკის პროგნოზები და განხილულია მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზები; მონეტარული პოლიტიკის ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე პრესრელიზის სახით; პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა სახის ანალიტიკურ ანგარიშებს.
ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი და მისი ძირითადი პრინციპები. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ეფუძნება ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე 2009 წელს გადავიდა. ინფლაციის თარგეთირება მონეტარული პოლიტიკის საკმაოდ ეფექტიანი რეჟიმია. ინფლაციის თარგეთირების შემთხვევაში, შუალედურ სამიზნე მაჩვენებლად ინფლაციის პროგნოზი გამოიყენება, რაც ერთი მხრივ ამარტივებს საზოგადოებასთან კომუნიკაციასა და მოლოდინების მართვას, ხოლო მეორე მხრივ კი შესაძლებელს ხდის ეროვნული ბანკის ინსტრუმენტების უფრო ეფექტიანად გამოყენებას. ინფლაციის თარგეთირების შემთხვევაში, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების გავლენა რეალურ ეკონომიკასა და ინფლაციაზე უფრო მკაფიო და ერთგვაროვანია, ვიდრე ალტერნატიული რეჟიმების შემთხვევაში. ამასთანავე, აღნიშნულ რეჟიმისათვის მნიშვნელოვანია პოლიტიკის გამჭვირვალობა და კომუნიკაცია. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის ძირითადი ელემენტებია: (ა) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც წინასწარ განისაზღვრება საშუალოვადიანი პერიოდისთვის. საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ცხადდება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შემდგომი სამი წლისათვის და მტკიცდება პარლამენტის მიერ. ინფლაციის გამოცხადებული მიზნობრივი მაჩვენებელი ეკონომიკისთვის წარმოადგენს საორიენტაციო ინდიკატორს ე. წ. „ნომინალურ ღუზას“. (ბ) პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემა. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ინფლაციაზე სრულად აისახება გარკვეული დროის შემდეგ (4-6 კვარტალი). ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილებები ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს. იგი ახლდება კვარტალში ერთხელ და შემდგომ ქვეყნდება „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში“. (გ) კომუნიკაცია-მნიშნველოვანია ეკონომიკურ აგენტებთან რეგულარული და ეფექტური კომუნიკაცია მონეტარული პოლიტიკის მიზნებისა და განხორციელების შესახებ და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის. ინფლაციის თარგეთირების ერთ-ერთ უპირატესობას სწორედ მისი კომუნიკაციის სიმარტივე წარმოადგენს, ვინაიდან წინასწარ გამოცხადებული ერთი მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანი და შეიქმნას სწორი მოლოდინები მონეტარული პოლიტიკის მომავალი ცვლილებების შესახებ.
გაცვლითი კურსის პოლიტიკა: საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. მცირე ღია ეკონომიკის ქვეყნებისათვის მცურავი გაცვლითი კურსი ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას, რამდენადაც საგარეო შოკის შემთხვევაში გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის გავლენას რეალურ ეკონომიკაზე – ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე. საქართველოსთვის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არის ყველაზე ოპტიმალური. სავალუტო ბაზრის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გაატარა გაცვლითი კურსის რეფორმა და მანამდე არსებული თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა ჩაანაცვლა სავალუტო აუქციონებით, რომელიც ამჟამად წარმოადგენს სავალუტო ბაზარზე ინტერვენციის ერთადერთ ინსტრუმენტს. აღნიშნული რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ეროვნული ბანკის ინტერვენციების საჭიროება სავალუტო ბაზარზე და მისი წილი სავალუტო ვაჭრობებში. ახალმა პოლიტიკამ საგრძნობლად გაზარდა კურსის მოკლევადიანი მერყეობა, რაც სავალუტო ბაზრის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა გულისხმობს სავალუტო ბაზარზე მინიმალურ ჩარევას. სავალუტო ინტერვენციების მიზანია კაპიტალის დროებითი, ჭარბი ნაკადების გამო გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევების შემცირება და კერძო და სახელმწიფო სექტორების საგარეო დაფინანსებებს შორის დისბალანსის ნაწილობრივ კორექტირება. გრძელვადიან პერიოდში, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს სავალუტო ინტერვენციების კიდევ უფრო შემცირებას და საბოლოოდ გაუქმებას.
ლარიზაცია-ყველა ვალუტის გამოყენებაში ლარის გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი. ლარიზაციის პროცესი კი ლარიზაციის პროცენტული მაჩვენებელის ზრდაა. საზოგადოდ, ეს პროცესი ფიქსირდება იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური აგენტები უპირატესობას ანიჭებენ ეროვნულ ვალუტას. კერძოდ, დანაზოგს ინახავენ, სესხებს იღებენ და ფასებს აფიქსირებენ ეროვნული ვალუტით ნაცვლად უცხოური ვალუტისა. ლარიზაციის ზრდა მნიშვნელოვია ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემოს მისაღწევად. ამ შემთხვევაში ქვეყანას უმცირდება სავალუტო რისკი, შესაბამისად საგარეო შოკს უფრო ნაკლები გავლენა ექნება ეკონომიკაზე. გაზრდილი ლარიზაციის პირობებში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გახდება უფრო ეფექტური, რაც აუცილებელი წინაპირობაა ეკონომიკური სტაბილურობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ლარიზაციის ზრდა მიღწეულ იქნას ბუნებრივად, ყოველგვარი ადმინისტრაციული ზომების შემოღების გარეშე. (საქართველოს ეროვნული ბანკი, ლარიზაცია, 2020)
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები და განხორციელების გზები. (მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტი, 2019)
ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკი იყენებს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რომლის ცვლილებაც მონეტარული გადაცემის მექანიზმის საშუალებით ზეგავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე და შედეგად იცვლება ფასების დონეც. ამ მიზნის მისაღწევად სებ–ი იყენებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებს, როგორებიცაა რეფინანსირების სესხები, სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები და მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. ამ ინსტრუმენტების საშუალებით ეროვნული ბანკი ფინანსურ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთს არეგულირებს. ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მცირდება საბანკო რესურსები რაც, შესაბამისად, ფულის მასის შემცირებას იწვევს და ხდება საბანკო სისტემიდან ჭარბი ლიკვიდობის ამოღება. გარდა ამისა, სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ფასიანი ქაღალდები მიეკუთვნება დაბალი რისკის მატარებელი აქტივების კლასს და კომერციულ ბანკებს საშუალებას აძლევს შეამციროს საკრედიტო პორტფელის რისკიანობის მაჩვენებელი. ამავდროულად, ვითარდება ფასიანი ქაღალდების ბაზარიც.
ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხების საშუალებით საბანკო სისტემას მოკლევადიანი ლიკვიდობა მიეწოდება. მათი გაცემა ხორციელდება აუქციონების საშუალებით, შესაბამისი გირაოს წარმოდგენის საფუძველზე. ერთკვირიანი რეფინანსირების სესხებით სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გადაეცემა საბანკო სექტორის ჯერ მოკლევადიან და შემდგომ კი გრძელვადიან განაკვეთებს. ერთდღიანი სესხებისა და ერთდღიანი დეპოზიტების განაკვეთების საშუალებით იქმნება ე.წ. კორიდორი ბანკთაშორის ბაზარზე, რომელიც ამცირებს ამ ბაზრის განაკვეთის მერყეობას. 2020 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 8%-ის ტოლად მიიღეს. (საქართველოს ეროვნული ბანკი, 2020)
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები (8.10.2020 მონაცემებით 5% ეროვნულ ვალუტაში, 25%უცხოურ ვალუტაში) (საქართველოს ეროვნული ბანკი, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, 2020) არის მონეტარული პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით ეროვნული ბანკი გავლენას ახდენს მონეტარულ აგრეგატებსა და ფულის მასაზე. გარდა ამისა, სავალდებულო რეზერვების მოთხოვნის გამოყენებით სებ-ი უზრუნველყოფს ბანკების მიერ საჭირო ლიკვიდური სახსრების არსებობას რეზერვში მოულოდნელი ფულადი გადინების დასაფარად. სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა იწვევს დაკრედიტებისთვის საჭირო ფულადი სახსრების შემცირებას ბანკებისთვის, ხოლო დაწევა კი – პირიქით, გამოიწვევს ფულის მიწოდების გაზრდას.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების განხილვა ხდება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ. კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩევლები, შესაბამისი დეპარტამენტისა და განყოფილებების ხელმძღვანელები. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იკრიბება წელიწადში რვაჯერ (კვარტალში ორჯერ) წინასწარ ცნობილი განრიგის შესაბამისად (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება რიგგარეშე სხდომის მოწვევაც). კომიტეტი განსაზღვრავს, თუ რა იქნება მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი შემდგომი პერიოდისათვის და აწესებს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რომელიც უზრუნველყოფს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას. კომიტეტის შეხვედრაზე მიმდინარეობს მსჯელობა და მიიღება გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ღია ბაზრისა და სხვა ფულად-საკრედიტო და სავალუტო ოპერაციები, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისია და მიმოქცევა, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დადგენა, სებ-ის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა საკრედიტო ოპერაციებზე (გარდა ბოლო ინსტანციის სესხებისა) საპროცენტო განაკვეთების განსაზღვრა, და მონეტარული პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.
ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი). პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება სხვადასხვა არხებით გადაეცემა ერთობლივ მოთხოვნას და იმპორტის ფასებს და, საბოლოოდ, ინფლაციას. გადაწყვეტილება პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე მიიღება მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებზე დაკვირვების შედეგად. მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებლის გათვალისწინება ხდება, ვინაიდან გატარებული პოლიტიკის შედეგი ეკონომიკაზე დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ აისახება. თუ პროგნოზირებული მაჩვენებელი აღემატება ინფლაციის მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას და აწევს საპროცენტო განაკვეთს, რათა შეზღუდულ იყოს მომავალში ფასების დონის მატება. შედეგად, შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც ზეგავლენას მოახდენს ფასების ზრდის ტემპზე. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ერთობლივი მოთხოვნა არის დაბალი და ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი ნაკლებია მიზნობრივზე, ეროვნული ბანკის მიერ გატარდება ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა – შემცირდება საპროცენტო განაკვეთი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაეცემა სესხების საპროცენტო განაკვეთს და გამოიწვევს ერთობლივი მოთხოვნის წახალისებას.
დასკვნა
საქართველოს ეროვნული ბანკი ნამდვილად არის საქართველოს სახელმწიფოს სრულყოფილად ფუნქციონირების ერთ-ერთი გარანტი. ვინაიდან სახელმწიფოს არსებობისა და განვითარებისათვის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია მაკროეკონომიკური სტაბილურობა და იმდეანად, რამდენადაც ამ უკანასკნელის მიღწევისთვის საჭიროა მძლავრი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკის სახით, საქართველოს ეროვნოლ ბანკს, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამტარებელს, უდიდესი როლი აკისრია ქვეყანაში უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა და ხელი შეუწყოს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. ისეთ კრიტიკულ სიტუაციებში კი როგორშიც ახლა არ მხოლოდ საქართველო არამედ მთელი ცივილიზებული მსოფლიო დგას (ვგულისხმობ გლობალურ COVID19 პანდემიას) ეროვნული ბანკის, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამტარებლის, სრულყოფილად ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის მაქსიმალურად შესარბილებლად.
გამოყენებული ლიტერარტურა:
მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტი. (2019, დეკემბერი 12). Retrieved from www.nbg.gov.ge
მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტი. (2019). Retrieved from www.nbg.gov.ge
საქართველოს ეროვნული ბანკი. (2020, 09 16). Retrieved from www.nbg.gov.ge: https://www.nbg.gov.ge/uploads/mpc/2020/16.09.2020_geo.pdf
საქართველოს ეროვნული ბანკი, ლარიზაცია. (2020). Retrieved from www.nbg.gov.ge.
საქართველოს ეროვნული ბანკი, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. (2020). Retrieved from www.nbg.gov.ge.