გზა იდეიდან კაპიტალამდე
ელისო გამცემლიძე
რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო ინვესტიციების მოსაზიდად, რომელი საწარმოებისთვის ეძებს ახალ ინვესტორებს, რა მდგომარეობაა მსხვილ საწარმოებში, სადაც დიდი წილი სახელმწიფოს ეკუთვნის?
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში საინფორმაციო ბანკის შექმნის თაობაზე საინვესტიციო შემოთავაზებებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო. ამ ინიციატივის მთავარ მიზანს კვალიფიციურ დონეზე მომზადებული საინვესტიციო იდეებისა და კერძო კაპიტალის ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენს. მიმდინარეობს მუშაობა იმისათვის, რომ სისტემასა და სტრუქტურაში საინვესტიციო წინადადებებთან დაკავშირებული ყველა არსებული ინფორმაცია შეჯამდეს. საინვესტიციო წინადადების ავტორებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, შეიტანონ პროექტის წერილობითი აღწერა, რომელიც მოიცავს: საინვესტიციო ობიექტების მდგომარეობას, საჭირო ინვესტიციების მოცულობას, ინვესტიციების მოსალოდნელ შედეგებს და სხვ. ამ მიზნით მოხდება საინვესტიციო პროექტების კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის დონის შესაბამისად გადარჩევა და სექტორების მიხედვით დახარისხება.
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო პროექტების და ინიციატივების ფილტრაცია და ექსპერტიზა
დღემდე არ ტარდებოდა. ეს სისტემა ეკონომიკის სამინისტროში მხოლოდ ახლა ინერგება და როგორც აქ ირწმუნებიან, არსებობს ყველა საშუალება მისი პრაქტიკული ამოქმედებისათვის.
სამინისტროში იარსებებს საკონტაქტო ტელეფონი, რომლის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდებათ. საინფორმაციო ბანკში უკვე 35-მდე პროექტია თავმოყრილი.
ინვესტორების მოზიდვა და მათთვის სასათბურე პირობების შექმნა სახელმწიფოს ინტერესებში სულაც არ შედის, რადგან ამ შემთხვევაში მას როგორც უფლებები, ასევე პასუხისმგებლობაც უნდა გააჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, დადებულ ხელშეკრულებებს გაცილებით უფრო მკაცრ მონიტორინგს დაუწესებენ, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.
ჩვენში, საზოგადოებაში ქონების მართვის საკითხი პრივატიზებასთანაა ასოცირებული. ცხადია, სახელმწიფო ვერასოდეს იქნება ისეთი კარგი მენეჯერი, როგორც კერძო სექტორი. მისგან განსხვავებით, სახელმწიფოს არ გააჩნია საწარმოების შესანახად დიდი სახსრები და არც უნდა ინახავდეს კერძო სექტორისათვის მიმზიდველ დარგებს, მაგრამ ინვესტორისთვის ობიექტის სამართავად გადაცემის შემდეგ, მან კონტროლი უნდა განახორციელოს ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებზე. ქონების გადაცემა შეიძლება სხვადასხვა სახის გარიგებით მოხდეს: პრივატიზაცია კონკურსის წესით, იჯარა, და სხვ. მხარეს, რომელიც იძენს ასეთი სახით ამა თუ იმ ქონებას, ან იღებს მას დროებით სარგებლობაში, გარკვეული ვალდებულებები ეკისრება. სახელმწიფოს მხრიდან აქაც სხვადასხვა მიდგომებია – როდესაც სახელმწიფო ყიდის ობიექტს იმისათვის, რომ რაღაც სახსრები ბიუჯეტში მობილიზდეს, ან უბრალოდ იმიტომ, რომ ქვეყანა არ და ვერ შეინახავს ამ ობიექტს. არის ქონების განკერძოების უფრო მნიშვნელოვანი მომენტებიც (სამომავლო პერსპექტივით) – როდესაც განკერძოება ხდება ბიუჯეტში არა თანხის მიღების, არამედ ობიექტის ფეხზე დაყენების მიზნით, იმისთვის, რომ ხალხი დასაქმდეს და მომავალში ბიუჯეტში გადასახადების სახით უფრო მეტი თანხა შევიდეს. ეს ჩემთვის, როგორც ეკონომისტისათვის, უფრო საინტერესო და მისაღები გზაა, არ შეიძლება, რომ პრივატიზება მხოლოდ დღევანდელ ფისკალურ ამოცანას დავუქვემდებაროთ. ორივე შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა, ინვესტორს გარკვეული ვალდებულებები ეკისრება. ეს პირობები გაწერილი გრაფიკის მიხედვით სრულდება, სახელმწიფო კი ამაზე კონტროლს აწესებს, თუ ინვესტორი გარკვეულ ვადაში ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს, სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ გაყიდული ქონება კანონიერად დაიბრუნოს, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ნათია თურნავა, – ეს არ არის არც დეპრივატიზაცია, არც ჩამორთმევა, არამედ ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობების შედეგი თუ ერთი მხარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, მეორე მხარეს უფლება აქვს, მოშალოს ეს ხელშეკრულება და ობიექტი, რომელიც ამ პირობით იქნა გასხვისებული და უკან დაიბრუნოს. ადრე სახელმწიფო ამ ბერკეტს ხშირად არ იყენებდა. მოგეხსენებათ, ეს ძალიან მტკივნეული პროცესია. იმის გამო, რომ დღევანდელ პირობებში რომელიმე პარამეტრი გარკვეულ ვადაში არ შესრულდა, დაისვას საწარმოს ინვესტორისთვის ჩამორთმევის საკითხი. თუმცა, მიზეზი მხოლოდ ეს არ იყო. არსებობდა სუბიექტური ფაქტორებიც:Lპრივატიზება, რიგ შემთხვევებში დაკავშირებული იყო გარიგებებთან. ამ პირობებში სახელმწიფოს უძნელდებოდა გაეყიდა, ხოლო შემდეგ ისევ უკან დაებრუნებინა ქონება. ვერ ვიტყვით, რომ ბრწყინვალე ან თუნდაც კარგი ხელშეკრულებები იდებოდა. რაც შეეხება განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებს, ამ ხელშეკრულებებში უფრო ხშირად გათვალისწინებულია ინვესტორების ინტერესები და ნაკლებადაა გაკეთებული აქცენტი სახელმწიფოსაზე. შეიძლება, რიგ შემთხვევებში ეს გამართლებულიც იყოს. მაგალითად, ნაკლებმიმზიდველი ინფრასტრუქტურა უფრო საინტერესოდ რომ იქცეს, ინვესტორს ვალდებულებებით ნაკლებად ამძიმებენ. მაგრამ, მეორე მხრივ, იყო მაგალითები სრულიად უპასუხისმგებლო მიდგომისა, როდესაც ხელშეკრულება იდება, როგორც შირმა და ინვესტორს, ფაქტიურად, არანაირი ვალდებულება არ ეკისრება. თუ ეკისრება, გაურკვეველია, რა ვადაში უნდა გახდეს ანგარიშვალდებული და რა შემთხვევაში შეიძლება ხელშეკრულების მოშლა (თუმცა, კანონი, პირველივე დარღვევისას ხელშეკრულების მოშლას ისედაც არ ითვალისწინებს).
თავიდან უნდა ამოქმედდეს სანქციების სისტემა. დაწესებულია გარკვეული საჯარიმო სანქციები, ინვესტორს აფრთხილებენ, რომ, თუკი არ გადაიხდის საჯარიმო სანქციებს და მოცემულ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, დადგება ხელშეკრულების მოშლის საფრთხე. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაშიც კი, ინვესტორს რჩება უფლება, სახელმწიფოს გადაწყვეტილება სასამართლოში გააპროტესტოს. რასაკვირველია, თუკი ხელშეკრულება კარგადაა შედგენილი, ეს არის კარგი საწინდარი იმისა, რომ სახელმწიფო მართლაც დაიბრუნებს ამ ქონებას, თუკი ჩათვლის, რომ ინვესტორი ყაირათიანად არ იყენებს მას. ბოლო პერიოდში ეს მექანიზმი საკმაოდ ეფექტურად ავამუშავეთ. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ხელშეკრულებების მოშლა და პრივატიზებული ობიექტების უკან დაბრუნება ეკონომიკის სამინისტროს მთავარი ამოცანაა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ცივილიზებული მიდგომა. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლი უნდა იყოს დაწესებული. სახელმწიფოს ამ საკითხის გადაწყვეტის სრული უფლება აქვს.
რაც შეეხება პირდაპირ მიჰყიდულ ქონებას, ამ შემთხვევაში თუ ხორციელდება მონიტორინგი? “აზოტი” “იტერას” მიყიდეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მდგომარეობაა?
მონიტორინგი ხორციელდება, მაგრამ ხარვეზებით. ჯერჯერობით მიწერ-მოწერას ვახორციელებთ. მოგეხსენებათ, “აზოტი” პატარა საწარმო არ არის, რომ მისი საკითხი ერთი ხელის მოსმით გადავწყვიტოთ, მაგრამ იმის ტენდენციები, რომ გარკვეული ვალდებულებები ვერ სრულდება, უკვე იკვეთება. ინვესტორს საკუთარი თავის გასამართლებელი არგუმენტები გააჩნია და თუ ისინი მიღებული იქნება, მოქალაქე პასუხისმგებლობისგან უნდა განთავისუფლდეს. საკითხს წმინდა სამართლებრივად უნდა მივუდგეთ. თუ ეს ყველაფერი ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ გადის, რასაკვირველია, სახელმწიფოს რჩება უფლება, გამოიყენოს ძალაუფლება და ინვესტორი აიძულოს, რომ მასზე დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უფრო რადიკალურ ზომებს მიმართოს.
რა მდგომარეობაა “ჭიათურმანგანუმში”? იგი ხომ სწორედ ცუდად შერჩეულმა ინვესტორმა დააყენა დაღუპვის გზაზე?
დაგეთანხმებით, რომ “ჭიათურმანგანუმი” ძალიან მტკივნეული თემაა. მას ერთდროულად ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფონი სდევს. დღესდღეობით ეს საწარმო რეაბილიტაციის რეჟიმშია. ქონების მეპატრონის უფლებამოსილებებს პირდაპირ ვერ ვახორციელებთ, რეაბილიტაციის რეჟიმი სხვა სამართლებრივ პროცედურებს ითვალისწინებს. ამჟამად კრედიტორთა საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი ფინანსთა სამინისტროა. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, ის არ აპირებს თავის მთავარ ფუნქციას გაემიჯნოს. “ჭიათურმანგანუმი” არ არის მხოლოდ ერთი კერძო საწარმო, ეს მთელი რაიონი, რეგიონი, მთელი დარგი და საექსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიღებული გვაქვს მთავრობის დავალება “ჭიათურმანგანუმის” რეაბილიტაციის პროგრამისთვის. ვამუშავებთ სხვადასხვა შესაძლებლობებს, გეგმებს, ვანგარიშობთ, მომავალში რა ფინანსური უზრუნველყოფა უნდა ჰქონდეს საწარმოს. არ გამოვრიცხავთ, რომ ინვესტორის მოზიდვის საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მთავრობის წინაშე დავსვათ საკითხი სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანებების რესტრუქტურიზაცია-ჩამოწერის შესახებ. თუმცა, ეს ჩვენი თვითმიზანი არ არის.
რა რეფორმების განხორციელებას აპირებთ “მადნეულსა” და “საქართველოს რკინიგზაში”?
“საქართველოს რკინიგზა” სახელწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვის გაჯანსაღების მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოხატულების პირველი მაგალითი იყო. დღესდღეობით ძალიან კარგი მენეჯმენტი ხორციელდება – აილაგმა რკინიგზაზე ტარიფებით მანიპულირება, ლეგალიზდა და ჩაერთო ოფიციალურ ტარიფში მარცხენა “შავი” მარჟა, რითაც კმაყოფილია, როგორც თავად “რკინიგზა” (რადგან მისი მოგება გაიზარდა), ასევე თვითონ გადამზიდველები – ისინი ზარალდებოდნენ არა იმდენად ტარიფის სიდიდით, არამედ მისი არალეგალური ხასიათით. ამის გამო ქვეყანა ბევრს კარგავდა. ამჟამად “საქართველოს რკინიგზაში” გამჭვირვალე მიდგომაა, ერთადერთი პრობლემა დარჩა – ანალოგიური გამჭვირვალე მიდგომა გავრცელდეს მთლიანად კავკასიაში, ჩვენ მეზობელ ქვეყნებშიც. ეს ყველაფერი მიღწევადია, რადგან მენეჯმენტის მიმართ ნდობა აღდგა.
რაც შეეხება “მადნეულს”, აქაც ახალი მენეჯმენტია და გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ რეალური შედეგები მოგვცეს. აქ პარალელურად მუშაობს ცნობილი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია, რომელიც საწარმოს ფინანსურ სურათს წარმოადგენს, რის მიხედვითაც ჩამოყალიბდება სტრატეგია.
ცნობისათვის, დღეისათვის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ორასზე მეტი სასამართლო დავა აქვს. ამასთან, საყურადღებოა, რომ მათი უმეტესობა 1995-1998 წლებში განხორციელებულ პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. მიმდინარე სასამართლო პროცესებიდან აღსანიშნავია ისეთი გახმაურებული დავები, როგორიცაა: საწარმოო გაერთიანება “თბილკონდიტერის” (შოკოლადის ფაბრიკა), ს/ს “საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის”, ს/ს “ლაგუნა ვერეს”, ს/ს “მაუდის”, ს/ს “აგრომრეწვბანკის”, ს/ს “ქუთაისის ავტოქარხნის” და სხვა ობიექტების პრივატიზებასთან დაკავშირებული დავები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს არ წაუგია არც ერთი სასამართლო პროცესი, რომელიც თუნდაც უმნიშვნელო ზარალს მიუტანდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს.
ამჟამად, სამინისტროს ძირითად მიზანს უკანონოდ პრივატიზებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება წარმოადგენს, მათ შორის ისეთი ქონებისაც, რომელთან დაკავშირებითაც კონტრაგენტებს სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე საინვესტიციო ვალდებულებები გააჩნდათ, რომლებიც, სხვათა შორის არ შესრულებულა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ყველაფერი ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს – საბოლოოდ გამოსწორდეს პრივატიზების პროცესში ადრე დაშვებული ხარვეზები და მოხდეს დაბრუნებული სახელმწიფო ქონების ხელახალი განსახელმწიფოებრიობა.
ერთი სიტყვით, სახელმწიფო ეკონომიკაში სერიოზულ გარდატეხას გეგმავს, რაც მთავარია, ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება.