WB-ისა და IMF-ის გადაწყვეტილებების რებუსები
მარი წიკლაური
საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მოღვაწეობა რამდენიმე ხმამაღალი განცხადებით დაიწყო, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნები ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის შესახებ. პირველი რიგის ამოცანად ყოფილმა ოპოზიციონერებმა კორუფციასთან ბრძოლა, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა გამოაცხადეს.
ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ქვეყნის ახალი ხელისუფლება ცდილობს როგორც შიდა, ასევე საგარეო საფინანსო რესურსების ამუშავებას იმისათვის, რომ გასცეს პენსიები, ხელფასები, შემწეობები, უზრუნველყოს არმიის ფუნქციონირება. სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ ქვეყანაში არ დაიშვას ენერგეტიკული დესტაბილიზაცია.
თუმცა, ამ უდაოდ აუცილებელი, მაგრამ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ნაკლებად შესასრულებელი ღონისძიებების რეალიზაციის კონკრეტული მექანიზმები არ დასახელებულა.
არანაკლებ საინტერესოა ქვეყნის ახალი ხელისუფლების საგარეო ურთიერთობების პროგრამაც. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს პროგრამა ევროსტრუქტურებში – ნატოსა და ევროსაბჭოში ეტაპობრივ ინტეგრაციას, აშშ-სთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებას, დაბოლოს, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
გასაგებია, რომ დასუსტებულ საქართველოს, რომელმაც 90-იანი წლების მოვლენების შედეგად თავის ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლი დაკარგა, საგარეო მხარდაჭერა სჭირდება. ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებში ქვეყნის ახალმა სახელმწიფო მინისტრმა დასავლეთს ფინანსური დახმარება სთხოვა. ის კი, თავის მხრივ, დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებით, მაგრამ მომავალ არჩევნებზე რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს.
“- ამერიკის შეერთებული შტატები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერენ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელთან და სახელმწიფო მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევრაზიის საკითხებში, ლინ პასკომ.
პრეზიდენტობის კანდიდატთა მხარდაჭერის საკითხებში აშშ-ის ასეთი პოზიციის მიუხედავად, ისინი მზად არიან არჩევნების ჩატარებაში საქართველოს ფინანსური და მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ, ვინაიდან მთავარია, აღნიშნა ლ. პასკომ, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. “თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად” აშშ საქართველოს ახალ ხელისუფლებას 5 მლნ დოლარის ოდენობის დახმარებას შეჰპირდა. აშშ-ის გარდა ფინანსური დახმარება საქართველოს მსოფლიო ბანკმაც აღუთქვა.
აღსანიშნავია, რომ ახალმა სახელმწიფო მინისტრმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეატყობინა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს და ევროპული სახელმწიფოების მეთაურებს იმის შესახებ, რომ მათთან ძველი კრედიტების დაფარვის გადავადებაზე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. ცხადია, რომ ამ მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, საქართველო ეკონომიკური კოლაფსის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება, ვინაიდან სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კატასტროფული ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნა. საბიუჯეტო დავალიანება 270 მლნ ლარს (135 მლნ დოლარს) შეადგენს. როგორც ცნობილია, დეკემბრის პირველ რიცხვებში საქართველოში იმყოფებოდნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, რომლებმაც ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადეს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, ჯონათან დანის განცხადებით, სავალუტო ფონდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ პერიოდში საქართველოს დაეხმაროს. “- ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ დროებით ადმინისტრაციასთან და შემდგომ ახალ ადმინისტრაციასთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პერიოდში სავალუტო ფონდი საქართველოს დაეხმაროს,” – აღნიშნა ჯონათან დანმა.
საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ასევე მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის განყოფილების დირექტორი, დონა დოუსედ კოიროლო, რომელმაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ირაკლი მანაგაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრის ძირითად მიზანს მიმდინარე პროცესებში გარკვევა და ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილის დაფიქსირება წარმოადგენდა. მანაგაძის განცხადებით, ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერების პირობებში ხაზი გაესვა ყველა დონორ ორგანიზაციასთან ნდობას, თანამშრომლობის აღდგენის აუცილებლობას და შემდგომი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქვეყნისათვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად უახლოეს პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. “- მსოფლიო ბანკი ენთუზიაზმით არის განწყობილი იმ გარდაქმნებისა და სიახლეებისადმი, რომელსაც საქართველოში ჰქონდა ადგილი და შესაბამისად, ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენ შესაძლო დახმარებას საქართველოსადმი”, – აღნიშნა კოიროლომ. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში ბანკი აპირებს “გაყინული” პროექტების დაფინანსებას, გეგმავს ახალი პროექტების დაფინანსებასაც.
მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობების პერსპექტივების შესახებ გვესაუბრება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, ნათია თურნავა:
ბოლო დროს თანამშრომლობა მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან სხვა დონორებთან ძალიან დიდი გართულებით მიმდინარეობდა. უკვე თითქმის ერთი წელია სავალუტო ფონდთან პროგრამა შეწყვეტილი გვაქვს, ანუ ისინი აკვირდებოდნენ, თუ რამდენად ასრულებდა ქართული მხარე, ჩვენი ქვეყნის ცალკეული უწყებები კონკრეტულ ვალდებულებებს. სამწუხაროდ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე მთავრობამ ვერ უჩვენა მათ პოზიტიური შედეგები და ამის გამო იმ ეტაპზე პროგრამის აღდგენის შანსი, ფაქტიურად, დაიკარგა. იყო დასახელებული სხვა ვადებიც, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო ასევე გადაიდო. დღეს ახალ ხელისუფლებას, ეკონომიკურ გუნდს აქვს შანსი, რომ მის მიმართ ამ ორგანიზაციების კეთილგანწყობა გამოიყენოს. ამ ეტაპზე ჩვენ სხვა ალტერნატივაც არ გაგვაჩნია – უახლოეს 2-3 თვეში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ფონდთან პროგრამა აღდგეს, დამყარდეს სტაბილური, ნორმალური თანამშრომლობის ურთიერთობები მსოფლიო ბანკთან და სხვა დონორებთან.
რა პირობებზე მოხდება ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობების აღდგენა?
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უპირობოდ არ მოხდება. მთავარი პირობა არის ჩვენი მხრიდან პოზიტივის ჩვენება. რასაკვირველია, ისინი გაითვალისწინებენ იმას, რომ ახალ ფინანსთა მინისტრს, ახლანდელი მთავრობის ნებისმიერ წევრს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. თუმცა მჯერა, რომ ფონდთან პროგრამა აღდგება და უახლოეს პერიოდში მას არაფერი ემუქრება. ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ამ ეტაპზე ყველა უწყება, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო, პირველ რიგში ფინანსთა სამინისტრო, სხვა ეკონომიკური უწყებები ორიენტირებული უნდა იყვნენ ამ მთავარ ამოცანაზე, ანუ იმაზე, რომ საქართველოს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების ნორმალური რეჟიმი აღდგეს. ვინაიდან, პირველი პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენს წინაშე დგას, არის არა იმდენად ზოგადად ეკონომიკური, რამდენადაც ფინანსური, საბიუჯეტო პრობლემა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. ფონდთან და მსოფლიო ბანკთან ურთიერთობები თუ არ აღდგება, ეს იმოქმედებს კერძო ინვესტორებთან ურთიერთობებზეც, რადგან ამათთვის ორიენტირი სწორედ ჩვენი საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის რეჟიმია. თუკი საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ ეჭვის თვალით შეხედავენ ჩვენთან ურთიერთობებს და გარანტიებს ვერ დაინახავენ, რა თქმა უნდა, საუბარი ნორმალური საინვესტიციო გარემოს აღდგენაზე ზედმეტი იქნება.
რაც შეეხება შეღავათებს, პირველ რიგში, მაინც უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ არაფერი დაემუქროს პარიზის კლუბში ჩვენი საგარეო ვალების შემდგომ რესტრუქტურიზაციას, რაც პირდაპირ არის დამოკიდებული სავალუტო ფონდთან ჩვენს ურთიერთობებზე. სწორედ ეს არის ის კუთხე, სადაც სასურველია, რომ სავალუტო ფონდი დაგვიდგეს გარანტად და შეგვიწყოს ხელი და მაშინ სხვა მთავრობებიც ლიბერალურად შეხედავენ ჩვენს სურვილს და თხოვნას – რომ პარიზის ფარგლებში ჩვენი საგარეო ვალების კიდევ ერთი რესრუქტურიზაცია მოხდეს. ეს იქნება ჩვენთვის გადამწყვეტი, ვინაიდან მომავალ წელს გვიდგება მრავალი ვალის გადახდის ვადა, ძირითადი ნაწილის გადახდის ვადა, რისი შესაძლებლობაც ჩვენ ბიუჯეტს ნამდვილად არა აქვს. რასაკვირველია, ეს მდგომარეობა გუშინ არ შექმნილა, უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ეს საკითხი არაერთხელ დასმულა სამთავრობო სხდომაზეც, მაგრამ ამ კუთხით არც ერთი ნაბიჯი გადადგმული არ იყო და სავალუტო ფონდიც ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გატარებულ პოლიტიკას საკმაოდ პესიმისტურად უყურებდა. ახლა ვითარება შეიცვალა და ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პროგრამის აღდგენის ეგიდით მივაღწიოთ პარიზის კლუბში ჩვენთვის სასურველი პირობებით ვალების რესტრუქტირებას, მსოფლიო ბანკთან ნორმალურ ურთიერთობების აღდგენას და ა. შ. და მისგან დახმარების მიღების პერსპექტივებიც გვაქვს.
როგორც WTO-ს ახალბედა წევრს, შესაძლებლობა გვაქვს, რომ გარკვეული დახმარებები მოვიპოვოთ ჩვენი საგადამხდელო ბალანსის ნორმალიზაციისთვის. მსოფლიო ბანკი სერიოზულად ფიქრობს ამ ტიპის დახმარებებზე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად იმ ქვეყნებისთვის, ვინც ახლახან გაწევრიანდა WTO-ში. სამუშაოები ამ კუთხითაც ჩასატარებელია, ვინაიდან ჩვენი საგადამხდელო ბალანსი არის დეფიციტური და ეს დეფიციტი კიდევ უფრო გაღრმავდა ამ კრიზისული მოვლენების ფონზე, ამიტომ იმ ვალდებულებებმა, რომელიც WTO-ს წინაშე გვაქვს აღებული და რაც შესასრულებელია, არასწორი მიდგომის შემთხვევაში შეიძლება უფრო უარეს მდგომარეობაში ჩაგვაყენოს, ამიტომ ეს შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ. ალბათ, ჩვენი მხრიდან არასწორი და დანაშაულებრივიც იქნება, თუ ახლა არ გამოვიყენებთ იმ მომენტს, როდესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა დემოკრატიული ქვეყნის მთავრობა კეთილგანწყობილია ჩვენს მიმართ, დიდი იმედის თვალით შეჰყურებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მზად არის დახმარების ხელი შეძლებისდაგვარად გამოგვიწოდოს.
სავარაუდოდ, რა ოდენობის დახმარების გაწევას აპირებს მსოფლიო ბანკი საქართველოსთვის? და რომელი სფეროების დაფინანსებას მიენიჭება პრიორიტეტი?
ცოტა მიძნელდება იმის თქმა, თუ რა თანხებზე იქნება კონკრეტულად საუბარი, ვინაიდან არსებობს სხვადასხვა ვარიანტები. მსოფლიო ბანკმა შესაძლებელია დახმარება უფრო ფართო ან უფრო შეზღუდული მასშტაბით გაგვიწიოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. არსებობს პესიმისტური პროგნოზები, ისევე, როგორც არსებობს ოპტიმისტური, ანუ ყველაფერი ისევ და ისევ ჩვენზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება ძირითად პრიორიტეტებს, ეს პრიორიტეტები სიღარიბის დაძლევის პროგრამაშიც არის ასახული და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ რევიზიას, ალბათ, ყველა დოკუმენტი განიცდის, პრიორიტეტები ვფიქრობ დიდად არ შეიცვლება. ეს იქნება იგივე ენერგეტიკის სექტორი, რომელიც არის ეკონომიკური სტაბილურობის საფუძველთა საფუძველი, ისევე როგორც სამრეწველო სექტორის ნაწილი, სოციალური სფერო, სოფლის მეურნეობა და მისი გადამამუშავებელი სექტორი, ეს არის ჩვენი იმედი საექსპორტო სფეროში. თუ გვინდა, რომ არა მარტო ნედლეულის, არამედ პროდუქციის ექსპორტიც განვითარდეს, საინვესტიციო გარემოს აღდგენა და სხვა ნებისმიერი პროგრამა, რომელიც ამ კუთხით წარიმართება, მაგალითად, ბიუროკრატული ბარიერების შემცირებაზე, საგადასახადო რეჟიმის ოპტიმიზაციაზე თუ საბაჟოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პროგრამები, ჩვენთვის ძალიან ღირებული იქნება. ეს პრიორიტეტები ისევ არის, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ამოცანა ისევ და ისევ საბიუჯეტო პრობლემების მოგვარება, გადასახადების მობილიზება და ხარჯების უმკაცრესი ეკონომიის რეჟიმში პრიორიტიზაციაა, რაზეც იქნება ორიენტირებული ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა. ძირითადი აქცენტი გამართულ სახარჯო პოლიტიკაზე უნდა იყოს გაკეთებული. ეს ასახული იყო სიღარიბის დაძლევის პროგრამაში, მაგრამ არ იყო ესოდენ აქცენტირებული. ახლა დრომ მოიტანა, რომ ამ საკითხებზე ყურადღება გამახვილდა.
გეგმავს თუ არა მსოფლიო ბანკი 2004 წელს საქართველოში ახალი პროგრამების დაფინანსებას?
2004 წლისთვის დაგეგმილი ახალი პროექტების შესახებ ჯერჯერობით კონკრეტულად არაფრის თქმა შემიძლია, ვინაიდან უმთავრესი, რაც ამ ეტაპზე უნდა გაკეთდეს, უნდა მოიძიოს სახსრები იმისათვის, რომ არ მოხდეს ახალი დავალიანების დაგროვება, რადგან სახელმწიფოს ისედაც სერიოზული დავალიანება აქვს, განსაკუთრებით ბოლო ნახევარ წელიწადში, ეს არის სახელფასო, საპენსიო, ჯანდაცვის პროგრამების. და უპირველესი ამოცანა მაინც ეს არის, რომ ბიუჯეტი როგორმე დავაბალანსოთ. რა თქმა უნდა, არავის აქვს იმის იმედი, რომ ეს უზარმაზარი დეფიციტი შეიძლება ერთ დღეში აღმოიფხვრას, მაგრამ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ის უარყოფითი ეფექტი, რომელიც აისახება ბიუჯეტში, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. შემდეგ კი, უკვე შესაძლებელი იქნება საუბარი რაღაც ახალი პრიორიტეტების შესახებ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, არამედ ისევ ის პრიორიტეტი, რომელზეც უკვე იყო საუბარი.