რა ელის მსოფლიო ეკონომიკას 2004 წელს
მოამზადა ლინა ეპიშევამ
2003 წლის დასასრული მდიდარი იყო სხვადასხვა მოვლენებით. სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა ჰუსეინის დაპატიმრების მიუხედავად (თუ ეს, რა თქმა უნდა, ჰუსეინი იყო) შეუცვლელი რჩება. არ შეიცვალა აგრეთვე მაკროეკონომიკური სურათი და მდგომარეობა ფინანსურ ბაზრებზე.
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ერაყში ამერიკელი ჯარისკაცები კვლავ იღუპებიან, ადვილად გავიგებთ, თუ რატომ გაუფუჭდა ხასიათი ბევრ ამერიკელს. ამას დაემატა აგრეთვე “ძროხის ცოფის” შემთხვევები. ამის შედეგად ბევრმა ქვეყანამ (მათ შორის, რუსეთმაც) ამერიკიდან ძროხის ხორცის იმპორტი შეწყვიტა, რაც კვების მრეწველობის კომპანიებზე უარყოფითად აისახა. მაგალითად, მაქ-დონალდსის აქციები 6%-ით დაეცა. ფინანსურ ბაზრებზე მოვლენები ჩვეული რიტმით ვითარდებოდა: საფონდო ბაზარი კვლავ იზრდებოდა, ხოლო ევრომ დოლართან მიმართებაში მორიგი ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა -1.2900. ამერიკელებმა, როგორც ყოველთვის, ამაზე “პოფიგისტური” რეაგირება მოახდინეს და სხვებს აგრძნობინეს, რომ კურსების სიდიდე მათ ნაკლებად აწუხებდათ, მაგრამ ევროპელებმა და აზიელებმა, რომელთაც ასეთი მდგომარეობა არ აწყობთ, ე.წ. “ვერბალური ინტერვენცია” მოაწყვეს. შვეიცარიაში მსოფლიო ცენტრობანკების თათბირზე სიტყვით გამოვიდა ევროპული ცენტრობანკის მეთაური ჟან კლოდ ტრიშე, რომელმაც განაცხადა, რომ ევრო ძალიან სწრაფად იზრდება, რაც ევრო კავშირის ფინანსური ხელისუფლების შეწუხებას იწვევს. იგივე თქვა იაპონიის ბანკის – ტოსიჰიკო ფუკიის მეთაურმაც.
მოვლენების ასეთი განვითარებით გაოცებულმა ევრომ ამ მიმართულებით მოვლენების შემდგომი განვითარების მოლოდინში 2 ცენტით იკლო. გაგრძელებამაც არ დააყოვნა: ევროპიდან გაისმა “შეწუხებული ხმების” მისამღერი, ასე რომ სავალუტო ბაზარმა ორიენტაცია სივრცეში დროებით დაკარგა. დოლარის ვარდნით უკმაყოფილება გამოთქვა ევრო კომისიის მეთაურმა, რომანო პროდიმ; საკმაოდ აქტიურნი იყვნენ ფრანგები, რომლის სახელით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ჟან-პიერ რაფრენი, ფინანსთა მინისტრი ფრანსუა მერმი და ცენტრობანკის მეთაური ქრისტიან ნოიერი (რომელიც ინტერვენციებით იმუქრებოდა).
ამის შედეგად, ბაზრის მონაწილეებმა სასწრაფოდ დაიწყეს თავიანთი პოზიციების დახურვა დოლარის წინააღმდეგ. ევროპული ვალუტა 5,5 ცენტით დაეცა და 1.2350-ს მიაღწია. ბრიტანული ფუნტმა 7%-ით იკლო. გამონაკლისი იყო იენა, რომელიც არაფრით არ ვარდებოდა ფინანსთა სამინისტროს მეთაურის, სადაკაზუ ტანიგაკის “დაფიცვების” მიუხედავად. ბოლოს და ბოლოს, როცა არაფერი არ გამოვიდა, იაპონელებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ ინტერვენციები და დოლარი-იენას კურსი 105.70-დან 107.30-მდე დაეცა.
ამასობაში, იაპონია შეიძლება გახდეს აშშ-ის წინააღმდეგ სავაჭრო ომის წამომწყები: ამერიკელებმა ჯერ კიდევ არ გააუქმეს თავიანთი ექსპორტიორების პრეფერენციების სისტემა, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება. იაპონელებმა დაიწყეს კოალიციის შექმნა აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მისაღებად. როგორც წესი, ამერიკული ადმინისტრაცია ამგვარ საქმეებზე საკმაოდ ნელა რეაგირებს, მაგრამ, ალბათ, იძულებული გახდება წავიდეს დათმობებზე, როგორც ეს ფოლადის ტარიფების შემთხვევაში მოხდა.
მსოფლიო ეკონომიკისათვის 2003 წელი გარდატეხის პერიოდი იყო. კრიზისი საფონდო ბირჟებზე დასრულდა. მდგომარეობა ნედლეულის და ენერგომატარებლების ბაზარზე ცოტაოდენ გამოსწორდა. ბევრმა ექსპერტმა ნაჩქარევად დაასკვნა, რომ დად2003 წლის დასასრული მდიდარი იყო სხვადასხვა მოვლენებით. სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა ჰუსეინის დაპატიმრების მიუხედავად (თუ ეს, რა თქმა უნდა, ჰუსეინი იყო) შეუცვლელი რჩება. არ შეიცვალა აგრეთვე მაკროეკონომიკური სურათი და მდგომარეობა ფინანსურ ბაზრებზე. გა სტაბილური ეკონომიკური ზრდის ახალი პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსებს და მეწარმეებს გააჩნიათ საფუძველი ოპტიმიზმისათვის, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. 2004 წელი, ჩვენი აზრით, გახდება “განსასჯელი წელი”, რომლის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკას გაუჩნდება ახალი ჰორიზონტები ან ახალი პრობლემები. სამწუხაროდ, მეორე პერსპექტივა უფრო სავარაუდოა.
2000-2003 წლამდე მსოფლიო ეკონომიკურმა სისტემამ გადალახა 90-იანი, წლების ტექნოლოგიური ბუმის შედეგები, რაც უფრო მეტად ფინანსურ სფეროზე აისახა. ინვესტორებმა საფონდო ბაზრებზე 6 ტრილიონი ამერიკული და 3 ტრილიონი ევროპული ვალუტა დაკარგეს, მაგრამ არც ევროპაში და არც ამერიკაში ეკონომიკური ვარდნა არ დაფიქსირებულა. არ მომხდარა არც საბანკო კრიზისი არც უძრავი ქონების ბაზრის კრახი.
როგორც ეს არაერთხელ ითქვა, ამერიკული ეკონომიკის ფუნდამენტალური პრობლემა მოთხოვნისა და მიწოდების დისბალანსია: ერთობლივი მოთხოვნა ბევრად დაბალია, ვიდრე სამრეწველო სიმძლავრეები. თანაც საქმე იმით რთულდება, რომ ამ სიმძლავრეების დიდი ნაწილი (ე.წ. “ახალი ეკონომიკა”) აწარმოებს უსარგებლო და ძალზე ძვირ საქონელს და მომსახურეობას. 2001 წლამდე ამ დისბალანსის დამალვა შესაძლებელი იყო სამრეწველო კრედიტის გაბერვის ხარჯზე, რომლითაც ანაზღაურდებოდა მიმდინარე მოთხოვნის ნაკლებობა, მაგრამ 2000 წლის შემდეგ, როცა ამერიკელების სუფთა დანაზოგები მშპ-ის 7%-ს გაუტოლდა, გასაგები გახდა, რომ ამ სახსრების წყარო ამოიწურა.
ამის შედეგად, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაიწყო განაკვეთების შემცირება და ხელს უწყობდა მომხმარებლებს, რომ მათ ძველი კრედიტების რეფინანსირება უფრო დაბალ პროცენტებზე მოეხდინათ. ერთობლივ მოთხოვნაზე ამ ზემოქმედების ბორკილის მოქმედება 2003 წლის გაზაფხულამდე გრძელდებოდა და შემდგომ კვლავ ამოიწურა: მაისიდან დეკემბრის ბოლომდე მოთხოვნა იპოთეკური კრედიტების რეფინანსირებაზე 5.5-ჯერ დაეცა, ასე რომ, ბუმი ამ სფეროში დამთავრდა. აუცილებელი გახდა ადმინისტრაციის ჩარევა, რომელმაც კონგრესში გადასახადების შემცირების პროგრამა გაიყვანა. პროგრამა ძალაში 2003 წლის 1 ივლისიდან შევიდა. შედეგად, ამერიკელების შემოსავლები საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრი ზრდის ხარჯზე ოდნავ გაიზარდა. ამ ინიციატივის პირდაპირი ზემოქმედება მხოლოდ 1-2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. როგორც ჩანს, საშობაო შესყიდვების სეზონი არც ისე კარგი იყო, ასე რომ, მოთხოვნის შენარჩუნების ეს მექანიზმიც ამოიწურა.
ჯერ გაუგებარია, თუ რა რჩება ადმინისტრაციის არსენალში არჩევნებამდე მისაღწევად. ამასობაში, წინანდელი რეცეპტების უარყოფითი ეფექტი სულ უფრო ვლინდება. დაბალი განაკვეთების პოლიტიკამ დოლარის მკვეთრი დევალვაცია გამოიწვია. უცხოელებს დოლარიან აქტივებში ფულის დაბანდებისადმი (უპირველეს ყოვლისა, ობლიგაციებში) ინტერესი დაეკარგათ. ამის შედეგად, შემოდგომიდან უცხოური ვალუტის შემოდინება უკვე ვერ აკომპენსირებდა აშშ-ის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. საბიუჯეტო გარღვევა სახაზინო ობლიგაციების გიგანტურ ემისიას მოითხოვს, ხოლო ამან ობლიგაციებზე უცხოური კერძო მოთხოვნის შემცირებასთან ერთად ბონდების შემოსავლიანობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ახლა ობლიგაციების პირამიდას მხოლოდ აზიური ცენტრობანკები ფლობენ (უპირველეს ყოვლისა, ჩინური და იაპონური), რომლებიც სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებენ და შესყიდულ დოლარებს შტატების ბონდებში აბანდებენ. მაგრამ, მაღალ დეფიციტთან ერთად კერძო მოთხოვნის ნაკლებობამ შესაძლოა ადრე თუ გვიან მთელი ეს კონსტრუქცია ჩამოაქციოს.
აშშ-ის ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ქაღალდზე რჩება. ექსპერტთა შეფასებით, აშშ-ის 500 უდიდესი კომპანიის მოგების მატების დაახლოებით 75% მიღწეულ იქნა არა გაყიდვის მოცულობის გაზრდის და დანახარჯების შემცირების მეშვეობით, არამედ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის (ნედლეულის კომპანიებისათვის) და დოლარის კურსის ვარდნის გამო (რომლის შედეგად უცხოური მოგება მისი დოლარებში კონვერტაციის დროს მნიშვნელოვნად მატულობს). ერთობლივ მოთხოვნაზე უარყოფითად ისახება დანახარჯების შემცირებაც: სამუშაო ძალის ღირებულება სულ უფრო და უფრო ვარდება. მშპ-ის სასიხარულო მატება რეალობაში აიხსნება ერთჯერადი აქტებით (მაგალითად, მესამე კვარტალში გადასახადების შემცირებით) ან სტატისტიკური მანიპულაციებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2004 წლის პროგნოზი პესიმისტურად გამოიყურება. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შტატების მშპ-ის ზრდის ოფიციალური მაჩვენებლები დაეცემა, ხოლო მეორე კვარტალში მოსალოდნელია არასახარბიელო შედეგები, შესაძლოა, რეცესიაც. სავარაუდოა, რომ შემოდგომისაკენ ან ზაფხულისაკენ იენის კურსი იაპონელი ექსპორტიორებისთვის ძალიან ძვირი გახდეს, რაც ტოკიოს ბირჟაზე ფასების მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს, ხოლო იაპონური ფირმები თავიანთ ამერიკულ აქტივებს (რომლებიც, ძირითადად, აშშ-ის სახაზინო აქციებშია გაყინული) სასწრაფოდ გადაიყვანენ სამშობლოში (ბალანსებში ხვრელების აღმოსაფხვრელად), რა თქმა უნდა, დოლარების იენაში ერთდროულ კონვერტაციასთან ერთად. ასეთ პროცესს (მაგრამ ნაკლები მასშტაბით) უკვე ჰქონდა ადგილი 1998 წლის აგვისტოსა და ოქტომბერში. მაშინ ამის გამო დოლარის კურსი იენასთან მიმართებაში ორ თვეში თითქმის 30%-ით დაეცა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამჯერად ეს პროცესი დრამატული არ იქნება. გასაგებია, რომ იაპონელების მიერ გაყიდული საშტატო აქციების ღირებულებაც დაეცემა. ამას მოჰყვება აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების ზრდა და უძრავი ქონების ბაზრის დეპრესია.
ძნელია იმის მტკიცება, თუ როდის დაიწყება საფონდო ბაზრის ვარდნა: იგი დამოკიდებულია სუბიექტურ ფაქტორებზე. ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში ან ნახევარი წლის შემდეგ. ბაზრის გადახურება აშკარაა: 12 თვის განმავლობაში საშუალოდ 100 უდიდეს ამერიკულ კომპანიებზე სუფთა მოგებასთან საბაზრო კაპიტალიზაციის შეფარდება წარმოუდგენელ რიცხვს აღწევს – 66-ს. უკვე ახლა დღის წესრიგში წამყვან ინდექსებზე ტექნიკური წინააღმდეგობები დგას: ტერაქტის შემდგომი მაქსიმუმების შემდეგ დოუ ჯონსიც და ნასდაკიც მიუწვდომლობის ფარგლებში იმყოფებიან (შესაბამისად, 10,600 და 2,100 პუნქტები). ფასი ოქროზე კვლავ გაიზრდება. ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, შეეცდებიან თუ არა მავანი ამ ქვეყნისა შემოიღონ “ოქროს სტანდარტის” ახალი რედაქცია. თუ ახალ სტანდარტს შემოიღებენ, ზრდა ძლიერი იქნება, თუ არა – ზომიერი.
ჩვენ თვალწინ ინგრევა 70 წლებში შექმნილი საერთაშორისო საფინანსო სისტემა. ცნობილია, თუ რა ძლიერი დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას აშშ-ის უარმა დოლარის ოქროს მომარაგებისაგან. მაგრამ, ამ წლებში აშშ იყო საქონლისა და კაპიტალის უმსხვილესი ექსპორტიორი, ხოლო დოლარი – ერთადერთი სარეზერვო ვალუტა. დღეს ყველაფერი სხვაგვარადაა. აშშ-ის სავაჭრო ბალანსის უარყოფითმა სალდომ 2002 წლის დეკემბრიდან 2003 წლის ნოემბრამდე 548,6 მლრდ დოლარს მიაღწია, გერმანიის სავაჭრო ბალანსის დადებითმა სალდომ 142,6 მილიარდი შეადგინა. მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები არიან დღესდღეობით კაპიტალის ნეტტო-ექსპორტიორები. გასაკვირი არ არის, რომ ევრო, რომელსაც რუსეთის რეფორმატორების მასწავლებელმა, მილტონ ფრიდმენმა “XX საუკუნის შეცდომა” უწოდა, 2003 წლის განმავლობაში დოლართან მიმართებაში თითქმის 19%-ით გაიზარდა. პრობლემა არ არის ევროპული ვალუტის კურსი, არამედ ის, რომ პირველად 30-იანი წლებიდან დოლარს ალტერნატივა გაუჩნდა – ვალუტა, რომლის ღირებულებას განსაზღვრავენ არა ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, როგორც ეს Pლაზა Aცცორდ-ის დროს იყო, არამედ კერძო ინვესტორები, რომლებთაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. ახლა კი მათ არ აქვთ საფუძველი იმისა, რომ მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს, რომლის ერთადერთი საექსპორტო პროდუქცია არის საყოველთაოდ ცნობილი “დემოკრატია ამერიკულად”.
საინტერესო მდგომარეობა შეიქმნა აგრეთვე აზიის ქვეყნებში. იაპონიამ, ფაქტიურად, დაუთმო ჩინეთს რეგიონალური ეკონომიკური ლიდერის სტატუსი. აზიელებმა, რომლებმაც ხუთი წლის განმავლობაში 3 ტრილიონ დოლარზე მეტი თანხით ამერიკის ხაზინის ფასიანი ქაღალდები შეისყიდეს, აშშ-ს დაუბრუნეს ვალი მისი ლიბერალიზმისთვის, რომლის მეშვეობით კორეას, ჩინეთს, ტაივანს და ამ რეგიონის სხვა ქვეყნებს საშუალება მიეცათ 1997-1998 წლების კრიზისის შემდეგ ამერიკულ ბაზარზე თავისი წილი გაეფართოვებინათ. ახალი თამაში კვლავ დაიწყო და ამ მხრივ 2003 წელი მნიშვნელოვანი იყო. ერთი მხრივ, ჩინურმა ექსპორტმა 500 მილიარდ დოლარს მიაღწია და მიმდინარე წელს შეიძლება იაპონურ ექსპორტსაც გადააჭარბოს. მეორე მხრივ, ჩინეთის ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციები, რომლებიც 90 წლების განმავლობაში 15-20%-ით იზრდებოდა, 2003 წლის შედეგებით 1,4%-ით გაიზარდა. ერთი შეხედვით, ამ ერთმანეთთან კავშირის არ მქონე ფაქტების უკან დგას ის, რომ ევროპისა და აშშ-ის ხელმძღვანელობას კარგად ესმით, რომ ჩინეთის ეკონომიკის წარმატება საერთო ჯამში მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება. 2004 წელს აზიასთან აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობების დაძაბულობის გაძლიერების გამო სურათი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.
ამის გარდა, სიტუაციის დრამატიზმი აგრეთვე განპირობებულია იმით, რომ 2004 წელი მთავარი პოლიტიკური მოვლენების წელია, რომელთა შორის მთავარი იქნება 1 მაისს ევროკავშირის გაფართოება და 2 ნოემბერს არჩევნები აშშ-ში. ევრო კავშირში ახალი ათი წევრის მიღება, სავარაუდოდ, გახდება სიგნალი მსოფლიო არენაზე ევრო კავშირის აქტიური მოქმედებებისათვის, რამაც, თავის მხრივ, ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერის ამოცანა შეიძლება მეორე პლანზე გადასწიოს. პოლონეთის მიერ პროვოცირებული საერთო ევროპული კონსტიტუციის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლამ შესაძლოა ევროპის იზოლაციური კურსის გაგრძელება და ეკონომიკური პრობლემების მიმართ ყურადღების გაძლიერება გამოიწვიოს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ადმინისტრაცია გაზრდის სახელმწიფო დანახარჯებს, რათა ეკონომიკური ზრდა ნებისმიერ ფასად დააჩქაროს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხელი შეუწყოს დასაქმებას. ასე რომ, ზემოაღნიშნული სიგნალების გამომწვევი ტენდენციები მიმდინარე წელს უფრო გაფართოვდება და გაძლიერდება.
2003 წლის შედეგების შეჯამების შემდეგ, მიზანშეწონილი გახდება საუბარი მსოფლიო ეკონომიკური სისტემის კოსმეტიკური რემონტის შესახებ. ჩვენი აზრით, 2004-მა წელმა შეიძლება გამოავლინოს მსოფლიო ეკონომიკის ღრმა პრობლემები. დრო გვიჩვენებს, შეძლებენ თუ არა ისინი, ვინც გლობალურ ეკონომიკურ პროცესებს მართავენ, ახალ გამოწვევას ეფექტურად უპასუხონ.