ომი იაფი ნავთობისთვის?
მოამზადა მარი წიკლაურმა
ბოლო სამი კვირის მანძილზე ნავთობის ფასი 12%-ით გაიზარდა და ბარელში 41,38 დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მის აბსოლუტურ მაქსიმუმს (41,15 დოლარი ბარელში), რომელიც 1990 წლის 10 ოქტომბერს ქუვეითში ერაყის ძალების შეჭრის შემდეგ დაფიქსირდა, პირველად გადასცდა. ექსპერტების მიხედვით, “შავი ოქროს” ფასი ზრდას მომავალშიც განაგრძობს და შესაძლებელია, 43 დოლარს გაუტოლდეს. ამის მიზეზად ანალიტიკოსები პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ასახელებენ.
ალჟირის ენერგეტიკის მინისტრის, შაქიბჰალილის პროგნოზით, “შავ ოქროზე” ფასების ზრდა განპირობებულია ჩინეთის, აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მხრიდან მოთხოვნის გაზრდით. გარდა ამისა, საუდის არაბეთში მაისის შუა რიცხვებში ქიმიურ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა, ცოტა ხნით ადრე კი, ქალაქ ბასრაში ნავთობტერმინალის აფეთქების მცდელობა იყო. ანალიტიკოსების აზრით, ნავთობის ფასების ზრდას ხელს ახლო აღმოსავლეთში ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე მოსალოდნელი თავდასხმებიც უწყობს. ამ ფაქტებმა ნავთობის თითქმის ორი დოლარით გაძვირება გამოიწვია, ვინაიდან ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო ნავთობის მესამედი მოიპოვება.
მნიშვნელოვანი ფაქტორად, რამაც ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია, ექსპერტები ევროსთან და სხვა ვალუტებთან მიმართებაში ამერიკული ვალუტის არასტაბილურ კურსს მიიჩნევენ. ამგვარად,მსოფლიოში ფასების ზრდა არახელსაყრელი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე ეკონომიკური აღმავლობით გამოწვეული მოთხოვნის ზრდით აიხსნება.
შექმნილი მდგომარეობით შეშფოთებულნი არიან, როგორც “შავი ოქროს” იმპორტიორი ქვეყნები, ასევე მისი მომწოდებლები. ოპეკის მინისტრები ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასის არსებული დონე მთელი ზაფხულის მანძილზე შენარჩუნდება. უახლოეს მომავალში ისინი ორი შეხვედრის ჩატარებას გეგმავენ, სადაც ნავთობის მოპოვების და ექსპორტის კვოტების გაზრდაზე იმსჯელებენ. 22-23 მაისს ისინი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ამსტერდამში შეიკრიბებიან, 3 ივნისს კი – ბეირუთში, ოპეკის რიგგარეშე სესიაზე. ამ შეხვედრებზე ოპეკის მინისტრები მოპოვებული ნავთობის კვოტის დღეში 1.5 მლნ ბარელით გაზრდაზე იმსჯელებენ.
ექსპერტებს, რომლებიც ნავთობის გაიაფებას ვარაუდობენ, სწორედ ოპეკის მიერ კვოტების გაზრდის იმედი აქვთ. თუმცა ალჟირის ენერგეტიკის მინისტრის, შაქიბ ჰალილის აზრით, კვოტების გაზრდა მსოფლიოში ნავთობის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას არ გამოიწვევს.
ოპეკში ირანის წარმომადგენელი, ჰოსეინ კაზემპურ არდებილი ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე ნავთობის გაძვირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. ოპეკს ნავთობის მოპოვების გაზრდა შეუძლია. თუმცა, დადგენილი განაკვეთების გადაჭარბება დღესაც ხდება, ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდა, იგი მხოლოდ მოპოვების მიმდინარე დონის დაკანონებას განახორციელებს.
ექსპერტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც საერთოდ ეპარებათ ეჭვი ოპეკის წევრი ქვეყნების მიერ ნავთობის საექსპორტო მიწოდების გაზრდის შესაძლებლობაში. “ოპეკს, პრაქტიკულად, აღარ დარჩა თავისუფალი სიმძლავრეები ნავთობის წარმოების დამატებითი გაზრდისათვის. ასე რომ, თუ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა და ნავთობზე მოთხოვნა შენარჩუნდება, ამ გაზრდილი მოთხოვნილების დაფარვას ვეღარავინ შეძლებს”, – განაცხადა რუსეთის ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში საინვესტიციო კომპანია “ანტონ”-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, ზარკო სტეფანოვსკიმ. O
ოპეკის საბოლოო გადაწყვეტილება ოპეკის წევრი ქვეყნების შეხვედრაზე, რომელიც ბეირუთში ჩატარდა, 3 ივნისს გახდება ცნობილი.
ნავთობის გაძვირება ზოგიერთი მიმომხილველის და პოლიტიკოსის შეშფოთებასაც იწვევს. ისინი შიშობენ, რომ ნავთობის ფასების ზრდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებზე ნეგატიურად აისახება.
კერძოდ, “შავი ოქროს” გაძვირებით თითქოსდა შეწუხებულია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაც. ამერიკა ერაყის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას სწორად ნავთობის ფასის დაწევის სურვილით ამართლებდა, რომელიც თითქოსდა მის ეკონომიკურ კეთილდღეობას უშლის ხელს. ანალიტიკოსების აზრით, ეს ვერსია კრიტიკას ვერ უძლებს და ამიტომ აცხადებენ, რომ აშშ მსოფლიო ბაზარზე ერაყის ნავთობის მიწოდებას საომარი მოქმედებების გარეშეც აკონტროლებდა. მათ ნებისმიერ დროს შეეძლოთ ერაყის ნავთობზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და სანქციების გამარტივება, რაც მსოფლიოში ნავთობის ფასებს აუცილებლად დააგდებდა. გარდა ამისა, თვით აშშ-ში ნავთობზე დაბალი ფასები ყველას როდი აწყობს. საკმაოდ გავლენიანი წრეები, მათ შორის, ბუშების ოჯახი, რომელიც ისევე, როგორც მმართველი პარტია, ნავთობ-კომპანიებთან არის დაკავშირებული, პირიქით, მაღალ ფასებშია დაინტერესებული. არსებობს მოსაზრება, რომ ნავთობის მაღალი ფასები მის მომხმარებელ ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. ენერგომატარებლებზე ფასების გაზრდის გამო ამ ქვეყნებში ცხოვრება ძვირდება. ეს მართლაც ასეა. როდესაც ნავთობის ფასი გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს (მეცნიერებაში ამ ზღვარს მოხმარების ზღვრული ფასი ეწოდება), მისი მომხმარებლები დანაკარგებს განიცდიან და იძულებული ხდებიან წარმოება შეაჩერონ. იმ ტექნოლოგიური წყობისათვის, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში დომინირებს, ზღვრული ფასი ერთ ბარელ ნავთობში საშუალოდ 40 დოლარს შეადგენს. როცა ნავთობის ფასი ამ დონეს აღემატება, ეკონომიკას აღარ შეუძლია არსებული ტექნოლოგიური სტრუქტურის ფარგლებში ადაპტირება, დანაკარგები შემოსავლებზე ჭარბობას იწყებს და წარმოება მცირდება. მოკლევადიანი ალტერნატივა შესაძლებელია დანახარჯების ინფლაცია გახდეს, თუმცა იგი მალევე აწყდება პოლიტიკური სისტემის, რომელიც მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემის თავიდან აცილებას ცდილობს და საბანკო-საფინანსო წრეების, რომლებსაც არ სურთ ეროვნული ვალუტის დევალვაციის და მაკროეკონომიკური დესტაბილიზაციის დაშვება, წინააღმდეგობას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკელებს ომი ნავთობის ფასების დასაწევად სჭირდებოდათ, გაუგებარია, თუ რატომ მიმართეს მათ მაინც და მაინც აგრესიას, ოპეკი ხომ ისედაც სთავაზობდა მათ ამ ფასების წონასწორულ დონემდე – ბარელში 25 დოლარამდე დაწევას. ამერიკელებს მშვენივრად ესმით, რომ ნავთობის ფასების ზრდა მისი მოხმარების და მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევდა, რაც მათგან მოპოვების შემცირებას და ინტერესების რთულად მისაღწევ თანხვედრას მოითხოვდა. ამ ყველაფრის შედეგად, საერთო შემოსავალი მათთვის შემცირდება. რამაც შეიძლება თვით ნავთობის კარტელიც დააზარალოს, რომელიც მონაწილე ქვეყნების ინტერესების დაბალანსებას ისედაც რთულად ართმევს თავს.
ამგვარად აშშ-ს უამრავი საშუალება ჰქონდა, ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებზე ზეწოლისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები გამოეყენებინა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე რუსი ნავთობმწარმოებლები ოპეკის გვერდის ავლით აშშ-სთან სეპარატული გარიგების დასადებად მზადყოფნას გამოთქვამდნენ. ამერიკულმა ხელისუფლებამ არა მარტო არ გამოიყენა ეს ბერკეტი, არამედ პირიქით, მისი მოქმედებებით ნავთობის ფასების არაკონტროლირებადი აფეთქება გამოიწვია. ასე რომ, ვერსია, რომლის მიხედვითაც, ერაყის ომი ამერიკამ იაფი ნავთობისათვის დაიწყო, არ დასტურდება. გარდა ამისა, დაწვრილებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ თავისი მოქმედებებით ამერიკამ ნავთობის ფასების დაწევას კი არა, პირიქით, აწევას შეუწყო ხელი.
ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყებით ამერიკამ გაეროს და ნატოს საერთაშორისო სამართლის ყოველგვარი ნორმები დაარღვია. მან მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ყველას, ვინც მის ინტერესებს წინააღმდეგობას გაუწევს ან ხელს შეუშლის, ფიზიკური განადგურება ემუქრება. მსოფლიო უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ამერიკელებს ყველაფერი შეუძლიათ, ამერიკული კაპიტალის კონკურენტებს ურჩევნიათ ამერიკელებისათვის საინტერესო ბაზრები მათ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაუთმონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკული კორპორაციების ინტერესების დასაცავად სამხედრო ხელკეტი ამოქმედდება, რომელიც ნებისმიერ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს გამოყენებული. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი ომის მთავარი მიზეზი იყოს. აშშ-მ ისედაც მრავალჯერ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფა შეუძლია. ამერიკის სპეცსამსახურებს ყოველგვარი ომის გარეშე მოახერხებდნენ იგივეს გაკეთებას ერაყშიც. რისთვის დასჭირდა მას მთელი მსოფლიოს გაღიზიანება, თუ ყველაფრის სხვისი ხელით გაკეთება, საკუთარ თავზე ყოველგვარი პასუხისმგებლობის აღების გარეშე შეეძლო? სწორად ამგვარად იყო პროვოცირებული ორი მსოფლიო ომი, რომელთა შედეგად “ძველი სამყარო” გაკოტრდა, ამერიკა კი, ზღაპრულად გამდიდრდა და საბჭოთა კავშირთან ცივი ომის – მესამე მსოფლიო ომის ტალღაზე გლობალურ ლიდერობას მიაღწია.
ამერიკული ავანტიურის ფუნდამენტალურ მიზნები შეიძლება მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი კანონზომიერების ანალიზმა გამოააშკარავოს. ამისთვის ენერგომატარებლების ფასების ხანგრძლივი დინამიკა უნდა განვიხილოთ. ეს ანალიზი გვიჩვენებს, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ნავთობის ფასი პერიოდულად მკვეთრად ზრდება. ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ენერგომატარებლების ფასების 50-წლიანი პერიოდულობით ხანმოკლე დროით რამდენჯერმე მატულობდა, შემდეგ კი, კვლავ უწინდელ სტაბილურ დონეს აღწევდა.
ენერგომატარებლების ფასების ციკლური დინამიკის მიზეზები გრძელვადიანი ეკონომიკურ-ტექნიკური განვითარების თანამედროვე თეორიით აიხსნება. იგი ტექნოლოგიური წყობების განვითარებითა და შენაცვლებით განისაზღვრება. თითოეული მათგანი გლობალური ეკონომიკური განვითარების ციკლს წარმოადგენს. განვითარების შესაძლებლობების ამოწურვისთანავე მოძველებული ტექნოლოგიური წყობა ადგილს ახალს უთმობს. ტექნოლოგიური წყობების შენაცვლების პერიოდი ტრადიციულ დარგებში წარმოების მომგებიანობის და მოცულობის მკვეთრი შემცირებით და დიდი მოცულობის კაპიტალის გამოთავისუფლებით, ეკონომიკური ზრდის ტემპების ვარდნით და ახალი ეკონომიკური წყობის ხარჯზე ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნებით ხასიათდება.
ეკონომიკური მოვლენების ზედაპირზე ტექნოლოგიური შენაცვლების პერიოდი აღიქმება, როგორც დეპრესია და სტრუქტურული კრიზისი.
დღეს არსებული ეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკა ადასტურებს, რომ მსოფლიო ეკონომიკა მორიგი სტრუქტურული კრიზისის ფაზაში შედის, რომელიც ტექნოლოგიური წყობების შენაცვლებითაა განპირობებული, რასაც თუნდაც ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა და წამყვან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპების ვარდნა ადასტურებს. შემოსავლების შემცირება და ფინანსური რესურსების გამოთავისუფლება წარმოების ტრადიციული მიმართულებებით გაფართოვების შესაძლებლობების ამოწურვას და განვითარების უპერსპექტივობის გარეშე დარჩენილი ტექნოლოგიებიდან კაპიტალის გამოთავისუფლებას მოწმობენ. საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, რომელთა რეალური მნიშვნელობა ძირითად საკრედიტო ბაზრებზე უარყოფითი გახდა, ეკონომიკური ზრდის სტიმულირება ეკონომიკის ტექნოლოგიური სტრუქტურის შეცვლის გარეშე ვერ ხერხდება – ინვესტირებას ძველი მიმართულებებით მოგება აღარ მოაქვს.
ამგვარად, მსოფლიო ეკონომიკის ტექნოლოგიური წყობების შენაცვლებით გამოწვეულმა სტრუქტურულმა დეპრესიამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა, რადგან კრედიტებზე საერთო მოთხოვნა შემცირდა. მოგება, რომელიც ტრადიციული წარმოების განვითარების შესაძლებლობების ამოწურვის შედეგად მცირდება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ წარმოებებიდან კაპიტალის გამოთავისუფლებას უწყობს ხელს და საფინანსო ბაზრებზე კრიზისული მოვლენების განვითარებას პროვოცირებს. ამერიკულ საფონდო ბაზარზე ერთობლივმა დანაკარგებმა ბოლო 4 წლის მანძილზე 7 ტრლნ დოლარი შეადგინა. ანალოგიური პროცესები ევროპასა და იაპონიაშიც მიმდინარეობს. ჭარბი კაპიტალის მოცულობა მთელ მსოფლიოში იზრდება, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია წალეკოს ამერიკული ბაზარი.
ნავთობის ფასების გაზრდამ (ანგარიშსწორება მთელ მსოფლიოში დოლარებზე ხორციელდება) დოლარების მასის მოცულობა გარკვეული დროით შეამცირა. ფასების გაზრდამ ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნას მისცა ბიძგი, რამაც მრეწველობის მხრიდან კრედიტებზე მოთხოვნის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი, რაც თავის მხრივ ახალი ტექნოლოგიების ათვისების და ენერგომოხმარების შემცირების აუცილებლობას აწყდება. ახალი ტექნოლოგიური წყობის ჩამოყალიბება ახალი წარმოებების მხრიდან კრედიტებზე მოთხოვნის გაზრდას წარმოშობს, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. სანამ მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა ტემპებს აკრეფს და მსოფლიოში სწრაფი ეკონომიკური ზრდის კერები გაჩნდება, აუცილებელია დოლარებზე მოთხოვნის ნებისმიერი გზით სტიმულირება და მათი მსხვილმასშტაბიანი გადმოყრის მცდელობების აღკვეთა. საერთაშორისო დაძაბულობის ესკალაცია ამერიკელებს სწორად ამისთვის სჭირდებათ.
აშშ-მ იუგოსლავიაში ომის პროვოცირებით ევროკავშირში ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინა. ევროს სიმყარე დროებით შეირყა და ამ ვალუტის მიმოქცევის სფეროს გაფართოების შორს მიმავალი გეგმები გაიყინა.
საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ “ჯვაროსნული ომის” საბაბით აშშ-მ მიაღწია იმას, რომ არაბული ორგანიზაციების და კერძო პირების დოლარების დიდი აქტივები გაყინა. ერაყის ომმა საერთაშორისო დაძაბულობის კიდევ ერთი წრე წარმოშვა და ამით აშშ-მ დოლარების გადმოყრის თავიდან აცილების კიდევ ერთი ბერკეტი – მთელი ქვეყნების ანგარიშების გაყინვა მიიღო.
ამგვარად, ამერიკა სავსებით ლოგიკურად მოქმედებს – საკუთარი გაკოტრების თავიდან ასაცილებლად იძულებულია საერთაშორისო დაძაბულობის ახალი წრეების პროვოცირება მოახდინოს. ნებისმიერი, ვინც დოლარის საერთაშორისო ვალუტის სახით გამოყენებას ეჭვქვეშ აყენებს ან მისთვის საკუთარი ბაზრების დახურვას შეეცდება, ამერიკელებისთვის ეროვნული ინტერესებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ გაავრცელეს მათ ეს ინტერესები მთელ მსოფლიოზე. აშშ ამ ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დაიცავს და ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ამერიკული ფინანსური პირამიდისგან თავის დაცვას და დოლარის მიმოქცევის სფეროდან გამოსვლას შეეცდება, ტერორისტად გამოაცხადებს. რა თქმა უნდა, მოვლენების ასეთი განვითარება არ შედის არც რუსეთის, არც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ინტერესებში, რომელსაც დამოუკიდებლობაზე აქვს პრეტენზია.
თუ მსოფლიო თანამეგობრობა მოისურვებს აგრესორის შეჩერებას და აშშ-ს მიერ ლოკალური ომების პროვოცირებით მსოფლიოში დაძაბულობის უსასრულობამდე გამწვავების რისკისაგან თავის დაზღვევას, მას დოლარზე, როგორც საერთაშორისო ვალუტაზე, უარის თქმა მოუწევს. ამისათვის საკმარისი იქნება დაინტერესებული ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან შეთანხმების მიღწევა. თუ გადმოყრილი ამერიკული დოლარების კრიტიკული მასის მოგროვება მოხერხდა, რაც შესაძლებელი გახდება, თუ რამდენიმე მსხვილმა ან თუნდაც ყველა არაბულმა სახელმწიფომ მოილაპარაკა. და მაშინ ამერიკული ფინანსური სისტემის კრახი გარდაუვალი გახდება. შაბოლოოდ, აშშ გაკოტრდება და ერაყში ომის გაგრძელებას, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისათვის მისი ინტერესების კარნახს, ვეღარ შეძლებს. ყოველივე ეს მთელი საერთაშორისო ფინანსური სისტემის დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მსოფლიო თანამეგობრობას ეროვნულ ვალუტებზე დაყრდნობილი საერთაშორისო სავალუტო-საფინანსო ურთიერთობების პრინციპულად ახალი სისტემის ან ახალი მსოფლიო ვალუტის შემოღება მოუწევთ. უკანასკნელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით უნდა სარგებლობდეს და მისი ერთი ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის ინტერესებში გამოყენებას გამორიცხავდეს.
რაც შეეხება რუსეთს, მისთვის მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ნავთობის ფასების გაზრდა მეტად ხელსაყრელია. “ნავთობის ექსპორტიდან დამატებითი შემოსავლების შემოდინებამ პირველ კვარტალში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპების ზრდას შეუწყო ხელი. რუსი მენავთობეები ცდილობენ მაქსიმალურად გაზარდონ ნავთობის მოწოდება, ანუ ქვეყანაში საწვავის დეფიციტის ეფექტი იქმნება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტები იმედებს სწორედ რუსებზე ამყარებენ. მსოფლიო ეკონომიკის ზრდის გამო მეს-მ მსოფლიოში ნავთობის მოხმარების პროგნოზი გაზარდა და მიიჩნევს, რომ სწორად რუსეთი, რომელიც არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვებით არ არის შებოჭილი, შეძლებს დააკმაყოფილოს ნავთობზე მზარდი მოთხოვნა.
რუსეთს, დღევანდელი პოლიტიკურ ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით აქვს შანსი, რომ საერთაშორისო სავალუტო-ფინანსური ურთიერთობების ახალი არქიტექტურის ფორმირების პროცესის ლიდერი და ორგანიზატორი გახდეს. მას შეუძლია ახალი ტექნოლოგიური წყობის ზრდის საკვანძო მიმართულებების განვითარებაში დანარჩენ მსოფლიოს დაასწროს და ეს მომენტი მისი ეკონომიკის აღმავლობის გზაზე დასაყენებლად გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს კიდევ ერთი ტექნოლოგიური ეპოქით ჩამორჩება, რაც მას დამოუკიდებელი განვითარების გზას საბოლოოდ გადაუკეტავს.
რუსეთის ეკონომიკის ტექნოლოგიური სტრუქტურის ანალიზი ახალი ტექნოლოგიური წყობის ჩამოყალიბების პერსპექტიული მიმართულებების არსებობას ადასტურებს, რომლებშიც რუსეთს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატესობები აქვს.
ამ მიმართულებებს შორის იგულისხმება: ბუნებრივი აირის დიდი მარაგი, რომელიც ახალი ტექნოლოგიური ეპოქის ერთ-ერთი წამყვანი ენერგომატარებელი და ქიმიური ნედლეული ხდება, ასევე მეცნიერების დარგები, რომლებიც თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესს განაპირობებენ. ეს მიმართულებები ახალი ტექნოლოგიური წყობის სტრუქტურაში საკვანძო მომენტებს წარმოადგენენ. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შესაბამის სახელმწიფო ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს, რომელიც პერსპექტიული წარმოებების ფინანსირების მექანიზმებს გაითვალისწინებს, ეს დარგები დაეხმარებიან მას მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ახალი ტალღის ქიმზე მოხვედრაში.
ამერიკის ხელმძღვანელობამ, თავის მხრივ, თავის დროზე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-ს ნავთობის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და ახალ ენერგომატარებლებზე გადასვლას აპირებს. ამას ამერიკის ეკონომიკაში პირველადი ენერგომატარებლების მოხმარების სტრუქტურის ანალიზიც მოწმობს. ბოლო 200 წლის მანძილზე აშშ, ისევე, როგორც დანარჩენი განვითარებული მსოფლიო, თანდათან ახალი ტექნოლოგიური წყობების ჩამოყალიბების და განვითარების შესაბამისად, სულ უფრო ეფექტურ ენერგომატარებლებზე გადადიოდა. ახალი ტექნოლოგიური წყობის წამყვანი ენერგომატარებელი, სავარაუდოდ, წყალბადი იქნება.
ანალიტიკოსები ამგვარ დასკვნას აკეთებენ: ომი, რომელიც ამერიკამ თითქოსდა ერაყის ნავთობის ხელში ჩასაგდებად წამოიწყო, მას სინამდვილეში ქვეყნის ახალი ენერგომატარებელზე – წყალბადზე – გადასვლისათვის მოსამზადებლად სჭირდება, ამისათვის კი, ნავთობზე დაბალი კი არა, მაღალი ფასები სჭირდება. აშშ-ს ხელმძღვანელობა გლობალური ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი კანონზომიერების გათვალისწინებით მოქმედებს და ახალი ტექნოლოგიურო წყობის უსწრაფეს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამისთვის კი, ამერიკელებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია მსოფლიო ვალუტის ემისიის განხორციელების უფლების შენარჩუნება, ვინაიდან ეს აშშ-ს საშუალებას აძლევს მისი ეკონომიკის მოდერნიზაცია დანარჩენი მსოფლიოს ხარჯზე განახორციელოს.