ხელისუფლება კოლექტიური პასუხისმგებლობითა და ხუთწლიანი პროგრამით
კოტე ტყებუჩავა
ახალმა ხელისუფლებამ ახალი ტიპის ხელისუფლების შექმნაზე გააკეთა განაცხადი და საქართველოს ისტორიაში პირველი კოლექტიური პასუხისმგებლობის მატარებელი მინისტრთა კაბინეტი თავისი სამოქმედო გეგმით წარმოადგინა. რევოლუციური ეიფორიის შემდეგ მოვიდა დრო, როცა გუნდი, რომელიც ქვეყნის მართვაზე ყველაზე ხმამაღალ პრეტენზიას აცხადებდა, სახელმწიფოს სათავეში მოვიდა და პირისპირ დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დარგი და სფერო, რომელიც ძირეულ რეფორმირებას და აღორძინებას არ საჭიროებდეს და ის მოლოდინები, რომელიც ნოემბრის მოვლენების შემდეგ საზოგადოებას გაუჩნდა, რეალობად და კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს.
ახალი ხელისუფლების სამოქმედო პროგრამა, რომელიც ზურაბ ჟვანიამ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა, ხუთწლიანია. მთვარობის სტრუქტურული რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური ზრდა, მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობა, ენერგეტიკული პრობლემების მოგვარება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია – ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელის გათვალისინებითაც ახალი მთავრობა მომავალში აპირებს მუშაობას.
საპარლამენტო ოპოზიციამ კრიტიკულად შეაფასა პროგრამა და ძირითადი აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი პროგრამა კი არა, კარგად გააზრებული ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების ჩამონათვალია, სადაც არ არის მითითებული არც ერთი საკითხის მოგვარების ხერხი, საშუალება და კონკრეტული ვადები. მართალია, პროექტში ჩადებულია რამდენიმე კონკრეტული ციფრი ფინანსებთან დაკავშირებით, მაგრამ მისი განხორციელება იმავე ოპონენტების თქმით, ეჭვს იწვევს.
იმას, რომ პროექტი იდეალური არ არის, ჟვანიაც იზიარებს და აცხადებს: “- მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი – მთავრობის სამოქმედო გეგმა – პირველად არ დაიწერა იმისთვის, რომ რაღაც დაწერილიყო, არამედ იმისთვის, რომ იყოს რეალური მოქმედებების გეგმა. ამ დოკუმენტით ახალი მთავრობა პასუხისმგებელი იქნება პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე”.
დღეს არ არსებობს სფერო, რომელიც არ საჭიროებდეს ძირეული რეფორმების გატარებას მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით. პროგრამის მიხედვით, პირველ ეტაპზე, ახალი მინისტრები, ყველა თავის შესაბამის დარგში სწორედ ამ მიმართულებით დაიწყებენ მუშაობას.
ჟვანიას განცხადებით, ძველი ხელისუფლების მსგავსად არ მოხდება კომისიების შექმნა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლვევლად, არამედ მოხდება კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხორციელება და იმ დამნაშავე პირების დაკავება, რომლებიც მხილებულნი იქნებიან კორუფციაში.
უშიშროების, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ძირეული რეფორმები გატარდება, საბჭოთა კავშირის დროინდელი მართვის სტილის შეცვლა და ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა ის ძირითადი საკითხებია, რაც ამ უწყების მინისტრებმა უნდა განახორციელონ.
“ჩვენ უნდა ვიცოდეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეალური შესაძლებლობები და ჯარი რეალურ დაფინანსებას უნდა იღებდეს. ჩვენი ამოცანაა შეიარღებული ძალებისთვის არსებული დაფინანსება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 0,69%-ს შეადგენს, 2%-მდე გაიზარდოს. ჯარი უნდა იყოს კომპაქტური, მაგრამ ძლიერი”, – განაცხადა ჟვანიამ.
ახალი ხელისუფლების უზენაეს ამოცანას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. მათივე თქმით, აღნიშნულზე მაღალი მიზანი მათ სამოქმედო გეგმაში არ არსებობს. მშვიდობიანი გზით კონფლიქტების მოგვარება პრიორიტეტად ცხადდება, მაგრამ თუ ძლიერი ჯარი არ გვეყოლება, ძლიერნი ვერც მოლაპარაკების მაგიდასთან ვიქნებით.
იმ ძირითადი პრინციპების განხოციელებას, რომელიც პროგრამაშია ჩამოთვლილი, ეკონომიკური სიძლიერე და სერიოზული ფინანსები სჭირდება. ჟვანიას აზრით, აუცილებელია ეკონომიკური განვითარება, რაც დასაბამი იქნება ადგილობრივი მრეწველობის და ბიზნესის განვითარების. ჟვანია არ გამორიცხავს სწორი პოლიტიკის განხორციელების – საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციის და რეფორმების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის შემთხვევაში, ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას. მან ასევე ხაზი გაუსვა აგრარული სექტორისა და ტურიზმის განვითარებას.
“უმთავრესი, რაც სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს აქვს დავალებული, ის არის, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ყველა შესაძლო დონორთან ერთად, რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს, მოინახოს ყველა რესურსი, რაც ქართული აგრარული პროდუქციის ექსპორტს უზრუნველყოფს. აგრარულ სექტორში საბაზრი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს”.
ტურიზმის განვითარებისთვის არ არის აუცილებელი ველოდოთ, როდის ამუშავდება ჩვენ კონტროლქვეშ ტურისტული კურორტი აფხაზეთში. ეს არის დარგი, რომელიც სტიმულირებას მისცემს აუარებელ გვერდით დარგს, ეს არის მომსახურების, აგრარული სფეროსა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.
ახალი ხელისუფლება ინფრასტრუქტურას განიხილავს არა როგორც რაღაც სატრანზიტო დერეფნების ნაწილს, არამედ ფიქრობს, რომ მისი განვითარება უნდა გახდეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და წინსვლის უმთავრესი ღერძი. შესაძლებელია ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც თანამედროვე მაგისტრალების აშენებას უზრუნველყოფენ, რომლის გარშემო უამრავი დასაქმების ადგილები შეიქმნება. მრეწველობასთან დაკავშირებით მიდგომა შემდეგნაირი იქნება – გიგანტურ საბჭოთა კავშირის დროინდელ საწარმოებთან მიმართებაში უნდა გაკეთდეს ყველაფერი შესაძლებელი, მოინახოს ისეთი პარტნიორები, რომლებიც შეძლებენ ამგვარ საწარმოებში მუშახელისთვის დასა-ქმების შენარჩუნებას. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ინვესტიციები მოიძებნოს იმ დარგებისთვის, იმ კონკრეტული საწარმოების შესაქმნელად, რომელიც საშულებას მოგვცემს საერთაშორისო სტანდარტების (არა მხოლოდ დსთ-ს ბაზარზე გასა-ტანი) კონკურენტუნარიანი პროდუქცია ვაწარმოთ, რომელსაც, ჟვანიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე დაიტაცებენ.
ზურაბ ჟვანია – “მაღალი ტექნოლოგიების დარგში სერიოზული წარმოების განვითარებისათვის საქართველოს გააჩნია ბევრად მეტი პოტენციალი, ვიდრე მე ვიფიქრებდი. განსაკუთრებული ყურადღების სფერო იქნება საბანკო სექტორის ხელისშეწყობა, რომელიც უკლებლივ ყველა სფეროში ნორმალური საინვესტიციო კლიმატის უზრუნველსაყოფად საფუძველთა საფუძველია.
ჟვანიას თქმით, ახალი ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ არ საუბრობს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშწყობაზე, რომ საშუალო კლასი ჩამოყალიბდეს და იმას დასჯერ-დნენ, რასაც ეს ადამიანები მოიპოვებენ. სახელმწიფოს მოსახლეობისთვის შემოსავლის რეალური ზრდა აქვს დაგეგმილი. უფრო კონ-კრეტულად კი – პენსიების, ხელფასების, დევნილთა შემწეობების. ჟვანია საუბრობს იმაზეც, რომ ნოემბერის თვეში სოციალური ხარჯების დაფინანსების თვალსაზრისით, კატასტროფული სიტუაცია იყო და სავარაუდოდ, 40 მლნ-იანი გარღვევა – გარდაუვალი, მაგრამ ეს რომ ასე არ მოხდა პრემიერ-მინისტრი ამის გამო ზურაბ ნოღაიდელის თავაუღებელი შრო-მას ემადლიერება.
ზურაბ ჟვანია პარლამენტის ტრიბუნიდან მოსახლეობას უმოკლეს დროში სოციალური პირობების გაუმჯობესებას შეჰპირდა. მისი თქმით, აპრილიდან საქართველოს პრეზიდენტის დანაპირები რეალურად განხორციელდება და პენსიები გაიზრდება, ხოლო ივნისიდან უკვე ხელისუფლება მინიმალური ხელფასების საარსებო ზღვართან მიახლოების გეგმას წარმოადგენს.
თუმცა რა მექანიზმებით, პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლება არ აპირებს გვერდის ავლას მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხისადმი და მთელ პასუხისმგებლობას იღებს, რათა მოხდეს სოციალური პირობების გაუმჯობესება. პირველადი სამედიცინო დახმარება ყველასთვის ხელსმისაწვდომი გახდება და საერთოდ, ჯანდაცვის დარგში ძირეული რეფორმები გატარდება.
რაც შეეხება ენერგეტიკის დარგს, ჟვანიას განცხადებით, პირველ რიგში უნდა აღმოიფხვრას არსებული ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისი. წელიწადნახევარში იგი ენრგოკრიზისის მოგვარებასაც გეგმავს. ჟვანიამ ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის მოიზიდოს ინვესტორი ჰუდონჰესის ასაშენებლად, მხოლოდ იმ სეისმური სირთულეების გათვალისწინებით, რაც 13 წლის წინ მთავრობას აწუხებდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა მომავალი მოწვევის პარლამენტშიც შევა იმავე ნდობის მოსაპოვებლად, რაც ამჟამად მოქმედმა ვადაგასულმა პარლამენტმა უკვე გამოუცხადა. ზურაბ ჟვანია მოსახლეობას დაჰპირდა, რომ იმ პერიოდისთვის პარლამენტს მთავრობა უფრო დეტალურ პროგრამას წარუდგენს.
პარლამენტმა 165 ხმით 5-ის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა და მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, კენჭისყრაზე მონაწილეობა არ მიუღიათ “ტრადიციონალისტებსა” და “ახალ მემარჯვენეებს”, ასეთი გუნდური პროტესტის გარდა, ბევრმა დეპუტატმა დოკუმენტს საკმაოდ კრიტიკული შეფასებები მისცა.
ნოდარ ჯავახიშვილი (პარლამენტარი):
იქიდან დავიწყოთ, რომ საქართველოს პარლამენტი კი არა, ადამიანთა აბსოლუტურად არალეგიტიმური ჯგუფი ჰყავს, რომელიც რამდენიმე გამონაკლისის გარდა, იმდენად არის შეშინებული თავის ხვალინდელი დღის გამო, რომ ყველაფერზე ხმის მიმცემი და ყველაფრის მიმღებია. ხელისუფლება ამიტომაც ჩქარობს, რომ ყველა მეტ-ნაკლებად მტკივნეული გადაწყვეტილება ამ პარლამენტს მიაღებინოს. საპროგრამო მოხსენება მართლაც ძალიან კარგი იყო და კარგად იყო მომზადებული. ჟვანიას ვერც განათლებას დაუწუნებ, ვერც ლოგიკას და ვერც გამოსვლის სიმძაფრეს. ამიტომაც ეს მოხსენება კარგი აღსაქმელი იყო. მაგრამ ეს არ იყო პროგრამა. კარგად მესმის, რომ ასეთ მოკლე ვადაში ამისთანა გუნდს, რომელიც, პრაქტიკულად, წინა დღით შეიკრიბა და ბევრს წარმოდგენაც არ ჰქონდა, სად მიდიოდა და რა უნდა ეკეთებინა, ბევრს ვერ მოვთხოვთ, რადგან როგორი ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდაც არ უნდა იყო, საქმეში ჩახედვას დრო სჭირდება. ამ პროგრამას ასე დავარქმევდი – კარგად გააზრებული ქვეყნის სტრატეგიული ამოცანების ჩამონათვალი, რადგან პროგრამა ცოტა სხვა რამეს მოიცავს. პროგრამა უნდა იყოს ვადაში გაწერილი სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების მიღწევის კონკრეტული გზები და ღონისძიებები, რასაკვირველია, თითოეულ ეტაპზე თავისი შედეგების მითითებით. ძალიან უტრირებულად ვიტყვი – იმისათვის, რომ ჩვენ ენერგეტიკა დავაყენოთ ფეხზე, აუცილებელია წელს ავაშენოთ რაღაც კონკრეტული ობიექტი და ამისთვის დაფინანსება გარანტირებული უნდა იყოს, მომავალ წელს სხვა და საბოლოო ჯამში, ხუთი წელიწადში გავდივართ საქართველოს ენერგეტიკულ უზრუნველყოფაზე. ამ დოკუმენტს პროგრამა მაშინ დაერქმეოდა, თუკი ფინანსურად უზრუნველყოფილი, გაწერილი იქნებოდა და შედეგიც მითითებული, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ გამომუშავება ერთი მილიარდი კილოვატსაათით მეტი გვექნება. ეს უკვე კონტროლირებადია და ანგარიშვალდებული ორგანოს მიერ ანგარიშიც წარმოსადგენია. დღეს რა უნდა აკონტროლოს ადამიანმა, როცა, ვთქვათ, პროგრამაში უმნიშვნელოვანესი ჩანაწერია გაკეთებული (თუმცა ზოგადად), რომ უნდა შეიქმნას მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ჯერ ერთი, მიმზიდველი სხვადასხვა ადამიანისთვის შესაძლოა სხვადასხვა რამ იყოს, მაგრამ როცა პარლამენტი იხილავს ამ წინადადებას, აუცილებლად უნდა იკითხოს, რა იგულისხმება ამ მიმზიდველში? კარგი გზები, ენერგეტიკული უზრუნველყოფა, ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურა? ყველაფერი ერთად? ეს როდის გაკეთდება? მაშინ, უნდა ვნახოთ ამ ეტაპზე რისი გაკეთება შეიძლება. ვინმეს აქვს იმის ილუზია, რომ თუნდაც ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ყველგან ევროპული სტანდარტების გზა გვექნება? რომ იტყვი, ათი კილომეტრი გზა გავაკეთე და ამით უფრო მიმზიდველი გავხადე საინვესტიციო გარემოო, ეს არის პროგრამა? ამიტომ, არც ერთ პარლამენტს არ ექნება საფუძველი მოთხოვოს მთავრობას პასუხი რომელიმე გადაწყვეტილების არშესრულებაზე, იმიტომ, რომ ამ ასე ვთქვათ, პროგრამაში კონკრეტული არაფერი დევს. ეს არის, კიდევ ვიმეორებ, დეკლარირებული, ძალიან სწორად დასახული სტრატეგიული მიზნები. ყველა ამ პროგრამულ განცხადებას საკმაოდ დიდი ფული სჭირდება და ამის პარალელურად მასში ჩადებულია ის, რომ საბიუჯეტო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ყოველწლიურად 1%-ით გაიზრდება. ეს არ არის მცირე ზრდა, მაგრამ სტრატეგიული მიზნები აბსოლუტურად გაუბალანსებელი იქნება და მხოლოდ სურვილებად დარჩება. ერთპროცენტიანი ზრდით შეიძლება პენსიები გავზარდოთ, ხელფასებიც რაღაც დონეზე, მაგრამ სხვა ვერაფერი გავაკეთოთ, მაგრამ თუ სულ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ინფრასტრუქტურით დაწყებული და ენერგეტიკით დამთავრებული, ამას უცხოური ინევსტიციების გარდა, საკუთარი საბიუჯეტო სახსრებიც სჭირდება. ამიტომაც, ასეთი მოკრძალებული მიზნები საფინანსო სფეროში, ქვეყნის შემოსავლების ნაწილში ამ საპროგრამო განცხადებების აღსრულებას ვე-რაფრით უზრუნველყოფს.
განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ შევარდნაძის ხელისუფლება კორუმპირებული იყო, აბსოლუტურად სამართლიანია და ისიც, რომ სხვადასხვა საექსპერტო შეფასებებით, სხვადასხვა თანხები, მაგრამ არანაკლებ 200-სა ხელისუფლების კორუმპირებული ნაწილის ჯიბეებში ილექებოდა. ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდა, რომელიც ხმამაღლა აცხადებს, რომ არ იქნება კორუმპირებული და თუ მართლაც ასე მოხდება, ეს 200 მლნ ხომ ავტომატურად უნდა შემოვიდეს ბიუჯეტში? მოპარული თანხების უკან დაბრუ-ნებას თავი დავანებოთ, თუკი მას აღარ წაიღებენ, მაშინ რატომ ვიღებთ გეზს ასეთი მოკრძალებული მიზნებისკენ და ასევე მოკრძალებულ პარა-მეტრებს ბიუჯეტის ნაწილში?
დათო საგანელიძე (ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები”)
როცა პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტს და პროგრამას, რომელიც არ არის, ვთქვათ ექვსთვიანი ან ერთწლიანი, არამედ ხუთწლიანი და მთავრობას პარლამენტში ეს სულ რამდენიმე გვერდზე დაწერილი შემოქვს, სხვა თუ არაფერი, მიმაჩნია, რომ პარლამენტისთვის შეურაცმყოფელია. ხუთწლიანი პროგრამა, სადაც ყველა დარგია მოცული, ეკონომიკიდან დაწყებული საგარეო ურთიერთობითა და გნებავთ, თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემებით დამთავრებული, რომელიც ზოგადი თეზისებით არის წარმოდგენილი, ამას პროგრამას ვერ დავარქმევდი.
მესმის, რომ პროგრამის მოხსენებას სხვანაირად ვერ გააკეთებ, რადგან მოხსენების გარდა პრემიერ-მინისტრი იძულებული იყო ესაუბრა თითოეულ მინისტრობის კანდიდატზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მართლაც ახალ სახეებს წარმოადგენენ. ხაზი იყო გასმული და ძირითადი აქცენტი გაკეთებული იმ ფაქტორებზე, რომ ეს ახალგაზრდები არიან წესიერები და პატიოსნები და არ არიან კორუ-ფციის ჭაობში ჩაფლულნი. მაპატიეთ, მაგრამ ეს კიდევ არ არის საკმარისი არგუმენტი იმისთვის, რომ ამ პროექტს დავუჭირო მხარი.
ამ პროექტს, ვფიქრობ, ნდობის მანდატი არ გააჩნია არც პოლიტიკური პარტიების და არც საზოგადოების მხრიდან, რადგან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და არჩევნების წინ სწორედ იმით ამაყობდნენ, რომ მოვიდოდნენ თუ არა ხელისუფლებაში, უახლოეს ხანებში გაატარებდნენ ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, როგორიც არის, ვთქვათ, მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადებისაგან გათავისუფლება, მიწის გადასახადის გაუქმება, მოსვლისთანავე რეალურად სულ სხვა კანონი შემოიტანეს პარლამენტში. ისინი აცხადებდნენ, რომ მომხრენი არიან ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითობას გულისხმობდა და ა.შ. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეალურად ყველაფერი უკუღმა დატრიალდა.
თუნდაც გავიხსენოთ, 115-ლარიანი მინიმალური ხელფასის გარშემო შექნილი ხმაური ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ, ბატონ ზურაბს, როგორც მახსოვს, საკმაოდ ზუსტი ფორმულირება ჰქონდა და იგი არწმუნებდა იმჟამინდელ ხელისუფლებას, რომ ეს სავსებით შესაძლებელი იყო. დღეს კი, პარლამენტში ამ პროგრამის წარდგენის დღეს, ჟვანიას შეახსენეს მინიმალური ხელაფასის პრობლემა და მან საკმაოდ გაღიზიანებით უპ-ასუხა გამომსვლელს. ანუ, დღეს, როცა ეს თემა მათი გადასაწყვეტია, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად შეუძლებელი ყოფილა. დასკვნა ერთია, რომ მაშინ თემა ხელოვნურად აგორებული და თავიდან ბოლომდე პოპულიზმი იყო.
არა მარტო ეს, მახსოვს ამ ხელისუფლების წევრების 2-4 წლის წინ, გნებავთ, 8 წლის წინ ანალოგიური პათოსით, ოპტიმიზმით გამსჭვალული გამოსვლები და პროგრამები დგე-ბოდა, მაგრამ შემდეგ არაფერი კეთდებოდა. შესაბამისად, დასკვნა ერთია, რომ ამ დოკუმენტს არანაირი ნდობის მანდატი არ აქვს, ამიტომ შეუძლებელი იყო ჩვენს ფრაქციას ამ რამდენიმე ფარატინა ფურცლისთვის მიეცა ხმა. გარდა ამისა, ხელისუფლებას არც პროგრამის და არც მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე ჩვენთან კონსულტაცია არ გაუვლია და არც აზრი უკითხავს, ამიტომ მათთან ერთად პასუხისმგებლობის აღება ნამდვილად უგუნური იქნებოდა, არადა, ხმის მიცემის შემთხვევაში, პოლიტიკური პასუხისმგებლობის მომენტი დგება, რასაც არანაირად არ ვაპირებთ.
სხვა მხრივ, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ის, რაც ამ პროგრამაში წერია, მიუღწევადია, უბრალოდ, მათი მხრიდან ამის შესრულება ჩემში საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რაზედაც უკვე მოგახსენეთ. ჯერ არსად მინახავს პროგრამაში ცუდი რამ ეწეროს, უბრალოდ მას შესრულება სჭირდება. ჩვენს 900-დღიან პროგრამასთან ამ პროგრამას საერთო არაფერი აქვს. იქ დეტალურად ეწერა რა როგორ, რა ვადაში შესრულდებოდა და საკმაოდ სქელტანიანი დოკუმენტი იყო, რომელიც ორ ვარიანტად გამოვიდა: ერთი სრული, ხოლო მეორე მოკლე, რომელიც მოსახლეობისთვის უფრო გასაგები იქნებოდა. მასზე ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული სპეციალისტი მუშაობდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს გუნდი საერთოდ არ იყო გამარჯვებისთვის მზად. ისინი უხსოვარი დროიდან არიან ხელისუფლებაში, მაგრამ არც ერთი კონკრეტული საქმე მათ მიერ გაკეთებული ჯერ არ მინახავს.