ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში ახალი რეგულაციები აამოქმედა
კაპიტალის ბაზრის რეფორმის და ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანიების მარეგულირებელი ორი ახალი წესი – “საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესი” და “მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესი” შეიმუშავა.
აღნიშნული რეგულაციების მიზანი სექტორში არსებული საშუამავლო მომსახურების სტანდარტის ამაღლება, არსებული და პოტენციური ინვესტორების ინტერესების დაცვა და მათ მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაა.
აღსანიშნავია, რომ დადგენილი მოთხოვნები სრულად პასუხობენ სექტორში არსებულ გამოწვევებს და ამასთან, ასახავენ ევროკავშირის დირექტივების, ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOSCO) და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის (ESMA) რეგულაციების პრინციპებს.
საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესის მიხედვით, გაიზარდა და დაიხვეწა საბროკერო კომპანიების სალიცენზიო მოთხოვნები, განისაზღვრა საბროკერო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები, ასევე მოთხოვნები უცხოური საბროკერო კომპანიის ფილიალის მიმართ. საბროკერო კომპანიებს დამატებით განესაზღვრათ მოთხოვნები კლიენტების სახსრებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ადმინისტრირებასა და განკარგვასთან დაკავშირებით, ასევე აღნიშნული აქტივების დამატებითი კონტროლის მექანიზმები და საბროკერო კომპანიის მოვალეობები კლიენტებთან ურთიერთობისას. დაწესდა სპეციფიური მოთხოვნები პროგრამული უზრუნველყოფის, სავაჭრო პლატფორმების, სისტემების, რესურსების, ინფორმაციული უსაფრთხოების, ასევე ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პოლიტიკებისა და პროცედურების, მათი მონიტორინგისა და შიდა კონტროლის მექანიზმების მიმართ. აღსანიშნავია, რომ ახლადამოქმედებულმა რეგულაციამ ჩაანაცვლა “საბროკერო კომპანიის ლიცენზირების, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრისა და ფინანსური ანგარიშგების წარდგენის შესახებ” წესი.
რაც შეეხება, მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესს, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვის წინ ე.წ. ფორექს საქმიანობა დაექვემდებარა ეროვნული ბანკის რეგულირებას და დღეს ეს საქმიანობა განიხილება საბროკერო კომპანიის ლიცენზიის შემადგენელ ნაწილად, საჭირო გახდა აღნიშნული სეგმენტისთვის დამახასიათებელი განსხვავებული რეგულაციის შექმნა. აღსანიშნავია, რომ ფორექს საქმიანობა გამოირჩევა მაღალი ფინანსური, საოპერაციო და რეპუტაციული რისკებით.
შემუშავებული წესის მიზანია მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით (კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე, იგივე CFD, ბინარული ოფციონები) ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიებისთვის დამატებითი პრუდენციული მოთხოვნების დაწესება.
დოკუმენტის შესაბამისად, საბროკერო კომპანიებს დაუწესდათ სხვადასხვა სახის შეზღუდვები და, ამავე დროს, დაეკისრათ საოპერაციო და ბიზნეს პროცესების თანმიმდევრული შესრულების ვალდებულება. აიკრძალა საცალო კლიენტებისთვის ბინარული ოფციონების შეთავაზება და მიყიდვა, ასევე, შეიზღუდა საკრედიტო მხარე CFD-ებით ვაჭრობისას. რისკიანი პროდუქტებით კლიენტებთან პოზიციონირებისას აუცილებელი გახდა გარკვეული სტანდარტების დაცვა, კერძოდ: კლიენტთან ურთიერთობისას და პროდუქტის რეკლამირებისას სავალდებულო გახდა პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების გამჟღავნება, დაწესდა ხელშეკრულების პირობების მინიმალური სტანდარტი, საცალო კლიენტებისთვის აიკრძალა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ფულადი ან არაფულადი წახალისებების (ბონუსი და მსგავსი შინაარსის პროდუქტები) შეთავაზება.
კომპანიებს, რომლებიც წარმოადგენენ მხარეს ფორექს პლატფორმაზე ვაჭრობისას და თავად ევაჭრებიან კლიენტებს, განესაზღვრათ დამატებითი მოთხოვნები ლიკვიდურობის თვალსაზრისით და დაუწესდათ შესაბამისი ლიმიტები.
ახალი წესების დამტკიცებას წინ უძღოდა კონსულტაციები საერთაშორისო ექსპერტებთან და საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებთან. პროექტების საბოლოო ვერსიებში გაზიარებულია ყველა საგულისხმო და მნიშვნელოვანი მოსაზრება.
წესების შესრულება სავალდებულოა ყველა ლიცენზირებული საბროკერო კომპანიისთვის, თუმცა გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი სირთულეებიდან გამომდინარე, მოქმედ საბროკერო კომპანიებს განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რომლის ფარგლებშიც დაევალათ საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
წყარო: nbg.gov.ge