რობერტ სოლოუ და ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური მოდელი
მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა
ამერიკელი ეკონომისტი რობერტ მერტონ სოლოუ დაიბადა 1924 წლის 23 აგვისტოს ბრუკლინში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ რაიონში. ღარიბი ემიგრანტების ოჯახიდან გამოსული მისი მშობლები იძულებულები იყვნენ ბავშვობიდანვე ლუკმა-პურის საშოვრად ემუშავათ. რობერტი უფროსი ვაჟი იყო სოლოუების სამი შვილიდან. რობერტი და მისი დები პირველი თაობის ადამიანები იყვნენ, ვისაც ამ ოჯახიდან უმაღლესი განათლება ჰქონდათ მიღებული, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისინი პირველი თაობის ინტელიგენტებს წარმოადგენდნენ.
სოლოუ ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა საშუალო სკოლაში, თუმცა, მისი საკუთარი აღიარებით, მაინცდამაინც დიდი ნიჭიერებით არ გამოირჩეოდა თანატოლთა შორის. საშუალო სკოლის ბოლო კლასში ერთ-ერთი მასწავლებელის ზეგავლენით იგი ჩაუღრმავდა XIX საუკუნის ფრანგულ და რუსულ კლასიკურ ლიტერატურას და სერიოზული ამაღლებული იდეალებით განიმსჭვალა. საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ, სოლოუმ ჩააბარა საკონკურსო გამოცდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის სტიპენდია მიიღო. 1940 წელს იგი ამ ქალაქში ჩადის. მომავალი მეცნიერი თავდაპირველად სპეციალდებოდა სოციოლოგიისა და ანტროპოლოგიის განხრით და ასევე ისმენდა ეკონომიკის დაწყებით კურსს. 1942 წლის ბოლოს, როდესაც სოლოუს 18 წელი შეუსრულდა, მან მიატოვა უნივერსიტეტი და აშშ შეიარაღებულ ძალებში შევიდა. გარკვეული დროის მანძილზე იგი მსახურობდა ჩრდილოეთ აფრიკასა და სიცილიაში, ხოლო 1945 წელს ანგლო-ამერიკული ჯარების რიგებში სოლოუ მონაწილეობას იღებდა იტალიის განმათავისუფლებელ ბრძოლებში ფაშისტი ოკუპანტებისაგან.
არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ, 1945 წლის აგვისტოში, სოლოუ დაუბრუნდა ჰარვარდის უნივერსიტეტს და აქ გააგრძელა სწავლა. ამასთან, მან სრულიად შემთხვევით გააკეთა არჩევანი ეკონომიკურ მეცნიერებათა შესწავლაზე. შეიძლება ითქვას, რომ მას ბედმა გაუღიმა, რამდენადაც მის ჯერ მასწავლებლად, ხოლო შემდეგ მეგობრად იქცა ვასილი ლეონტიევი. ეს უკანასკნელი სოლოუს შეასწავლის თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების საფუძვლებს და ამასთან სერიოზულ მეცნიერულ კვლევებსაც შეაყვარებს.
1947 წელს სოლოუ ბაკალავრის, ხოლო შემდგომ წელს – მაგისტრის ხარისხს იღებს. ლეონტიევის ხელმძღვანელობით, როგორც მეცნიერი-მკვლევარი- ასისტენტი სოლოუ მონაწილეობს “დანახარჯები-გამოშვება” მოდელის აგებაში, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებაში ლეონტიევის სახელს უკავშირდება. შემდეგ იგი ინტერესდება სტატისტიკითა და ალბათობითი მოდელებით. ამასთან, მას არ აკმაყოფილებდა სტატისტიკის შესწავლა ჰარვარდში და ფ. მოსტელერის რჩევით, 1949/50 წლის სასწავლო სეზონი სოლოუმ კოლუმბიის უნივერსიტეტში, როგორც ასპირანტმა, ისე გაატარა. ამ წლის განმავლობაში ინტენსიურ მეცადინეობასთან ერთად სოლოუ მუშაობდა თავის სადოქტორო დისერტაციის თეზისებზე, სადაც იგი ცდილობდა დასაქმების, უმუშევრობისა და ხელფასის ნორმების განსაზღვრის არსებული მეთოდიკების გამოყენებით მოდელირება გაეკეთებინა. ამ ნაშრომისათვის ჰარვარდის უნივერსიტეტმა 1951 წელს სოლოუს დავით ა. უტოსის პრიზი მიანიჭა და კვლევების დასრულებისათვის 500 დოლარიანი ქვითარი გამოუწერეს. მაგრამ სოლოუ მეტად აღარ დაბრუნებია აღნიშნულ თემატიკას და თეზისები გამოუქვეყნებელი, ხოლო ქვითარი – გაუნაღდებელი დარჩა.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ასპირანტურაში სწავლის დასრულების შემდეგ სოლოუმ მიიღო მიწვევა მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან ეკონომიკის ფაკულტეტზე სტატისტიკის პროფესორის ასისტენტის თანამდებობაზე, რაზედაც იგი სიამოვნებით დათანხმდა. ხუთი წლის მანძილზე სოლოუ ლექციებს კითხულობდა სტატისტიკასა და ეკონომიკაში, 1954-58 წლებში იგი ეკონომიკის პროფესორის ასისტენტია, ხოლო 1958 წლიდან 1973 წლამდე – ამ ინსტიტუტის პროფესორი. 1973 წლიდან დღემდე სოლოუ ამ ინსტიტუტის ნამდვილი პროფესორია. დიდ კვლევით სამუშაოებს სოლოუ ყოველთვის უხამებდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1968/69 სასწავლო წლებში მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე იგი ლექციებს კითხულობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში; როგორც სოლოუ შემდეგ ამბობდა, იგი დაკავებული რომ არ ყოფილიყო პედაგოგიური მოღვაწეობით, ალბათ, გამოსცემდა ბევრად უფრო მეტ სამეცნიერო ნაშრომებს, მაგრამ არჩევანი გაკეთებული იყო და სოლოუს, მისივე საკუთარი სიტყვებით, არასოდეს უნანია ეს.
სოლოუს მეცნიერული ინტერესები, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ეკონომიკის, როგორც ერთიანი სისტემის კვლევას. იგი დასპეციალებულია ზოგად ეკონომიკურ თეორიასა და მაკროეკონომიკურ ანალიზში თეორიული და გამოყენებითი ასპექტებით. სოლოუს ძირითად წვლილს თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში შეადგენს ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური მოდელის შექმნა.
ეკონომიკური ზრდის პრობლემა, დაწყებული, ალბათ, ადამ სმიტის “ხალხთა სიმდიდრიდან…”, თითქმის სოლოუმდე ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთ ძირითად ღერძად რჩებოდა. როდესაც 50-იანი წლების ბოლოს სოლოუ თავისი პირველი სტატიებით გამოვიდა ეკონომიკური ზრდის თეორიის შესახებ, ისინი, უპირველეს ყოვლისა, ნაკარნახევი იყო მოცემულ სფეროში თავისი წინამორბედების ნამუშევრებით დაუკმაყოფილებლობით. ზრდის უფრო ადრეული მოდელები, რომლებიც შემუშავებული იყო ე. დომარის, ო. ხაროდის და ასევე ვ. ლეონტიევისა და ჯ. ფონ ნეიმანის მიერ, ეფუძნებოდნენ ფიქსირებულ კოეფიციენტებს და მხედველობაში არ იღებდნენ კაპიტალსა და შრომას შორის ურთიერთკავშირს. სოლოუს მიერ აგებულ მოდელში განისაზღვრებოდა ამ ფაქტორთა შორის ურთიერთშეფარდება და ნაჩვენები იყო მისი ცვლილებები ეკონომიკური ზრდის პროცესში.
ეკონომიკური ზრდის საკუთარი მოდელი სოლოუმ საზოგადოებას პირველად გააცნო 1956 წელს სტატიის “წვლილი ეკონომიკური ზრდის თეორიაში” საშუალებით. ეს იყო მათემატიკური მოდელი, რომელიც გამოსახული იყო დიფერენციული განტოლებების ფორმით და აჩვენებდა, თუ მზარდი ძირითადი კაპიტალი როგორ იწვევს პროდუქციის წარმოების ზრდას მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით. ამერიკელი სპეციალისტების შეფასებით, აქამდე არც ერთ ეკონომისტს არ გამოუყენებია ასე მოხერხებულად და ასე უბრალოდ ეკონომიკური ზრდის თეორიაში “შრომის კაპიტალით შეცვლის” ცნება. სოლოუ იმ დებულებიდან გამოდიოდა, რომ დაზოგვაზე მიდის ეროვნული შემოსავლის გარკვეული ფიქსირებული ნაწილი, რომელიც გამოიხატება ცნებით – “მიდრეკილება დაზოგვისადმი”. გამართულად მომუშავე შრომისა და კაპიტალის ბაზრების არსებობის პირობებში დაზოგვა, საბოლოო ჯამში, დაკავშირებულია ინვესტიციებთან, რომლების დაბანდებასაც ფირმები აპირებენ. თუ დაზოგვის ნორმა საკმარისად მაღალია, მაშინ იზრდება კაპიტალშემცველობა ე. ი. რეალური კაპიტალის მოცულობა ერთ დასაქმებულზე. თუ დაზოგვის ნორმა მაღალი არ არის, მაშინ კაპიტალი შედარებით ძვირდება და კაპიტალშემცველობა, რომელიც განისაზღვრება ფასებით წარმოების ფაქტორებზე, დაეცემა. ამასთან, სოლოუ ამტკიცებდა, რომ, თუ დროის დიდ მონაკვეთს განვიხილავთ მოცემული ტექნოლოგიის უცვლელობისას, (ანუ ტექნიკური პროგრესის არსებობისას) კაპიტალს, შრომას და წარმოების მოცულობას ზრდის ერთნაირი ნორმა აქვთ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კაპიტალის მოცულობა, ისევე, როგორც წარმოებული პროდუქტის საერთო ღირებულება, რომელიც ერთ დასაქმებულზე მოდის, მუდმივი იქნება, რის გამოც რეალური ხელფასის მოცულობაც ასევე უცვლელი სიდიდე იქნება. ამრიგად მტკიცდებოდა, რომ შემოსავლის დაზოგილი ნაწილის გაზრდას თავისთავად არ შეუძლია გახდეს ეკონომიკური ზრდის ტემპების ამაღლების მუდმივი წყარო. შედარებით მაღალი ნორმების მქონე ეკონომიკას შეუძლია, რა თქმა უნდა, მიაღწიოს მოსახლეობის ერთ სულზე წარმოების უფრო მაღალ მაჩვენებლებს და გაცილებით მაღალ რეალურ ხელფასსაც. ამასთან, ტექნიკური პროგრესის არარსებობის პირობებში ზრდის ტემპები ძველებური რჩება, მიუხედავად დაზოგვის მზარდი ნორმისა. სოლოუს ძირითადი დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები, რომლებიც შეისწავლება გრძელვადიანი პერიოდისათვის, დამოკიდებული არ არის კაპიტალდაბანდებათა ზრდის ტემპებზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც სოლოუმ უჩვენა, სწორედ ტექნოლოგიური განვითარება გვევლინება ეკონომიკური ზრდის ძირითადი წინამძღვარი. სწორედ სოლოუს მოდელში იქცევა მუდმივი ტექნიკური პროგრესი და რესურსების ეფექტური გამოყენება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ უმთავრეს განმსაზღვრელ ფაქტორად.
სოლოუს თეორიულმა მოდელმა ფართო გამოყენება ჰპოვა თანამედროვე ეკონომიკურ ანალიზში. თუმცა, თავდაპირველად, იგი უპირატესად ეკონომიკური ზრდის ანალიზის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა, მაგრამ შემდეგ მისით სარგებლობის სფერო გაიზარდა მასში სხვა საწარმოო ფაქტორების შეტანის გზით. სოლოუს მოდელზეა, მაგალითად, დაფუძნებული, ზოგიერთი ეგრეთწოდებული, რიცხვითი მოდელი, რომლებიც საერთო წონასწორობის ანალიზისას გამოიყენება. სოლოუს მიერ შექმნილი ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური მოდელი თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიის შემუშავების საფუძველი შეიქმნა.
თავის შემდგომ შრომებში – სტატიაში “ტექნიკური ცვლილებები და ერთობლივი საწარმოო ფუნქცია” (1957 წ.) და “ინვესტიციები და ტექნიკური პროგრესი” (1959 წ.), სოლოუმ მოგვცა სხვადასხვა საწარმოო ფაქტორების ემპირიული შეფასების მეთოდები ეროვნული პროდუქტის ნამატში. მის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ტექნიკური სრულყოფა, დროის გრძელვადიან პერიოდში, გარკვეული აზრით, ნეიტრალურია, რამდენადაც იგი გავლენას ვერ ახდენს ეროვნული პროდუქტის ნამატის გადანაწილებაზე ხელფასის მოცულობასა და კაპიტალზე შემოსავალს შორის. სოლოუ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პროდუქტის მხოლოდ მცირე ამოსავალი ზრდა შეიძლება იყოს განმარტებული შრომისა და კაპიტალის მზარდი დანახარჯებით. მან დაამტკიცა აგრეთვე, რომ 1909 წლიდან 1949 წლამდე ამერიკის ეკონომიკაში მომხდარი ზრდის 7/8 შეიძლება მიეკუთნოს ტექნიკურ პროგრესს და მხოლოდ 1/8 – კაპიტალდაბანდებებს. სტატიაში “ინვესტიციები და ტექნიკური პროგრესი” სოლოუმ ეკონომიკური ზრდისათვის საჭირო ძირითადი კაპიტალის ნამატის მნიშვნელობის ახალი მეთოდი განსაზღვრა. მან უჩვენა, რომ ტექნიკური პროგრესი, უწინარეს ყოვლისა, გამოიხატება კაპიტალდაბანდებებში მანქანებსა და სხვა ძირითად კაპიტალში, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ეკონომიკურ ზრდაში კაპიტალის როლის ემპირიული შეფასების დროს. ამ იდეამ შემდგომი განვითარება ჰპოვა ეგრეთწოდებული “მოსავლიან მიდგომაში”, რომლის თანახმადაც დროის ყოველ ცალკეულ მომენტში ახალი ინვესტიციები დაკავშირებულია უპირატესად თანამედროვე ტექნოლოგიებთან და კაპიტალის ინვესტირების პროცესის შედეგად წარმოშობილი, ისინი ხარისხობრივად უკვე აღარ იცვლება მისი მომსახურების მთელი დანარჩენი დროის მანძილზე (ანალოგიური შეხედულება დაახლოებით ამავე პერიოდში გამოთქვა ნორვეგიელმა მეცნიერმა ლ. იოჰანსენმა). აქედან ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება გარკვეულწილად თავის თავში მოიცავს მომავლის ტექნოლოგიებსაც. ადრე არსებულ მოდელებთან შედარებით, შედეგებს, რომელიც სოლოუმ მიიღო, ჰქონდათ გაცილებიც უფრო დიდი მნიშვნელობა ძირითად კაპიტალში დამატებითი ინვესტიციების როლის გასაგებად შრომის მწარმოებლურობის ზრდის პროცესში.
რ. დორფმანთან და პ. სამუელსონთან ერთად სოლოუმ 1958 წელს გამოაქვეყნა კლასიკური ნაშრომი – “წრფივი პროგრამირება და ეკონომიკური ანალიზი”, რომელშიც ფილიპსის მრუდი ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკისათვის იყო გამოყენებული.
სოლოუს ნაშრომებმა დიდი სტიმული მისცეს ანალოგიური კვლევების განხორციელებას სხვა ქვეყნებშიც. 60-70-იან წლებში მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ძირითადი კაპიტალისა და შრომის, როგორც ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორების შესახებ მეცნიერულ კამათში. 1961-62 წლებში სოლოუ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი ხდება.
ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური მოდელის შექმნამ უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების სხვა განყოფილებების დამუშავებაზეც. სოლოუს მოდელი გამოიყენებოდა ოპტიმალური დანაზოგების პრობლემების კვლევის, სახელმწიფო ფინანსების მდგომარეობის ანალიზისას და ა. შ. მას მიმართავდნენ ასევე საგადასახადო კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებების გავლენის შესაფასებლად შემდგომ ეკონომიკურ განვითარებაზე: 70-80-იან წლებში სოლოუს ნეოკლასიკური მოდელი წარმატებით იქნა გამოყენებული ეკონომიკური ციკლების რყევების შესასწავლად საერთო წონასწორობის თეორიის ჩარჩოებში და ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის ანალიზისას.
სოლოუმ არსებითი წვლილი შეიტანა ეკონომიკური თეორიის სხვა სფეროებშიც; იგი არასოდეს არ არიდებდა თავს მწვავე ეკონომიკურ დისკუსიებს. 70-იან წლებში ურბანიზაციის პროცესებთან დაკავშირებით მან დაამუშავა იმ დროისათვის სრულიად ახალი მიმართულება, რომელიც დაკავშირებული იყო მიწათსარგებლობისა და ქალაქების ეკონომიკის პრობლემის შესწავლასთან. სწორედ იმ პერიოდში გამოვიდა მისი მნიშვნელოვანი პუბლიკაციები, რომლებიც ბუნების რესურსების როლს ეხებოდა. ეკონომიკური ზრდის თეორია იმთავითვე გულისხმობდა, რომ ეკონომიკური ზრდის ერთადერთ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს შრომა, კაპიტალი და ტექნოლოგიები. შემდგომ წლებში, როდესაც თანდათან მეტი მნიშვნელობა მიენიჭა შეზღუდული ბუნებრივი რესურსების როლს ეკონომიკური ზრდის პროცესში, სოლოუ შეუდგა ბუნებრივი რესურსების მოპოვების თეორიის შესწავლას. სტატიებში “რესურსების ეკონომია და ეკონომიკის რესურსი” (1974 წ.), “სამართალი თაობათა თვალსაზრისით და შეზღუდული რესურსები” (1974 წ.) და “მომპოვებელი დარგების დანახარჯები შეზღუდული რესურსების თეორიაში” (1976 წ.), სოლოუ იმ დასკვნამდე მიდის, რომ ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების პრობლემის გასაღები შეიძლება იყოს ჰიპოთეზა ბუნებრივი რესურსების დანახარჯებსა და კაპიტალის ურთიერთშენაცვლების ელასტიურობის შესახებ. ბოლო წლებში სოლოუ აგრძელებს პედაგოგიურსა და სამეცნიერო მოღვაწეობას მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო ინტერესი ეხება მაკროეკონომიკური ანალიზის სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის, დასაქმების პრობლემას და მის მნიშვნელობას სტაბილიზებული პოლიტიკისათვის. მეცნიერი აღიარებულ ლიდერად გვევლინება თანამედროვე ეკონომიკური თეორიის მრავალი მიმართულებისათვის. სამეცნიერო წრეებში მას იცნობენ როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულსა და ინტელექტუალურ ეკონომისტს. მისთვის დამახასიათებელია ინტერესთა მასშტაბურობა არა მხოლოდ ეკონომიკური მეცნიერებების ჩარჩოებში, არამედ სხვა სოციალურ მეცნიერებებშიც. სოლოუს ნაშრომთა რაოდენობა, რომლებიც მან 1950-1987 წლებში შეასრულა, მოიცავს 165 პუბლიკაციას ეკონომიკურ ჟურნალებსა და კრებულებში და ასევე მრავალ მონოგრაფიასაც.
ალფრედ ნობელის პრემია ეკონომიკაში სოლოუს მიენიჭა 1987 წელს “მისი დიდი წვლილისათვის ეკონომიკური ზრდის თეორიაში”. ლაურეატისათვის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალზე შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრმა კ. მელერმა აღნიშნა, რომ პროფესორ სოლოუს უდიდეს დამსახურებას შეადგენს მოდელის შექმნა, რომლის დახმარებითაც შეიძლება გაგებული და გაანალიზებული იქნეს ჩვენი სწრაფად ცვალებადი რეალობა”. თავის ნობელის ლექციაში სოლოუმ წარმოადგინა ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური მოდელის არსი.