წყურვილი პლანეტას შეცვლის
მოამზადა ეკა წირღვავამ
“ჩვენ გვიმთავრდება დრო, ჩვენ გვიმთავრდება წყალი”, – ასეთი განცხადებით მიმართა დავოსში გამართულ მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის მონაწილეებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო-ს) გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა. მეცნიერების აზრით, წყალი პლანეტაზე საჭიროზე მეტი რაოდენობითაა, მაგრამ მისი უდიდესი ნაწილი მოხმარებისთვის უვარგისი ან ხელმიუწვდომელია, თანაც ის პლანეტზე არათანაბრადაა განაწილებული, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი რესურსი.
ნავთობზე, ლითონებსა და სამუშაო ძალაზე ეკონომიკის დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია აღიარეს. წყლის უკმარისობა კი ბოლო დრომდე (იშვიათი გამონაკლისების გარდა) მხოლოდ ჩამორჩენილი ქვეყნების პრობლემა იყო. მსოფლიოში მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება მსოფლიო ეკონომიკაც და შესაბამისად – წყლის რესურსებზე მოთხოვნა. დადგა იმის აღიარების დრო, რომ “მსოფლიო წყურვილი” სერიოზულ ზემოქმედებას მოახდენს არა მხოლოდ პლანეტის სხვადასხვა წერტილების კლიმატზე, არამედ სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ პერსპექტივებზე და შრომის განაწილების გლობალურ სისტემაში მათ მდგომარეობაზე.
“უახლოესი ათწლეულების მანძილზე მსოფლიოს ყველა ნაწილში ეკონომიკები გაიზრდება. მოსახლეობის რაოდენობის მატება ნიშნავს საკვებ პროდუქტებზე, ენერგიაზე და სხვა საქონელსა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდას. ასევე გაიზრდება მოთხოვნა წყალზე” – ასე ხსნის მოსალოდნელი პრობლემების მიზეზებს სტოკჰოლმის წყლის რესურსების საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორი იან ლუნდკვისტი.
განვითარებული ქვეყნების ბოლო ათწლეულების ისტორია მოწმობს იმას, რომ მშპ-ის ზრდა პროდუქტებზე მოთხოვნის გადიდებას იწვევს, ეს კი დიდი რაოდენობით წყალს მოითხოვს. საკვები პროდუქტების წარმოება, ეკონომიკურ საქმიანობებს შორის, ყველაზე მეტად მოითხოვს წყალს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტაზე წყლის მოხმარების 70% სოფლის მეურნეობაზე მოდის, ხოლო ზოგიერთ განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 90%-ის ტოლია.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ წყალზე მოთხოვა მსოფლიოში ძალიან სწრაფად იზრდება. გაერო-ს შეფასებით, წყლის მსოფლიო მოხმარება ბოლო 100 წლის მანძილზე 6-ჯერ გაიზარდა და 2050 წლისთვის კი კიდევ უფრო მეტად გადიდდა. ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მტკნარი წყლის მოცულობა შესაძლოა შემცირდეს გარემოს დაბინძურებისა და ტყეების ჩეხვის გამო. ამგვარად, გამორიცხული არ არის, რომ ახლო მომავალში წყლის მარაგი მსოფლიო მოსახლეობის მოთხოვნებისათვის საკმარისი არ იყოს. “დღეს ზოგიერთ ქვეყანას საკუთარი პროდუქტების წარმოებისთვის საკმარისი წყალი არა აქვს, – აცხადებენ გაერო-ს სპეციალისტები – წყლის მოხმარების რეფორმების გარეშე მისი დეფიციტი შესაძლოა უფრო გაიზარდოს, რის შედეგადაც ამ რესურსზე ფასები მნიშვნელოვნად იმატებს”.
მეცნიერების აზრით, წყლის მოხმარება გაერო-ს მიერ გაკეთებულ პროგნოზზე ადრე გაორმაგდება. თუ მისი ხარჯვის ნორმები არ შეიცვლება და გავითვალისწინებთ მსოფლიო მშპ-ის მოსალოდნელ ზრდას 2045 წლისთვის, გამოდის, რომ საკვები პროდუქტების წარმოება ამ დროისთვის წელიწადში ამჟამინდელი 7 100 კუბოკილომეტრი ნაცვლად 11 600 კუბოკილომეტრი წყლის ხარჯვას მოითხოვს. ეს სოფლის მეურნეობის მიერ წყალზე მოთხოვნის 45%-იან ზრდას ნიშნავს. წყალზე მოთხოვნა ასევე საკმაოდ დიდი ტემპებით გაიზრდება ბიოსაწვავის მწარმოებლების მიერ და 30 წელიწადში მისი დაკმაყოფილება შეუძლებელი გახდება. “შესაბამისად უახლოეს წლებში მსოფლიო მოსახლეობამ წყლის რესურსების მოხმარების ეფექტურობა რადიკალურად უნდა გაზარდოს, ეს ამ თაობისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა”, – აცხადებს ი. ლუნდკვისტი.
ექსპერტების აზრით, წყლის კრიზისი შეიძლება 2020 წელს დადგეს მაშინ, როცა წყალზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება. არც მეტალურგია და სინთეტიკისა და პლასტმასის წარმოება და ენერგეტიკა გაჩერდება ერთ ადგილზე. ჯერჯერობით მოფიქრებული არ არის თუ როგორ უნდა შემცირდეს რადიკალურად ამ სფეროებში წყლის მოხმარება. საშუალო ენერგოსადგური წელიწადში 1 კუბოკილომეტრ წყალს მოიხმარს, ატომისა კი – 1,6 კუბოკილომეტრს, ამასთან ამ მოცულობის მესამედი იკარგება. ვითარებას ამძიმებს კიდევ ერთი პრობლემა: პლანეტაზე არსებული წყლის რესურსი საკმარისი იქნებოდა თანაბრად განაწილების დროს. სხვადასხვა ქვეყანაში წყლის რესურსი ისევე არათანაბრადაა გადანაწილებული, როგორც ნავთობი და ლითონი. ამასთან მისი ტრანსპორტირება დიდ მანძილზე და საკმარისი რაოდენობით შედარებით რთულია, ვიდრე გაზისა და მადნის. წყლის გადაზიდვა შეუძლებელია ტანკერებით, როგორც ნავთობის. პრობლემა ვერ გადაწყდება აუზთაშორისი პრინციპითაც, ამიტომ ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მტკნარი წყლის საერთო მოცულობაზე, არამედ ეკონომიკურად ხელმისაწვდომ წყალზე. დღეისათვის მსოფლიოში მხოლოდ 3 ქვეყანაა წყლით მთლიანად მომარაგებული: ბრაზილია, კანადა და რუსეთი. გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის ფედერაცია ფლობს პლანეტაზე არსებული მტკნარი წყლის 20%-ზე მეტს. 2025 წელს კი კრიზისს ვერ გაექცევა ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი.
ვისკის დალევა უფრო იაფია, ვიდრე წყლის
მარკ ტვენის ფრაზაა: “დასალევად განკუთვნილია ვისკი, ხოლო წყალი არსებობს იმისთვის, რომ მისთვის იბრძოლონ”. ყველაზე მაღალი დონის შეხვედრებზე, დიდი რვიანის სამიტის ჩათვლით, ამჟამად საუბრობენ იმაზე, რომ სასმელი წყლის დეფიციტმა შეიძლება შეიარაღებული კონფლიქტები გამოიწვიოს. იცხაკ რაბინმა ისრაელის პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროს განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ყველა პრობლემა რომ ყოფილიყო მოგვარებული, მარტო წყლის პრობლემის გამო “აფეთქდებოდა” რეგიონი. წყლის უსაზღვროდ არათანაბარი გადანაწილება საშინელ დისბალანსს ქმნის, რაც შეიძლება შეიარაღებული კონფლიქტების მიზეზიც გახდეს. წყლის მოხმარების მოცულობა დღევანდელი მსოფლიოს სოციალური განშრევების ინდიკატორია. კერძოდ, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა დღეში ერთ სულზე დაახლოებით 10 ლიტრ წყალს მოიხმარს, ხოლო დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა – 135 ლიტრს. წყლის პრობლემა შეეხო არა მხოლოდ მესამე ქვეყნებს, არამედ განვითარებულ ქვეყნებსაც. დასავლეთ ევროპაში ხარისხიანი მტკნარი წყალი მხოლოდ სკანდინავიასა და ალპების მიმდებარე რაიონებშია. ევროპის ქალაქების ნახევარზე მეტი გრუნტის წყლებს მოიხმარს. წყალმომარაგებაში არსებული ქრონიკული შეფერხებები კი კატალონიის 4,5 მლნ-ზე მეტ მაცხოვრებელს აწუხებს.
ისტორიას ახსოვს წყლის ხელმისაწვდომლობაზე 4500 წლის წინ ორი შუმერული სახელმწიფოს – ლაგაშისა და უმმას შორის შეიარაღებული დაპირისპირება. დღეს წყლის დეფიციტი გლობალურ ეკონომიკაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ამ რესურსზე ფასის ზრდა გარკვეულწილად შეაფერხებს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას. წყლის დეფიციტი გამოიწვევს ისეთი სფეროების პროდუქციის ფასების ზრდას, როგორიცაა: მანქანათმშენებლობა, ელექტროენერგეტიკა, ქიმიური, საკვები პროდუქტების წარმოება და მისი ეფექტი 1973 წლის ნავთობის კრიზისის მსგავსი იქნება. ექსპერტების აზრით, ნავთობის ბაზრისაგან განსხვავებით ეს იქნება არა ფასების მკვეთრი შეცვლა, არამედ ზემოაღიშნულ პროდუქციებზე მსოფლიო ფასების სტრუქტურის გარდაქმნა დროში. ასეთ ცვლილებებს ბაზრები და მეწარმეები დროის მოკლე მონაკვეთში ვერ შეეგუებიან, ეს პროცესი 5-7 წელიწადს გაგრძელდება.
განვითარებული ქვეყნები უკვე ემზადებიან წყალზე ფასების ზრდის ხანგრძლივი პროცესისთვის. დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის ხელისუფლება აჩერებენ თავიანთი სასოფლო-სამეურნეო წარმოების სუბსიდირებას. სუბსიდირება ხორციელდებოდა მეწარმეობის ხელშესაწყობად და მსოფლიო ბაზარზე მათი წილის შესანარჩუნებლად, მაგრამ ფასების ზრდასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო წარმოება რენტაბელური გახდება და ამიტომ განვითარებულ ქვეყნებს აღარ აქვთ სურვილი სხვა ქვეყნების პროდუქტისთვის იხადონ ფული. ხელისუფლება სუბსიდირებისთვის გამოყოფილ თანხებს სხვა მიზნებისთვის დახარჯავს, კერძოდ, წყალსაცავი ტექნოლოგიების დასანერგად და ირიგაციის სისტემის რეფორმირებისათვის.
ექსპერტების აზრით, მოსალოდნელი კრიზისის თავიდან ასაცილებლად ჯერჯერობით ყველა რეზერვი არ ამოქმედებულა. ექსპერტი დევიდ მოლდენი თვლის, რომ 20-25 წლის შემდეგ კაცობრიობა მსოფლიო მდინარეების 70%-ის ექსპლოატაციას შეძლებს (ამჯამად მათი 50 %-ის ექსპლოატაციაა შესაძლებელი). გარდა ამისა, აუცილებელია საირიგაციო სისტემების ხარისხის მნიშვნელოვანი ამაღლება: ამჟამად საშუალოდ 40-50% მტკნარი წყალი იკარგება მისი მოპოვებისა და ტრანსპორტირების დროს. არიზონაში არსებული მიწისქვეშა სარწყავი სისტემა კი, რომელიც უკვე 15 წელია მოქმედებს და პლასტმასის მილების ქსელს წარმოადგენს, პირდაპირ ნარგავების ძირებს რწყავს და ამით შესაძლებელი ხდება მისი გამოყენების 90%-იანი ეფექტურობა. ამჟამად შესაძლებელია სოფლის მეურნეობაში წყლის ხარჯვის ეფექტურობის 25%-ით გაზრდა, ძირითადად განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ამისთვის თითქმის ყველა რეზერვი ამოწურულია).
არსებობს წყლის დაცვის კიდევ ერთი რესურსი: საწარმოო ნარჩენების გაწმენდა, ტყის ჩეხვის შეჩერება, ჭაბურღილების უკონტროლო ბურღვა და წყალსაცავი ზონების აშენება. ასევე აუცილებელია საოჯახო ნარჩენების უტილიზაციის პრობლემის მოგვარება და წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია, რის გამოც წყლის საერთო მოცულობის 40% იკარგება. თუმცა ყველა ზემოთჩამოთვლილი ტექნიკური საკითხების მიუხედავად წყლის კრიზისის თავიდან აცილება მოხმარების ჩვევების შეუცვლელად შეუძლებელია.
ვირტუალური წყალი
მეცნიერებმა უკვე შეიმუშავეს ინსტრუმენტები გლობალური მასშტაბის წყლის დეფიციტის პრობლემის გადასაწყვეტად, რასაც შეუძლია შეცვალოს როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე მთელი პლანეტის სახე. ტერმინი – “ვირტუალური წყალი” 1993 წელს ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა ტონი ალანმა გამოიგონა. ის აღნიშნავს წყლის რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ საქონლის წარმოებისათვის და მომსახურებისათვის. ი. ლუნდკვისტი თვლის, რომ მსოფლიოში განვითარდება წყლისშემცველი პროდუქციის ექსპორტი: წყალი გაიყიდება საზღვარგარეთ როგორც პროდუქტების, ელექტროენერგიისა და ქაღალდის შემადგენელი ნაწილი. ამჟამად ექსპორტისა და იმპორტის ძირითად პარამეტრებად ითვლება საქონლისა და მომსახურების ენერგო და შრომითი მოცულობა, ისინი ზემოქმედებენ იმაზე, თუ როგორ გეგმავს სახელმწიფო და ბიზნესი სხვადასხვა სფეროების განვითარებას. მომავალში კი ეკონომიკის ოპტიმალური სტრუქტურის განმსაზღვრელი შეიძლება წყალი გახდეს.
უკვე არსებობს მოდელი, რომლითაც გაიანგარიშება ქვეყნის წყლის ბალანსი, მხედველობაშია ყველაფერი, რასაც ქვეყანა აწარმოებს და რაც მას სჭირდება. აქედან გამომდინარე, ქვეყნების ხელისუფლებას შეუძლია გაარკვიონ რომელ სფეროებს სჭირდება პირველ რიგში სტიმულირება, რომელი საქონლის ექსპორტს უნდა “აუნთონ მწვანე შუქი” და რომელი უნდა შეიზღუდოს. მკვლევარების მიერ შედგენილი ვირტუალური წყლის სავაჭრო ნაკადების რუქა მნიშვნელოვნად განსხვავდება კაპიტალის რეციპიენტებად, დონორებად და საქონლის ექსპორტიორებად ან იმპორტიორებად დაყოფისაგან. გარკვეული დროის შემდეგ ქვეყნის წყლის ბალანსი საგადასახადო ან ენერგეტიკულ ბალანსზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახდება. შესაბამისად მოხდება ქვეყნების სპეციალიზაციის კორექტირება, ისევე როგორც ეს მოხდა არაბეთის ნახევარკუნძულზე ნავთობის საბადოს გახსნის ან ჩინეთსა და ინდოეთში იაფი სამუშაო ძალის კოლოსალური ბაზრების გახსნის დროს.
წყლის საკითხის გადაწყვეტაში ეკონომიკების სტრუქტურული გარდაქმნა შეიძლება მნიშვნელოვანი რესურსი გახდეს. ქვეყნები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ თავიანთ მოსახლეობასა და წარმოებას წყლით, იძულებული გახდებიან უარი თქვან მის ზედმეტად მოხმარებაზე.
წყლის დაბინძურების აღმოფხვრის საკითხები საქართველოში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების, მათ შორის წყლის რესურსების მართვის რეგულირების უზრუნველყოფისათვის საქართველოში შექმნილია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც შედგება კანონების, კანონქვემდებარე აქტების, დებულებების, ბრძანებების და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებისაგან. მათგან წყლის რესურსების მართვისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს კანონი “წყლის შესახებ” (ძალაშია 1997 წლიდან), საქართველოს კანონი “გარემოს დაცვის შესახებ” (ძალაშია 1996 წლიდან) და საქართველოს “კანონი წიაღის შესახებ” (ძალაშია 1996 წლიდან).
საქართველოში დღეისათვის წყლის რესურსების მართვა ხორციელდება ადმინისტრაციული პრინციპის საფუძველზე.
წყლის მართვის სფეროში თავიანთი კომპეტენციის მიხედვით ჩართულია სხვა სახელმწიფო ორგანოები: ეკონომიკის განვითარების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აგრეთვე, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოები.
იქედან გამომდინარე, რომ “წყალმა არ იცის საზღვრები”, წყლის რესურსების მართვა არსებული ადმინისტრაციული მოდელით არაეფექტურია. ადმინისტრაციული მოდელის მიხედვით შეუძლებელია წყლის რესურსების მოხმარების ეფექტური დაგეგმვა მდინარის მთელი აუზის ფარგლებში სხვადასხვა წყალმოსარგებლეთა (ენერგომწარმოებლები, ადგილობრივი მოსახლეობა, საწარმოები, წყლის მომხმარებლები სასოფლო-სამეურნეო თუ რეკრეაციული მიზნით) ინტერესების, აგრეთვე აუზის ეკოსისტემების შენარჩუნებისა და დაცვის გათვალისწინებით. შესაბამისად, შეუძლებელია მდგრადი გამოყენების პრინციპის დაცვა, ანუ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ისეთი მოხმარება, როდესაც საშიშროება არ ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან.
ადმინისტრაციული პრინციპით მართვისგან განსხვავებით, სააუზო მართვის პრინციპი ხელს უწყობს ფრაგმენტული (არაკომპლექსური) მიდგომის თავიდან აცილებას, აერთიანებს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსების მართვას, ითვალისწინებს ურბანული დაგეგმარებისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, ისევე როგორც მდინარის მთლიან საზღვრებში განლაგებული წყალმოსარგებლე ობიექტების ინტერესებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა წყლის მართვის სისტემის რეფორმა – სააუზო მართვის პრინციპზე გადასვლა.
სასმელი წყალმომარაგების პრობლემები.
სასმელი წყლის ხარისხის და მომარაგების სტრატეგიის მთავარი მიზანია რეალური ჩარჩოების ჩამოყალიბება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს მოსახლეობის მომარაგება კარგი ხარისხის და საკმარისი რაოდენობის წყლით, რაც აუცილებელია მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის.
წყალმომარაგების და ჩამდინარე წყლების ნაგებობები (გარდა გარდაბნის რეგიონალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა) იმართება კომუნალური მომსახურების კომპანიების მიერ, როგორც “სააქციო საზოგადოება” ან “შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება”, მაგრამ ისინი იმავდროულად მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაშია.
მუნიციპალიტეტები პასუხისმგებელნი არიან მომხმარებლის მიმართ, რათა უზრუნველყონ ისინი მაღალი ხარისხის სასმელი წყლის შეუფერხებელი მომარაგებით. მუნიციპალიტეტები მოვალენი არიან ტარიფებზე გადაწყვეტილების მიღებით ხელი შეუწყონ წყალმომარაგება-კანალიზაციის მეურნეობის დაფინანსებას.
სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტები და კომუნალური სამსახურები საკმაოდ შორს არიან იმისგან, რომ შეძლონ წყალმომხმარებელთა ხარისხიანი სასმელი წყლით უწყვეტად მომარაგება.
დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი არის უზრუნველყოფილი უსაფრთხო წყლის შეუწყვეტელი მომარაგებით. სოფლად მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე ქალაქებში.
სასმელი წყლით მომარაგების სფეროში ძირითადი პრობლემები:
წყალგაყვანილობების უმეტესობაზე დიდი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები, ამიტომ საკმაოდ გახშირდა ავარიები წყალმომარაგებისა და წყალსარინების სისტემებში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია სასმელი წყლის დაბინძურება და დანაკარგების გაზრდა.
ავარიებისა და ქსელების გარღვევის დიდი რაოდენობა, რისი მიზეზიც ამორტიზებული წყალსადენების და ჩამკეტი არმატურის დაბალი ტემპებით განახლებაა. ამის გამო მომხმარებლებს წყლის მიწოდება დიდი ხნით უწყდებათ, ზოგჯერ რამდენიმე დღეც. ყოველივე ზემოთ თქმული მნიშვნელოვნად აუარესებს მომსახურების ხარისხს. თავის მხრივ, წყალმომარაგების ცუდი მომსახურების გამო კლებულობს მომხმარებელთა სურვილი, გადაიხადონ წყალკანალების მომსახურების გადასახადი.
წყლის წყვეტილი მიწოდება გამანაწილებელ ქსელში ხშირად იწვევს ვაკუუმს. ეს შემთხვევები, განსაკუთრებით ქსელში გაჟონვებისას, უარყოფითად მოქმედებს წყლის ხარისხზე და შესაბამისად ზრდის ჯანმრთელობის რისკს (დანაკარგების რაოდენობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში – 20%-დან 50%-მდე შეადგენს).
არ ტარდება წყლის ხარისხზე სრული ლაბორატორიული კონტროლი, რის შედეგადაც მომხმარებლისთვის მიწოდებული წყალი ხშირად არ შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტს.
დღეისათვის ცენტრალიზებული საქალაქო წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა დაახლოებით 5% აღჭურვილია წყლის მრიცხველებით. ამავე დროს სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წყლის აღრიცხვა საშუალებას იძლევა დაცულ იქნას წყლის რესურსის 25-80% და ეს აუცილებელია იმისათვის, რომ გაკეთდეს წყლის ბიუჯეტი/აუდიტი გამანაწილებელი ქსელისთვის, რაც წყლის განაწილების მართვის წინაპირობაა.
ზედაპირული წყლის დაბინძურების პრობლემები
ზედაპირული წყლის ობიექტების მდგომარეობაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს პესტიციდებისა და სასუქების არასწორი გამოყენება. აღსანიშნავია, რომ ამ ნივთიერებების არალეგალური იმპორტისა და ზუსტი აღრიცხვის არარსებობის გამო ბოლო წლების მონაცემები შეიძლება საეჭვოდ ჩაითვალოს.
პრობლემა ისაა, რომ საქართველოში დაგროვდა 400 ტონა მოძველებული პესტიციდი და გაურკვეველი რაოდენობის ტარა, რომლებიც ინახება ღია ცის ქვეშ და აბინძურებს გარემოს. სიტუაციას ართულებს ტოქსიკური ნივთიერებების საწყობის და პოლიგონების ინვენტარიზაციის არარსებობა. საქართველოში მოძველებული პესტიციდების უარყოფითი ზემოქმედების აღსაკვეთად ქმედებების ძირითადი მიმართულებებია: დაბინძურების წყაროების დეტალური ინვენტარიზაცია, პრიორიტეტული დამაბინძურებელი წყაროების გამოვლენა და რეგიონალური საკოორდინაციო გეგმების შედგენა ყველაზე საშიში ნივთიერებების ლიკვიდაციისთვის.
ზედაპირული წყლების დაბინძურების მიზეზები
საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი მიზეზია ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების, აგრეთვე საწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების უქონლობა ან არაეფექტური მუშაობა, რაც, პირველ რიგში, გამოწვეულია შესაბამისი დაფინანსების უქონლობით, ეკონომიკური სტიმულირების მექანიზმის არარსებობით და შესამაბისი ორგანოების მხრიდან სუსტი კონტროლით.