დიდი გზის დასასრული თუ დასაწყისი?
ქეთი მიქელაძე
საბჭოთა მეცნიერება კაცობრიობის დასაბამიდან პირველ ქიმიურ რეაქციად წვის რეაქციას თვლიდა. ძნელია თქმა, წვა ანუ ცეცხლი იყო პირველი რეაქცია თუ სხვა რამ. ვინ მოთვლის, რამდენი ქიმიური რეაქცია ჩატარებულა წარმატებით თუ წარუმატებლად, კიდევ რა აღმოჩენები იქნება ქიმიაში.
ალქიმიკოსები თითქმის ყველა ქვეყანაში იყვნენ. ბევრი ხელისუფალი მათ ვერ იტანდა, ზოგიერთს კი სულთნის კარზე პატივით იღებდნენ. მათ ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი “არაფრისაგან” ოქროს ან “უკვდავების ელექსირის” მისაღებად. მაშინდელი მეცნიერები თუ გამომგონებლები ხშირად ლაბორატორიიდან ციხეში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.
რა სახეც და დონეც აქვს სამყაროს, ამ გრძელი და რთული “ქიმიური” გზის შედეგია. დღეს საქართველოში ქიმია აღარაა პოპულარული. რაც ქიმიურ მრეწველობაში ხდება (ან არ ხდება) მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრეს და წარმოებაში ჩართულ ადამიანებს აინტერესებთ. სტუ-ს ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანის, ნაზი კუციავას თქმით, იყო დრო, როდესაც ქიმიურზე ჩაბარება ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა. ერთ ადგილზე 20-30 კაციც მოდიოდა. ბოლო წლებში კონკურსმა დაიკლო, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ინტერესი სრულიად გაქრა. “- ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში მდგომარეობა გამოსწორდება და ქიმიკოსები დასჭირდებათ”, – ამბობს იგი.
საქართველოში ქიმიური დარგის პოპულარობას ამ მრეწველობის მრავალი ქვედარგის მუშაობა განაპირობებდა. ტერიტორიულად მცირე მასშტაბის მიუხედავად, ქიმიურ დარგთა სიმჭიროვით მეზობელ რესპუბლიკებს ვაჭარბებდით. ეკონომიკის, მრეწველობისა დ ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 2000 წლისთვის ქიმიური მრეწველობის კომპლექსში 21 საწარმოა გაერთიანებული, აქედან, 12 ს/საზოგადოება, 5 შპს და 4 სახაზინოა. ჩამოვთვალოთ არსებული დარგები (დღევანდელი მდგომარეობის მითითებით):
არაორგანული ქიმია: შპს “აზოტში” იწარმოებოდა ამიაკი, მინერალური სასუქები, ციანმარილები, ქუთაისის ლითოფონის ქარხანაში – ლითოფონი (ნედლეული ლაქსაღებავებისთვის), არ იწარმოება შაბიამანი, მცირე რაოდენობით მზადდება ლაქსაღებავები. ლითოფონის აღმასრულებელი დირექტორის, რობერტ ბარამაძის თქმით, მიუხედავად არსებული ტოტალური ფალსიფიკაციისა და ქარხნის სამარკო ნიშნების გამოყენებისა, ხარისხს მაინც არ ღალატობენ, იცავენ პროდუქციას გაყალბებისგან (რკინის ქილებზე განმასხვავებელი ნიშნებით).
სამთო ქიმია: კალციტი, გუმბრინი (გამოიყენება კვების მრეწველობაში, ნავთობგადამუშავებაში) პრაქტიკულად არ იწარმოება. ბენტონიტური თიხები (ამზადებენ სოფელ ასკანაში მცირე რაოდენობით) ცელოითი, დიატომიტი აღარ მზადდება.
პოლიმერების ქიმია: იწარმოება კაპროლაქტამი (“აზოტის” პროდუქცია), პოლიამიდი, ქიმიური ბოჭკო (იწარმოებოდა “ქიმბოჭკოში”).
ელექტროქიმია: მუშაობს ელექტროლიზური მანგანუმის ორჟანგის წარმოების ბაზაზე, შპს “ემო” უშვებს მანგანუმის ოქსიდს, მანგანუმის სულფატის მონოჰიდრადს (გამოიყენება სოფლის მეურნეობში).
საყოფაცხოვრებო ქიმია: სარეცხი საშუალებები, შამპუნების წარმოება. ამ პროფილით მომუშავე ამიერკავკასიაში ერთადერთი სარეცხი საპნის ქარხანა ნედლეულის (ჰიდრირებული ცხიმების) განბაჟების მაღალი გადასახადების და კონტრაბანდის მოზღვავების გამო 7 წელია აღარ ფუნქციონირებს; პრაქტიკულად შეჩერებულია “თეთრონი” (სარეცხი ფხვნილი) და “ივერია” (პარფიუმერული ნაწარმი).
ნავთობქიმია: მიმდინარეობს რეზინის წარმოება. მუშაობს “ელექტროაპარატი” მეტროპოლიტენის რკინიგზის შეკვეთებზე, ასევე, ამზადებს როზეტებს, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საყოფაცხოვრებო დანიშნულების პლასტმასის ნაკეთობებს. ნაწარმს აწოდებს ადგილობრივ ბაზარს, რუსეთს, შუა აზიას. მაღალი წნევის პოლიეთილენს ამზადებს შპს “პლასტიკი” (ძირითადად, “კოკა-კოლას” შეკვეთებით).
ქიმია-ფარმაცევტიკა: სამკურნალო პრეპარატების წარმოება. ამაჟამად რესპუბლიკაში რეგულარულად ათიოდე ფირმა მუშაობს. ადგილობრივი პროდუქცია ბაზარზე იმპორტულ ფარმაცევტულ პროდუქციასთან 5% 95%-ზე პროპორციითაა წარმოდგენილი. ზოგადად, ფარმაცია საქართველოში “აზოტზე” მეტ მუშახელს ასაქმებს.
ამ დარგში დღეს ყველაზე მწვავედ არა იმდენად ძლიერ სპეცილიალისტთა, არამედ საშუალო და რიგით ქიმიურ კუსდამთავრებულთა დასაკმაყოფილებლად დასაქმების პრობლემა დგას. ერთი სიტყვით, საქართველოს ქიმიური მრეწველობის მომავალზე დაპირისპირებულ მოსაზრებათა ორი ბანაკი ასეთია:
I. სტუდენტთა ნაწილის აზრით, დღევანდელ საქართველოში ქიმისკოსთა ქიმიკოსობას პროფესიონალურ-ეკონომიკურ პლანში მომავალი არ აქვს;
II. მწარმოებლები (ერთხმად) და სტუდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ იქნება მისაღები საბაჟო და სხვა გადასახადები, მოისპობა ქაოტური კონტრაბანდა და პრობლემები ენერგეტიკაში. ჩვენთან ბევრი რამის წარმოება შეიძლება. შესაძლებელია უცხოეთის დაინტერესებაც, ქიმიკოსების (და არა მარტო მათი) დასაქმება. მაგალითად ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მოყვანაც შეიძლება. ამ და მრავალ კვლევით ინსტიტუტში თანამშრომელთა რაოდენობა ბევრად შემცირდა. მათი დაფინანსება ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ქვეყნის ბიუჯეტი. მორალურად მოძველდა საკვლევი ბაზა, დარჩენილი კადრების დიდი ნაწილი, პრაქტიკულად, ფუნქციის გარეშეა დარჩენილი.
ავთანდილ დოლიძე (ორგანული და ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე):
ვთვლი, რომ ინსტიტუტებისთვის საბჭოთა პერიოდი დაფინანსების კუთხით უკეთესი იყო. ხელფასები დროულად გაიცემოდა, საჭირო რეაქტივები და მოწყობილობები 2-3 წლის დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოდიოდა. ცნობილია, რომ საბჭოთა მომარაგება სწრაფი არ იყო, იყო ხარვეზები, მაგრამ დღეს, სახელმწიფოს უბრალოდ არ აქვს არანაირი პოზიცია ასეთი ინსტიტუტების მიმართ. რა არის, ან რა უნდა აკეთოს ქიმიკოსმა რეაქტივების, თანამედროვე ტექნიკის გარეშე? პერსპექტივაზე რაიმეს თქმა მიჭირს. აღსანიშნავი იყო ე.წ. “მელანჟის პროექტი”, როცა მაღალტოქსიკური რაკეტული საწვავის გაუვნებელყოფა გავაკეთეთ. ამისთვის ეუთომ 350 ათასი დოლარი გამოყო.
ბიუჯეტში თანხები არ არის. კერძო პირები, ანუ პოტენციური ინვესორები თანხებს ჯერ ვერ გაიღებენ, რომ ქიმიური პროფილის ინსტიტუტებმა ან იდეურმა ქიმისკოსებმა სასურველი ტემპით მუშაობა შესძლონ. გამოსავალი? ქიმიკოსების ნაწილმა ის პროფესიის შეცვლაში ნახა, ნაწილს ისევ სახელმწიფოს ფულის იმედი აქვს, რაც ნაკლებსავარაუდოა. ამასობაში დრო გადის და მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო გამრავალფეროვნებული ქიმიური პროდუქცია გამოდის.
განვიხილავთ რამდენიმეს იმ საწარმოებიდან, რომლებიც მეტ-ნაკლებად მუშაობენ: 1) “აზოტი”, აზოტოვანი სასუქები, ციანმარილების წარმოება; 2) მანგანუმის ქიმიური გადამუშავების ერთ-ერთი რგოლი (“ემოს” ბაზაზე); 3) სამედიცინო პოლიმერების წარმოება……….
ცნობილია, რომ “აზოტს” ბოლო ათი წლის მანძილზე სახელმწიფოს და აირის (იგივე “იტერას”) ვალები დაუგროვდა. ამაზე დასკვნა ბანალურია: ქვეყანაში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ საწარმოს სახელმწიფოს ვალი დაუგროვა. რასაკვირველია, “აზოტის” გაკოტრებას, ყოფილი მეტალურგების 5-ათასიან მასას “აზოტის” 3 ათასზე მეტი უმუშევარი რომ დამატებოდა, რუსთავის სოციუმი ამას ვეღარ გადაიტანდა. “აზოტის” მუშა-მომსახურეები ეკონომიკური პანიკის პერიოდში ღრმად არ ჩაკირკიტებიან ვალების მიზეზს, მათ აინტერესებდათ, იმუშავებს თუ არა “აზოტი” და ექნებათ თუ არა საარსებო წყარო. ვალების მიზეზი კი, არა ზოგადად ქვეყნის მძიმე მდგომარეობა, არამედ ბუნებრივი აირის სიძვირე იყო.
“აზოტის” ტექნიკა, როგორც ბევრი ობიექტი, ჯართად არ გაყიდულა. 2002 წელს მისი აქციების 90% საერთაშორისო კომპანია “იტერამ” შეიძინა, მანამდე რიგი სამინისტროების რეკომენდაციებით ბიზნეს-გეგმა რამდენჯერმე შეცვალა. სამ წელიწადში “იტერამ” საწარმოში 22 მილიონ დოლარის ინვესტიცია და რეკონსტრუქცია უნდა განახორციელოს; აპირებს გაისტუმროს საწარმოს ვალები, რაც 90 მლნ ლარს აჭარბებს. იტერას მიზნებიდან ჩანს, რომ სტრატეგიული საწარმო თავის არსებობას ამართლებს. “მმე-ს” ესაუბრება “იტერას” წარმომადგენლობის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი, თემურ გაჯიევი:
“- გაუგებარია, რატომ არ განხორციელდა 1996 წელს “გაზპრომოს” სურვილი, შექმნილიყო ერთობლივი საწარმო “გრუზროსგაზპრომი”. ამას შევარდნაძეც აქტიურად უჭერდა მხარს. ეს ქართული მოსახლეობისთვის და წარმოებისთვის ყოველმხრივ კარგი იქნებოდა. თავისთავად, აქ რუსეთის ინტერესებიც იდო: გაზი ასევე თურქეთისათვის უნდა მიეწოდებინათ. ამით საქართველოც თავის სატრანზიტო წილს მიიღებდა. რა მიზეზებით არ გამოვიდა ეს წამოწყება? საერთოდ, ჩვენს ენერგეტიკაში იმდენი ინტერესი ჩაეხლართა ერთმანეთს, ძნელია დასკვნის გაკეთება. “იტერა” თურქმენეთში გაზს 45 დოლარად ყიდულობს. საქართველოს საზღვარზე ის 60-ად იქცევა, ქვეყნის შიგნით კი – 145-ს უახლოვდება. ასეთი მაღალი ფასები არაა, მაგალითად, მეზობელ სომხეთში. “იტერას” გაზი შორი მანძილიდან მოაქვს, ტრანზიტით ყაზახეთსაც კვეთს. ეს გაზის ფასს ზრდის. ამას თავი რომ დავანებოთ, უცნაურია, რატომ ატყდა ახლახან “გაზპრომის” გარშემო აჟიოტაჟი? ეს სახელმწიფო კომპანიაა. მასსა და “იტერას” შორის აქამდე მისაღები თანამშრომლობა იყო, სასომხეთშიც ერთად შეაქვთ გაზი და ამას ჯერ ზიანი არ მიუტანია. საქართველოში რატომ ხდება ეს საკითხი პრობლემური?”
იკვეთება, რომ საქართველო განსაკუთრებულ ენერგეტიკულ “რეჟიმში” მუშაობს. ამას ბევრი რესპოდენტი აღნიშნავს. უშუალოდ მწარმოებლებს კი ეჭვიც აღარ ეპარებათ, რომ ენერგოტარიფები ადგილობრივ წარმოებებს მხოლოდ არსებობის და არა საწარმოო სიმძლავრეების და დაქირავებულთა რაოდენობის გაზრდის საშუალებას აძლევს. ყოველივე ამის “პრელუდია” კი “ჰუდონჰესის” დაკონსერვება იყო, რასაც ყოველ წელს ენერგოკრიზისები მოჰყვა.
გაჯიევი დასძენს, რომ დაგეგმილია “აზოტის” წარმოების “კაპროლაქტამის” საამქროს ამუშავება და პროდუქციის გამოშვება, მაგრამ ჯერ ბაზრის მოთხოვნების შესწავლა მიმდინარეობს. ამის გარდა, ბელორუსის, რუსეთის და უკრაინის “აზოტის” ანალოგიური ქარხნების პროდუქცია საქართველოსთვის კონკურენციას ნამდვილად არ წარმოადგენს, მათ გასაღების ბაზრად რუსეთი სავსებით ყოფნით, საქართველოს ძირითადი ბაზარი კი ამერიკავკასიაა. კერძო საუბრებში გაზმომარაგებასთან დაკავშირებული პირები ამბობენ, რომ დღეს ძალზე ბუნდოვანია “იტერასა” და “გაზპრომს” შორის ბაზრის განაწილება – “ვინ ვის რამდენს მიაწვდის, ანდა გადანაწილების ბოლო ვარიანტი საბოლოოდ როდის გამოიკვეთება”.
“აზოტის” ძირითადი ნედლეული კი აირია. არავინ მალავს, რომ დღეს საწარმო ნახევარი დატვირთვით მუშაობს და დაახლოებით 15 ათას ტონა სასუქს უშვებს. საიდუმლო არც მისი ფასია: 1ტ – 70 დოლარი. გამოდის, რომ თვეში შემოსავალი (მხოლოდ სასუქიდან) მილიონ დოლარზე მეტია. 1999-2002 წლებში საწარმოს ახალი ვალები არ დადებია, მატულობდა მხოლოდ ძველი ვალის პროცენტები. მაშინ თვეში 30 ათასი ტონაც მზადდებოდა, რაც თვეში 2 მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს თანხა “ჟღერს” მაგრამ “აზოტისთვის” ბევრი არაა. დიდი დატვირთვით მუშაობისას აქ თვეში 6 მილიონი დოლარის შემოსავალი საშუალო დონეა. ერთი სიტყვით, პროდუქციაზე მოთხოვნა არის, გაყიდვებიც რეგულარულია, ერთადერთი მიზეზი, რაც ვალებს აგროვებს, გაზის სიძვირეა: პროდუქციის თვითღირებულებაში გაზის წილი 60%-ს აღემატება. რაც შეეხება კოლექტივის ხელფასებს, მათზე 10% მოდის. ადვილი გასაგებია, რომ აირის შედარებით დაბალი ტარიფის შემთხვევაში, “აზოტი” გაკოტრებული კი არა, ყველაზე წარმატებული იქნებოდა.
გვესაუბრება “აზოტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის ყოფილი მოადგილე, პროფესორი ლერი გვასალია
“- აზოტის წარმოება ქიმიური მრეწველობის ურთულესი დარგია. იგი უნიკალური მანქანა-დანადგარების, ნედლეულის (ბუნებრივი აირი) და ენერგიის გარდა მაღალ საინჟინრო ინტელექტს მოითხოვს, რაც საქართველოში ჯერ კიდევ შემოგვრჩა. ასეთი წარმოებები მხოლოდ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში არსებობს (გერმანია, ჩინეთი, აშშ, რუსეთი, ბელორუსია). საქართველოსთვის მეტად საამაყო და პრესტიჟულია ასეთი საწარმოს ფუნქციონირება. მსოფლიო ბაზარზე ქარხნის პროდუქციაზე (აზოტოვანი სასუქები, ციანმარილები, კაპროლაქტამი) უზარმაზარი მოთხოვნაა. საწარმოში ასევე შესაძლებელია ბრიზანტული ფეთქებადი ნივთიერებების წარმოებისთვის საჭირო 21 კომპონენტიდან 14-ის წარმოება. თუმცა, ამაზე დღეს არავინ საუბრობს” (დღეისათვის “აზოტი” თვეში დაახლოებით 200 ტონა ციანმარილებს უშვებს, რისი მსოფლიო ფასებიც 1 ტონაზე 900 დოლარს აჭარბებს). ალბათ, ეს ყოველივე აძლევს “იტერას” იმის დაპირების საფუძველს, რომ მუშა-მოსამსახურეებს ხელფასები ყოველ წელს 3%-ით გაეზრდებათ. “აზოტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ინტერვიუზე რატომღაც უარს აცხადებს. ამ ბოლო დროს ასეთი დუმილი დიდი, პოპულარული ობიექტების ხელმძღვანელებს დასჩემდათ (მსგავსად დუმს, მაგალითად, “მადნეულის” მმართველობაც). ნოყიერი ნიადაგია იმისთვის, რომ ხალხს სადარდებელი არ მოაკლდეს და ჟურნალისტებს – საწერი.
რაც შეეხება მანგანუმის წარმოებას, გვესაუბრება პროფესორი თამაზ აგლაძე:
“- მანგანუმის ქიმიური ნაერთების წარმოებაში შექმნილი მდგომარეობა რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. ეკონომიკური ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დაირღვა. ლითონური მანგანუმისა და მისი ნაერთების ძირითადი მომხმარებელების: მეტალურგიული, ფარმაცევტული და ელექტროტექნიკური მრეწველობის მოცულობა მკვეთრად დაეცა. ამას დაემატა ისიც, რომ საქართველოს მორალურად და ფიზიკურად მოძველებული ქარხნების პროდუქციამ საერთაშორისო ბაზრის კონკურენციას ვერ გაუძლო. დღის წესრიგში დადგა მანგანუმის მრეწველობის ქვედარგის გადაიარაღების საკითხი.
ახლო წარსულში ქართული მრეწველობის სიამაყე – მანგანუმის ნაერთების ელექტროქიმიური წარმოება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, გაჩერდა ზესტაფონის ლითონური მანგანუმის საამქროც, გაიძარცვა რუსთავის კალიუმის პემანგანატის ქარხანაც. კრიზისს მხოლოდ ზემოთნახსენები “ემო” გადაურჩა: საქმე ექვსიოდე წლის წინ კომპანია “ჯორჯია ინჯერენინგმა” ითავა. ეს ფირმა 1994 წელს თამაზ აგლაძის ხელმძღვანელობით ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელთა მიერ დაფუძნდა. მიზანი იყო საქართველოში მანგანუმის მრეწველობის რესტრუქტურიზაცია და რეაბილიტაცია. “ჯორჯია ინჯინერინგს” გააჩნია მანგანუმის ელექტროქიმიური წარმოების ტექნიკური გადაიარაღების, საექსპორტო პროდუქციისთვის აუცილებელი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი. კომპანიაში დასაქმდა ასამდე ადამიანი, რამდენიმე მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატი. 2001 წლისთვის “ემოს” ქარხანაში, ტექნიკური გადაიარაღების შემდეგ დაიწყო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი სამი მანგანუმშემცველი პროდუქტის წარმოება: მანგანუმის სულფატის მონჰიდრადის (სასუქის დანამატი), ნატურალური მანგანუმის დოქსიდის და მანგანუმის ოქსიდის. სამივე პროდუქტი სოფლის მეირნეობაში ფართოდ გამოიყენება. კომპანიის მცდელობის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ეფექტური პროდუქციით არ ინტერესდება. გარდა ამისა, პრობლემები უამრავია: ცუდი საგადასახადი კოდექსი, კორუფცია საბაჟოზე, წყვეტილი ენერგომომარაგება და სხვა.
ხელისუფლება, რომელიც ყველა სახელმძღვანელო დოკუმენტში ექსპორტის პრიორიტეტს უსვამს ხაზს, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკის სტიმულატორსა და სიღარიბესთან ბრძოლის ქვაკუთხედს, პრაქტიკულად, არანაირად უწყობს ხელს იმ წარმოებებსაც, რომელმაც ქართული პროდუქციით მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრება შესძლეს,” – ამბობს თამაზ აგლაძე.
დღეს მსოფლიოს ქიმიური მრეწველობიდან ყველაზე აქტიურად ბიოტექნოლოგიასა და ელექტრონულ ტექნოლოგიაში მუშაობენ. ყველაზე აქტუალურია შიდსისა და სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნა.
საინტერესო მუშაობა მიდის ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიმერების კვლევის ცენტრში, რომელმაც ს/ს “ბიოფარმთან” თანამშრომლობის შედეგად შეუხორცებელი ჭრილობისთვის ეფექტური წამალი შექმნა. უფრო კონკრეტულად გვესაუბრება ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო პოლიმერების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, რამაზ ქაცარავა:
“- წამალი “ფაგობიოდერმი” მრავალი წლის მუშაობის შედეგია. 1995 წელს ბაქტერიოფაგთან ერთად შევქმენით ბიოკომპოზიტური მასალა, რის საფუძველზეც დღეს ვუშვებთ ორი ფორმის პროდუქციას: ფხვნილის სახით და აფსკის სახით (ხელოვნური კანი). ამით ვუმკურნალეთ უცხოელებს. ოსტეომოლიტის გამო ფეხი უნდა მოეჭრათ, წამლის გამოყენების შემდეგ კი განიკურნენ, ოპერაციას გადარჩნენ. ჩვენზე ხმა გავრცელდა შტატებში, ამის შესახებ გადაიცა სი-ბი-ეს-ით და ბი-ბი-სი-თაც. დავუკავშირდით ამერიკულ ფირმას Intralitix, რომელიც ამ გამოგონებით ცდილობს მსხვილი ფარმავევტული კომპანიები დააინტერესოს. Intralitix-თან გვაქვს პატენტი “ფაგობიოდერმის” წარმოებაზე. სამწუხაროდ, საქართველოში ვერავინ დავაინტერესეთ, მიუხედავათ იმისა, რომ წამალი გამოიყენება დიაბეტური წყლულების, დამწვრობების მკურნალობის დროს. არის მეორე პროექტიც – 2000 წელს ვთანამშრომლობდით კორნელის უნივერსიტეტთან. ამის შემდეგ დავუკავშირდით კალიფორნიულ კომპანია “Mედივას”-ს ამერიკაში, რომელიც ამზადებს აღჭურვილობას გულ-სისხლძარღვთა ქირურგიისთვის. მაგალითად, არსებობს უჟანგავი ფოლადი, რომელიც სისხლძარღვში, შევიწროების ადგილას ისმება, ნალექი მასზე ჯდება, შედეგად, ძარღვი აღარ დაიცობა. ამ მეთოდის დაპატენტებაში სწორედ ქორელის უნივერსიტეტი დაგვეხმარა”.
ეს დარგი მეცნიერებატევადია, თუმცა დიდ მუშახელს არ საჭიროებს, სამაგიეროდ, ეკოლოგიურად სუფთაა. ქართული კაპიტალი კი, მიუხედავად პრესპექტივებისა, ქიმიით არ ინტერესდება.