რეფორმების ახალი ტალღა ენერგეტიკაში – კომისიამ მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის ინოვაციური პროექტი წარადგინა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ ინოვაციური პროგრამის – მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის – „ელექტრონული ჟურნალის“ შესახებ ღონისძიება გახსნა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის, სამთავრობო უწყების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი გამანაწილებელი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. „ელექტრონული ჟურნალის“ შესახებ პრეზენტაცია წარადგინა კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა.
„ელექტრონული ჟურნალი“, რომელიც უნიკალური პროგრამაა და ანალოგი არ გააჩნია, კომისიის თანამშრომლების მიერ შეიქმნა. პროგრამა 2016 წლის ბოლოს ამოქმედდა და მისი საშუალებით, კომისია რეალური დროის რეჟიმში მონიტორინგს უწევს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი გამანაწილებელი და წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების მიერ მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტების შესრულების პროცესს.
ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები მოიცავს გეგმურ და არაგეგმურ წყვეტებს; ქოლ-ცენტრის მომსახურებას; ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთებას; აბონენტად რეგისტრაციას; დავალიანების გადაუხდელობის გამო გამორთული მომხმარებლისთვის მომარაგების აღდგენას; მომხმარებლის წერილობით მოთხოვნაზე კომპანიის მიერ პასუხის გაცემას ან/და რეაგირებას; აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმებას; მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომპანიას წარმოეშვება აბონენტისთვის კომპენსაციის დარიცხვის ვალდებულება. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც „ელექტრონული ჟურნალის“ საშუალებით, ყველა ზემოაღნიშნული სტანდარტის შესრულებაზე, სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში კი – კომპენსაციის გაცემაზე კონტროლს, ასევე, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას მოახდენს დისტანციურად – რეალური დროის რეჟიმში.
„ელექტრონული ჟურნალის“ საშუალებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის პერიოდში სტანდარტების დარღვევისათვის, გამანაწილებელი კომპანიების მიერ აბონენტებზე გაცემული კომპენსაციების ოდენობამ 2 164 520 ლარი შეადგინა. მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში გაცემული კომპენსაციების ოდენობამ შეადგინა 234 480 ლარი; ბუნებრივი გაზის სექტორში – 731 655 ლარი, წყალმომარაგების სექტორში – 1 198 385 ლარი.
კომპენსაციების ყველაზე დიდი ოდენობა – 1 173 585 ლარი გაცემულია შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ; შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ გაცემული კომპენსაციების ოდენობამ შეადგინა 601 710 ლარი; სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ – 137 980 ლარი; სს „საქორგგაზის“ მიერ – 106 665 ლარი; სს „თელასის“ მიერ – 96 500 ლარი; შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მიერ – 23 210 ლარი; შპს „რუსთავის წყლის“ მიერ – 22 835 ლარი; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ – 1 665 ლარი; შპს „ბათუმის წყლის“ მიერ – 300 ლარი, ხოლო სხვა მცირე კომპანიების მიერ გაცემული კომპენსაციების ოდენობამ – 70 ლარი.
დარიცხული კომპენსაციები სტანდარტების მიხედვით ასე გადანაწილდა: ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო გაცემული კომპენსაციების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 93%-ს; ხოლო დანარჩენი 7% მოიცავს აბონენტად რეგისტრაციის, მომარაგების აღდგენის, წერილობითი პასუხის გაცემა/რეაგირების; აღრიცხვის ხელსაწყოს მოწყობის; მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმების სტანდარტების დარღვევას.
„ელექტრონული ჟურნალის“ პროგრამაში ჩართულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი 37 გამანაწილებელი კომპანია. მათ შორის შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, სს „თელასი“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“; შპს „რუსთავის წყალი“ შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, სს „ენერგო- პრო ჯორჯია“, შპს „ბათუმის წყალი“ და სხვა კომპანიები.
კომისიის ამოცანაა, რომ კომპანიების მიერ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი. ამ მიზნით უახლოეს მომავალში “ელექტრონული ჟურნალს” ასევე დაემატება, სამივე რეგულირებად სექტორში, მიწოდების საიმედოობის მონიტორინგის ფუნქცია.
წყარო: gnerc.org