ობამა და მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობა
მოამზადა ეკა წირღვავამ
გრინსპერის ეპოქის დასასრული და ობამას ეპოქის დასაწყისი
აშშ-ის არჩევნები საერთოდ ხანმოკლე ეიფორიას იწვევს. შემდგომ შესაძლებლობების განახლების ნაციონალური შეგრძნება მოქმედებს, როგორც ადრენალინი. თუმცა წელს სულ სხვა სურათია და არჩევნების დღესასწაულს ყველასთვის ნაცნობი შეგრძნება ანაღვლიანებს – ამერიკაში ყველაფერი კარგად არ არის.
ეკონომიკური მაჩვენებლები არასახარბიელოა და ახლო მომავალში არც გამოკეთდება, სანამ ნაციონალური უსაფრთხოების საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევა ფინანსური კრიზისი გამო, სანამ არამყარი სიტუაციაა ავღანეთში, პაკისტანში, გადაუწყვეტავი პრობლემებია ერაყში, ირანსა და სამხრეთ კორეაში.
ბოლო დრომდე შეიძლებოდა საუბარი სხვა ქვეყნების ეკონომიკურ აღორძინებაზე ამერიკის ძალაუფლების შემცირების პროგნოზირების გარეშე. ეხლა კი ირანსა და ავღანეთში საომარი ვითარებაა და სუსტი ეკონომიკის მქონე აშშ დიდი არჩევანის წინაშე დგას. ჯერ კიდევ 70-80-იან წლებში იყო იმის შეგრძნება, რომ ამერიკას შეეძლო თავისი ეკონომიკური არჩევანის გაკეთება, ისე, რომ დანარჩენი სამყაროსთვის ყურადღება არ მიექცია. ეს იყო პრივილეგია მათთვის, ვისაც ჰქონდა ყველაზე ძლიერი ეკონომიკა, რომელიც მოქმედებდა, როგორც მსოფლიო კრედიტორი.
არავითარი ირონია არ იგულისხმება, რომ 15 ნოემბერს ამერიკის პრეზიდენტი მოიწვევს მრავალმხრივ კონფერენციას, რათა იმსჯელოს მსოფლიო ეკონომიკური სისტემის ცვლილებებზე. მსოფლიოს მიმდინარე ცვლილებებზე ისიც მეტყველებს, რომ, როცა პანიკა გაქრება და ზარალის დათვლის დრო დადგება, აზია მთლიანად და ჩინეთი ნაწილობრივ მოგებულნი დარჩებიან.
საკრედიტო კრიზისმა დაღი დაასვა ეკონომიკის ზრდას, რითაც 4-5 წლის განმავლობაში თავს იწონებდა აშშ და ევროპა. ბევრმა შენიშნა კაპიტალის უჩვეულო გადანაცვლება ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებსა და ჩინეთში, მაგრამ ამის შედეგები ჯერ ბოლომდე არ არის შეფასებული. ეს იმას ნიშნავს, რომ უზარმაზარი თანხები და აქტივები დაილექა ისეთ ადგილებში, როგორიცაა სპარსეთის ყურე და ჩინეთი, თან ამ ტენდენციის შეცვლის არანაირი ნიშანი არ არის. მაგალითად, ამჟამინდელმა კრიზისმა იაპონიას დიდი სავალუტო რეზერვები გაუჩინა და მოაწესრიგა მისი ძირითადი ბანკების საბალანსო ანგარიშები.
70-იან წლებში იყო მოკლე პერიოდი, როცა აქტივების მსგავსი გადანაცვლება ხდებოდა. მაგრამ იმ დროისგან განსხვავებით, ქვეყნები, რომლებიც დღეს კაპიტალს აგროვებენ, არ ხარჯავენ მას (გაიხსენეთ საუდის არაბეთის პრინცების ფოტოები, რომლებიც ყიდულობდნენ უძრავ ქონებას ფრანგულ რივიერაზე).
ყველგან არსებობს “საპნის ბუშტები”, იქნება ეს უძრავი ქონება შანხაიში, თუ დუბაიში, ან აქციები ბომბეიში, მაგრამ იყო ასევე გრძელვადიანი სერიოზული დაგეგმარება, რაც ამ ქვეყნებს მომავალ წლებში ძლიერი პოზიციებით უზრუნველყოფს. ჩინეთში კი, რომელიც საკაპიტალო ხარჯებისაგან დამოკიდებულების შესამცირებლად ცდილობს თავისი ეკონომიკის დიდი ნაწილი მოხმარებაზე მიმართოს, დაიწყო სამუშაოები გზების, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული სისტემის, ნავსადგურების და სარკინიგზო მაგისტრალების ასაშენებლად, რაც ქვეყნის შიდა ეკონომიკას ათწლეულების მანძილზე მოემსახურება. ამავე დროს მას შეუძლია გამოიყენოს თავისი 2 ტრლნ დოლარის რეზერვი. ჩინეთის ეკონომიკის ზრდა დამოკიდებულია იმაზე, გაიზრდება, თუ შესუსტდება მისი ექსპორტი აშშ-ში.
ამჟამად საუბარია გლობალურ ვარდნაზე, რომელიც მკვეთრი და გრძელვადიანი იქნება. შესაძლო და სავარაუდო სცენარია აშშ-სა და ევროპაში გაჭიანურებული სტაგნაცია და ეკონომიკური სიმძლავრეების უფრო დაჩქარებული ძვრები აზიის მიმართულებით. აზიაში ცოტაა ისეთი რეგიონები, რომელთათვისაც საკრედიტო შემოდინებები სტრუქტურულად სუსტი ადგილებია, ხოლო აზიური ბანკების საბალანსო ანგარიშგებები შედარებით სუფთაა, ვიდრე მათი სხვა ანალოგები.
აშშ-ი ეკონომიკის გლობალური სისტემის ყოვლისშემძლე შემადგენელად დარჩება, მაგრამ ახალი პრეზიდენტის ამოცანაა მოიკრიბოს ძალები და შემოიღოს ახალი შეზღუდვები. ობამამ პრაგმატიზმი და რეალობის შეგრძნება გამოავლინა, ეტყობა ესმის, რომ შეზღუდვების შემოღება სისუსტეს არ ნიშნავს. სისუსტე იქნებოდა რეალობის აღქმაზე უარის თქმა.
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეიძლება გადახედოს გრინსპერის ეპოქის საფინანსო წესებს, რაც გამოწვეულია კონგრესში დემოკრატების უმრავლესობისა და საკრედიტო კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნით. ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგად, ობამას მაკ’კეინზე გამარჯვების მიზეზად ეკონომიკა დასახელდა. ამომრჩევლები ახალი პრეზიდენტისგან კაპიტალიზმის მიმართ უფრო პოპულისტურ მიდგომას მოითხოვენ, ისეთს, როგორსაც ის წინასაარჩევნო კამპანიაში წარმოგვიდგენდა. “Wall Street Journal”-ში გამოქვეყნდა ობამას სიტყვები: “ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს თავს იმის უფლებას, რომ კიდევ ოთხი წელი ვიცხოვროთ მზარდი ხარჯებით, ცუდად შემუშავებული საგადასახადო სისტემით და რეგულარული კონტროლის არარსებობით, რასაც ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი ხელმძღვანელიც კი შეცდომად მიიჩნევს”. ეს განცხადება ნიშნავს ახალი კანონების ტალღას, რომელიც დაიცავს ბინების მფლობელებისა და კრედიტორების უფლებებს და ბანკებისათვის შეზღუდვებს გაამკაცრებს.
ობამამ წარმოადგინა ეკონომიკის სტიმულირების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ინფრატრუქტურისათვის სახსრების გამოყოფას. გარდა ამისა, ის მხარს უჭერს გაკოტრების კანონის რეფორმირებას, რაც დაეხმარება ბინის მფლობელებს, ასევე პრობლემური იპოთეკური სესხების რესტრუქტურიზაციას. გრინსპერს, რომელიც ღია ბაზრების მომხრე იყო, “მაესტრო” შეარქვეს იმიტომ, რომ მისი აშშ-ის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნა დაემთხვა ეკონომიკური ზრდის პერიოდს, მაგრამ მოგვიანებით ის გახდა დერეგულირების სომბოლო, ხოლო კრიტიკოსებმა ის დაადანაშაულეს იმაში, რომ ფინანსურ კომპანიებს ხელისუფლების კონტროლიდან გამოსვლის უფლება მისცა. ქვეყანას ზარალის ტალღა მოედო, ამიტომ გრინსპერმა აღიარა, რომ ის ნაწილობრივ არ იყო მართალი, როცა უარი თქვა ზოგიერთი ფასიანი ქაღალდის რეგულირებაზე. “ის, ვისაც იმედი აქვს, რომ საკრედიტო დაწესებულებებს პირადი დაინტერესება აქვთ აქციონერების კაპიტალის დაცვაში, შოკის მდგომარეობაში იმყოფება”, – განუცხადა გრინსპერმა კონგრესის წევრებს.
თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიისკენ მიექანება და მსოფლიო ეკონომიკას მომაკვდინებელი საშიშროება ემუქრება მისი 7 წლის მანძილზე პირველად ვარდნით. მსოფლიო ლიდერები არ დაელოდებიან ინაუგურაციას, რომელიც იანვარში შედგება და დაიწყებენ მსოფლიო საფინანსო სისტემის ყველაზე მასშტაბური რეფორმების ორგანიზებას.
ბარაკ ობამას წინაშე რეცესიის დაძლევის რთული ამოცანა დგას, ასევე რთულია ერაყში გაჩაღებული ომისა და საფინანსო სისტემის დასახმარებლად 700 მლრდ დოლარის გამოყოფის გეგმის გამო ბიუჯეტის გაბერილი დეფიციტის პრობლემა. მსოფლიოს ინვესტორები მის ყველა ნაბიჯს ყურადღებით დააკვირდებიან. ავსტრალიის ნაციონალური ბანკის საბაზრო ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელის რობ ხენდერსონის აზრით, არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ვერ შეგშურდება იმ ადამიანის, რომელსაც პრეზიდენტად ირჩევენ. “მას მოსთხოვენ არა მხოლოდ ეკონომიკის გამყარებას, არამედ ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტის პრობლემების მოგვარებას” – აცხადებს რ. ხენდერსონი. სანამ არსებობს ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაძლებლობები, ობამა სავარაუდოდ გააგრძელებს სახელმწიფოდან სახსრების გამოყოფას ეკონომიკის დასახმარებლად. დემოკრატები კონგრესში ითხოვდნენ დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მიღებას, რომლიც ღირებულება ათეულობით მლრდ დოლარი იქნებოდა და შიდა პროექტების (გზების აღდგენის, ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის) რეალიზებისათვის იქნებოდა განკუთვნილი. ობამა მხარს უჭერს ინფრასტრუქტურისათვის სახსრების გამოყოფას, როგორც სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას, რაც მნიშველოვნად აქტუალურია მას შემდეგ, რაც გამოვიდა შრომის ბაზრის ბოლო მონაცემები.