The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაასახელა
მსოფლიოს წამყვანმა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker, რომელსაც Financial Times Group ფლობს, ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაასახელა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული გამოცემა, ყოველწლიურად იკვლევს და ავლენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და საუკეთესო ბანკირებს 149 ქვეყანაში. გამარჯვებულთა შეფასება წინა წლის მონაცემზე დაყრდნობით ხდება. The Banker-ის ყოველწლიური დაჯილდოება ავლენს იმ ხელმძღვანელ პირებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას და სტაბილიზაციას საუკეთესოდ გაართვეს თავი.
The Banker: კარგად კაპიტალიზებული და სტაბილური საბანკო სექტორი, რომელმაც აჩვენა მდგრადობა ძირითადი შოკების მიმართ, იყო მთავარი მახასიათებელი ბოლო წლების საქართველოში. იმდენად, რომ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 2014 წელს საბანკო ზედამხედველობის გამოცდილება ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ცენტრალურ ბანკებს გაუზიარა.
„ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის(FSAP) მიერ (სსფ) აღინიშნა ბოლო წლების განმავლობაში არსებული გაუმჯობესება საქართველოში, რომელიც, შეფასების მიხედვით, არის შედეგი თანამედროვე, რისკებზე დაფუძნებული, ყოვლისმომცველი, პროგრესული და მოწინავე საზედამხედველო მიდგომისა“, – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში. „შეფასებამ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ სწორ გზაზე, მივყვებით სწორად დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, ბაზელის ძირითადი პრინციპებისა და სხვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით“, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.
საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია დოლარიზაციის მაჩვენებელი, რაც ქადაგიძის აზრით კვლავ რჩება ძირითად გამოწვევად მომავალ წლებში. 2014 წელს ბატონმა ქადაგიძემ ხელი შეუწყო დედოლარიზაციის პროცესს, სხვა ზომებთან ერთად მან გააფართოვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მისაღები გირაოს ინსტრუმენტების ბაზა, რამაც გააუმჯობესა ადგილობრივი ვალუტის რესურსების ხელმისაწვდომობა და წაახალისა ლარში სესხების გაცემა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მხარი დაუჭირა ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებას. 2014 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ლარში დენომინირებული პირველი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. გიორგი ქადაგიძის თქმით, არსებულ მაგალითზე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც აპირებენ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდის გამოშვებას. „ადგილობრივი ვალუტის ბონდების გამოშვება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ უზრუნველყოფს გრძელვადიანი ლარის რესურსების მიწოდებას ბაზარზე და დედოლარიზაციის პროცესს ზოგადად“.
გიორგი ქადაგიძე სტატიაში ეხმაურება ლარის კურსის ბოლოდროინდელ რყევებს (ფლუქტუაციებს): „ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს იმისათვის, რომ მიმდინარე მოვლენებმა არ იქონიოს ნეგატიური გავლენა ინფლაციაზე და მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე“.
ინფორმაციისთვის, გასული წლის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, ევროპის საუკეთესო ბანკირის წოდება ჩეხ მიროსლავ სინგერს მიანიჭეს.
The Banker მსოფლიოს პირველი საბანკო და საფინანსო რესურსია, რომელსაც 180 ქვეყანაში კითხულობენ.
წყარო: www.nbg.gov.ge