წიგნით ვაჭრობის განვითარება საქართველოში
გიორგი ქოქოშივილი
წიგნით ვაჭრობას უაღრესად დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ამ პრობლემის შესწავლა ფრიად აქტუალურია. საქმე ის არის, რომ საერთო ეკონომიკური კრიზისისა და ცხოვრების დონის დაქვეითებისას ინტერესი წიგნიერებისადმი, ბუნებრივია, ძალიან კლებულობს. ამიტომ, ქართული უძველესი კულტურის ერთ-ერთი მთავარი მატერიალური საფუძვლის – წიგნის საქმის აღორძინების და განვითარებისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
პირველი ქართული წიგნი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ი. ცურტაველის “შუშანიკის წამებაა”. იგი მეხუთე საუკუნით თარიღდება და სანამ პირველი ქართული წიგნი დაიბეჭდებოდა, თორმეტმა საუკუნემ განვლო. ეს ქართულ-იტალიური ლექსიკონი იყო, რომელიც 1699 წელს ნიკიფორე ირბახის (ერისკაცობაში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი) ხელშეწყობით წიგნის ბეჭდვის გამოგონებიდან 189 წლის შემდეგ რომში დაიბეჭდა. ნიკიფორე ირბახი 1626-1629 წლებში თეიმურაზ პირველის ელჩი იყო რომის პაპთან. სწორედ ამ წლებიდან იწყება ქართული დაბეჭდილი წიგნის ისტორია. 1705 წელს არჩილ II-მ და მისმა შვილმა ალექსანდრემ მოსკოვში დაბეჭდეს “დავითნი”.
საქართველოში პირველად, თბილისში გახსნილ სტამბაში ვახტანგ VI ხელშეწყობით 1709 წელს დაიბეჭდა “სახარება”, 1712 წელს კი – “ვეფხისტყაოსანი”. ამის შემდგომ, ნელ-ნელა განვითარებას იწყებს წიგნის ბეჭდვითი საქმიანობა, რამაც მე-18 საუკუნის დასაწყისიდანვე ნაბეჭდი წიგნი ძლიერ გააიაფა და ხელნაწერზე 8-10- ჯერ ნაკლები გახდა. ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ საქართველოში დაბეჭდილი წიგნების ტირაჟი საოცრად დიდი იყო. როგორც წესი, საეკლესიო წიგნები 1000 ეგზემპლარის ოდენობით იბეჭდებოდა, ხოლო ისეთი წიგნები, როგორიცაა: “სახარება”, “დავითნი”, “სამოციქულო”, “ლოცვანი” მეორეჯერ და მესამეჯერაც დიდი რაოდენობით გამოიცემოდა ხოლმე. რამდენადაც წიგნის გამოცემის საქმე თანდათან ვითარდებოდა და წიგნებიც მრავლად გროვდებოდა, იმდენადვე ყალიბდებოდა წიგნით ვაჭრობა – ჩნდებოდნენ წიგნის დამტარებელ-გამავრცელებელნი.
საქართველოში, კერძოდ, თბილისში წიგნით ვაჭრობის ძველი ცენტრი (XVII-XVIII ს.ს.) სიონის ტაძრის გასწვრივ ყოფილა. მოგვიანებით, XIX-ის 60-70-იანი წლებიდან წიგნით ვაჭრობა ალექსანდრეს ბაღის აღმოსავლეთით მდებარე ქუჩაზე გამოდის. ამ დროიდან “აქ, თუჯის მოაჯირზე რუსეთიდან ჩამოსული მოსიარულე წიგნით მოვაჭრენიც გამოფენდნენ ხოლმე სხვადასხვა იაფფასიან წიგნებსა და სურათებს, რომელთაც მაშინ საკმაოდ ჰყოლია კლიენტი”.
მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებამდე თბილისში წიგნის არც ერთი სპეციალური მაღაზია არ იყო. ამ პერიოდში, უპირატესად სასწავლებლებში და ისიც გარკვეულ დღესა და საათებში იყიდებოდა სასწავლო-სახელმძღვანელო წიგნები. წიგნის დამტარებელს მხოლოდ ბაზარში თუ შეხვდებოდა კაცი.
თბილისში პირველი წიგნის დიდი მაღაზია 1840 წელს გაიხსნა. წიგნით ვაჭრობის პიონერებად ძმები ენფიანჯანცები ითვლებიან. ისინი უმთავრესად ქართული, რუსული და სომხური წიგნებით ვაჭრობდნენ.
მეცხრამეტე საუკუნის 40-იანი წლებიდან რამდენადმე გამოცოცხლებული წიგნის ვაჭრობა ყირიმის ომის წლებში შესამჩნევად მინელებულა, მაგრამ 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან კვლავ გამოცოცხლებულა. ამ მხრივ აღსანიშნავია 1857 წელს გახსნილი გ. ბერენშტამის წიგნის მაღაზია, რომელმაც ამ პატრონის ხელში დიდი განვითარება ჰპოვა. ბერენშტამმა ამ საქმის შესასწავლად და წიგნების შესაძენად რამდენჯერმე ევროპაშიც იმოგზაურა.
1863 წელს იხსნება ს.ტერ-მიქაელიანის წიგნის მაღაზია, რომლის გახსნასაც ილია ჭავჭავაძემ სპეციალური სტატია უძღვნა. ამ მაღაზიაში თითქმის ყოველგვარი წიგნი (ქართულ და უცხო ენებზე დაბეჭდილი) იყიდებოდა.
1878 წელს არსდება ს. ჭიჭინაძისა და გრ. ჩარკვიანის წიგნის მაღაზიები, სადაც უმეტესად ქართული წიგნები იყიდებოდა. ამავე დროს ქართულ პერიოდულ გამოცემათა რედაქციებიც პატარ-პატარა “წიგნის მაღაზიებს” წარმოადგენდნენ. “ცისკრის” (1852-1875), “საქართველოს მოამბის” (1863), “დროების” (1866-1885), “ივერიის” (1877 წლიდან) და სხვათა რედაქციებში ქართული წიგნები ჩვეულებრივ იყიდებოდა. რედაქციების, სტამბების და წიგნის მაღაზიების გარშემო მაშინ თავს იყრიდა მთელი პროგრესული საზოგადოება, რომელიც იმავე დროს წიგნის მთავარი მომხმარებელიც იყო.
1879 წლის 31 მარტს თბილისში ფუძნდება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადება”, რომლის წესდების თანახმად: “საზოგადოება შეადგენს თავის სამწიგნობროს, როგორც თავისთვის, ისე ხალხისთვის საკითხავად, აგრეთვე დახსნის წიგნების საწყობებს, რაც მუქთად და ფასით იქნება დასარიგებელი”. ეს საზოგადოება უმთავრესად საბავშვო, სახალხო და სასწავლო-პედაგოგიური ხასიათის წიგნებს გამოცემაზე იყო ორიენტირებული.
აღნიშნულმა საზოგადოებამ წიგნის სარეალიზაციოდ ვაჭრობის ქსელი შექმნა. გარდა საწყობებისა და მაღაზიების გახსნისა, “გაიჩინა აგრეთვე წიგნის გამავრცელებელი აგენტების ქსელიც”. საზოგადოება წიგნებს გასაყიდად ნებისმიერ მსურველს აძლევდა და, როდესაც გამოირკვა, რომ წიგნზე მოთხოვნილება იმიერ საქართველოში უფრო მეტი იყო, საზოგადოებამ ქართლ-კახეთში სპეციალური დანიშნულების მუშაკი (აგენტი) დაიქირავა (მოსიარულე წიგნით მოვაჭრე), რომელსაც თვეში 20 მანეთს და გაყიდული წიგნების 10%-ს აძლევდა.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების პირველსავე წლებში შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც თავის სპეციალურ საქმიანობად წიგნის გამოცემა და გავრცელება ჰქონდა დასახული. ეს იყო “წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა ამხანაგობა”, რომელიც ყოველწლიურად გამოსცემდა ათეული დასახელების წიგნს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში, ანუ მე-19 საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის წიგნის გამოცემა საქართველოში 6025 ეგზემპლარიდან 334160 ეგზემპლარამდე, ე.ი. 55-ჯერ (და უფრო მეტად) გაიზარდა.
“წიგნის გამომცემელმა და გამავრცელებელმა ქართველთა ამხანაგობამ” თავისი წიგნების სარეალიზაციოდ 1891 წელს შექმნა საკუთარი გამავრცელებელი ქსელი, რომელიც ავრცელებდა, როგორც თვით ამხანაგობის, ისე ყველა სხვა გამომცემელთა პროდუქციას შემდეგ დასახელებულ პუნქტებში: სოხუმი, ბათუმი, ფოთი, ოზურგეთი, სუფსა, ქუთაისი, რიონი, ზესტაფონი, ხარაგაული, ხაშური, გორი და მისი რაიონი, ახალციხე, თელავი, განჯა და განჯის რაიონი, ყარსი და სხვა.
ამავე 1891 წელს ამხანაგობის წიგნით ვაჭრობის წლიური ბრუნვა 50000 მანეთს აღწევდა3. აღსანიშნავია, რომ თავისი პროდუქციის გავრცელება-რეალიზაციას “ქართველ გამომცემელთა და გამავრცელებელთა ამხანაგობაც”, ისე როგორც “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება” უფრო დასავლეთ საქართველოში ახერხებდა, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში4.
მე-19 საუკუნის ბოლოსთვის მთელი საქართველო ქართული წიგნის გამავრცელებელი ქსელით იყო მოფენილი, ხოლო 1900 წლისათვის თბილისში წიგნის 60-ზე მეტი მაღაზია და კიოსკი იყო.
“წიგნის გამომცემელმა და გამავრცელებელთა ქართველთა ამხანაგობამ” ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად საქართველოში დიდი როლი ითამაშა, რაც წიგნის საქმის განვითარებაში. ეს როლი შემდგომში მდგომარეობდა:
– შეიქმნა განსაზღვრული ძალა, რომელსაც წიგნის გავრცელების სტიმულირების მიზნით შეეძლო ეწარმოებინა მოლაპარაკებები სახელმწიფო ორგანოებსა და სამსახურებთან წიგნის პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე;
– შეიქმნა წიგნის პროდუქციის რეალიზაციის განსაზღვრული საშეღავათო ან გამკაცრებული პირობები კონკრეტულ ფაქტორებზე დამოკიდებულებით;
– განისაზღვრა წიგნით ვაჭრობის ფორმები, მეთოდები, პირობები და ეკონომიკური ურთიერთობები წიგნის სარეალიზაციო სუბიექტებს შორის.
“წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ქართველთა ამხანაგობა” დაკავებული იყო წიგნით ვაჭრობის ტექნოლოგიასა და ორგანიზაციასთან დაკავშირებული რიგი საკითხების გადაჭრით, რაც გამოიხატებოდა შემდეგში:
– წიგნის რეალიზაციის ერთიანი საფასო და სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაში;
– წიგნის გამომცემელთა და მოვაჭრეთა შორის ეკონომიკური ურთიერთობების პრინციპების შემუშავებაში;
– იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც ეხებოდა წიგნით საბითუმო ვაჭრობის სასაწყობო და სატარო მეურნეობის განვითარებას, მის განთავსებას ქვეყნის ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით;
– წიგნის პროდუქციის დეფიციტისა და მისი ჭარბი სასაქონლო მარაგის რეგულირების მიზნით დისპროპორციების აღრიცხვისა და კონტროლის წარმოებაში.
ზემოხსენებულ ორგანიზაციათა გარდა, აღნიშნული პერიოდის ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა და განვითარდა სხვადასხვა კერძო სავაჭრო-საგამომცემლო ორგანიზაციები, რომელთა ნაწილმა 1920-1921 წლებამდეც მოაღწია. გარდა ამისა, წიგნის სავაჭრო-საგამომცემლო დაწესებულებების გამრავლებამ გამოიწვია მისი გავრცელების მეთოდებისა და რეკლამის განვითარებაც. ამ დროიდან მოყოლებული ქართული ჟურნალ-გაზეთები ინტენსიურად აქვეყნებდნენ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა განცხადებებს.
წიგნის პროდუქციის მოზღვავებამ წიგნით მოვაჭრე სუბიექტების ახალი ტიპის – ბუკინისტების წარმოშობა- ფორმირებაში მასტიმულირებელი როლი შეასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართული წიგნი ბუკინისტური ვაჭრობის საგანი მასობრივად მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოდან გახდა, განსაკუთრებით 1905 წლის რევოლუციის შემდეგ. საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდა ფასეულობათა ერთგვარი გადაფასება. სწორედ ამ გარემოებამ შეუწყო ხელი ძველი წიგნების დიდი რაოდენობით გასაყიდად გამოტანას. აღნიშნულმა ტენდენციამ განსაკუთრებული სიძლიერით 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იჩინა თავი. ბუკინისტებთან აუარებელი წიგნი გაჩნდა, იყო შემთხვევები, როდესაც კერძო ბიბლიოთეკები მთლიანად იყიდებოდა. შემდგომში ძველი წიგნით ვაჭრობის საქმეს სახელმწიფო სექტორმაც მიაქცია ყურადღება და პირველი ქართული სახელმწიფო ბუკინისტური წიგნის მაღაზია 1929 წელს გაიხსნა, რომელსაც გასაგები მიზეზების გამო “საბჭოთა ბუკინისტი” უწოდეს.
სამწუხაროდ, საქართველოში წიგნით ვაჭრობის პრობლემებზე და კერძოდ, ბუკინისტურ ვაჭრობაზე პუბლიკაცია ძალიან მწირია, რაც გამოსწორებას საჭიროებს. მიგვაჩნია, რომ ბუკინისტური წიგნი ცოდნას, კულტურის გავრცელებას, გარკვეული გაგებით, მის აღდგენა-განახლებას და განმტკიცებას ემსახურება. ვინ უწყის, ძველ წიგნებში რამდენი მივიწყებული და ჩვენი დროებისთვის ფრიად საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა შემონახული, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს აღმშენებლობისათვის.
წიგნით ვაჭრობის განვითარების განსაკუთრებულ ეტაპს 1917-1990 წლები წარმოადგენს. ამ პერიოდს წიგნის ისტორიის სპეციალისტები განიხილავენ, როგორც “ერთადერთ სწორს, რომელსაც შეუძლია გაუძლოს ნებისმიერ კრიტიკას. ამ დროის განმავლობაში საქართველო სსრ კავშირის შემადგენელი ნაწილი იყო და წიგნით ვაჭრობა ისე, როდესაც სხვა საქონლით ვაჭრობა ცენტრალიზებული წესით ხორციელდებოდა.
საქართველოს სსრ-ში წიგნით ვაჭრობის საქმეს “საქწიგნი” განაგებდა. იგი 1934 წელს დაარსდა და რესპუბლიკის ყველა საგამომცემო თემატურ გეგმას ამუშავებდა, გარდა ამისა, წიგნით ვაჭრობის საკავშირო ცენტრიდან (ქ. მოსკოვი) 70-ზე მეტი დასახელების თემატურ გეგმას ღებულობდა. საქართველოში შემოდიოდა როგორც სოციალისტური ქვეყნების, ისე კაპიტალისტურ და განვითარებად ქვეყნებში გამოცემული წიგნები.
“საქწიგნს” ჰქონდა წიგნის მაღაზიების ფართო ქსელი, როგორც თბილისში, ისე რესპუბლიკის მასშტაბით. 80-იანი წლების ბოლოს მარტო თბილისში მათი რიცხვი 80-ს აჭარბებდა. გარდა ამისა, აჭარაში “საქწიგნის” 15 (მარტო ბათუმში 6), აფხაზეთში 12 (სოხუმში 5); ცხინვალში 4 მაღაზია ფუნქციონირებდა6 . მაღაზიები ფუნქციონირებდა რესპუბლიკის ყველა დიდ ქალაქში. “საქწიგნს” გააჩნდა სპეციალიზებული წიგნის მაღაზიებიც, სადაც იყიდებოდა სპეციალური (მაგ. პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, მხატვრული, ტექნიკური, სამედიცინო, საბავშო და ა.შ.) ხასიათის ლიტერატურა.
“საქწიგნის” გარდა წიგნით ვაჭრობას ეწეოდა ცეკავშირი (საქართველოს სამომხმარებლო საზოგადოებათა ცენტრალური კავშირი), რომელიც წიგნებით ამარაგებდა სოფლის მოსახლეობას.
ძალიან დიდ განვითარებას მიაღწია საგამომცემლო საქმიანობამ, რაც გამოიხატა იმაში, რომ გამოიცა დიდი რაოდენობით წიგნები და ბროშურები.
ამ პერიოდში შეიქმნენ და ფუნქციონირებდნენ შემდეგი გამომცემლობები: “საბჭოთა საქართველო”, “განათლება”, “ნაკადული”, “მერანი”, “ხელოვნება”, “სამშობლო”, “მეცნიერება”, “ქართული საბჭოთა ენციკლოპედია”, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, აგრეთვე “ალაშარა” და “საბჭოთა აფხაზეთი” აფხაზეთში, “საბჭოთა აჭარა” აჭარაში, “ირისტონი” ცხინვალში.
მაშასადამე, მეოცე საუკუნეში წიგნით ვაჭრობამ საქართველოში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა იგი დამოუკიდებლად არ ვითარდებოდა და განიხილებოდა მხოლოდ საბჭოთა წიგნით ვაჭრობის კონტექსტში.
საბჭოთა წიგნით ვაჭრობის ეკონომიკური პრობლემები, ძირითადად, რუსულ ლიტერატურაში აისახებოდა. კერძოდ, ამ პრობლემას მიეძღვნა ათეულობით სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები და სტატიები. მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი მეცნიერული ფასეულობა გააჩნიათ, ეს ნაშრომები წიგნით ვაჭრობის სფეროს იდეოლოგიზაციისა და პოლიტიზაციის პირობებში სრულდებოდა. წიგნით ვაჭრობის ეკონომიკის სფეროში მეცნიერული გამოკვლევების ავტორები მუშაობდნენ მხოლოდ საბჭოთა წიგნის გავრცელების უპირატესობათა რეალიზაციაზე. ამასთანვე მისი ნაკლოვანებები უმთავრესად სუბიექტური მიზეზებით – წიგნით ვაჭრობის ცალკეული სუბიექტების მუშაობაში ხარვეზებით აიხსნებოდა. ამრიგად, წიგნის გავრცელების საბჭოური სისტემის მშენებლობა დაკავშირებული იყო წიგნით ვაჭრობის ძლიერი სახემწიფოებრივი სისტემის შექმნასთან, რომელსაც გააჩნდა როგორც დადებითი, ასევე ნაკლოვანი მხარეები.
სამწუხარო რეალობაა ის, რომ საქართველოში წიგნით ვაჭრობის ეკონომიკის სფეროში სერიოზული გამოკვკლევები არ ჩატარებულა. წიგნით ვაჭრობის საქმის სპეციალისტები საქართველოში არც ადრე მზადდებოდნენ და ეს საქმე არც ახლა ისწავლება. ეს საქმე თვითდინებაზე იყო მიშვებული.
წიგნით ვაჭრობის განვითარების ახალი ეტაპი საქართველოში 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. ამ დროიდან ქვეყნის ეკონომიკა, მათ შორის წიგნით ვაჭრობა საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად რადიკალურ ტრანსფორმაციას განიცდის. შეიქმნა და გაიხსნა მრავალი ახალი გამომცემლობა, რომლებიც საქართველოში წიგნით ვაჭრობის განვითარებას უწყობენ ხელს. განსაკუთრებით წარმატებით მუშაობენ შემდეგი გამომცემლობები: “აზრი” (დაარსების წელი 1993), “არტანუჯი” (2000) “ბაკურ სულაკაური”, “გრასე” (1999), “დიოგენე” (1995), “იდოგისი” (1996), “ოაზისი” (1996), “საარი” (1993) და სხვ. მათ საგამომცემლო პრიორიტეტებს მიეკუთვნება: თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ლიტერატურა, დოკუმენტური პროზა, ისტორიული ლიტერატურა, სახელმძღვანელოების გამოცემა, იურიდიული და სხვა სახის სპეციალური ლიტერატურა, საბავშვო და სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურა, თარგმანები და სხვა.
2002 წელს შეიქმნა პირველი ელექტრონული გამომცემლობა “ტექინფორმი”, რომელიც ლიტერატურას ელექტრონული ფორმატით უშვებს. იგი საქართველოში ტექნიკური – ეკონომიკური ინფორმაციის წამყვან ცენტრს წარმოადგენს. “ტექინფორმთან” არსებობს მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი – “ცოდნის ცენტერი”, სადაც წარმოდგენილია ტექნიკურ-ეკონომიკური წიგნები, თარგმანები, ცნობარები და ა.შ. “ცოდნის ცენტრი” იღებს შეკვეთებს უცხოური ლიტერატურის გამოწერაზე, პერიოდული გამოცემების ხელმოწერაზე, ეწევა საბიბლიოთეკო მომსახურებას, სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის მოძიებას, აწყობს პრეზენტაციებს. აღნიშნულ გამომცემლობებთან ერთად საქმიანობას მეტ-ნაკლები წარმატებით განაგრძობენ ძველი გამომცემლობებიც: “მერანი”, “ნაკადული”, “განათლება” და სხვა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქართული ენციკლოპედიის გამოცემები: “საქართველო” (ტ.შ, 1997), “თბილისი” (2002).
წიგნით ვაჭრობას ეწევიან შპს “საქწიგნის” დაქვემდებარებაში მყოფი წიგნის მაღაზიებიც, ასევე ისეთი პოპულარული წიგნის ახალი მაღაზიები თბილისში, როგორებიცაა: “პარნასი” (გაიხსნა 2002 წ.), “პროსპეროს ბუქს” (1999), “ჯი ენდ ემი” (1996), “შალი” და სხვ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის მაღაზიების პრივატიზაციისას შეიცვალა მათი პროფილი და საგრძნობლად შემცირდა წიგნის მაღაზიების რაოდენობა. ამავე დროს, გაიზარდა პირდაპირ ქუჩებში, თაროებზე გამოფენილი წიგნებით ვაჭრობა. გაუქმდა ცეკავშირის წიგნით ვაჭრობის სამმართველო, რომელსაც ევალებოდა სოფლის მოსახლეობის წიგნებით მომარაგება, რამაც სოფლად წიგნით ვაჭრობის ორგანიზაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
წიგნით ვაჭრობის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს 1996 წელს შექმნილი კერძო პირთა (გამომცემელთა, ავტორთა, რედაქტორთა და ა.შ.) გაერთიანება, რომელსაც “ქართველ გამომცემელთა ასოციაცია” ეწოდა.
1998 წელს იგი გამომცემლობათა-საწარმოთა და ორგანიზაციათა გაერთიანებად გარდაიქმნა და”საქართველოს წიგნის გამომცემელთა” ასოციაცია ეწოდა.
2000 წელს წიგნის გამავრცელებლები (დისტრიბუცია, საბითუმო და საცალო ვაჭრობა) და “საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია” წიგნის პოპულარიზაციას ეწეოდნენ. მან გამომცემელთა და წიგნით მოვაჭრეთა “პროფესიული ეთიკის კოდექსი” მოამზადა რომელიც 2003 წელს მიიღეს. ასოციაციის ძალისხმევით საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რითაც პროფესიული დღე – 23 აპრილი “წიგნისა და საავტორო უფლებების დღედ” დაწესდა.
საქართველოში დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს წიგნის ფესტივალების ჩატარება. ფესტივალის ჩატარებამ საზოგადოებაში წიგნით ვაჭრობის სფეროს მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი გააღვივა, რაც იმის წინაპირობაა, რომ წიგნით ვაჭრობის საქმე საქართველოში კიდევ უფრო მეტ განვითარებას ჰპოვებს. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოებაც – რომ წიგნით ვაჭრობის სფეროს გამოცოცხლება, ძირითადად, დედაქალაქში შეინიშნება, პერიფერიებში კი, ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მიზანშეწონილია წიგნით ვაჭრობის ფესტივალები ჩატარდეს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც ხელს შეუწყობს წიგნის პროპაგანდას და შესაბამისად, წიგნით ვაჭრობის განვითარების შემდგომ აღმავლობას.