ვინ არის ჩრდილოვანი ეკონომიკის ლიდერი
მარი წიკლაური
მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკა ამა თუ იმ მასშტაბით არ შეინიშნებოდეს. ეს უნიკალური მოვლენა ყველა წყობის და განვითარების საზოგადოებაში ვლინდება და ქვეყნის განვითარების მუდმივი სენია.
სხვადასხვა ფორმით ჩრდილოვანი ეკონომიკა საბჭოთა სახელმწიფოს არსებობის ყველა ეტაპზე იყო. ოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა თავისი “უფროსი ძმისაგან” უამრავი უარყოფითი მოვლენა მიიღეს მემკვიდრეობის სახით, რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდება ჩრდილოვან ეკონომიკას. მაგრამ წელს, ისევე, როგორც გასულ წლებში მთელი პოსტსაბჭოური სივრცის მასშტაბით ჩრდილოვანი ეკონომიკის ავანგარდში რუსეთია.
საერთაშორისო სტატისტიკური კომიტეტის 2002 წლის მონაცემებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 40%-ზე მეტს შეადგენს.
საწარმოთა უმრავლესობას რუსეთში დღემდე ე. წ. კრიმინალური ავტორიტეტები “მფარველობენ”, რომლებსაც სერიოზული თანხები მიაქვთ და ამით ეს საწარმოები სერიოზულად ზარალდებიან.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში დღეისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების დაახლოებით, 80 ათასი წევრი მოქმედებს, რომელთა კონტროლის ქვეშ დაახლოებით, 40 ათასი სამეურნეო სუბიექტი იმყოფება, მათ შორის, 1, 5 ათასი სახელმწიფო საწარმო, 4 ათასი სააქციო საზოგადოება, 500-ზე მეტი ერთობლივი საწარმო, 550 ბანკი და 700 – მდე საცალო და საბითუმო ბაზარი.
კრიმინალების ხელში დღითიდღე სულ უფრო მეტი ძალაუფლება გადადის და, ხშირ შემთხვევაში, სერიოზულ სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნას აღწევენ. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მაღალია დამნაშავეთა სამყაროდან გამოსული ამა თუ იმ პირის ადმინისტრაციული გავლენა, მით უფრო უარესია მისი გავლენის ქვეშ მოხვედრილი საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლები.
რუსეთის ეკონომიკის ჩრდილოვანი სექტორი 2002 წლის პირველ ნახევარში მშრომელი მოსახლეობის საერთო რაოდენობის 15,4%-ს მოიცავდა. აქედან ამ სფეროში სოფლის მაცხოვრებელთა საერთო რაოდენობის 29% და ქალაქის მოსახლეობის 11 % მუშაობდა. აქედან, 7,909 მლნ. ადამიანი, ანუ შესაბამისად, 77,7%, დაკავებული იყო მხოლოდ ჩრდილოვან სექტორში, 2,265 მლნ ადამიანისათვის (მათი რაოდენობის 22,3%) ჩრდილოვანი სექტორი წარმოადგენს დამატებითი შემოსავლის წყაროს. ასეთია რუსეთის ფედერაციის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემები და ეს მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია. რეალურად, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები რუსეთში გაცილებით უფრო ფართოა.
რუსეთის ხელისუფლება ცდილობს არსებულ ვითარებას ებრძოლოს, მაგრამ რუსი მეწარმეები ჩრდილიდან გამოსვლას არ ჩქარობენ. თვით რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ უმუშევრობასთან და ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის საქმეში, ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერაფერს მიაღწია. რუსეთში არ იციან, როგორ უნდა ებრძოლონ ამ ფენომენს.
ჩრდილოვანი კაპიტალის უდიდესი წილი კი კვლავინდებურად გაედინება რუსეთიდან უცხოურ ბანკებში და უცხოურ კაპიტალს ერწყმის. უცხოეთში რუსეთიდან არალეგალურად გატანილი კაპიტალი სხვადასხვა მონაცემებით, წელიწადში, დაახლოებით, 30 მლრდ დოლარს შეადგენს.
რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დიდი ხანია ამის გამო განგაში ატეხეს. მაგრამ ჩრდილოვანი ეკონომიკის, ანუ როგორც მას უწოდებენ, “ეკონომიკის არალეგალური სექტორის” არსებობა შედის არა მარტო რუსეთის, არამედ დასავლეთის ინტერესებშიც. დასავლეთს აწყობდა ინვესტიციები, რომლებსაც იგი რუსეთის ეკონომიკაში ახორციელებდა და რუსეთის დოლარიზაციაც. რუსეთის მთავრობა კი თავს იმით იწყნარებდა, რომ პატარა “ჩრდილისაგან” მიღებული მოგება მთლიანად ბიზნესის განვითარებას შეუწყობდა ხელს, საბიუჯეტო დანაკარგების მიუხედავად, საწარმოების ჩრდილოვანი აქტიურობა ხელს შეუწყობდა ეკონომიკის მდგრადობის და პოზიტიური ბალანსის შენარშუნებას. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ შავმა ჩრდილმა რუსეთის მთელი ეკონომიკა Fდაფარა და ჩრდილოვანი ბიზნესის მეშვეობით დაგროვილი კაპიტალი მეტწილად საზღვარგარეთ გაედინება.
მარტო რეფორმების დაწყების დღიდან, სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთიდან არალეგალურად 220-დან – 240-მდე მლრდ დოლარი იყო გატანილი.
“ველური კაპიტალის” პერიოდმა, რომლის შედეგადაც რუსეთის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შექმნა, სახელმწიფოს ნახევრადგანადგურებული ეკონომიკა, კოლოსალური საგარეო ვალები და კორუმპირებული ჩინოვნიკების მრავალრიცხოვანი კლანების ფატალური გაძლიერება მოუტანა.
ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში: საქართველოსა და სასომხეთშიც იგი მშპ-ის ერთ მესამედს შეადგენს; ყაზახეთსა და აზერბაიჯანში – 25%-ს; მოლდოვასა და ყირგიზეთში – 16-17%-ს; უკრაინაში, ბელორუსიასა და უზბეკეთში – 10%-მდე.
ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა დიდი ხანია არსებობს საქართველოშიც. ამ საკითხდან დაკავშირებით გვესაუბრება მმე-ს ექსპერტი, გელა ხანიშვილი:
არსებობს თუ არა მეტნაკლებად სარწმუნო მონაცემები იმის შესახებ, თუ რა წილი უკავია ჩრდილოვან ეკონომიკას საქართველოს მშპ-ში?
სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ოფიციალურ მონაცემებს საქართველოს ბიუჯეტში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილის შესახებ. სტატისტიკაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, საქართველოს მშპ-ის, დაახლოებით, 40 %-ს შეადგენს.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ, რეალურად, ეს მონაცემები 80-90 პროცენტს, ცალკეულ დარგებში, მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორიცაა მომსახურების სფერო, ვაჭრობა, იმპორტზე დაფუძნებული სფეროები კი, შეგვიძლია 100 პროცენტზეც ვისაუბროთ. არის ბიზნესის ცალკეული სახეობები, სადაც დამალვის ალბათობა შედარებით მცირეა, ან კიდევ, ბიზნესი ახალი დაწყებულია და ბიზნესში მოსულმა ადანიანებმა, გარკვეულწილად, აირჩიეს ჯანსაღი კონკურენცია, და შედარებით კეთილსინდისიერადD აწარმოებენ თავისი საქმიანობის აღრიცხვას, თუმცა, ასეთი მაგალითები გამონაკლისის სახით არსებობს. იმისათვის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები თვალნათლივ წარმოვიდგინოთ, მაგალითისათვის შეგვიძლია ხორბლის ბიზნესი ავიღოთ. როდესაც ქვეყანა 900 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, ფიქსირდება მაქსიმუმ 100 000 ტონის ოდენობა, აქედან, ნახევარი ლეგალურად იმპორტირებული ხორბალი და გრანტებია და გამოდის, რომ ფაქტობრივი იმპორტი არის 50 000 ტონა. იგივე ვითარებაა ალკოჰოლურ სასმელებთან და სიგარეტთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია მარტივი ანალიზი გავაკეთოთ ფართო მოხმარების საგნებთან მიმართებაშიც. ციფრები, რომლებსაც აქ შევხვდებით იმდენად სასაცილოა, რომ ანალიზს არ ექვემდებარება. არალეგალური სექტორი იმდენად სერიოზულ მასშტაბებშია გადაზრდილი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ქვეყანას აღარ სჭირდება. ჩრდილოვანმა ეკონომიკამ, ფაქტობრივად, საქართველოს მთელი ეკონომიკა მოიცვა.
შეიძლება ითქვას, რომ სერიოზულად ამ პრობლემას არავინ არ იკვლევს, იმიტომ რომ, როგორც კი ვინმე სერიოზულ გამოკვლევას დაიწყებს, მიადგება იმ საკანონმდებლო ბაზას, რომელიც ყველამ ვიცით, რომ შესაცვლელია. ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურები საჭიროდ არ თვლიან რომ მოხდეს სერიოზული გამოკვლევა.
შეიძლება ითქვას, რომ პოსტკომუნისტური ქვეყნების უმრავლესობაში, ლეგალური ეკონომიკა ჩრდილოვანის ხარჯზე არსებობს, ჩვენთან რა ვითარებაა ამ მხრივ?
რა თქმა უნდა ამ ყველაფერს დადებითი შედეგიც აქვს საქართველოს ეკონომიკისთვისაც – ეს ფული, რომელიც ბრუნავს სახელმწიფო არხების გვერდის ავლით, აცოცხლებს ეკონომიკას და ბიზნესის ლეგალიზაციის მასშტაბებსაც. ბიზნესმენს თავისი ფული უხდება დასაცავი. მათ იციან, რომ, თუ გადასახადები არ გადაიხადეს, ადრე თუ გვიან, სახელმწიფო მათ დასჯის. ამიტომ ურჩევნიათ გადასახადების ნაწილი მაინც გადაიხადონ. შეიძლება ითქვას, რომ არა ჩრდილოვანი ეკონომიკა, არ გვექნებოდა ის ბიუჯეტიც, რომელიც დღეს გვაქვს.
გარდა ამისა, ფაქტია, რომ ბიუჯეტის სიმცირის გამო მის კმაყოფაზე მყოფი სტრუქტურები ბიუჯეტიდან მიღებული თანხებით თავს ვერ ირჩენენ. სახელმწიფო ვერ გასცემს დახმარებებს, პენსიებს, ხელფასებს. ამავე დროს, ქვეყანაში ვითარდება სერიოზული ბიზნესები, ხალხი ცხოვრობს, გადაადგილდება ტრანსპორტით, დადის ბაზრობებზე, ყიდულობს მანქანებს. ანუ, საზოგადოება ცხოვრობს ისეთ შემოსავალზე, რომელიც არ არის დეკლარირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზული თანხები მიდის არაოფიციალურ ბიუჯეტში, რომელიც, რეალურად, ქვეყნის ცხოვრებას არეგულირებს. სწორედ ამ რეგულირების შედეგია კრიმინალური გარჩევები, მკვლელობები.
აღსანიშნავია, რომ თვითონ საზოგადოებამაც ვერ გააცნობიერა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. სოციალისტური წარსულის მქონე ქვეყნებმა, სახელმწიფო ვერ აღვიქვით. ჩვენი მენტალობა შეუთავსებელი აღმოჩნდა ბიზნესის განვითარებასთან. საზოგადოება ამ პროცესის თანამონაწილეა. ის, რომ ერგნეთის ბაზრობაზე 14 ლარიანი ფქვილი იყიდება, კარგია, თუნდაც იმ სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, მაგრამ სანამ იარსებებს 14 ლარიანი კონტრაბანდული ფქვილი, გვექნება 14 ლარიანი პენსიებიც. ყველაზე ცუდია, როდესაც საზოგადოების მსჯელობაში დევს მარტო გამოთანაბრების პრინციპი. საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფით სახელმწიფომ უნდა შექმნას ბერკეტი, რომელიც შექმნის საზოგადოებაში გადანაწილების მექანიზმს. მთავარი ის კი არ არის, ვიღაცას აშენებული სახლი დაუნგრიო, ამით იგი გამოათანაბრო და ღარიბის დონეზე დაიყვანო, არამედ, ის რომ, რასაც იგი შოულობს და უნდა იშოვოს იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები შექმნას, გადანაწილდეს საზოგადოების დანარჩენ ფენებზე.
რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე კონტრაბანდული გზით შემოტანილი საქონელი?
საქართველოში შემოტანილი ფართო მოხმარების საქონელის უდიდესი ნაწილი კანტრაბანდულია. კონტრაბანდაზე მიბმული ბიზნესის გამო ქვეყნის ეკონომიკა ვერ ვითარდება, და როდესაც ეკონომიკა აწყობილია მთლიანად არალეგალურ სფეროზე, საკმარისია ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ჩვენთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს, პოლიტიკური ინტერესების ან სხვა რაიმე მიზეზის გამო საქონლის რომელიმე სახეობის, მაგალითად, კონტრაბანდული ფქვილის ან ხორბლის, მოწოდება შეგვიწყვიტოს, საქართველო ფქვილის გარეშე დარჩება. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში, ორი კვირით ჩამოწვა ზვავი, რის შედეგადაც რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა და ქვეყანა რესურსის გარეშე დარჩა. იმის თქმა მინდა, რომ კონტრაბანდული საქონელი მარაგს არ ქმნის. ბიზნესმენმა მარაგი რომ შექმნას, ის მუდმივად საფრთხის ქვეშ იქნება. მას საქონელი ისეთი რაოდენობით შემოაქვს, რამდენსაც გაყიდის. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია სერიოზული ქაოსის გამოწვევა.
არსებობს თუ არა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან?
თეორიულად, ეკონომიკის სრული ლეგალიზაცა რომ დავუშვათ, დავინახავთ, რომ ბიუჯეტს შეიძლებოდა 3-4 მლრდ. ლარი მიეღო. დღეს კი იმის გამო, რომ საქართველოს ეკონომიკა მთლიანად არის დაფუძნებული არალეგალურ სექტორზე დღევანდელი პარამეტრების მქონე ბიუჯეტი გვაქვს. ამ რეალობიდან გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს. პირველ რიგში, აუცილებელია ისეთი მიდგომების ჩამოყალიბება, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ზრდას, ანუ უნდა შემუშავდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელშიც იქნება ჩადებული ქვეყნის თანდათანობითი ზრდა და განვითარება. სანამ მინისტრების მოხსნა-დანიშვნის შედეგად მოხდენილ სასწაულებს დაველოდებით, იქამდე გვექნება უარყოფითი შედეგები. სასწაულებს პიროვნებები არ ახდენენ. ქვეყანაში მთლიანად სისტემაა შესაცვლელი. როგორც კი დადგება დრო და ქვეყანა გააცნობიერებს, რომ საჭიროა ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება და ამ ზოგადი სტრატეგიის განვითარებისათვის თანამიმდევრულად დაიწყებს ნაბიჯების გადადგმას, როგორც კი ცალკეული პოლიტიკური თუ სამეწარმეო ჯგუფების ლობირების ნაცვლად შეიქმნება ერთიანი საკანონმდებლო სივრცე, ქვეყანა ამ ჩიხიდან გამოსვლას დაიწყებს.