თავკომბალა თბილისი და დაჩაგრული არათბილისელები
მაკა ღანიაშვილი
სახელმწიფო სატრანსფერო პოლიტიკის ანალიზი გვიჩვენებს, რომ თვითმმართველობებისთვის გადაცემული ტრანსფერების მოცულობა ბოლო წლებში იზრდება. ტრანსფერები თვითმმართველი ქალაქების (თბილის, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი) შემოსავლების თითქმის ნახევარს შეადგენს, თუმცა ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს უთანაბრობა თვითმმართველ ქალქებს შორის, რაც, ძირითადად, თბილისის უპირატეს რეჟიმში ჩაყენებით გამოიხატება. ექსპრეტთა შეფასებით, დიდი პრობლემაა თვითმმართველობების ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხიც.
მიმდინარე წლის 12 ივლისს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტებმა, ნოდარ ხადურმა, შოთა მურღულიამ და ოთარ კონჯარიამ, აუდიტორიას წარუდგინეს პროექტ “საქართველოს თვითმმართველი ქალაქების – ფოთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის – 2010 წლის ბიუჯეტის გამ-ჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით” შედეგები. პროექტი განხორციელდა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.
თვითმმართველი ქალაქების მიერ მიღებული შემოსავლების ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2008-2010 წლებში, შემოსავლის 70-78% თბილისზე მოდის, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით ლიდე-რობს ბათუმი, რაც ბოლო წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით არის გამოწ-ვეული (ცხრილი #1, #2).
2010 წელს თვითთმმართველი ქალაქების ხარჯების ჯამი თვითმმართველობების ხარჯების ჯამის 75%-ს შეადგენს. ხარჯების კლასიფიკაციის მხრივ, პირველ ადგილზეა სხვა ხარჯების დაფინანსება 44%-ით, მეორე ადგილზეა საქონლისა და მომსახურების მუხლი – 22.5% და მესამეზე – სოციალური უზრუნველყოფა – 15.3%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური სფეროს დაფინანსება ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობები აფინანსებენ მცირე ზომის ადგილობრივი მნიშვნელობის სოციალურ პროგრამებს. 2010 წელს თბილისი ხელისუფლება მნიშვნელოვნად ჩაერია ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციებში და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს საპენსიო დანამატები დაუფინანსა. რამაც, ცხადია, სხვა თვითმმართველობებში მცხოვრებ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.
სახელმწიფო სატრანსფერო პოლიტიკა
2010 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში ავტონომიური რესპუბლიკებისათვის და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ტრანსფერის სახით გათვალისწინებული იყო 836,934.0 ათსი ლარი, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 214,437.4 ათასი ლარით, 34%-ით, მეტია. გრანტებს თვითმმართვე-ლობების 2008-2010 წლების ბიუჯეტების შემოსულობების 69% უკავია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ადგილობრივი ბიუჯეტების სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულების მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. თვითმმართველ ქალაქებზე გადაცემული გრანტების მოცულობაში ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის 68%-ით, 32% კი დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქზე (ცხრილი #3, #4). ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტთა შეფასებით, მსგავსი დისბალანსი სხვადასხვა დონის თვითმმართველობებს შორის დაუშვებელია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ თბილისის თვითმმართველობა ტრანსფერებით მიღებული სახსრების დიდ ნაწილს სოციალური პროგრამების განცხორციელებას ახმარს, შეიძლება ითქვას, რომ არსებული მონაცემებით, თბილისის მოსახლეობა უპირატეს მდგომარეობაშია ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით.
კვლევის ავტორების საბიუჯეტო კოდექსის ხარვეზებზეც მიუთითებენ ადგილობრივ ბიუჯეტებთან მიმართებაში. კერძოდ, პრობლემატური საკითხია ადგილობრივი ბიუჯეტების საკუთარი შემოსულობების დეფინიცია, რაც შემდგომ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაში ქმნის პრობლემას. ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გათანაბრებითი ტრანსფერი და სხვა შემოსულობები. ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები. “თვითმმართველობებს მიაჩნიათ, რომ რაც მათ ბიუჯეტში ირიცხება, საკუთარი შემოსულობაა (გარდა მიზნობრივი და სპეც. ტრანსფერისა). საკანონმდებლო დონეზე კი, ეს საკითხი ნათელი არ არის, რადგან არსებობს ცნება “სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოსულობები”, რომელიც საკუთართან და არასაკუთართან ერთნაირად გამოიყენება” – ვკითხულობთ ანგარიშში.
გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს. სარეზერვო ფონდიდან თანხებს ქალაქის მერის ან გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო ორგანო. საპილოტე თვითმმართველობები პრობლემატურ საკითხად ასახელებენ სარეზერვო ფონდის 2%-ის გაანგარიშების საკითხსაც, ვინაიდან, არ არის განსაზღვრული ის მთლიანი ბიუჯეტის ასიგნებებიდან უნდა დავითვალოთ, თუ მხოლოდ საკუთარი შემოსულობებით დაგეგმილი ასიგნებებიდან. გარდა ამისა, საბიუჯეტო კოდექსი არ განსაზღვრას რაიმე სახის შეზღუდვას ბიუჯეტ-ის შემოსულობების წყაროებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მიზნობრივად მიღებული სახსრებიდან სარეზერვო ფონდი ვერ შეივსება, თუმცა, ეს არ ნიშნავს, იმას, რომ გამოთვლის დროს მთლიანი ბიუჯეტის მოცულობის აღება დაუშვებელია.
ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით. “მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს გადასახდელების 5%-ის ფარგლებში. 2010 წელს შესაძლებელი იყო 10%-იანი გადანაწილებაც, რამაც მეტად გაუხსნა ხელ-ფეხი თვითმმართველობებს, ბიუჯეტში დაუსაბუთებელი ცვლილებები მოეხდინათ” – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
როგორც ვხედავთ, თვითთმართველი ქალაქების დაფინანსებასა და ბიუჯეტების განკარკვაში ბევრი ხარვეზები და შეუსაბამობებია. მთავარ პრობლემად კი, თვითმმართველი ქალაქების არათანაბარ პირობებში არსებობის კვალდაკვალ, თვითმმართველობების ცენტრალურ ხელისუფლებაზე და-მოკიდებულების მაღალი ხარისხიც რჩება.
შენიშვნა: სტატია მთლიანად ეყრდნობა ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მონაცემებს.