პატარა ქვეყნები დიდი სიმდიდრით – ტერიტორიული სიმცირე განაჩენი არ არის

გიორგი ელიზბარაშვილი

საქართველო პატარა ქვეყანაა, მცირე ბაზრით, ყოფილი სოციალისტური კოლონია, აქ დიდი ბიზნესი ვერასდროს განვითარდება. ნიჰილისტების რჩეული მითი. ის რომ პატარა ვართ ფართობით, მოსახლეობით ფაქტია. 200 წელი რომ კოლონია ვიყავით ესეც ფაქტია, ის რომ პატარა ქვეყანა და ყოფილი კოლონია ვერ განვითარდება მტკნარი სიცრუე. არის ქვეყნები ევროპაშიც, აზიაშიც, სამხრეთ ამერიკაშიც და ოკეანეთშიც რომლებიც ჩამოგვრჩებიან ფართობით, მოსახლეობით, გადაიტანეს ოკუპაცია მაგრამ ჩვენზე ბევრად წინ არიან. რომელი ქვეყნები არიან ისინი, როგორ მიაღწიეს მათ ამას და ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ რამენაირად დავეწიოთ მათ? შევეცდები წარმოგიდგინოთ რამდენიმე მათგანი.

ლიტვა, ლატვია, ესტონეთი ეს 3 სახელმწიფო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ერთი განსაკუთრებული მიზეზის, საერთო წარსულის გამო. ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც გამოსცადეს ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კლანჭები, გამოიარეს რეპრესიები, განიცადეს უხეში დემოგრაფიული ჩარევები. სამივე უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს, მაგრამ სამივე 2004 წლიდან ევროკავშირისა და ნატოს წევრია. საოცნებო ცხოვრება არცერთგან არაა, თუმცა საქართველოს ყველა პარამეტრში სჯობნიან…

11
წყარო: weforum.org

ჩვენთან ხშირად უყვართ თავის მართლება, ბალტიისპირეთმა საბჭოთა კავშირში 20 წლით ნაკლები გაატარა, მერეც დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე აღიარეს, ევროპასთან ახლოსაა და მაგიტომო. გეოგრაფიულ მდებარეობაზე კი რა გავლენას მოვახდენთ, მაგრამ 1921 წელს რომ წითელ არმიას ქართველები მოუძღოდნენ და დირექტივებსაც ქართველები რომ იძლეოდნენ დაგვავიწყდა? პირველი მსოფლიო ომიდან რომ 100 ათასზე მეტი დაბრუნდა და 15%-ის მობილიზებაც ვერ მოვახდინეთ, დედაქალაქი რომ მტერს უბრძოლველად ჩავაბარეთ ეგეც დაგვავიწყდა? 70 წლის მერე ისევ რუსული იარაღითა და ფინანსებით, მაგრამ ისევ ქართველის ხელით რომ მოხდა გადატრიალება ეგეც არ დავივიწყოთ. ბოლო 1 საუკუნის მანძილზე რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი პატრიოტიზმი გამოგვეჩინა დღეს ჩვენც ვიქნებოდით ესტონეთის დონეზე. ამ ქვეყანაში მართალია პირველი ნაბეჭდი წიგნი 1535 წელს გამოიცა, უნივერსიტეტი 1632 წელს დაარსდა, მაგრამ რუსეთმა მისი ანექსია ჯერ კიდევ 1710 წელს მოახდინა. 1940-1949 წლებში ორმხრივ რეპრესიებსა და ომს მოსახლეობის 25% შეეწირა. შუა საუკუნეებში თუ ჩვენ მონღოლებთან და სპარსელებთან გვიხდებოდა ომი ესტონელები ჯვაროსნებისა და შვედების წინააღმდეგ იბრძოდნენ. თუ ჩვენს ე.წ. მაღალ საზოგადოებაში რუსული იყო არისტოკრატიულ ენად მიჩნეული და მშობლიური დავიწყებული ესტონეთში ასე გერმანულს ეთაყვანებოდნენ. მაგრამ 1918 წლის შემდეგ მათ რეალურად შეიგრძნეს სამშობლო. ვისაც საბჭოთა ჯარში უმსახურია ემახსოვრება რა დამოკიდებულება ჰქონდათ რუსი ოფიცრების მიმართ ბალტიისპირელებს, განსაკუთრებით კი ესტონელებს.

ესტონელებმა გამოავლინეს ერთიანობა და პატრიოტიზმი საბჭოთა კავშირშიც და მისი დაშლის შემდეგაც, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისათვის, თუმცა არასაკმარისი. საჭირო იყო სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ჯერ კიდევ 1992 წლის ივნისში მიმოქცევაში გაუშვეს ეროვნული ვალუტა ესტონური კრონა, რომელიც მიბმული იყო გერმანულ მარკაზე. პრივატიზაცია ადრეულ 90-იან წლებში დაიწყო და იქ ჩვენგან განსხვავებით არაფერი დაუტაციათ. საწარმოები ბიძაშვილებს კი არა იმ ადამიანებს გადაეცათ ადგილობრივს თუ უცხოელს ვისაც შეეძლო ინვესტიციის განხორციელება. დაიხურა მხოლოდ არარენტაბელური ფაბრიკები. 1994 წელს რუსეთს თავის პრობლემები ჰქონდა თავზე საყრელი: ჩეჩნეთის ომი, ეკონომიკური სიდუხჭირე. ჩაბნელებულმა საქართველომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა, ჩვენზე პატარა ესტონეთმა კი უკანასკნელ რუს ჯარისკაცს დაატოვებინა საკუთარი ქვეყანა.

ზემოთ ცხრილში ყველაზე დიდი სხვაობა ჩვენსა და ესტონეთს შორის განათლების დონეს და უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომას შორის დაფიქსირდა. 2003 წელს საქართველოში ისევ ბნელოდა როგორც პირდაპირი ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ესტონეთში კი შექმნეს სკაიპი. ესაა პერიოდი როცა მობილურით საუბარი მით უმეტეს საერთაშორისო ზარები ძალიან ძვირი ღირს, არ არსებობს ფეისბუქი და ტვიტერი, არანაირი ვაიბერი ან რამე მსგავსი. ესტონეთში შექმნეს Li-Fi ტექნოლოგია, რომელიც Wi-Fi-ზე 100-ჯერ სწრაფია, თუმცა 1 ნაკლი მაინც აქვს კედელში ვერ ატარებს. ტალინში უკვე გამოჩნდა მცირე ზომის უპილოტო ავტობუსები. თბილისში ეს ჯერჯერობით ზღაპარს ჰგავს. მას აქვს ჩაწერილი მოძრაობის წესების პროგრამა, რომელსაც არ არღვევს, აქ კი ზოგჯერ ავარიის ასაცილებლად იძულებული ხარ დაარღვიო, შეიძლება უპილოტო არ დაეჯახოს სხვას, მაგრამ სხვა დაეჯახება უპილოტოს. ცალკე თემაა დამისამართების პრობლემა.

ლიტვამ და ლატვიამაც დაახლოებით იგივე გზა განვლეს რაც ესტონეთმა. პრობლემები მათაც ჰქონდათ და აქვთ კიდეც. 2008 წლის კრიზისის შემდეგ ეკონომიკა 10%-ზე მეტით შემცირდა. ესტონეთში და ლატვიაში ეთნიკური რუსების წილი 25%-ს აჭარბებს, რაც მიუხედავად ნატოს წევრობისა ქმნის სეპარატიზმის სერიოზულ საფრთხეს. ქვეყანაში ცხოვრების უფლება ყველას აქვს, მაგრამ არა მოქალაქეობა, რადგან მათი ნაწილი ვერ ან არ აბარებს გამოცდას ესტონურ ენაში. შესაბამისად მათ არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ. თუ ამ ქვეყნებმა შეძლეს, ჩვენც შევძლებთ. მოგების გადასახადის ესტონური მოდელი კარგია, თუ მის რეფორმებს IT ინდუსტრიაშიც მივბაძავთ, კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

დროა შევეშვათ თავის მართლებას საბჭოთა წარსულით. მან რა თქმა უნდა დაგვასვა დაღი ყველას. ოკუპაციამდე ესტონეთში ცხოვრების დონე ფინეთისას უახლოვდებოდა. ახლა, მიუხედავად გასაოცარი მონდომებისა და წინსვლისა ამ 2 ქვეყანას შორის სხვაობა ძალიან დიდია. ეს ლოგიკურიცაა, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების ძალადობრივი ხელყოფა უკვალოდ ვერ ჩაივლიდა, მაგრამ ესტონეთი დღეს ლიდერია ყოფილ მოკავშირეებს შორის. ამ ქვეყანამაც გამოიარა დაცარიელებული მაღაზიების, პროდუქტზე რიგებისა და ინფლაციის ეპოქა. საგარეო ვაჭრობის 92% რუსეთზე მოდიოდა. ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ჩვენთან ნახევრად ხუმრობით იტყვიან ხოლმე მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები, ჯერ ამდენი დრო არ გასულაო. 40 წელი 2031 წელს გადის, თუ შარშანდელი ტემპით ვიარეთ 2.7% ევროკავშირის უღარიბესი სახელმწიფოს ბულგარეთის დღევანდელი დონის მხოლოდ 78%-ს მივაღწევთ და დღევანდელი ესტონეთის მხოლოდ 33%-ს. წლევანდელი ტემპით 4.7% 8 თვის საშუალო, დავეწევით ბულგარეთის დღევანდელ დონეს, მაგრამ ვერა ესტონეთის დღევანდელი დონის ნახევარსაც ვერ მივწვდებით მხოლოდ 44%-მდე მივუახლოვდებით. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ისინი ჩვენი ხათრით არ შეწყვეტენ განვითარებას მალე დაგვეწიონო.

ხორვატია, სლოვაკეთი, სლოვენია ფართობით სამივე სახელმწიფო საქართველოზე პატარაა, თუმცა მოსახლეობით პირველი ორი გვისწრებს. სამივე ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრია. თუ ჩეხო-სლოვაკეთი მშვიდობით ყოველგვარი სისხლისღვრისა და ძალადობის გარეშე დაიშალა, იუგოსლავიაში მოვლენები დრამატულად განვითარდა.
ხორვატიის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის სერბეთის წინააღმდეგ 1991-1995 წლებში დაახლოებით იმდენი ადამიანი შეეწირა რაც აფხაზეთის ომს. დღეს ხორვატია ევროკავშირისა და ნატოს წევრია. შემოსავალი 1 სულზე საქართველოს მაჩვენებელს 2.4-ჯერ აღემატება. სლოვაკეთში 3-ჯერ. სლოვენიაში კი 3.2-ჯერ ამ ორ ქვეყანას ომი და ნგრევა არ გადაუტანია, რეფორმებისა და წინსვლისთვის უფრო მეტი დრო დარჩათ. საქართველოზე მეტი აქვთ შემოსავალი ასევე ყველა სხვა ჩვენზე დიდ ყოფილ სოციალისტური ბანაკის წევრებს: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი… ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ყოფილ მოკავშირეს თუ ვუსწრებთ, თუმცა უფრო მართებული იქნება იმის თქმა, რომ მხოლოდ რამდენიმე ჩამოგვრჩება.

12
წყარო: worldbank.org

სიტუაცია მძიმეა, მაგრამ ესაა რეალობა. ჩამოგვრჩება მხოლოდ ის სადაც იყო ან ისევ არის ომი და კორუფცია.
რომ შევეშვათ ძველ სოციალისტურ სახელმწიფოებს, ვნახავთ სხვა, პატარა ქვეყნებს, რომლებმაც კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს.

დანია-ჩვენზე 1.6-ჯერ პატარა სახელმწიფო, (რა თქმა უნდა გრენლანდიის გარეშე) მოსახლეობით ამდენივეჯერ მეტი. არა მხოლოდ ევროპაში მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული და მოწესრიგებული სახელმწიფო. ნომინალური შემოსავლებით 13-ჯერ PPP-ით 5-ჯერ მდიდარი. მეხუთე ადამიანური განვითარების ინდექსის მაჩვენებლით, 12-ე კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, 17-ე განათლების სისტემაში. მოსახლეობის 97% მოიხმარს ინტერნეტს. სკანდინავიის ეს პატარა ქვეყანა ხშირად შედის ბედნიერი სახელმწიფოების ხუთეულში. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ხარჯები და სახელმწიფოს როლი ტიპიური ჩრდილოური ქვეყნის მსგავსია ანუ მაღალი, შრომის კოდექსი მაინც ლიბერალური რჩება. მარტივია თანამშრომლის აყვანაც და გათავისუფლებაც. ეკონომიკური უთანასაწორობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, მაშინ როცა გადასახადები ნარჩუნდება საშუალოზე დაბალ ზღვარზე. (რეგიონის ფონზე) დანიამ იმპორტზე გადასახადის ლიბერალიზაცია ჯერ კიდევ 1797 წელს მოახდინა. დღეს მას ექსპორტზე გააქვს თევზი, ხორცი, სხვა საკვები პროდუქტი, ლითონი, ელექტრო საქონელი. დანიის საგარეო ვალი მშპ-ს 43%-ს არ აღემატება, რაც საკმაოდ დაბალია განვითარებული ქვეყნისათვის. დანიამ 2015 წელს ელექტროენერგიის 42% ქარისგან გამოიმუშავა.

ისლანდია-ტერიტორიით ეს ქვეყანა ჩვენზე მცირედით მეტია, მაგრამ მოსახლეობით 11-ჯერ პატარა. ასევე ბევრად მცირეა რეალური, დასახლებული ტერიტორიითაც. დანიისგან დამოუკიდებლობა მეორე მსოფლიო ომის დროს 1944 წელს გამოაცხადა. 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა ისლანდიაზე განსაკუთრებულად მძიმედ იმოქმედა. ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის გამო ბანკები და საპენსიო ფონდები გაკოტრდა. ეკონომიკამ მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2008 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2014 წელს გადაასწრო, ნომინალში კი კვლავაც ჩამორჩება 2007 წლის დონეს. ამ რყევების მიუხედავად დღეს შემოსავლებით 12-ე პოზიციას იკავებს და სჯობნის სკანდინავიის დანარჩენ სახელმწიფოებს ნორვეგიის გამოკლებით, ასევე გერმანიას, ბრიტანეთს, საფრანგეთს, კანადასა და იაპონიას. ინფრასტრუქტურული გარემოთი 17-ე ადგილზეა, განათლების სისტემით კი 13-ზე. ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობით კი ტოლს არავის უდებს და ღირსეულ პირველ ადგილს იკავებს 98.2% მოხმარება, ეს მართლაც რეკორდია. გოლფ-სტრიმის დინების წყალობით ქვეყანაში კლიმატი გაცილებით თბილია ვიდრე იმავე განედზე მდებარე სხვა კუნძულებისა თუ კანადის ნაწილისა. ზამთარში სახლები და ქუჩებიც კი ბუნებრივი გეიზერებით თბება. ამავე რესურსს იყენებენ ელექტროენერგიის საწარმოებლადაც. ელფების ქვეყანა ელექტროენერგიას 100%-ით სუფთა წყაროებისგან იღებს 27% გეოთერმული დანარჩენი კი ჰიდრო. მოსახლეობით ჩვენზე 11-ჯერ პატარა სახელმწიფო ჩვენზე 1.5-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს და ამ მხრივაც პირველია მსოფლიოში. ის ერთ-ერთი იმ მცირე ქვეყნებს შორის სადაც არსებობს მაღაზიები გამყიდველისა და კამერების გარეშე. დამყარებული უბრალო ნდობაზე, რომელიც ამართლებს.

ბენილუქსი-ბელგიაც, ლუქსემბურგიც და ნიდერლანდებიც ფართობით ჩამორჩება საქართველოს. თუმცა მოსახლეობით მხოლოდ ჯუჯა ლუქსემბურგია ჩვენზე პატარა. XIX საუკუნეში პატარა ბელგიასაც გაუჩნდა დამპყრობლური ამბიციები. ქვეყანამ მოახდინა 78-ჯერ დიდი ზომის კონგოს სრული ოკუპაცია. რეპრესიებს მილიონზე მეტი ემსხვერპლა. ოქროთი და სხვა რესურსებით მდიდარი კოლონია მხოლოდ 1960 წელს დათმო. ამ სამიდან ბელგია ყველაზე ღარიბია, თუ წლიურ 46300$-ს სიღარიბე შეიძლება ვუწოდოთ, მაგრამ ამ მხრივ მხოლოდ 20-ე ადგილზეა მსოფლიოში. ბრიუსელი მსოფლიო ბიუროკრატიის დედაქალადაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, ამ ქალაქშია განთავსებული ნატოსა და ევროკავშირის ცენტრალური ოფისები, მრავალი სხვა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებადმნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის სათაო ოფისი ან წარმომადგენლობა. ქვეყანა არც ადგილობრივ ბიუროკრატიაზე ამბობს უარს. ეს კი ყოველდღიურ ცხოვრებასაც ართულებს და ტერორიზმის სამიზნედაც აქცევს ქალაქს. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი კოლოსალური თანხები იხარჯება. პირველი რაც ბელგიურ წარმოებასთან გვახსენდება ეს შოკოლადია ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. მას ასევე ექსპორტზე გააქვს რკინა, ფოლადი და საფეიქრო ნაწარმი. ქვეყანაში განვითარებულია ფინანსური ინსტიტუტები.

გაერთიანებაში ნიდერლანდები ყველაზე დიდია ფართობითაც და მოსახლეობითაც. უფრო მდიდარია ვიდრე თავად ბელგია, გერმანია და შვედეთი, თუმცა ჩამორჩება ისლანდიასა და ნორვეგიას. ეს ის ქვეყანაა სადაც გადაცმული პეტრე პირველი ევროპულ წეს-ჩვეულებებს სწავლობდა. რომელმაც გაიმარჯვა ზღვასთან ჭიდილში, რომელმაც გადაიტანა ნაცისტური ოკუპაცია, სადაც პატარა სარდაფში დაიწერა ანა ფრანკის დღიური. დღეს ეს ქვეყანა კონკურენტუნარიანობის რეიტინგში მე-4 პოზიციაზეა, განათლების სისტემით მე-6-ზე. HDI ინდექსით კი მე-7-ზე. მას არასდროს ჰყოლია ესპანური არმადის ან ბრიტანული სიმძლავრის სამხედრო ფლოტი, მაგრამ როტერდამის პორტი დღესაც პირველია ზომით ევროპაში. ქვეყანა აწარმოებს საუკეთესო ლუდს, (HEINEKEN სავარაუდოდ მომავალ წელს გახსნის საქართველოში ქარხანას) ყველს და ყველაფერს რაც რძისგან მზადდება. რასთან ასოცირდება ყვავილების ბიზნესი თუ არა ნიდერლანდებთან. მათია PHILIPS რომელიც გამოირჩევა ხარისხით. მისი წვერის საპარსი საუკეთესოა მსოფლიოში, ტელევიზორი ბევრად სჯობს სხვა ევროპულ ანალოგებს. ის ასევე ლიდერია LED ნათურების წარმოებაშიც. ტერიტორიით უფრო დიდი, მთაგორიანი საქართველოს საავტომობილო გზების საერთო სიგრძე 20 ათასი კილომეტრია, ნიდერლანდების 140 ათასი. ველოსიპედით მგზავრობის კულტურა კი ამ ქვეყანაშია ყველაზე მეტად განვითარებული. დედაქალაქში მოსახლეობის 40% რეგულარულად სარგებლობს ველოსიპედით. 600-ზე მეტი არხის, 1500-ზე მეტი ხიდის, წითელი ფარნების კვარტლის, რემბრანტისა და ვან გოგის ნახატების, ტიტების, ქარის წისქვილების სანახავად ან კანაფის ლეგალურად მოწევისათვის ქვეყანას იმდენი ტურისტი სტუმრობს, რომ მათ შესამცირებლად ფასს ხელოვნურად სწევენ. 850 ათასიანი ამსტერდამი წელიწადში 4.5 მილიონ ტურისტს იზიდავს. საფეხბურთო კლუბი „აიაქსი“ 4-ჯერ, „ფეინორდი“ და „ეითჰოვენი“ კი თითოჯერ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

ლუქსემბურგის ფართობი სულ რაღაც 2600 კვადრატული კილომეტრია, ეს არ უშლის ხელს იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, 172 სახელმწიფოსთან ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა. შემოსავლებით მხოლოდ ყატარს ჩამორჩება, განვითარებულია საბანკო ინდუსტრია, ტელეკომუნიკაცია და ტურიზმი.

ირლანდია-ირლანდია ზომით საქართველოს 0.8%-ით აღემატება და ამიტომ გადავწყვიტე გამონაკლისის სახით მისი შეყვანა განხილვაში. ბრიტანეთის 7 საუკუნოვანი ბატონობის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1922 წელს მიიღო, რესპუბლიკად 1949 წელს გამოცხადდა, თუმცა მისი ისტორიული ნაწილი ჩრდილო ირლანდია 14 ათასი კვადრატული კილომეტრის ფართობითა და 1.6 მილიონიანი მოსახლეობით კვლავ გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაშია. ირლანდია შემოსავლებით ევროპაში მეორეა ლუქსემბურგის შემდეგ. დიახ ის უსწრებს შვეიცარიასაც და ნორვეგიასაც. მსოფლიოში კი მე-7. ჩამორჩება მხოლოდ ყატარს, იმავე ლუქსემბურგს, მაკაოს, სინგაპურს, ბრუნეისა და ემირატებს. ანუ მხოლოდ რესურსებით მდიდარ და სპეციფიკურ ქვეყნებს. მშპ-ს ფორმულა მარტივია, მაგრამ დათვლა რთული. ნომინალურის გამოთვლა უფრო იოლია, რიცხვები პირდაპირ ჩანს, თუმცა PPP მეთოდი უმჯობესია შესადარებლად რადგან 100 დოლარს სხვა ფასი აქვს საქართველოში, სხვა ინდოეთში და სხვა ნორვეგიაში. გამოანგარიშებისას ითვალისწინებენ ინფლაციას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სიზუსტისთვის თუ რამდენჯერ გაიზარდა ეკონომიკა დროის გრძელვადიან მონაკვეთში საჭირო ხდება საბაზისო წელის შემოღება და 2 მონაცემის მასთან შედარება. ამ მეთოდით ვგებულობთ რომ 1990-2016 წლებში სინგაპურის ეკონომიკა 2.37-ჯერ გაზრდილა, ნორვეგიის 1.5-ჯერ, აშშ-სი 1.44-ჯერ, ირლანდიის კი 2.89-ჯერ. 1990 წელს ირლანდია მხოლოდ 33-ე ადგილზე იმყოფებოდა. 1970 წელს ვენესუელაც კი უსწრებდა. ისმება ლოგიკური კითხვა, როგორ მოახერხეს ეს? აზიური ვეფხვებს გავლენით ქვეყანას კელტური ვეფხვიც კი უწოდეს. კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემაა, მთავრობის ხარჯი 1986-2015 წლებში 55-დან 35 პროცენტამდე შემცირდა, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 35-დან 20 პროცენტამდე, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით პირველია ევროპაში და მეშვიდე მსოფლიოში, ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში კი მხოლოდ სინგაპურს ჩამორჩება. გამარტივებული რეგულაციები, წინსვლის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია. ქვეყანა მე-7 ადგილს იკავებს სასამართლო დამოუკიდებლობის და განათლების სისტემის რეიტინგში. ეს უკვე ბევრზე მეტყველებს. არც ისე შორეულ წარსულში ქვეყანამ აქცენტი მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკაზე გააკეთა და არც უნანია. INTEL პროცესორებს ირალნდიაში აწარმოებს, ირლანდიაშია ასევე გახსნილი „MICROSFT”, „FACEBOOK“, „TWITTER,“ „LINKEDIN“-ის ევროპული შტაბბინები. ამის ერთ-ერთი მიზეზი აშშ-სთან სიახლოვეა, თუმცა აშშ-დან პირდაპირი მანძილი პორტუგალიასთან უფრო ახლოსაა. სავარაუდოდ აქ აშენდება ტესლას gigafactory 2, ირლანდიას ჰავა არ უწყობს ხელს. 2016 წელს განხორციელდა ეკონომიკის 27%-ის მოცულობის უცხოური ინვესტიცია და ამ მხრივ მხოლოდ ჰონგ-კონგს ჩამორჩა. 2015 წელს ინვესტიციებმა მშპს 70%-ს ხოლო თავად მშპ-ს ზრდამ 26%-ს გადააჭარბა მაგრამ ეს გამოწვეული იყო რიგი საერთაშორისო კომპანიების ირლანდიაში გადარეგისტრირდა.

შვეიცარია-ყველა ქართველისთვის და არა მარტო მათთვის საოცნებო ქვეყანა. ესეც ჩვენზე პატარაა და ზღვაზე გასასვლელიც არ გააჩნია. მუდმივად ჩნდება კითხვა რამ აიძულა ჰიტლერი, რომ დაეცვა მისი ნეიტრალიტეტი. შვეიცარია არც ფარულად არც ღიად მოწინააღმდეგე მხარეს არ ეხმარებოდა, გარდა ამისა საიმედოდ იყო დაცული საბანკო აქტივები. იყო კი ეს ამორალური საქციელი? სრულიადაც არა, ევროპის გულში მდებარე ქვეყანამ მოახერხა ნგრევისა და ათიათასობით, თუ ასიათასობით არა მსხვერპლის თავიდან აცილება. დღეს შვეიცარია შემოსავლების მხრივ მერვე ადგილზეა მსოფლიოში, ნომინალურით მეორეზე, მაგრამ როგორც იტყვიან კარგი ცხოვრება ძვირია. მეორეზეა ადამიანური განვითარების ინდექსით, მეექვსე წელია ლიდერობის პოზიციას არ თმობს კონკურენტუნარიანობის ინდექსში, პირველზეა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ, მეოთხეზე სასამართლო დამოუკიდებლობის მხრივ, ლიდერია განათლების სისტემასა და ინფრასტრუქტურულ გარემოს შეფასებითაც. ასევე პირველია ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობით, მესამე ტექნოლოგიებზე წვდომით. საშუალოსტატისტიკური შვეიცარიელი, საშუალოსტატისტიკურ ქართველზე 9 წლით მეტს ცოცხლობს, 83.4 ამ კომპონენტშიც მხოლოდ იაპონიას ჩამორჩება რამდენიმე თვით. საკმარისია ეს მშრალი ციფრები შვეიცარიის აღსაწერად? არა, არა და არა. საბანკო სისტემის ნდობა იმდენად მაღალია, რომ საერთაშორისო ანაბრების მოცულობა უარყოფითმა საპროცენტო განაკვეთებმაც კი ვერ შეამცირა. -0.2% 2016 წლის საშუალო შეწონილი განაკვეთი. ერთადერთი მსოფლიოში. 2015 წელს ქვეყანას 9.3 მილიონი ტურისტი ეწვია, მეტი ვიდრე ეგვიპტეს. სირცხვილია, როდესაც ქართულ მთის კურორტებს სადაც დღემდე ვერ ხერხდება 24 საათიანი წყალმომარაგება ვადარებთ შვეიცარიის ალპებს. საქართველოში ნაგვის გადაგდებას ჯერჯერობით ვერ შველის ჯარიმა, შვეიცარიაში ნაგვის დაუხარისხებლად გადამგდებს აჯარიმებენ. საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ ექნება rolex-ის საათის ღირებულების სახლი. მისი მხოლოდ ბრენდის ღირებულება 8.7$ დოლარია ლამის საქართველოს 2 წლის ბიუჯეტი. გაყიდვები 4.7$ საქართველოს 2 წლის ექსპორტი. შვეიცარიული წარმოება საათებით არ შემოიფარგლება, ის ასევე ცნობილია შოკოლადითა და რძის ნაწარმით. Stadler-ის ორსართულიანი მატარებელიც შვეიცარიულია, რომელსაც გვირაბში გაჭედვა ფიქრადაც არ მოსვლია. შვეიცარია ჩემპიონია რეფერენდუმთა ოდენობით, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გადის რეფერენდუმზე. 2014 წელს მოსახლეობის 76%-მა უარი განაცხადა მინიმალური ხელფასის საათში 22 ფრანკამდე გაზრდას, 43 ლარი იმდროინდელი კურსით დღევანდელი 55 ლარი, 2 წლის შემდეგ კი ყოველთვიურ 2500 ფრანკზე (5500 ლარი იმ დროისთვის, დღეს 6300) რომელსაც მიიღებდა ყველა წინაპირობების გარეშე. ამჯერად 78% გამოვიდა წინააღმდეგ. ადვილი წარმოსადგენია რა შედეგები დადგებოდა საქართველოში 4.3 ლარიან მინიმალურ ხელფასსა და 550 ლარიან ყოველთვიურ საჩუქარზე. აი ასეთ განვითარებულ სახელმწიფოში ფუნციონირებს ჰიდროელექტროსადგური „Grande Dixen Dame” სიმძლავრით 2069 მეგავატი, რაც მეტია ვიდრე ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი, ნამახვანჰესი, შუახევხესი და ონის ჰესების კასკადი ერთად აღებული. წყალსაცავის მოცულობა კი ცალკე აღებულ ხუდონჰესს-პროექტებიდან ყველაზე დიდს, 16-ჯერ აჭარბებს.
ისრაელი-მხოლოდ ევროპაში არ გვჯობნიან პატარა სახელმწიფოები. ვინ აღარ შემოსევია საქართველოს ქრისტემდე და ქრისტეს მერე, წარმართები, მუსულმანები და ერთმორწმუნეები, ოთხივე მხრიდან, მაგრამ ის დევნა რაც ებრაელებმა გადაიტანეს მაინც სულ სხვაა. ქრისტეს ჯვარცმის მიზეზითო იტყვის ბევრი, მაგრამ ესეც მითია. ნაბუქუდონოსორი 6 საუკუნით ადრე ცხოვრობდა ქრისტემდე, და როცა რომაელებმა 70 წელს გადაწვეს იერუსალიმი, იმ დროს რომში ქრისტიანებს ჯვარზე აკრავდნენ. დევნამ ნაცისტების დროს აპოგეას მიაღწია, თორემ არც სხვა დროს, სხვაგან ინდობდნენ. ამ კუთხით გადაჭარბების გარეშე მართლაც გვაქვს საამაყო. უძველესმა სახელმწიფომ მიწების დაბრუნება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოახერხა, ფართობით ჩვენზე 3.5-ჯერ პატარა ტერიტორიაზე, რომლის დიდი ნაწილი უდაბნოა. სამგიეროდ მოსახლეობა 8.7 მილიონს აღწევს. ქვეყანა რომელსაც არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები, სასმელ წყალსაც კი ზღვისგან ამტკნარებს, მუდმივი კონფლიქტის გამო მეზობლებთან იძულებულია მშპ-ს 5.6% დახარჯოს თავდაცვაზე, შემოსავლებით ესპანეთსა და პორტუგალიას აჭარბებს. დაპირისპირებებმა მეზობლებთან აიძულა ქვეყანა დაეწყო იარაღის წარმოება, რაც შემდგომ წარმატებით გაიტანა ექსპორტზე. „დელტა“ ჩვენც გვაქვს. როდესაც ჰოლოკოსტის ერთ-ერთი შემოქმედი ადოლფ აიხმანი 1960 წელს არგენტინიდან ცოცხლად მოიტაცეს, ისრაელის სახელმწიფო ჯერ კიდევ 12 წლის იყო, 2003 წელს ქართულ არმიას შეიარაღების კი არა ჩაცმისა და კვების პრობლემა აწუხებდა.

აზიური ვეფხვები-აერთიანებს 4 სახელმწიფოს: ჰონკონგს, სინგაპურს, ტაივანსა და სამხრეთ კორეას. პირველი 3 საქართველოზე პატარაა, თუმცა მოსახლეობით ოთხივე გვჯობნის. ჰონკონგი, ოფიციალურად ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი. ბრიტანეთისგან ჩინეთს გადაეცა 1997 წელს. შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ არ შეცვლილა სისტემა. 1100 კვადრატული კილომეტრის ფართობის ქალაქ-სახელმწიფოში მაღალია განათლების სისტემის ხარისხი და ცხოვრების დონე. 58500$-იანი შემოსავლით მეათე ადგილზე იმყოფება და 1 საფეხურით უსწრებს აშშ-ს. სინგაპურმა დამოუკიდებლობა 1965 წელს მიიღო და ეს არ იყო აღდგენა, იქამდე არასდროს ყოფილა ცალკე. 700 კვადრატული კილომეტრის მქონე ღარიბმა ქვეყანამ, რომელსაც სახელმწიფოებრიობის ისტორიაც არ გააჩნდა ნახევარ საუკუნეში უმდიდრეს ქვეყნად ქცევა მოახერხა, თუმცა ამ რეფორმებს ზოგიერთის გამოხატვის თავისუფლება კი არა სიცოცხლეც ემსხვერპლა. ამ და კიდევ რამდენიმე მიზეზის გამო სინგაპურიზაცია საქართველოში ვერ მოხდება. ოფიციალურად არც ტაივანია დამოუკიდებელი, მაგრამ დე ფაქტოდ არსებობს, ოღონდ მართლა დამოუკიდებელი განსხვავებით აფხაზეთისგან. ქვეყანა ფართობით საქართველოს ნახევარია, მოსახლეობით 22 მილიონი. გამოირჩევა ტექნოლოგიის ექსპორტით. „ბურჯ ხალიფას“ გახსნამდე „ტაიპეი 101“ ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენად. კორეა ჩვენზე 1.5-ჯერ დიდია და ამიტომ მასზე მხოლოდ ერთს ვიტყვი ჯერ კიდევ 50 წლის წინ საშუალო კორეელი უფრო მეტად ღატაკი იყო ვიდრე 20 წლის წინ საშუალო ქართველი.

ამ ქვეყნების გარდა საქართველოზე უფრო მდიდარია ევროპიდან პატარა მალტა და კვიპროსი რომლის 37% თურქეთის მიერაა ოკუპირებული. აზიაში ასევე ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი, ჰონკონგის 10%-მაკაო. სამხრეთ ამერიკაში 13-ჯერ პატარა ტრინიდადი და ტობაგო, 43 000 კაციანი სენტ კისტი და ნევისი, ბაჰამის კუნძულები, ანტიგუა და ბარბუდა, ბარბადოსი, კოსტა-რიკა, დომენიკელთა რესპუბლიკა. ასეთი ქვეყანა ოკეანეთშიც კი მოიძებნა. არც მეტი არც ნაკლები ნაურუ. სწორედ ის ნაურუ აფხაზეთი რომ აღიარა, ის ნაურუ ამის გამო ტრამპმა რომ დაფინანსება შეუწყვიტა, ის ნაურუ რომლის ფართობის სულ 21 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა 10 000 და მთავარი საექსპორტო პოტენციალი გადამფრენი ფრინველების სკლინტი. გვისწრებს მთელი 14 საფეხურით.

საქართველოს შემოსავლებით 105 სახელმწიფო უსწრებს, მათგან მესამედი 35 ფართობით ჩვენზე პატარაა, 18 მოსახლეობით პატარა, 17 პატარა როგორც მოსახლეობით ასევე ფართობით. ჩამონათვალში არ შედის ისეთი ჯუჯა სახელმწიფოები როგორებიცაა: ანდორა, სანმარინო, მონაკო და ლიხტენშტეინი.

დგინდება, რომ მდიდარი შეიძლება იყოს ყოფილი კოლონიაც, ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრიც, ტერიტორიული კონფლიქტის მქონეც, რუსეთის მეზობელიც და რესურსებით ღარიბიც. ეს რეალური მაგალითები გვეუბნება, რომ ყველაფერი შესაძლებელია. დღეს ბრიტანეთს უსწრებს აშშ-ც, ირლანდიაც, ჰონკონგიც, ავსტრალიაც. რუსეთს ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო, პოლონეთი და ფინეთი, ისლანდია დანიას, ავსტრია კი გერმანიას. ჩვენც შეგვიძლია. საჭიროა დროსა და სივრცეზე მორგება. განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა განათლებისთვის, ტექნოლოგიების დანრეგვა-მხარდაჭერა, კანონის უზენაესობის დაცვა, ოღონდ ჯერ უნდა შევთანხმდეთ რატომ ვიღებთ ამა თუ იმ კანონს, მოაქვს რამე სარგებელი, გვიცავს რამე საფთხისგან თუ არა. ინსტიტუციების პატივისცემა, ბიოროკრატიის შემცირება. იმ რესურსის გამოყენება რაც გაგვაჩნია-წყალი. წინ ხანგრძლივი და რთული გზაა, თუმცა გასავლელად შესაძლებელი.

ბიბლიოგრაფია:
www.wordldbank.org
www.weforum.org
www.who.int