გლობალიზაციის ეკონომიკურ-პოლიტიკური განზომილება: თეორიული ასპექტები
ემირ ეთერია, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური ხელშეწყობით (გრანტი #GNSF/PRER07/2-139). წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი აზრი ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის შეხედულებებს.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე გლობალიზაციის ყოვლისმომცველი პროცესის მრავალ განზომილებას შორის უმთავრესია ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელიც მოკლედ შეიძლება განიმარტოს როგორც ღია ეკონომიკისა და ეკონომიკის ფუნქციონირების საბაზრო ფორმის საფუძველზე ერთიანი გლობალური ეკონომიკური სისტემის ფორმირების პროცესი. როგორც რუსი მეცნიერი ა. უტკინი აღნიშნავს, გლობალიზაცია არის “ეროვნული ეკონომიკების შერწყმა ერთიან მსოფლიო სისტემაში”1. თუმცა მსოფლიო ეკონომიკის ზოგიერთი მკვლევარი ეჭვქვეშ აყენებს გლობალიზაციის თანამედროვე პროცესის უნიკალურობას და მიუთითებს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ინტეგრაციის შედარებით ნაკლებ ხარისხზე”. გარკვეული თვალსაზრისით, თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკა ნაკლებად ღია და ინტეგრირებულია, ვიდრე 1870-1914 წლების მსოფლიო ეკონომიკა”2. ხაზგასასმელია განსხვავება, რომელიც არსებობდა I მსოფლიო ომამდე არსებულ გლობალიზაციის პერიოდს (ამერიკელი მეცნიერის ვ. უილიამსონის მიხედვით 1820-1914 წლები გლობალიზაციის პირველი ერაა) და თანამედროვე პერიოდს შორის როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ისე საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მთელი სპექტრის განვითარების თვალსაზრისით. საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების ტენდენციებთან დაკავშირებით არსებობს ორი პრინციპული განსხვავება:
გლობალიზაციის პირველ ეპოქაში (1820-1914 წლები) საერთაშორისო ვაჭრობა ატარებდა დარგთაშორის ხასიათს, თანამედროვე პერიოდში საერთაშორისო ვაჭრობა უპირატესად შიდადარგობრივი ხასიათისაა;
პირველ პერიოდში ვაჭრობა ძირითადად ხორციელდებოდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს, ანუ მეტროპოლიებს და კოლონიებს შორის, თანამედროვე პერიოდში საქონელგაცვლა ძირითადად განვითარებულ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს.
გლობალიზაციის ზოგიერთი მკვლევარი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ “განსახილველი რჩება საკითხი იმის შესახებ, თუ როდის და როგორ გაჩნდა ეკონომიკური საქმიანობის გლობალიზაციის მითი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდისა და 1972-1973 წლების კრიზისული მოვლენებით უნდა დავიწყოთ”3.
აღსანიშნავია, რომ XX საუკუნის უკანასკნელ ნახევარში მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკურმა წესრიგმა ცვლილებების ორი ეტაპი განვლო: I. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი 80-იანი წლების ჩათვლით, როცა მსოფლიო სამ ნაწილად იყო დაყოფილი: კაპიტალისტური, სოციალისტური და განვითარებადი, ე.წ. “მესამე სამყარო”, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ ეკონომიკური განვითარების დონით, ცხოვრების სტილით, მსოფლმხედველობით და ა.შ. აღნიშნულ პერიოდში მსოფლიო წესრიგი კაპიტალისტურ და სოციალისტურ სისტემებს შორის ე.წ. “ცივი ომის” კონცეფციაზე იყო დაფუძნებული.
ეკონომიკურ-პოლიტიკური გლობალიზაციის საწყისი ეტაპია 1948 წელი, როცა აშშ-ის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების თაოსნობით დაარსდა გენერალური შეთანხმება ვაჭრობისა და ტარიფების შესახებ (gatt), 1995 წლიდან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო). ამავე პერიოდში აშშ-მა დაიწყო ე.წ. “მარშალის გეგმის” განხორციელება, რომლის მეშვეობითაც მან სტრატეგიულ მოკავშირედ აქცია დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ეკონომიკური სიძლიერის საფუძვლად მკვლევარები სავსებით სამართლიანად ე. წ. “რეიგანომიკის” პოლიტიკას თვლიან, შესაბამისად უპრიანი იქნებოდა “აშშ-ის თანამედროვე გეოსაფინანსო პოლიტიკის ევოლუციის განხილვის დაწყება 1981 წლიდან4”. აღნიშნულ პერიოდში როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში გაბატონდა ლიბერალური შეხედულებები. 1948 წელს გატტ-ის შექმნით დაიწყო ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესი, XX საუკუნის 80-იან წლებში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში განხორციელებული ნეოკონსერვატიული რეფორმების შედეგად, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში და განხორციელდა განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა.
ეკონომიკურ-პოლიტიკური ფაქტორი გლობალიზაციის პროცესების ინტენსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ამდენად ყურადღების გამახვილება გლობალიზაციის ეკონომიკურ-პოლიტიკურ ფაქტორზე განპირობებულია მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით XX საუკუნის 70-იან წლებიდან ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების ურთიერთგადაჯაჭვით.
მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის ცვლილებების მეორე ეტაპი არის XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისი, რომელიც “ცივი ომის” დამთავრებით, სოციალისტური სისტემის დაშლით, გერმანიის გაერთიანებით და შესაბამისად, ორ ანტაგონისტურ სისტემას შორის წინააღმდეგობების მოსპობით ხასიათდება, რაც უკანასკნელი ბიძგი გახდა გლობალიზაციის მსოფლიო ეკონომიკის განვითარების განმსაზღვრელ პროცესად ჩამოყალიბებაში. აღნიშნულ პერიოდში მსოფლიო სისტემამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. როგორც ამერიკელი მკვლევარები ჯ. სპერო და ჯ. ჰარტი აღნიშნავენ, “ყველაზე დრამატული ცვლილებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს5”. სოციალისტური სისტემის დაშლის შემდეგ სახე იცვალა მსოფლიოს პოლიტიკურმა რუკამ, უპირველეს ყოვლისა, რადიკალურად შეიცვალა ევროპა. 1991 წლიდან ევროპაში და მის უახლოეს ტერიტორიაზე ოცზე მეტი ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. აღნიშნული ქვეყნები ისწრაფვიან თავიანთი ადგილის მოსაპოვებლად მსოფლიო თანამეგობრობაში, რაც კარდინალურად ცვლის მსოფლიოს ადრინდელ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სტრუქტურას. ამდენად გლობალიზაციის პროცესების ინტენსიფიკაციამ ახალი იმპულსი შესძინა მსოფლიო განვითარების ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების მჭიდრო კორელაციაში განხილვას.
ამავე დროს XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მსოფლიო ეკონომიკის არსებითი თავისებურება გახდა გეოეკონომიკის უპირატესი მნიშვნელობა გეოპოლიტიკასა და გეოსტრატეგიასთან შედარებით. ეს ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პოლიტიკას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბატონობდა ეკონომიკაზე, ბოლო წლებში დაქვემდებარებული, უფრო სწორად, ადაპტირებული როლი დარჩა, რომელიც უკვე არ განსაზღვრავს ეკონომიკის განვითარებას, არამედ ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკურ ურთიერთობებს, ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ კურსს. ეს დიდ უპირატესობას ანიჭებს მაღალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს, რომლებსაც განვითარებად ქვეყნებზე ზემოქმედების ისეთი უწყინარი იარაღი აქვთ, როგორიცაა ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა სახის დახმარება, რომელიც განვითარებული ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური არსენალის უმთავრესი შემადგენელი გახდა ტრადიციულ (პოლიტიკურ, სამხედრო) ინსტრუმენტებთან ერთად. აღნიშნულს უპირატესად განაპირობებს თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე პოლიტიკური ურთიერთობების ეკონომიზაცია და ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიზაცია.
ამრიგად, მსოფლიო განვითარების პროცესში ეკონომიკურ-პოლიტიკური ფაქტორები გლობალიზაციის ძირითადი დეტერმინანტებია, რაც განაპირობებს გლობალიზაციის თანამედროვე პროცესის სისტემურ ხასიათს და განსაზღვრავს მისი შემდგომი განვითარების მიმართულებებს.
ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება თავის მხრივ პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდის საფუძველი და პოლიტიკური ფაქტორია, რომელიც ცალკეული ქვეყნის შიდა და საგარეო-პოლიტიკური მიზნებითაა განპირობებული და ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდაზე. ამრიგად, გლობალიზაციის უმთავრესი მახასიათებელია ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდა. ამდენად, გლობალიზაციის განვითარება და ინტენსიფიკაცია პოლიტიკურ-ეკონომიკური პლურალიზმის გაღრმავების წინაპირობას წარმოადგენს. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ამ ეტაპზე ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ასიმეტრიულ ხასიათს ატარებს, ის მაღალია განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის და საკმაოდ დაბალია განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. ურთიერთდამოკიდებულების ზრდის საფუძველს თავის მხრივ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ვაჭრობა და კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობაა. ნათელია, რომ განვითარების დონის ამაღლების შემდეგ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი გაიზრდება, რაც გლობალიზაციის დადებითი ეფექტების შედარებით ღარიბ ქვეყნებზე გავრცელების წინაპირობაა. გლობალიზაციის განვითარება ხელს უწყობს ურთიერთდამოკიდებულების ზრდას და პირიქით, რაც თავის მხრივ განაპირობებს გლობალიზაციის სოციალურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილების აუცილებლობას. ქვეყნებს შორის ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდა ცვლის მსოფლიო ეკონომიკის ფუნქციონირების ხასიათს და ის თანდათანობით ერთიან გლობალურ ეკონომიკურ სისტემად გვევლინება. ეს თავის მხრივ ნიშნავს არა მარტო ეროვნული ეკონომიკების განვითარების სტრატეგიების მსგავსების ხარისხის ზრდას, არამედ განვითარების საფუძვლების უნიფიკაციას და ზოგადად ცალკეული ეროვნული ეკონომიკების ფუნქციონირების პროცესში მსგავსი ტენდენციების ზრდას.
XX საუკუნის 90-იანი წლების შემდეგი პერიოდი ეკონომიკის ფუნქციონირების საბაზრო და ღია ეკონომიკის მოდელის მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრების ტენდენციით ხასიათდება. ასევე, ხაზგასასმელია რეგიონული ინტეგრაციული პროცესების ინტენსიფიკაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს, თუმცა უმაღლეს დონეს მხოლოდ ევროკავშირის სახით მიაღწია. ევროპის სავალუტო-ეკონომიკური კავშირის შექმნა და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციული პროცესების გაძლიერება არ ეწინააღმდეგება გლობალიზაციის პროცესს. აღნიშნულს, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ორივე პროცესის საერთო საფუძველი – ეკონომიკური საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია და ღია ეკონომიკური სისტემა. ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) ფარგლებში ჩატარებული შეხვედრების შედეგად შემცირდა ტარიფები, განხორციელდა საქონლის და კაპიტალის ბაზრების ლიბერალიზაცია, რომელიც აძლიერებს გლობალიზაციის ტენდენციას. თუმცა ამ უკანასკნელს არ ძალუძს სხვადასხვა ქვეყნებს და ქვეყანათა ჯგუფებს შორის სავაჭრო ურთიერთობებში არსებული წინააღმდეგობების დაძლევა. ვმო-ს საქმიანობა მიმართულია მსოფლიოს თავისუფალი ვაჭრობის ზონად გადაქცევისკენ, რაც გარკვეულწილად ამწვავებს ურთიერთობებს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. გლობალიზაცია და ლიბერალიზაცია თავისი არსით ერთი და იგივე პროცესის ორი მხარეა, ხოლო მათ შორის წინააღმდეგობა ნიშნავს ამ პროცესის შიდა გარდაუვალ წინააღმდეგობას, სადაც ერთმანეთს ეჯახება სხვადასხვა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ძალების, სამრეწველო და საფინანსო ჯგუფების, დარგებისა და ქვეყნების ინტერესები.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ისწრაფვის პოლიტიკური დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დანერგვისაკენ, ანუ შეიძლება ითქვას, მიმდინარეობს მსოფლიო პოლიტიკური სისტემის ერთიანი, საერთო საფუძვლების ჩამოყალიბების პროცესი. ხაზგასასმელია, რომ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები ერთმანეთს არა მარტო არ ემთხვევა, არამედ ძირფესვიანად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რამდენადაც ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი ყოველთვის არ განისაზღვრება მისი ტერიტორიის ფართით ან მოსახლეობის სიმრავლით. როგორც ცნობილია, ქვეყნების რეიტინგში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის სიდიდით წამყვანი ადგილები შედარებით პატარა სახელმწიფოებს უკავია, ეკონომიკის ორგანიზაციის საბაზრო მოდელით (იაპონია, ბელგია, გერმანია, შვედეთი და ა.შ). მსოფლიო პოლიტიკური რუკის ასეთი კარდინალური ცვლილების, ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების და ურთიერთშეღწევადობის ხარისხის ზრდის შედეგად სახელმწიფო საზღვარი გარკვეულწილად კარგავს თავის მნიშვნელობას, მაგრამ არ ქრება, არამედ ხდება უფრო გამჭვირვალე, იძლევა სულ უფრო მეტ შესაძლებლობას საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებისათვის.
ამრიგად, გლობალიზაცია ხასიათდება ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულებისა და ურთიერთშეღწევადობის ზრდით, როცა ერთის მოქმედება ეხება სხვის ინტერესებს (იძენს გლობალურ ხასიათს) და ერთდროულად ახდენს გავლენას სხვა სფეროებში მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებზე, წარმოების სხვადასხვა ფაქტორის გადაადგილებისათვის სახელმწიფო საზღვრის გამჭვირვალობით, მსოფლიო ეკონომიკაში ტრანსნაციონალური კორპორაციების (ტნკ), ტრანსნაციონალური ბანკების (ტნბ), საერთაშორისო, რეგიონული და არასამთავრობო ორგანიზაციების მზარდი როლით, სახელმწიფოთა გეოეკონომიკური მიზნების პრიმატით გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მიზნებთან შედარებით.
ეკონომიკის გლობალიზაცია ეროვნულ ეკონომიკებს შორის ურთიერთობებს აქცევს მათი და შესაბამისად, გლობალური ეკონომიკის განვითარების უმთავრეს ფაქტორად. გლობალიზაცია ვითარდება ქვეყნებს შორის საქონლის, კაპიტალის, მომსახურების, ცოდნის, ტექნოლოგიების, კულტურული მიღწევების გაცვლით და ამ გაცვლით განპირობებული ცვლილებებით საზოგადოების ცხოვრებაში. ეკონომიკის გლობალიზაციის მამოძრავებელი მოტივია შეფარდებითი და კონკურენტული უპირატესობის ძიება, დანახარჯების შემცირება წარმოების ფაქტორების გლობალური დანაწილების ახალი კომბინაციების გზით. გლობალიზაციის პირობებში ადგილი აქვს ეკონომიკური საქმიანობის გარკვეულ უნიფიკაციას, რაც გამოიხატება ტექნოლოგიებზე, გარემოს მდგომარეობაზე, საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობაში, სტატისტიკაში, განათლების სფეროში ყველა ქვეყნისათვის ერთიანი სტანდარტების შემუშავება-გამოყენებაში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ადგილი აქვს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთიანი კრიტერიუმების დანერგვის პროცესს.
XX საუკუნის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მახასითებელია ტნკ-ს ხელში კაპიტალის კონცენტრაციისა და ცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი, უდიდესი კომპანიების და საფინანსო ჯგუფების ზრდა, რომლებიც არ იზღუდებიან ეროვნული საზღვრებით, მოქმედებენ გლობალური მასშტაბით და მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის ძირითად მამოძრავებელ ძალად გვევლინებიან. აღნიშნული პროცესების ინტენსიფიკაცია ქმნის მსოფლიო ეკონომიკაში გლობალური მონოპოლიებისა და ოლიგოპოლიების წარმოქმნის საშიშროებას.
წარმოების და კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის შედარებით ახალი მოვლენაა ტრანსნაციონალური ბანკების (ტნბ) შექმნა, რაც ფინანსური გლობალიზაციის განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ფინანსური გლობალიზაციის განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს გაცილებით სწრაფი ტემპით, წარმოების ანალოგიურ პროცესებთან შედარებით. თანამედროვე ეტაპზე ტნბ-ები წარმოადგენს ტნკ-ების განვითარების ფინანსურ საფუძველს, რასაც ეფექტიანად ემსახურებიან მთელ მსოფლიოზე გადაჭიმული საბანკო ქსელის მეშვეობით. წარმოების სფეროში ინტენსიურად მიმდინარეობს ინტერნაციონალიზაციის პროცესი, მაშინ როცა ფინანსური სფერო გლობალიზებულია.
გლობალიზაციის პირობებში ტნკ-ები და ტნბ-ები ქმნიან ე.წ. “სტრატეგიულ ალიანსებს” ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია გლობალური ბაზრის დანაწილებასთან და ამ ბაზარზე “თამაშის წესებთან”. სტრატეგიული ალიანსები უმთავრესად იქმნება სამეცნიერო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობისათვის, რის შედეგადაც მცირდება აღნიშნულ სფეროზე დანახარჯები, რაც უკანასკნელ წლებში ტნკ-ების საერთო დანახარჯების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს.
მსოფლიო ეკონომიკაში ტნკ-ების როლის გაძლიერებას ხელს უწყობს სავალუტო-საფინანსო კრიზისები. 1997-1998 წლებში ე.წ. “აზიური კრიზისის” დროს აღნიშნული რეგიონის ქვეყნების საფონდო ბაზრები დატოვა წვრილმა და საშუალო კაპიტალმა, რომელიც ძლიერაა დამოკიდებული ეკონომიკის კონიუნქტურულ რყევაზე და მათი ჩანაცვლება უდიდესი კომპანიების კაპიტალით მოხდა.
ამავე დროს, გლობალიზაციის პირობებში ქვეყნებს შორის ფინანსური რესურსების თავისუფალი გადაადგილება პოლიტიკური ხელისუფლების შესუსტების რეალურ საფრთხეს ქმნის. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, ეხება განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციები, რომლებშიც გადამწყვეტი ხმის უფლება განვითარებულ ქვეყნებს აქვთ, ვერ აკონტროლებენ საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებს, რომლებიც კრიზისის წარმოშობის პირობებში განუხრელად ანგრევენ მეტ-ნაკლებად სუსტი ფინანსური სისტემის მქონე ქვეყნების ეკონომიკებს, რომლებსაც მანამდე ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები ახასიათებდა. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების არსებულ მექანიზმს არ ძალუძს კრიზისების დაძლევა, რადგანაც ეს იმ ინდივიდუალური ინვესტორების თუ ტრანსნაციონალური კომპანიების ეგრეთწოდებული “ბრბოს ეფექტით” მოქმედების შედეგია, რომლებიც გლობალიზაციის აქტიური მომხრეები და მამოძრავებელი ძალები არიან. სავალუტო კრიზისების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაწეულ დახმარებას მხოლოდ სიმბოლური ხასიათი აქვს, რაც უფრო მეტად მიმართულია სოციალური დაძაბულობის თავიდან აცილებისაკენ, ვიდრე კრიზისის დაძლევის ან ეკონომიკაში სტრუქტურული ცვლილებების გატარებისაკენ.
მსოფლიო მასშტაბით ტნკ-ების საქმიანობის უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორს მათი ბაზრების ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა წარმოადგენს. განვითარებული სახელმწიფოები ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს მათ გასვლას მსოფლიო ბაზრებზე. ამ ქვეყნებში ხორციელდებოდა მიზანმიმართული პოლიტიკა ამ კომპანიების გასაძლიერებლად. ტნკ-ების საქმიანობა არ არის დაკავშირებული მარტო ეკონომიკურ მიზნებთან, არამედ მას თან სდევს პოლიტიკურ-კულტურული და იდეოლოგიური მიზნებიც. ტნკ-ებს მიმღებ ქვეყნებში საქმიანობის განვითარებით შეაქვთ ბაზირების ქვეყნებისთვის დამახასითებელი თავისებურებები, რასაც ხშირად “კულტურის ექსპორტს” უწოდებენ.
ამდენად, ტნკ-ები მოქმედებენ რა გლობალური მასშტაბით, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ მიმღები ქვეყნების პოლიტიკაზე, რომლებიც ხშირად იძულებულნი არიან ეროვნული ეკონომიკის გლობალურ ეკონომიკაში სრულყოფილი ინტეგრირების სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე ადაპტაცია მოახდინონ ტნკ-ების მოთხოვნებთან. აღსანიშნავია, რომ მიმღები ქვეყნების მხრიდან ტნკ-ების საქმიანობის კონტროლი მინიმუმამდე არის დაყვანილი, რაც განპირობებულია ტნკ-ების საქმიანობის მრავალფეროვნებით, მათი ინსტიტუციონალური სტრუქტურით და ა.შ. ტნკ-ებს შუძლია გარკვეულწილად შეცვალოს ცალკეული ქვეყნის როგორც შიდა, ასევე საგარეო-პოლიტიკური კურსი, რომლის საფუძველს თავის მხრივ ამ კომპანიების უდიდესი ფინანსური რესურსები წარმოადგენს. ამ რესურსების მეშვეობითაც მათ შეუძლიათ ძლიერი ლობის შექმნა მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლებაში, რაც არცთუ იშვიათია განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში. ამრიგად, “ტნკ-ები და სახელმწიფოები მსოფლიო ეკონომიკაში თითქმის ერთნაირი სიძლიერის პარტნიორები გახდნენ, რომლებიც თანამშრომლობენ და კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, ქმნიან რა გლობალური ეკონომიკის ორი თვისობრივად განსხვავებული მარეგულირებელი ქვესისტემის გარკვეულ სიმბიოზს”6.
ამდენად, გლობალიზაციის ეკონომიკურ-პოლიტიკური ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად, რაც გეოპოლიტიკური ცვლილებებითაა განპირობებული, ამავე დროს დაკავშირებულია მსოფლიო ეკონომიკის უმთავრეს მონაწილეებს შორის თანაფარდობის ტრანსფორმაციასთან, ეს ხშირად ეროვნული სახელმწიფოს როლის შემცირებასთან ასოცირდება.
გლობალიზაციის პროცესის ეფექტიანობის შეფასების დროს, თუ ინდიკატორად გამოვიყენებთ ცალკეული ქვეყნების, განსაკუთრებით კი განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკების ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებებს, უმთავრესი ხდება არა ლიბერალიზაციის პოლიტიკის გატარება თავისთავად, არამედ ლიბერალიზაციის პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებს ან ასპექტებს შორის ეფექტიანი თანმიმდევრულობის დაცვა. ეკონომიკის ცალკეულ სფეროებში მყისიერმა ლიბერალიზაციამ შესაძლებელია უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის ტემპების დაჩქარება, მაგრამ არა ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება, რომელიც ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და განათლების სფეროების რეფორმირების რთული კომბინაციის შედეგს წარმოადგენს. როგორც ცნობილი ეკონომისტი ჯ. ბჰაგვატი შენიშნავს, “სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში კრიზისის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენდა არა ღია საგარეო ვაჭრობა, არამედ ფინანსური სფეროს სწრაფად განხორციელებული ლიბერალიზაცია.7”
ნათელია, რომ თავისუფალ ვაჭრობას გააჩნია პოზიტიურ-ნეგატიური ასპექტები, თუმცა თანამედროვე მსოფლიოში არ მოიძებნება ქვეყანა, რომელიც მხოლოდ ლიბერალურ ან პროტექციონისტულ საგარეო-ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. ვაჭრობის ლიბერალიზაცია ეკონომიკური ზრდის გარკვეულ სტიმულებს ქმნის, ხელს უწყობს მწირი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ზრდის ქვეყნის სავალუტო შემოსავლებს და ახალ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას. აღსანიშნავია, რომ როგორც ცალკეული ქვეყნების ეკონომიკური განვითარების (განსაკუთრებით-სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები) ისტორია ადასტურებს, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენელია ღია სავაჭრო ურთიერთობების გარეშე. ჯ. ბჰაგვატის მოსაზრებით, “უკანასკნელ ათწლეულში ღარიბი ქვეყნები დარწმუნდნენ პროტექციონისტული პოლიტიკის არაშორსმჭვრეტელობაში”8. ამდენად, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მაგისტრალურ მიმართულებას საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაცია წარმოადგენს. მაგრამ, როგორც ბ. ლინდსი შენიშნავს, “დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობაც თანმიმდევრულად ატარებს “Laissez Faire”-ს პოლიტიკას”9. საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის ორი რადიკალურად განსხვავებული მიმართულების თანაფარდობა დამოკიდებულია ცალკეული ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის მიზნებზე და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მაგისტრალურ მიმართულებებზე.
ამავე დროს, გლობალიზაციის მთავარი მახასიათებელია არა მარტო მთელი მსოფლიოს მასშტაბით “ფინანსური ან ინფორმაციული ბაზრის ფორმირება, არამედ ფინანსურ-ინფორმაციული სივრცის შექმნა, რომელშიც ხორციელდება კაცობრიობის საქმიანობა. თანამედროვე გლობალურ საფინანსო ბაზარზე კაპიტალის მოძრაობის სიჩქარე პრაქტიკულად ტოლია ინფორმაციის მოძრაობის სიჩქარისა და რამდენჯერმე აღემატება ინფორმაციის ანალიზის და მითუმეტეს, მისი გაცნობიერების სისწრაფეს”10.
ეკონომიკური საქმიანობის გლობალიზაციის პროცესმა, მისმა თანამედროვე პარამეტრებმა და ტენდენციებმა გარკვეულწილად გაამწვავა ცალკეული ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტის, ეროვნული ფასეულობების და კულტურული ტრადიციების პრობლემა, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს.
გლობალიზაციის პროცესის შემდგომი განვითარება მოითხოვს ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების გათვალისწინებას, საზოგადოებრივ ურთიერთობებში საბაზრო მიდგომებისა და სტანდარტების, საბაზრო საზოგადოების ფორმირების დაუშვებლობას, მსოფლიო ეკონომიკის შემდგომი განვითარების პროცესში სოციალური ორიენტაციის ამაღლებას.