როგორ გავმდიდრდებით 2020 წლამდე

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020-ის“ პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. სტრატეგიაში ასახულია ის მექანიზმები და ინდიკატორები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა, მათ შორისაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, აგრეთვე, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი წინაპირობების შენარჩუნება, როგორიცაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანობა და ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობა. საქართველოში გასული წლების ეკონომიკურმა რეფორმებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. ამასთან, განხორციელებული რეფორმები ხშირ შემთხვევებში არათანმიმდევრული და სპონტანური იყო. დღემდე არსებულ სტრატეგიულ და საპროგრამო დოკუმენტებში გაცხადებული მიზნები, რომლებიც სიღარიბის და უმუშევრობის მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირდებოდა, კვლავ მიუღწეველი რჩება.

strategiis foto

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს, მისმა სიკეთემ მოსახლეობის დიდ ნაწილამდე ვერ მიაღწია. „ჩვენი მთავარი მიზანია, ეკონომიკური ზრდის მიერ მოტანილი სიკეთით ისარგებლოს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ინკლუზიური, ანუ საყოველთაო ეკონომიკური ზრდის საფუძველზე“ – ვკითხულობთ დოკუმენტში. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდით მიღებულმა შედეგმა ვერ დაძლია სიღარიბე. ბოლო ათწლეულში, სიღარიბის მაჩვენებლები თითქმის არ შეცვლილა.

strategia emzari

საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო სახელმწიფოა, რაც იმის ნიშანია, რომ ბოლო წლებში მომხდარმა ეკონომიკურმა ძვრებმა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილამდე არ მიაღწია.

strategia cxrili I

ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა გასულ წელს ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დაიწყეს. ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი ყველა სამინისტროს, ექსპერტების, ეროვნული ბანკის, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა. დოკუმენტი უკვე თარგმნილია ინგლისურ ენაზე. მისი თარგმნა „მსოფლიო ბანკმა“ უზრუნველყო.

„ექსპერტები მაისიდან არიან ჩართულები აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში. მასში ასახულია მიღწევის გზებიც. ჩვენ მიღწევის გზებს არა მხოლოდ ვწერთ, არამედ ვასრულებთ – ბიზნესი გავათავისუფლეთ ზეწოლისგან და არ ვართმევთ ქონებას, გავხსენით ახალი საექსპორტო ბაზრები, ევროკავშირთან დამყარდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და გვექნება ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიხილავდით პროცესებს, რომლებიც სტრატეგიის შემუშავებას ეხებოდა. დღესაც გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, მათ შორის, პროგნოზების დაზუსტებასთან დაკავშირებით. ასე რომ, ძალიან მალე დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს და გამოქვეყნდება,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

nodar xaduri

ძირითადი საპროგნოზო მაჩვენებლები

strategia cxrili II

დოკუმენტის საჯარო განხილვების დღიდან, მთავარი კითხვები ძირითად საპროგნოზო მაჩვენებლებთან დაკავშირებით ისმის. რამდენად რეალურია მათი მიღწევა?

შესაძლებელია თუ არა მოცემული სტრატეგიით საქართველოს მშპ-ის ყოველწლიურად12.2%-მდე ზრდა? მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახელზე 2020 წლის ბოლოსათვის უნდა გახდეს 13 000 ლარი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2014-2020 წლებში უნდა გაიზარდოს 2.23 -ჯერ, რაც ასევე ნიშნავს, რომ 2014-2020 წლებში – ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 12.2%.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის ბიუჯეტით დაგეგმილია მხოლოდ 5% ზრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო (2015-2020) წლებში ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს 13.45%. სტრატეგიის მიხედვით, უმუშევრობის საპროგნოზო მაჩვენებელი შემცირდება 15%-დან და იქნება 12%-ზე ნაკლები 2020 წლისთვის. რაც გულისმობს, რომ 7 წლის განმავლობაში ყოველწლიურად შეიქმნება დაახლოებით 7500 სამუშაო ადგილი.

დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები

როგორც დოკუმენტშია გაცხადებული, საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული ქვეყანა და მოახდინოს ევროპასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია. ევროინტეგრაციის პროცესის შემდგომი გაღრმავების საწინდარს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული ღონისძიებების თანმიმდევრული და ეფექტიანი განხორციელება. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის მთავარი პრინციპია, კერძო სექტორის თავისუფლების უზრუნველყოფა მცირე, ეფექტიანი და გამჭვირვალე მთავრობის პირობებში. ეს გულისხმობს ისეთი ეკონომიკური წესრიგის ჩამოყალიბებას, სადაც კერძო სექტორი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში, დაცულია საკუთრების უფლების უზენაესობა და ეკონომიკური განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას კერძო სექტორი წარმოადგენს. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას განიხილავს, როგორც ეკონომიკის განვითარების უმნიშნელოვანეს მამოძრავებელ ძალას. მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც, პირველ რიგში, აფერხებენ დასახული კეთილდღეობის მიღწევას. ანალიზის საფუძველზე, ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ კრიტიკულ პრობლემათა შორის გამოიკვეთა: 1. კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა;
2. არასაკმარისად განვითარებული ადამიანური რესურსები;
3. ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.
აღნიშნული სამი ძირითადი პრობლემის დასაძლევად სტრატეგიაში განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა:
• საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება;
• ინოვაცია და ტექნოლოგიები;
• ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა;
• ინფრასტრუქტურის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება;
• შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამუშაო ძალის განვითარება სოციალური უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფა;
• ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველყოფა;
• საინვესტიციო რესურსების მობილიზება და ფინანსური შუამავლობის განვითარება.

საქართველოში სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს კუთხით არსებულ პრობლემებზე მიუთითებს სხვადასხვა საერთაშორისო შეფასება და ანგარიში. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 2013-2014 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით – 120-ე ადგილზეა; დავების გადაჭრის სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობის მიხედვით – 92-ე; ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობა – 138-ე; ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობა – 123-ე; ბაზარზე დომინირების მასშტაბები – 119-ე. საქართველოს პოზიციები სუსტია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა გადახდისუნარიანობა და კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილება. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ანგარიშში, საქართველოს შემდეგი პოზიციები უკავია: გადახდისუუნარობის პროცედურები – 88-ე ადგილი; კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების დონე (%) – 33,6%, მაშინ, როდესაც, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში საშუალო მაჩვენებელი არის 37,1%, ხოლო OECD-ის წევრ ქვეყნებში საშულოდ – 70.6%. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს განვითარების სტრატეგიაში ჩადებულია რიგი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. მათ შორის, სასამართლო სისტემის გაძლიერების ხელშეწყობა.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს ინოვაციების დაბალი დონე. ქვეყანაში ინოვაციის დონე ჯერ ისევ არადამაკმაყოფილებელია და დაბალია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე, რაც ასახულია სხვადასხვა საერთაშორისო შეფასებასა და რეიტინგში.

ინოვაციის გლობალურ ინდექსში 2013 (GII) საქართველო მსოფლიოში 73-ე ადგილზეა, ხოლო 2012 წლის ინოვაციების შესაძლებლობის ინდექსში (ICI) საქართველოს 44-ე ადგილი უკავია 131 ქვეყანას შორის. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში (GCI) 2013-2014 წლის მდგომარეობით, საქართველო 148 ქვეყანას შორის შემდეგ პოზიციებს იკავებს: ინოვაციის განხორციელების შესაძლებლობების მაჩვენებელი – 118-ე ადგილი; კომპანიების დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე (R&D) – 128-ე ადგილი.
დაბალია როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა, ასევე ტექნოლოგიური განვითარების დონე. ამავე ინდექსის მიხედვით, საქართველოს აქვს შემდეგი მაჩვენებლები: უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა – მე-100-ე ადგილი; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კომპანიების მიერ – 117-ე ადგილი. არადამაკმაყოფილებელია ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დონე, რაც ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინოვაციების განხორციელებისთვის. საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომპონენტით 124-ე ადგილზეა. ამიტომაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ ამოცანას, სტრატეგიის მიხედვით, წარმოადგენს ინოვაციური საქმიანობის და უახლესი ტექნოლოგიების ტრანსფერის და დანერგვის ხელშეწყობა. ასევე მნიშვნელოვანია გარემოს დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და მწვანე ეკონომიკის განვითარების წახალისება.

შეფასებები

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულმა ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები სტრატეგიის პროექტის შესახებ.

„შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 10 წელიწადია, მთავრობას არ მოუმზადებია მსგავსი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა. ის თვისობრივად განსხვავდება წინა ეტაპზე მომზადებული დოკუმენტებისგან. სტრატეგიის პროექტი ასახავს რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს: პირველი – ქვეყანა უნდა იყოს ინოვაციურ ეკონომიკაზე დაფუძნებული, მეორე – მისი ვექტორი არის ევროინტეგრაცია, ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება და მის ბაზაზე საქართველოს ეკონომიკის განვითარება. დოკუმენტში წარმოდგენილი პროგნოზები დღევანდელი გადმოსახედიდან რეალისტურია, თუმცა, ამავე დროს, აუცილებელია ამ პროგნოზების მუდმივი განახლება და დაზუსტება“, – განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა თსუ-ს რექტორმა, ლადო პაპავამ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი დამყარებულია სამ ძირითად კომპონენტზე: კონკურენტუნარიანობა, ანუ წარმოებაზე, რომელიც კონკურენტუნარიანი უნდა იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ადამიანური კაპიტალის გამოყენებაზე, რაც ნიშნავს ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას და მესამე, ესაა ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემის მოგვარება, რათა ფულადი სახსრები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესისთვის, საზოგადოებისთვის“ – აღნიშნა მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თსუ-ს პროფესორმა იაშა მესხიამ.

„მიგვაჩნია, რომ საკმაოდ კარგი დოკუმენტია, გამომდინარე იქიდან, რომ მასში ასახულია ყველა ის პრიორიტეტი, რაც სჭირდება ქვეყანას. დოკუმენტში ასახულია მიღწევის გზებიც. მთავარია, მთავრობის ეფექტური მოქმედებები, რათა ეს რეალისტური მიზნები იყოს რეალიზებული“, – განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა, „ჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაითის“ (BPI) დირექტორმა, ირაკლი ლექვინაძემ.

„პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან მალე გვექნება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნიის უახლოესი წლების განვითარების კონცეფციას. რეალურად მისი განხორციელებაც უფრო თვალსაჩინოს გახდის იმ მიმართულებას, რაც საქართველოს ეკონომიკას და სოციალურ სფეროს გააჩნია“, – განაცხადა ანალიტიკური ცენტრის, „ეკონომეტრის“ დირექტორმა რეზო საყევარიშვილმა.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ პროექტს დადებითად აფასებს მსოფლიო ბანკი. „ძალიან მოხარული ვარ, რომ მთავრობის სტრატეგია ასახავს იმ სამ მნიშვნელოვან სფეროს, რომლის განვითარებაც ჩვენც გვქონდა გუნებაში, ეს არის ინტეგრაცია საერთაშორისო ბაზრებზე, კონკურენციის ამაღლება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ჰანს თიმერმა.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას საქართველოს მთავრობა, საბოლოოდ, საჯარო განხილვების შემდეგ დაამტკიცებს.