ოპეკი ნავთობის ფასების ზრდას პროვოცირებს
მოამზადა მარი წიკაურმა
20 იანვარს ნავთობის ფიუჩერული ფასები მოულოდნელად მკვეთრად გაიზარდა, რითაც მათი ბოლო 10 თვის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო გამყარდა. ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა ბოლო დღეებში გამოწვეული იყო ბაზარზე ნავთობის მოწოდების შემცირების საშიშროებით და აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთში ძლიერი ყინვებით, რომლებიც მეტეოროლოგთა პროგნოზებით, სულ მცირე, კიდევ 10 დღე გასტანს.
თვლიან, რომ ნავთობის ფასების გაზრდა ასევე განაპირობა ალჟირიდან მოსულმა ინფორმაციამ ქვეყნის ერთ-ერთ საპორტო ქალაქ სკიკდაში ნავთოგადამამუშავებელი ქარხნის გაჩერების შესახებ, რომლის გამტარუნარიანობაც დღეში 335 ათას ბარელს შეადგენს. საწარმოს გაჩერების მიზეზი გახდა აფეთქება, რომელსაც ადამიანების მსხვერპლიც მოჰყვა. ბაზარზე მაშინვე გაჩნდა ეჭვები იმის შესახებ, რომ ალჟირში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გაჩერება აშშ-ში ნავთობის მოწოდების შემცირებას გამოიწვევდა, სადაც ნავთობის კომერციული მარაგი 1975 წლიდან ისედაც ყველაზე დაბალ დონეზეა და 270 მლნ ბარელზე ნაკლებს შეადგენს. ბაზარზე ნავთობის მოწოდების შემცირების შესახებ ინფორმაციას აძლიერებდა ნიგერიიდან მოსული ინფორმაციაც. იქაური მენავთობეები მორიგი გაფიცვის დაწყებას აპირებენ, რაც აუცილებლად გამოიწვევს ნიგერიიდან (იგი აშშ-ში ნავთობის ერთ-ერთი უძველესი მომწოდებელია) ნავთობის ექსპორტის შემცირებას, – აღნიშნავენ ამერიკელი ანალიტიკოსები.
ამავე დროს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების (ოპეკ) ორგანიზაციის გენერალური მდივანი, პურნომო იუსგიანტორო აცხადებდა, რომ კარტელის ყველა წევრი დაეთანხმა ალჟირისა და კატარის მინისტრების წინადადებას 2004 წელს მოპოვების კვოტების არ გაზრდის შესახებ, მიუხედავად ნავთობზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნისა. საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება 10 თებერვალს იქნება გაფორმებული ოპეკის ქვეყნების უახლოეს სესიაზე, რომელიც ალჟირში გაიმართება. რაც, რა თქმა უნდა, კიდევ, უფრო გაზრდის ნავთობის ფასებს, რომელმაც ისედაც ყველა არსებული რეკორდი მოხსნა.
ჯერ კიდევ იანვრის შუა რიცხვებში მსოფლიო ბაზარზე შავი ოქროს ფასი საშუალოდ 4,5%-ით გაიზარდა. ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასი 1,13 დოლარით გაიზარდა – 30,47 დოლარამდე, ნიუ იორკის ბირჟაზე კი 1,63 დოლარით – 35,30 დოლარამდე. ნავთობის ფასების მსგავსი მაჩვენებლი 2003 წლის მარტიდან არ დაფიქსირებულა. მისმა მორიგმა გაზრდამ ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის ფასების გაზრდაც გამოიწვია. ნიუ-იორკის ბირჟაზე იანვრის შუა რიცხვებში ბენზინი 5,5%-ით გაძვირდა და ქვეყნის ისტორიაში წელიწადის ამ დროისთვის რეკორდულ დონეს მიაღწია: ჩვეულებრივი ბენზინის ერთი გალონი (3,8 ლ) აშშ-ში ამ დღეებში 1,59 დოლარად იყიდება. გარდა ამისა, განსაკუთრებით ცივი ზამთრის გამო, საწვავის სტრატეგიული მარაგები აშშ-ში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო 28 წლის მანძილზე მინიმალურ დონემდე დაეცა – იანვრის მხოლოდ ერთ კვირაში ეს მარაგი 5 მლნ ბარელით შემცირდა – 264 მლნ ბარელამდე, რაც 2003 წლის ანალოგიურ დონესთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.
ოპეკის გენერალური მდივნის, პურნომო იუსგიანტოროს განცხადების შემდეგ ფასების მნიშვნელოვანი შემცირება მოსალოდნელი ნამდვილად აღარ არის. ჯერ კიდევ გასულ წელს ექსპერტები აკეთებდნენ პროგნოზს, რომ 2004 წელს ნავთობის ერთი ბარელის საშუალო ფასი 26 დოლარის დონეზე დარჩებოდა. მით უმეტეს, რომ, ნავთობის მოპოვების ფაქტობრივი მაჩვენებლები თვით ოპეკის წევრების მიერ დადგენილ კვოტებს აღემატება. 2003 წლის 1 ნოემბრიდან ოპეკის ქვეყნებისათვის ნებადართულია დღე-ღამეში არა უმეტეს 24,5 მლნ ბარელის მოპოვება, დღეს კი ისინი დღე-ღამეში საშუალოდ 27,6 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებენ. თვითონ კარტელის წევრები ამას იმით ხსნიან, რომ ისინი ნავთობის ზრდის შეჩერებას ცდილობენ (ოპეკის მიერ გასულ წელს შემუშავებული ფასების რეგულირების მექანიზმის, ოპეკის წევრ ქვეყნებს ფასების უწყვეტი ზრდის მე-20 დღეს ნავთობმოპოვების საკუთარი კვოტების დღე-ღამეში 500 ათასი ბარელით გაზრდას ითვალისწინებს) თუმცა, როგორც იუსგიანტორომ განაცხადა, ნავთობის რაოდენობა, რომელსაც დღეისათვის ოპეკის ქვეყნები მსოფლიოში მოიპოვებენ, მასზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სავსებით საკმარისია. კარტელის მიზანია ფასები ბარელში 22-28 დოლარის კორიდორის ფარგლებში შეინარჩუნოს. თუმცა, ძველი კვოტების შენარჩუნებით ეს ნაკლებად იქნება შესაძლებელი.
ნავთობის ბაზარზე დაძაბულობას არც რუსეთიდან და ერაყიდან იმპორტირებული “შავი ოქრო” ხსნის. 2003 წლის ნოემბრიდან ერაყი დღეში 2 მლნ ბარელს მოიპოვებს და 400 ათას ბარელზე ზევით ვერ გაზრდის. მოპოვების გაზრდა არც რუსეთს შეუძლია. მას ნავთობის ექსპორტის მხოლოდ 500 ათასი ბარელით გაზრდა შეუძლია და ეს, პირველ რიგში, ტრანსპორტირების პრობლემასთან არის დაკავშირებული. სხვათა შორის, რუსეთმა არ დააყოვნა და მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ნავთობის ექსპორტის გაძვირების შესახებ (33,9 დოლარამდე ტონა ნავთობში) განცხადება გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასები საკმაოდ მაღალია თვითონ რუსეთშიც, სადაც ერთი ტონა ნავთობის ფასი 3,8 ათასს შეადგენს. მაღალი ფასი განპირობებულია ქვეყნის შიდა ბაზარზე მოწოდების შემცირებით და მოთხოვნის გაზრდით. ბენზინის ფასი იქ, მართალია, ევროპაზე დაბალია, მაგრამ თითქმის უტოლდება აშშ-ში არსებულ ფასს. იგი პირდაპირაა დამოკიდებული ნავთობის მსოფლიო ფასებზე, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით ზრდის ტენდენციით ხასიათდება.