კობა გვენეტაძემ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს. ხორვატიაში, ქალაქ სპლიტში, შეხვედრას 15 ქვეყნის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები და ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან. დელეგაციების წევრები განიხილავენ გლობალური ეკონომიკის ტენდენციებს და პერსპექტივას ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს გუნდთან ერთად.

“შეხვედრა არის ყოველწლიური, მას ესწრებიან ფინანსთა მინისტრები და ეროვნული ბანკების ხელმძღვანელები. წლევანდელი შეხვედრების ძირითადი თემა არის ფინანსური ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული საკითხები. განიხილება ის მიმართულებები, რომელიც ეხება ფინანსური ტექნოლოგიების გამოწვევებს, იმ უპირატესობებს და შესაძლებლობებს, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება შექმნას. ხდება გაზიარება იმისა, თუ რა გამოცდილება აქვს სხვადასხვა ქვეყანას ამ კუთხით და ამავე დროს, მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ერთად, არა მარტო ამ ქვეყნების ჯგუფის მიერ, არამედ ზოგადად, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.


წყარო: www.nbg.gov.ge