არის რეგიონებში ეკონომიკა?
ეკა ლომიძე
საბჭოურმა ეკონომიკამ საქართველოს რიგ რაიონებს “სერიოზული მემკვიდრეობა” დაუტოვა, რომელსაც ძველმა ხელისუფლებამ სოციალური გაუბედავობით არსებობა გაუხანგრძლივა. რეგიონების ხელმძღვანელობის მიერ ახალ მთავრობასთან კიდევ ერთხელ დადგება საკითხი ძველი, არარენტაბელურ საწარმოთა მომავალი ბედის შესახებ.
უსთავის მერის, მერაბ ტყეშელაშვილის აზრით, სახელმწიფომ ძველი გიგანტების გარშემო უნდა დაფიქსიროს თავისი პოზიცია. არსებობს რამოდენიმე გზა: შეიძლება მოხდეს ძველ საწარმოთა პროფილის შეცვლა, მაგალითად, ბევრ ქვეყანაში მეტალურგიული წარმოებები მანქანათმშენებლობებად გადაკეთდა, ან შეიძლება მოხდეს გადაიარაღება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რის საფუძველზეც დამზადებული პროდუქტი უკვე ბაზარზე კონკურეტუნარიანი გახდება.
მერაბ ტყეშელაშვილი – რუსთავის მერი.
ისეთი ქალაქი, როგორიც რუსთავია, ცალკე განხილვის თემაა. არსებობს რუსთავის ეკონომიკის განვითარების პროგრამა, რომელიც თითქმის ყველა დარგის განვითარებისკენაა მიმართული. ამაში სახელმწიფოც უნდა ჩაერიოს და განიხილოს ჩვენი ქალაქის პრობლემა, როგორც ცალკე მდგომი, უნდა შეიმუშავოს ქალაქის განვითარების მრავალწლიანი პროგრამა, შექმნას შესაბამისი სამინისტროებიდან წარმოდგენილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისიები, რომელთა მხრიდანაც ყოველ ექვს თვეში განხილული იქნება ჩატარებული სამუშაოები და შემუშავდება შესწორებები, ანუ, უნდა მოხდეს სერიოზული სამუშაოების ჩატარება. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა წერტილოვანი შეღავათების განხილვაც, იგივე გადასახადების კუთხით. გადასასინჯია ურთიერთობები ინვესტორებთან მიმართებაში. ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ძნელია ნორმალური ინვესტორის მოხიბვლა, ხოლო ისინი, ვინც შემოდიან, არ არიან იმ დონის ინვესტორები, რომლებიც ქალაქს და სახელმწიფოს სჭირდება.
რაც შეეხება მეორე ბიზნესს, სახელმწიფო სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს ორიენტირებული. რასაკვირველია, უნდა არსებობდეს მძიმე მრეწველობა, მაგრამ მხოლოდ ამ დარგის განვითარება ვერ მოხსნის დასაქმების პრობლემას. ამიტომ, საჭიროა მცირე ბიზნესის განვითარებაც, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ფიქსირებული გადასახადების საერთოდ მოხსნის ან გარკვეულ დონემდე შემცირების ფონზე ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მცირე ბიზნესი აწარმოონ გარკვეული მიმართულებით. სახელმწიფომ გასცა გრანტები მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, მაგრამ ის ძალიან მცირე მასშტაბების იყო. 2004 წლის რუსთავის ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს მასტიმულირებელი ელემენტები, დაახლოებით 100 და 200 ათასი ლარის ფარგლებში. ჩამოყალიბდება კომისია, რომელიც განიხილავს მცირე ბიზნესის განვითარების გეგმებს. გამარჯვებული მიიღებს უპროცენტო სესხს თვითონ მერიისგან. რეალურად დაკმაყოფილდება ის ბიზნეს-პროექტი, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილობრივ ბაზარზე. აი, მაგალითად, სამკერვალო წარმოების შექმნა, ჩვენ გვაქვს საწარმოები, რომელთაც თავიანთი მუშა-ხელისთვის სჭირდებათ სპეც-ტანსაცმელი, ისინი შეისყიდიან ამ სამკერვალოში შეკერილ სამოსს. ანუ, ეს საქმე არ იქნება მაშტაბით დიდი (სამკერვალოში შეიძლება დასაქმდეს 5 ადამიანი), მაგრამ ადგილობრივი ხალხი დასაქმდება, ეს წარმოება რეალურად იმუშავებს, გარკვეული ხნის შემდეგ თანხებიც უკან დაგვიბრუნდება. ეს საკითხები საკრებულოსთან უკვე შეთანხმებულია. კონსულტაციებს კი მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტო ცენტრი გვიწევს.
რაც შეეხება ტრანსფერებს, გარდამავალ ეტაპზე შეიძლება გარკვეული მიმართულებით გამართლებულიც იყოს თუმცა, რუსთავის მსგავს ქალაქს ტრანსფერი არ უნდა ესაჭიროებოდეს. ჩვენი ტრანსფერი საკმაოდ მცირეა სხვა ქალაქებსა თუ რაიონებზე გამოყოფილებთან შედარებით. მათი საჭიროება გამოწვეულია რამდენიმე კუთხით, გარდამავალ ეტაპებზე ქალაქები და რაიონები ვერ უზრუნველყოფენ საკუთარ ბიუჯეტს, ან არ ხდება მისი სწორი დაგეგმარება.
ცხოვრება, საზოგადოების განვითარება და მისი მოთხოვნები გაცილებით დიდია, ვიდრე ის ფინანსები, რასაც ქვეყანა საზოგადოებაზე ხარჯავს. აქედან გამომდინარე, რიგ საკითხებში სახელმწიფოც იღებდა ისეთ ვალდებულებებს, რომლის შემსრულებელიც არ იყო, ამიტომაც გვაქვს ამდენი ვალი. დღეს ბევრი პრობლემა სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს, რომელიც მოგვარებადია, სახელმწოფომაც, როდესაც ვერ უზრუნველყო იმ ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება, რომელიც დაცულ მუხლებში იჯდა. ამან ისეთი მძიმე შედეგები გამოიღო, რომ ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, ფაქტიურად, გაკოტრებამდე მიიყვანა. მათ დღეს ყადაღა ადევს, ხელფასებს ვერ არიგებენ და პროგრამით გათვალისწინებული თანხები, რომელიც ავადმყოფს უნდა მოხმარებოდა, კვლავ სახელმწიფო ბიუჯეტს უბრუნდება უკან, როგორც დავალიანება. ეს ჯაჭვური რეაქციაა. ასეა ბევრ სფეროში. უნდა დავიწყოთ ახალი ცხოვრება. მე პარლამენტარიც ვიყავი და ვიცი, როგორ იღებენ კანონებს. სამწუხაროდ, კანონები შორსაა რეალური ცხოვრებისგან, რომელიც არ ერგება სინამდვილეს, ან არ ვაკონტროლებთ მის შესრულებას. მერების ასოციაციას შეხვედრა ჰქონდა ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. არ შეიძლება კანონების ამ მექანიზმებით მიღება. ის კანონები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას ეხება, ადგილობრივი მმართველობის მიერ უნდა განიხილებოდეს. კანონი ერთმა ფრაზამაც კი შეიძლება შეიცვალოს.
ჩვენი მოსაზრებები ბიუჯეტის შესახებ ახალ კანონთან მიმართებაშიც გვაქვს, ვნახოთ ახალი ხელისუფლება როგორ დათმობებზე წავა. საინტერესოა ასევე იმ პროექტის ამოქმედება, რომელსაც სულ მალე საქართველოს პრეზიდენტს წარვუდგენთ. ეს იქნება ექსპერიმენტი.
იმედი გვაქვს, რომ დღევანდელ დღეს იმ ურთიერთობებიდან, იმ მონდომებიდან და პრობლემების მოგვარების სურვილიდან გამომდინარე, რომელიც ახლანდელ ხელისუფლებას აქვს, საქმე წინ წაიწევს.