საწარმოთა პრივატიზაციის შემდგომი (პოსტპრივატიზაციის) სრულყოფის ამოცანები
ნიკოლოხ ქარჩავა, ვაჟა კაკაბაძე
საქართველოში პრივატიზაციის პროცესის ეტაპობრივმა განვითარებამ ეკონომიკის განვითარებაზე შესაბამისი ზემოქმედება მოახდინა. მაგალითად, პრივატიზაციის ცალკეული ეტაპის დასასრულს, ანუ გარკვეულ პოსტპრივატიზაციულ გარემოს ემთხვევა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მისი გახსნილობის შესაბამისი დონე, რომელიც ასევე აისახება მომსახურების და საწარმოო პროდუქციის კონკურენტუნარიანობაში და საშუალებას იძლევა პირობითად დავყოთ მომსახურების და წარმოების დაღმავალი და შედარებით გამოცოცხლების პერიოდები.
აქედან, 1990-1995 წლები ხასიათდება დაღმავალი ტენდენციით, რაც დაკავშირებულია მომსახურების და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის დაცემასთან და საგარეო ვაჭრობის სუსტად განვითარებასთან, რომელიც თავის მხრივ, გამოწვეული იყო მკაცრი საგარეო ვაჭრობის რეგულირების მექანიზმების არსებობით [პაპავა, კაკაბაძე, 2002, გვ. 42-45] და პრივატიზაციის პროცესში დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომებით. ამ პერიოდში არსებობდა კიდევ ერთი სერიოზული და ძნელად გადასაჭრელი პრობლემა, რაც, ძირითადად, ადამიანების ცნობიერებასთან იყო დაკავშირებული. კომუნისტური წყობის სოციალისტური კანონებით აღზრდილი ადამიანებისათვის ძნელი იყო გათავისება იმისა, რომ ერთობლივი შრომით შექმნილი საერთო ქონება შეიძლებოდა ერთეული ადამიანების ხელში გადასულიყო და ნებისმიერ პიროვნებას მისცემოდა შესაძლებლობა საერთოდან საკუთარი წილი მიეღო (საქართველოს რეალობაში ეს ცნება პირობითია), საკუთარი ქონება სახელმწიფო დიქტატის გარეშე ემართა, ეწარმოებინა მეურნეობა, მიეღო მოგება, რომელიც სახელმწიფო გადასახადების გამოკლებით მის საკუთრებაში დარჩებოდა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობაში დაშვებულმა შეცდომებმა და პრივატიზაციის გაწელვამ, ქვეყნის ეკონომიკაზე დამანგრევლად იმოქმედა. სახელდობრ, 1995 წელს მრეწველობაში წარმოებული პროდუქციის მოცულობამ 1990 წლის დონის 14 პროცენტი შეადგინა; მათ შორის მომპოვებელმა მრეწველობამ 43,3 პროცენტი და გადამამუშავებელმა კი – 10,4 პროცენტი [პაპავა, 2002, გვ. 292-310; სამადაშვილი, 1991, გვ. 62-68; სსსდ, 2002, გვ. 47].
1995 წლის ბოლოდან 2001 წლის დასაწყისის ჩათვლით საგარეო ვაჭრობაში და პრივატიზაციის პროცესში შეინიშნება გამოცოცხლება, რაც მაკროეკონომიკური სამართლებრივი ბაზის დახვეწასთანაა დაკავშირებული, რომელმაც თავის მხრივ წარმოებული საქონლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა გამოიწვია. 1996 წლის პირველი კვარტლიდან მრეწველობაში იწყება წარმოების მოცულობის ზრდა, თუმცა 1998 წელს მის მნიშვნელოვან შეფერხებას აქვს ადგილი, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენის გამოძახილი იყო. 1999-2000 წლებში ისევ შეიმჩნევა წარმოების ზრდა [სსსდ, 2001, გვ. 150). მოცემული პერიოდი (1996-2001 წლები) შეიძლება პოსტპრივატიზაციის გარემოს ჩამოყალიბების მეორე ეტაპად ჩაითვალოს, ხოლო მესამე ეტაპის დასაწყისად – 2002 წლის დასაწყისი მივიჩნიოთ.
ამდენად, ჩვენი მოსაზრებით, საქართველოში შეიძლება გამოიყოს პოსპრივატიზაციის გარემოს განვითარების სამი ეტაპი:
1. 1992-1995 წლები პოსტპრივატიზაციის, წარმოების და, შესაბამისად, საგარეო ვაჭრობის დაბალი განვითარების გარემო;
2. 1996-2001 წლები პოსტპრივატიზაციის, წარმოების და საგარეო ვაჭრობის საშუალო განვითარების გარემო;
3. 2001-? წლები.
მიუხედავად 1996-2001 წლებში მიღწეული წარმატებისა, ქვეყნის სოფლის მეურნეობის და მრეწველობის საწარმოების მიერ 1991-1995 წლების ჩამორჩენა ვერ დაიძლია, რომლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ყოფილი საგარეო სავაჭრო კავშირების მოშლა იყო. 2001 წელს 1990 წელთან შედარებით, ქვეყნის მრეწველობის საწარმოების მიერ წარმოებული იყო 5,4-ჯერ ნაკლები სამრეწველო პროდუქცია. ჩამორჩენა აღინიშნებოდა ეკონომიკური საქმიანობის ყველა ძირითად სფეროში და განსაკუთრებით მრეწველობაში: კერძოდ, გადამამუშავებელ მრეწველობაში წარმოების მოცულობამ 1990 წლის დონესთან 13,8 პროცენტი შეადგინა, სამთომომპოვებელი მრეწველობისა და კარიერების დამუშავებაში – 39,7 პროცენტი, ელექტროენერგიის წარმოება-განაწილებაში, აირსა და წყალმომარაგებაში – 56,1 პროცენტი [სსსდ, 2002, გვ. 48; სსსდ, 1999, გვ. 237-250]. ასეთ ვითარებაში, მწვავედ დგება საკითხი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის პრივატიზაციის განვითარების საკანონმდებლო ბაზა და საგარეო ვაჭრობის რეგულირების მექანიზმები, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ, რათა საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დადგეს, რაც საბოლოო ჯამში, საერთაშორისო ბაზარზე ჩვენში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნის, ანუ საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდით გამოიხატება [ბალცეროვიჩი, 2002, გვ. 11-14]. ჩვენი მოსაზრებით საქართველოში პრივატიზება ერთიანი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ორგანული შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს და ეკონომიკის რეფორმირების მიმდინარეობის კვალობაზე მისი სტრატეგიის კორექტირება უნდა განხორციელდეს.
თუ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის დასაწყისში პრივატიზების სტრატეგიული მიზანი სახელმწიფო საწარმოების ხარჯზე კერძო საწარმოების რაოდენობრივი ზრდა, მათი სამეურნეო დამოუკიდებლობის მოპოვება, დირექტიული მართვის მოშლა და სისტემური ცვლილებები იყო, ამჟამად, პოსტპრივატიზების გარემოს ჩამოყალიბების მესამე ეტაპზე (2001-? წლებში), განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს განკერძოებული საწარმოების რენტაბელური მუშაობისა და ეფექტურობის ამაღლების პრობლემა.
სამწუხაროდ, მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითუნარიანობის და სხვა ხელისშემშლელი მიზეზების გამო ჩვენში მცირე და მსხვილ საწარმოთა პრივატიზება (პოსტპრივატიზაციის პირველი და მეორე ეტაპი) უპირატესად არასაბაზრო მეთოდებით და არაკონკურენციულ გარემოში წარიმართა. ამგვარი, სოციალურ-გამანაწილებელი პრივატიზებიდან ვერც რაიმე სასტარტო საინვესტიციო (საწარმოს აქციები ფულზე კი არ გაიყიდა, არამედ ვაუჩერზე გადაიცვალა, ე. ი. მას არავითარი ფულადი სახსრები არ მიუღია) და ვერც ფისკალური (ქონება კი არ გაიყიდა, არამედ გადანაწილდა) ეფექტი ვერ მივიღეთ, არც ცხოვრების დონე გაზრდილა. საქმე იმაშია, რომ ადგილი ჰქონდა ეროვნული შემოსავლის გაუზრდელად დაგროვილი ეროვნული სიმდიდრის გადანაწილებას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პრივატიზებით საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა კი არ დამთავრდა, არამედ, საარჩევნო “კარუსელის” მსგავსად ტრიალებს, რამეთუ კერძო მესაკუთრის იურიდიული უფლების მიღება და აქტიურ, ეფექტურ მესაკუთრედ ჩამოყალიბება ერთი და იგივე არ არის. სწორედ ამიტომაცაა, რომ დღეს საკუთრების მომგებიანი გამოყენების, წარმატებული მეწარმის პრობლემა ესოდენ აქტუალურია.
იაპონიის, აშშ-სა და დასავლეთის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ იქ მსხვილი სააქციო საწარმოები საბაზრო ეკონომიკის ევოლუციური განვითარების შედეგად წარმოიშვნენ. დასაწყისში საქონლის უდიდეს მასას მცირე და საშუალო ზომის ფირმები აწარმოებდნენ, ხოლო შემდეგ საზოგადოების მოთხოვნის, წარმოებული პროდუქციის მოცულობის, კონცენტრაციის დონის ზრდასთან ერთად (ინვესტიციების მოზიდვისა და რისკის შემცირების მიზნით) მოხდა მსხვილი საწარმოების აღმოცენება, რომელიც საქონლის უდიდეს მწარმოებლებად გადაიქცნენ. მაგალითად, დღეს აშშ-ში 20 მლნ სხვადასხვა ფირმიდან მხოლოდ 200 მსხვილი კორპორაცია აწარმოებს ერთობლივი პროდუქტის 67 პროცენტს [სამადაშვილი, 2001]. ხაზგასასმელია, რომ ეს მოხდა ბუნებრივად, ბაზრის კარნახით, ზემოდან ყოველგვარი ჩარევის გარეშე.
საქართველოში კი ყველაფერი “რეკომენდაცია-დავალების” შესაბამისად საბჭოური რეჟიმიდან მემკვიდრეობით მიღებული სახელმწიფო (მათ შორის, საკავშირო დაქვემდებარების) საწარმოთა ფორსირებული პრივატიზების გზით და არა ბაზრის მოთხოვნით განხორციელდა. არადა, ცნობილია, რომ მათი ერთი ნაწილის დაფუძნება თავის დროზე უპირატესად პოლიტიკური და არა ეკონომიკური მიზანშეწონილობით იყო ნაკარნახევი. ამ საწარმოთა სანედლეულო და სასაქონლო ბაზრის 70 პროცენტი ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში იყო გაადგილებული [ერქომაიშვილი, 1992, გვ. 29-30; სამადაშვილი, 1991, გვ. 77], რის გამოც მათი უერთმანეთოდ ფუნქციონირება, ფაქტიურად, შეუძლებელი ხდებოდა. ხსენებულ საწარმოებში დასაქმებული მუშაკები ერთიან ცენტრს “მძევლებად” ჰყავდა აყვანილი, რაც რესპუბლიკის კავშირიდან გასვლის განუხორციელებლობის ეკონომიკურ მექანიზმს ქმნიდა. ცხადია, საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებელ საქართველოში ამგვარი ფუნქციის საწარმოების ობიექტური აუცილებლობა აღარ არსებობს. ამიტომ, მოვთხოვოთ მათ ძველი ფუნქციის როლის (პროფილის) შენარჩუნება ახალ, საბაზრო სისტემაში – ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი უმოქმედოდ დავტოვოთ, ხელი შევუწყოთ მათ გაკოტრებას.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მიზნით საანალიზო საწარმოს მეპატრონენი თავიანთ ორგანიზაციას უნდა იხილავდნენ, როგორც დამოუკიდებელ, ღია სისტემას, იცნობდნენ მის შიდა ცვლადებს (მიზანი, ზომა, სტრუქტურა, ტექნიკა, ტექნოლოგია, ადამაინები), მათ თვისებებსა და როლს და ბიოლოგიური ორგანიზმის მსგავსად გარემოსთან შეგუების მიზნით, ახორციელებდნენ შიდა გარდაქმნებს, რათა საწარმო შეაგუონ, მოარგონ ახალ, საბაზრო გარემოს და ამით შეინარჩუნონ არსებობა. ხსენებულ საწარმოთა მეწარმეებმა თავიანთი პრაგმატული ბუნება (მოგებისკენ სწრაფვა) უნდა შეაუღლონ ფირმის ყოველისმომცველ, სისტემურ ხედვასთან. რაც უფრო ფართო და ყოვლისმომცველი იქნება მათი ხედვა (ეს ყველაფერი კი გათვალისწინებულია მმართველური გადაწყვეტილებისას) მით მალე გამოვლენ კრიზისული მდგომარეობიდან [სამადაშვილი, 1991ა, გვ. 62-68].
ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, ზემოთ აღნიშნულ საწარმოებში ეს პროცესები ჭიანურდებოდა, მსგავსი მოვლენები ახლაც შეიმჩნევა, რაც დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ საწარმოების დიდი ნაწილი კოლექტივებს პირდაპირი წესით მიეყიდათ (ინსაიდერებს), ამან კი საწარმოებში საკუთრების ფორმის გარდა თითქმის არაფერი შეცვალა. შედეგი კი ასეთია: არ მოხდა ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიის შემოტანა; არ მოხდა სერიოზული უცხოური ინვესტორების მოზიდვა; არ განვითარდა მენეჯმენტი; დაბალია ფისკალური მაჩვენებელი. არადა, ცალკეულ საწარმოებად და იურიდიულ პირებად დანაწევრების, საწარმოო სიმძლავრეების ჩამოწერის, გარდაქმნის, გადახალისებისა და ამ გზით ქვეყნის საწარმოო ეკონომიკურ ფერხულში ჩაბმის გარეშე ასეთი საწარმოების შენარჩუნება უპერსპექტივოა.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტპრივატიზაციის გარემოს ჩამოყალიბების პირველ და მეორე ეტაპზე საწარმოები, ძირითადად “არაეფექტიანი მესაკუთრეების” ხელში მოექცნენ. ამდენად, აუცილებელია მოვახდინოთ აქციების ხელმეორე გადანაწილება, სასურველია ადგილობრივ ინვესტორებზე, მით უმეტეს დღეს როცა ამის შესაძლებლობის პირობები უკვე არსებობს. მაგრამ, ეს არ უნდა მოხდეს უცხოური ინვესტორების შეზღუდვის ხარჯზე, რადგან ეს გარემოება ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარესზე ცუდ იმიჯს დაუმკვიდრებს და საერთაშორისო პროექტების განხორციელებას ხელს შეუშლის.
თუ, გავიხსენებთ უახლოეს ისტორიას, საქართველში პრივატიზების პირველ ეტაპზე განხორციელებული პროგრამა უცხოურ კაპიტალს არანაირ შეღავათებს არ ანიჭებდა. მეტიც, არსებობდა გარკვეული საკანონმდებლო შეზღუდვები პრივატიზებაში უცხოური ფირმების პირდაპირ მონაწილეობასთან დაკავშირებით, რამაც მნიშვნელოვანი ნეგატიური მოვლენები გამოიწვია. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პრივატიზაციის მეორე ეტაპზე, როდესაც უცხოურ ფირმებს მოლაპარაკება უხდებათ უკვე არა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, არამედ უპირატესად აქციების ახალ მეპატრონეებთან (ადმინისტრირებულ და კომერციულ სტრუქტურებთან), რამაც კერძო სექტორში დადებითი ცვლილებები შემოიტანა. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, აქციები მიზერულ ფასებში გაიყიდა [სქმს, 1998].
ეკონომიკის გარდაქმნის თანამედროვე ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ფორმირებული კერძო ეკონომიკისათვის ისეთი კონკურენციული საბაზრო გარემოს შექმნა, რომელიც ეფექტურ, მომგებიან საწარმოებს წაახალისებს, ხოლო სიცოცხლისუუნაროებს და ზარალიანებს ბაზრიდან განდევნის. წინააღმდეგ შემთხვევაში არარენტაბელური საწარმოები უქმად დაიკავებენ ტერიტორიას, შენობებს, მოწყობილობებს, მოაცდენენ მუშახელს, რაც ესოდენ აუცილებელია ეროვნული ეკონომიკისათვის. ვფიქრობ, ამ პროცესს დადებითად წაადგება გაკოტრების კანონის რეალური ამოქმედება, რომელიც დააჩქარებს მონოპოლიურ საწარმოთა რესტრუქტურირებას (თუ ეს ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად მიზანშეწონილია) და მათ შორის სიცოცხლისუუნარო ობიექტების გამოვლენას.
აღსანიშნავია, რომ გაკოტრების კანონმა საფუძველი დაუდო საკუთრების ტრანსფორმაციას ახალი ფორმით. აქ ამოსავალია საწარმოებში დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეუძლიათ მათ საბაზრო პირობებში მუშაობა. ე. ი. უნდა გამოიყოს ის სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოები, რომელთაც ძალუძთ კონკურენტუნარიანი პროდუქციის გამოშვება და რომელთა სტაბილური საქმიანობა დიდ გავლენას მოახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამავე ეტაპზე უნდა გაირკვეს საწარმოთა გამოჯანსაღებისათვის საჭირო რესურსებზე მოთხოვნილებანი და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობანი, აგრეთვე, საფუძვლიანად დასაბუთდეს სიცოცხლისუუნარო სამეურნეო ერთეულების ლიკვიდაციის შესაძლებლობაც.
გადაუდებელ ამოცანად გვესახება საკანონმდებლო უზრუნველყოფა პროცესისა, რომლის დროსაც მოვალე საწარმოს ობიექტზე საკუთრების უფლება გადადის მის კრედიტორზე. მეპატრონის ამგვარი შეცვლა რეალურ სინამდვილეში ძალიან იშვიათად ხდება, ვინაიდან, როგორც წესი, კრედიტორის საკუთრებაში გადადის ის ფულადი საშუალებანი, რომლებიც მოვალეთა ქონების რეალიზაციიდან მიიღება და არა თვით ეს ქონება. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ვერ იხდის კუთვნილ ვალებს, ჩვენი აზრით, საჭიროა, მას ჩამოერთვას ქონებაზე საკუთრების უფლება და გადაეცეს კრედიტორს სრულ სამეურნეო გამგებლობაში იქამდე, ვიდრე იგი არ მიიღებს მისთვის კუთვნილ სახსრებს. ამ შემთხვევაში ქონება კრედიტორის ხელში გვევლინება სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის საშუალებად.
ვფიქრობთ, უნდა შემოვიღოთ არასახელმწიფო საწარმოების ქონების ღირებულების კაპიტალიზაციის გზით ბიუჯეტის წინაშე ვალების დაფარვის პრაქტიკაც. კერძოდ, სახელმწიფოს წინაშე გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში მოვალემ უნდა გამოუშვას აქციების დამატებითი პაკეტი და სახელმწიფოს გადასცეს გირაოს სახით. ამგვარი ალგორითმი სასურველია გამოიყენებოდეს იმ საწარმოების მიმართ, რომელთაც მართალია, ახლო მომავალში არ შეუძლიათ ვალების დაფარვა, მაგრამ საბოლოო ანგარიშში ძალუძთ აღიდგინონ გადახდისუნარიანობა და არ ჰყავთ კრედიტორთა დიდი რაოდენობა. შემოთავაზებული მეთოდით ხდება საწარმოს ერთგვარი დეპრივატიზება, ვინაიდან ვალების კაპიტალიზაცია ზრდის სახელმწიფოს წილს საწარმოს საწესდებო კაპიტალში. თუმცა, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციის კვალობაზე სახელმწიფოს, როგორც წილის მეპატრონეს, უჩნდება შანსი, აქციები საფონდო ბაზარზე უფრო მაღალი კურსით გაყიდოს, ვიდრე კაპიტალიზებული თანხაა. ე. ი. ეროვნული საფონდო ბაზრის განვითარების შედეგად პრივატიზაციული პროცესები იცვლება ნაციონალიზაციის პროცესებით და პირიქით.
ამგვარად, პრივატიზება, დეპრივატიზება (ნაციონალიზაცია) და რეპრივატიზება სახელმწიფოს ხელში ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურის ოპტიმიზაციის ერთ-ერთ ქმედით საშუალებად გვევლინება. აუცილებელია, რომ როგორც მათი მიზანშეწონილობის, ისე მასშტაბების საკითხი გადაწყდეს პრაგმატული მოსაზრებიდან და არა პოლიტიკურ-იდეოლოგიური მოტივებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანია ისეთი საბაჟო სისტემა (მიზაშეწონილად მიმაჩნია, რომ აქციზები სამამულო და იმპორტულ პროდუქტებზე იყოს ერთნაირი, საბაჟო ტარიფები ყველა სახეობის იმპორტულ საქონელზე ასევე უნდა იყოს ერთნაირი და შედარებით დაბალი, ხოლო ექსპორტი უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი გადასახადისაგან. ერთნაირი შეღავათი იმპორტზე შეიძლება განხორციელდეს მანქანა- მოწყობილობათა და ტექნოლოგიების მიმართ [პაპავა, კაკაბაძე, 2002. გვ. 42-45]), რომელიც ჩრდილოვან ეკონომიკაში მოღვაწე მეწარმეებს ეკონომიკურად დააინტერესებს თავიანთი საქმიანობის ლეგალიზაციით, ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროდუქციის ფასების შემცირებას, ხარისხის გაუმჯობესებას, ანუ სამამულო პროდუქციის კონკურენტუნარიანობას, ბაზარზე კუთვნილი ადგილის დაკავებას.
მსხვილ სამრეწველო სააქციო საწარმოთა უმოქმედობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ქვეყნის შიდა აშლილობის და არეულობის დროს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიზიდა და გაიყიდა წარმოების საშუალებების უდიდესი მასა, ხოლო რაც დარჩა, თითქმის “გამოშიგნულია”. ყოველივე ამან ისედაც დაბალი კაპიტალის ორგანული შედგენილობა კიდევ უფრო დასცა, გაზარდა წარმოების ინდივიდუალური ხარჯები, სამამულო პროდუქცია კონკურენტუუნარო გახადა და ეროვნული წარმოება მოშალა.
ეროვნული წარმოების ვარდნაში დიდი წვლილი მიუძღვის სუბიექტურ ფაქტორსაც: ყოველი ათი სააქციო საზოგადოების ამჟამინდელი მეპატრონიდან შვიდი უწინდელი დირექტორია, რომლებიც ამავდროულად გენერალურ მენეჯერებად გვევლინებიან.
შემდეგი ხელისშემშლელი მიზეზია საკუთარი კაპიტალის (პირადი დანაზოგი, მოგება, ამორტიზაციის ფონდი) უკმარისობა. თუ დღეს საქართველოში სავაჭრო და საბანკო ბიზნესი აშკარად თვალშისაცემია და საწარმოო აქტიურობა შეუმჩნეველი, ეს იმითაც უნდა აიხსნას, რომ სამრეწველო საწარმოებს საქმიანობის გაშლისათვის ათჯერ მეტი საკუთარი კაპიტალი ესაჭიროებათ, ვიდრე კომერციულ და საბანკო ფირმებს. ხსენებულ სფეროში შესაბამისად დიდია დაბანდებული კაპიტალის გამოსყიდვის ვადაც. სააქციო საწარმოებს კი საკმარისი ოდენობის შიგა წყაროები არ გააჩნიათ, უწინარეს ყოვლისა, არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო, რომელმაც მოქალაქეთა ფულადი დანაზოგები გააუფასურა (თუ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მოსახლეობას ანაბრებზე 350 მლნ დოლარის ექვივალენტის თანხა ჰქონდა, 1995 წელს იგი 3.5 მილიონამდე შემცირდა) საწარმოთა უმოქმედობისა და დაბალეფექტურობის გამო, რაც მოგების რეინვესტირების და ამორტიზაციის ფონდის გამოყენების საშუალებას თითქმის გამორიცხავს.
რაც შეეხება ინვესტირების გარე წყაროს – კრედიტს, მისი მოზიდვა გართულებულია სიძვირის და სათანადო საგირავნო გარანტიების უქონლობის გამო. აქციების რეალიზაციით დამატებითი კაპიტალის მოზიდვას კი ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული მეორადი ბაზრის არარსებობა აფერხებს. მართალია, ხელფასების, პენსიების, და ა. შ. გაყინვამ და გაუცემლობამ ინფლაცია გარკვეულად აღმოფხვრა, მაგრამ, მეორე მხრივ, რიგი პრობლემები წარმოიშვა. ერთ-ერთია სამუშაო ძალის მიგრირება. ცნობილია, რომ საბაზრო მეურნეობის პირობებში სამუშაო ძალაც საქონელია. იგივე საბაზრო მეურნეობის უნივერსალური კანონის მიხედვით, სამუშაო ძალა, ისევე, როგორც ყველა სხვა საქონელი, იქით მიისწრაფის, სადაც მეტად ფასობს. საქართველოდან ერთი მილიონი თანამემამულე უცხოეთში სწორედ შედარებით მაღალმა ანაზღაურებამ წაიყვანა. დღეს ისინი თავიანთი ფიზიკური და გონებრივი უნარით სხვა ქვეყნების მატერიალურ და სულიერ დოვლათს ამრავლებენ. აქ კი ეროვნული წარმოება თითქმის გაჩერებულია.
სხვათაშორის, რესპუბლიკაში არსებული სამუშაო ძალის დაბალი ფასი (შეზღუდული მოთხოვნა) განიზიდავს არა მარტო ეროვნულ საწარმოო და ინტელექტუალურ პოტენციალს, არამედ ეროვნულ კაპიტალსაც, რათა ფასებით კონკურენციაში (მოსახლეობის დაბალი მოთხოვნის გამო გამორიცხულია არა ფასებით, ხარისხით კონკურენცია) დაჯაბნოს შედარებით ძვირადღირებული, მაგრამ უკეთესი სამომხმარებლო თვისებების სამამულო პროდუქცია და დაიპრყოს ეროვნული ბაზარი. ამასთან, სამუშაო ძალის ამჟამინდელი ხელოვნურად დაბალი, არასაბაზრო ფასი ასტიმულირებს იაფი, მაგრამ მდარე ხარისხის იმპორტული პროდუქციის გასაღებას და ჩვენი პროდუქციის ჯერ ჩაწოლას, ხოლო შემდეგ ეროვნული წარმოების საერთოდ მოშლას.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის რეფორმირების პირველი ეტაპისაგან განსხვავებით, ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ სახელმწიფოების კრედიტებთან შედარებით, პრიორიტეტი პირდაპირ ინვესტიციებს უნდა მიენიჭოს, რადგან:
– საერთაშორისო ორგანიზაციები სესხებს გარკვეულ პირობებთან ერთად იძლევიან, რაც დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების საშუალებას გარკვეულად ზღუდავს;
– ჩვენში კრედიტების არამიზნობრივად დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობები უფრო მეტია, ვიდრე პირდაპირი ინვესტიციებისა;
– სესხი დღეს იქნება, თუ ხვალ, სარგებლითურთ უნდა დაბრუნდეს.
საქართველოს მოსახლეობის მენტალიტეტის და საბჭოთა სისტემის პერიოდში შეძენილი მანკიერი თვისებების გათვალისწინების საფუძველზე დიდ მნიშვნელობას იძენს ჰოლდინგური კომპანიების ჩამოყალიბება. იმისათვის, რომ სახელმწიფო ჰოლდინგმა წარმატებით იფუნქციონიროს აუცილებელია, რომ ჰოლდინგური კომპანია ჩამოყალიბდეს მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით; ასეთ კომპანიებში გაკოტრებული საწარმოს გაერთიანება ყოვლად დაუშვებელი უნდა იყოს; დაარსების დღიდან აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს ჰოლდინგში გაერთიანებული ყველა საწარმოს ფუნქციები, ურთიერთობები დამფუძნებელთან, დაფინანსების წყაროები, ანგარიშვალდებულებანი, კადრებით დაკომპლექტების პრინციპები; ჰოლდინგური კომპანიების დაარსებამ ხელშემწყობი გარემო უნდა შექმნას პრივატიზაციის დაჩქარებისათვის და არა პირიქით; ჰოლდინგურმა კომპანიებმა უნდა შეასრულონ ერთგვარი ბუფერის როლი, ერთი მხრივ ცალკეულ სამთავრობო სტრუქტურებსა და მეორე მხრივ, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებს შორის.
დაბოლოს, საწარმოთა პოსტპრივატიზაციული ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია: საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს წილზე მოსული დივიდენდების სააქციო საზოგადოებებზე გადაცემა რეინვესტირებისათვის; სააქციო საზოგადოების ფასიანი ქაღალდების მეორადი ემისიის სტიმულირების გზით დამატებითი საინვესტიციო რესურსების მოზიდვა; სახელმწიფომ საინვესტიციო პოლიტიკის რეალიზაცია უნდა განახორციელოს არა ინვესტირებაში უშუალო მონაწილეობით, არამედ უპირატესად საინვესტიციო საქმიანობის წამახალისებელი პირობების შექმნით; სახელმწიფო საწარმოთა მცირე და საშუალო ბიზნესის ინოვაციური სექტორის პრიორიტეტული განვითარებისათვის გამოყენებით [სირაძე, 2003, გვ. 32-34].