მცირე ბიზნესის მიკროდაფინანსება
თემურ ხომერიკი, ეკ. მეცნ. კანდიდატი
ნებისმიერი ბიზნესი, მათ შორის მცირე ბიზნესიც, განვითარებისთვის საჭიროებს განსაზღვრულ ფინანსურ რესურსებს, რომელთა მოზიდვაც მცირე საწარმოებსა და ოჯახურ მეურნეობებს უხდებათ კრედიტებისა და სესხების სახით. ეს პროცესი მოიცავს როგორც ფულადი ნაკადების მიზნობრივ მოძრაობას, ასევე ადამიანთა შორის ურთიერთობებს ფულადი სახსრების დაგროვებისა და გამოყენების მიზნით.
თანამედროვე ეკონომიკაში საფინანსო ურთიერთობებს მიაკუთვნებენ ფულადი სახსრების მოძრაობას საკრედიტო სფეროშიც, რადგან მკვეთრი საზღვრის გავლება მიკროფინანსებსა და მიკროკრედიტებს შორის გაძნელებულია – ისინი ბუნებრივად ავსებენ ერთმანეთს. თუმცა სესხი და კრედიტი განსხვავებულია სახსრების ფორმირების წყაროებით და გაცემის წესით. კრედიტში უპირატესად გულისხმობენ ფიზიკური და იურიდიული პირების შენატანების საფუძველზე ფორმირებული ფულადი საშუალებების გაცემას, რომელიც დაკავშირებულია საფინანსო შუამავლობასთან საბანკო ინსტიტუტის მეშვეობით; სესხი კი გულისხმობს კერძო და სახელმწიფო სახსრების გაცემას, რომელიც ყოველთვის არ შეიცავს მისი გამოყენებისათვის საზღაურს და ითვლება ჩვეულებრივ სამეურნეო ოპერაციად. სესხის გამცემი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირი, მაშინ, როცა კრედიტის გაცემაზე უფლებამოსილია მხოლოდ საბანკო ოპერაციების განხორციელებაზე სათანადო ლიცენზიის მქონე იურიდიული პირი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიკროკრედიტი გაიცემა მოზიდული სახსრებიდან, ხოლო მიკროსესხი – საფინანსო ორგანიზაციების და ფიზიკური პირების საკუთარი (ან დონორებისაგან მიღებული) რესურსებიდან.
მიკროსტრუქტურების საფინანსო-საკრედიტო მექანიზმს განიხილავენ როგორც ურთიერთდაკავშირებულსა და ურთიერთგანმაპირობებელს. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში ჩამოყალიბდა ფულადი კაპიტალის გადანაწილების ახალი მექანიზმები და ახალი საფინანსო ურთიერთობები, რომლებიც ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი კაპიტალის ბაზარზე აწარმოებენ ფინანსების გადანაწილებას. ამ ურთიერთობებში განსაკუთრებით გამოიკვეთა როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო ახალი საფინანსო ინსტიტუტების როლი. კომერციული ბანკებისაგან განსხვავებით, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება, მიკროსაფინანსო ინსტიტუტები თავისი სტატუსითა და ხასიათით არაკომერციული ორგანიზაციებია და ისინი სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმდენად, რამდენადაც ეს ემსახურება მათი შექმნისას დასახული მიზნების განხორციელებას. მათ მიერ დაფინანსებული პროგრამები მიზნად ისახავენ საზოგადოების ცალკეული ფენების (მაგალითად, ქალების, დროებით უმუშევრების, სოფლის მეურნეობის კოოპერატივებისა და სხვ.) სოციალურ მობილიზაციას, აგრეთვე მცირე ბიზნესის მხარდაჭერით ე.წ. “ბიზნეს ინკუბატორების?? განვითარებას. დასავლეთისაგან განსხვავებით, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში საოჯახო მეურნეობების დანაზოგები უმნიშვნელოა, ხოლო მოსახლეობის ფართო ფენები სიღატაკის ზღვარზეა. ამ ადამიანების საქმიანი აქტიურობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს საბანკო სისტემასთან ერთად და მიკროდაფინანსება სიღარიბესთან ბრძოლისა და უმუშევრობის დონის შემცირების ინსტრუმენტად განიხილება (მიკროსაწარმოთა განვითარებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ბაზრის შესახებ ინფორმაციისა და თვითმართვის ხელმისაწვდომობა, ასევე დასახული ბიზნეს-გეგმის განსახორციელებლად ფინანსების მოძიება). მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სარგებლობს მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მომსახურებით, რომელსაც თითქმის 30 წლიანი ისტორია გააჩნია და გავრცელებულია როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მიკროსაწარმოთა დაფინანსების სტრატეგია შეიცვალა და ნაცვლად ექსპერიმენტული პროგრამებისა, ორიენტაცია აღებული იქნა უფრო რენტაბელურ და პროფესიონალურ პროგრამებზე. განსაკუთრებულია საქართველოში მიკროსაფინანსო მომსახურების განვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციების (აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მსოფლიო ბანკის, ევრობანკის, ფონდ ევრაზიას და ა.შ.) და საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობების (აშშ, კანადა, ჰოლანდია და სხვ.) როლი.
საქართველოს კანონით მეწარმეთა შესახებ სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობად კი ითვლება ერთი პირის მიერ მეორე პირისათვის საფასურის გადახდით ქონების (მათი შორის ფულადი სახსრები) დროებით მფლობელობაში, სარგებლობაში ან მართვაში გადაცემა, საკუთრების უფლების გადაცემისა და მისი შემდგომი გასხვისების შესაძლებლობის გარეშე, თუ ასეთი გადაცემა არ განეკუთვნება ფინანსურ საქმიანობას და არ წარმოშობს დამატებით ვალდებულებებს. არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით სამუშაოს შესრულება, ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში, ქონების იჯარით გადაცემა, ქონების მართვა მინდობილობით, ფიზიკური პირის დამოუკიდებელი საქმიანობა. მასვე უთანაბრდება საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის შეძენა, აგრეთვე, გამყიდველის საკუთრებაში არსებული საავტორო უფლების რეალიზაცია. საქველმოქმედო საქმიანობად კი ითვლება მატერიალური დახმარების უშუალოდ გადაცემა, მათ შორის გრანტის ან სხვა სახით, აგრეთვე საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური ხასიათი და არ წარმოშობს ქონებრივი ხასიათის ვალდებულებებს.
სესხის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები ხშირ შემთხვევაში მცირე ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილების მიზეზი ხდება, რადგან მათგან, როგორც წესი, მოითხოვენ ისეთ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემას, როგორიცაა: რა პერსპექტივები გააჩნია მის მიერ წამოწყებულ ბიზნესს; როგორ აპირებს ფულის გამოყენებას; როდის და როგორ აპირებს სესხის დაფარვას; რამ წარმოქმნა ფინანსური რესურსების დეფიციტი; რამდენად გარანტირებულია სესხის დაბრუნების პროცესი და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია მცირე ბიზნეს სტრუქტურა ახლად შექმნილი მიკროსაწარმოა თუ იგი მოქმედი წარმოების მესაკუთრის ცვლილებით ან მისი რესტრუქტურიზაციით ჩამოყალიბდა, რაც მოითხოვს შემდეგი საკითხების დაზუსტებას: სამეურნეო საქმიანობის რომელ სფეროს მოიცავს ბიზნესი (მრეწველობას თუ ვაჭრობას, ტრანსპორტს თუ დაზღვევას და ა.შ.); ეკონომიკის რომელ სექტორში (სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო) ხორციელდება იგი და როგორია საწესდებო კაპიტალის კუთვნილება; როგორია მონაწილეთა სტატუსი (ფიზიკური და იურიდიული პირები); რამდენად ფართოა საქმიანობის არეალი (ქვეყნის მასშტაბით თუ საერთაშორისო, ქვეყნის მოქალაქეების მიერ თუ უცხოელებთან ერთად). თითოეული ეკონომიკური სუბიექტი ითვალისწინებს აღნიშნულს და განსაზღვრავს თავის დამოკიდებულებას საქმისადმი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი არჩევანი ობიექტურადაა განპირობებული კანონმდებლობით აღიარებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისადმი მათი კუთვნილებით. საქართველოს კანონმდებლობით ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური საწარმო, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება. ფიზიკური პირი ითვლება მეწარმედ, თუ ის არის ინდივიდუალური მეწარმე და დამოუკიდებლად, თავისი რისკით ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ინდივიდუალურ საწარმოსთან გათანაბრებულია საწარმო, რომლის ერთადერთი მონაწილენი არიან ოჯახის წევრები, აგრეთვე ფერმერული მეურნეობები, რომლის მესაკუთრეა ფიზიკური პირი ან მისი ოჯახის წევრები. ორგანიზაციებად კი ითვლება საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანებები, ფონდები, დაწესებულებები, ასოციაციები (კავშირები) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით ან მოქმედებენ უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციები. მასვე მიეკუთვნება სახელმწიფოთაშორისი და სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციები. ამდენად სესხის მისაღებად მნიშვნელოვანია მეწარმეებმა სწორად ჩამოაყალიბონ თავიანთი მოთხოვნილებები და არგუმენტირებულად ასახონ იგი წარმოდგენილ ბიზნეს-გეგმაში, რისთვისაც მათ მოეთხოვებათ განათლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონე.
მცირე და საშუალო საწარმოებს, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა და რომლის წლიური ბრუნვა მცირე საწარმოებისთვის არ აღემატება 20 დასაქმებულსა და 500000 ლარს, ხოლო საშუალო საწარმოებში შესაბამისად – 100 დასაქმებულსა და 1,5 მლნ. ლარს. საწარმო არ ითვლება მცირედ ან საშუალოდ, თუ მისი საწესდებო კაპიტალის 25%-ზე მეტი ეკუთვნის იმ პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოთ განსაზღვრულ ზღვრულ მახასიათებლებს, აგრეთვე ის ორგანიზაციები, რომელთა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საბანკო, სადაზღვევო და სხვა სახის ფინანსური მომსახურება.
ფინანსურ მომსახურებას მიეკუთვნება:
– კრედიტების, საკრედიტო გარანტიებისა და ფულად-საკრედიტო ოპერაციებზე სხვა გარანტიების გაცემა ან გადაცემა, მათ შორის პირის მიერ გაცემული კრედიტებისა და საკრედიტო გარანტიების მართვა;
– ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია კლიენტების დეპოზიტებისა და ანგარიშების მომსახურებასთან, ანგარიშსწორებასთან, ფულად გზავნილებთან, სასესხო ვალდებულებებსა და საგადამხდელო ინსტრუმენტებთან;
– გადახდის კანონიერი საშაულებების – ვალუტის, ფულის, ბანკნოტების (გარდა ნუმიზმატური მიზნით გამოყენებულისა) მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები;
– საწესდებო კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება (გარდა ფასიანი ქაღალდების მატერიალიზებული ფორმებით შენახვისა და რეგისტრაციის მომსახურებისა);
– წარმოებულ და სინთეზურ ფინანსურ ინსტრუმენტებთან ფორვარდულ შეთანხმებებთან, ოფციონებსა და მსგავს ინსტრუმენტებთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება;
– საინვესტიციო ფონდების მართვასთან დაკავშირებული მომსახურება;
– დაზღვევისა და გადაზღვევის ოპერაციები.
მცირე ბიზნესის საკრედიტო-ფინანსური და ინვესტიციური მხარდაჭერა ხორციელდება სხვადასხვა ფორმით: ფინანსური ლიზინგი და ფრანშაიზინგი; მცირე სტრუქტურების ურთიერთმხარდაჭერა საკრედიტო კავშირებისა და სხვა თვითდაფინანსებადი სისტემების ჩამოყალიბებით; მიკროდაკრედიტება, სესხების სახელმწიფო გარანტიების მექანიზმები, ვენჩურული საინვესტიციო ფონდების განვითარება და სხვ. თუმცა მცირე და საშუალო საწარმოთათვის მათგან განსაკუთრებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი რეგისტრირებული საფინანსო კავშირებსა და ფონდებთან ურთიერთობა, რომელთა უმთავრესი მიზანია მათთვის დახმარების გაწევა. კერძო მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერასა და განვითარებასთან დაკავშირებული ერთობლივი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით მცირე საწარმოებს შეუძლიათ შექმნან კავშირები და ფონდები. მართალია, მცირე და საშუალო საწარმოები სარგებლობენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით, მაგრამ საკითხი საჭიროებს უფრო კომპლექსურ და სისტემურ მიდგომას. ცხადია, ბიზნესის ამ ფორმების შემდგომი განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მიკროდაფინანსებას და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც აუცილებლობით მოითხოვს ისეთ საკანონმდებლო აქტებში შემდგომ ცვლილებებს, როგორიცაა საქართველოს საგადასახადო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი, ორგანული კანონი ეროვნული ბანკის შესახებ, კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, კანონი მეწარმეთა შესახებ და სხვ. საჭიროა მეწარმეობის მხარდამჭერი მიკროსაკრედიტო ორგანიზაციების ხელშეწყობა და სახელმწიფო მხარდაჭერა, ასევე დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის გააქტიურება და საქმიანობის ამ ფორმების განვითარების კოორდინაციის გაძლიერება.მიკროდაფინანსება ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკიდან მეწარმეთა ლეგალურ ბიზნესში გადაყვანას, ქვეყნის საგადასახადო შემოსავლების მატებას და მიკროკრედიტით მოსარგებლე მცირე მეწარმეებისათვის საბანკო კრედიტისკენ შემდგომ მოძრაობას; საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირებისა და საკრედიტო გარანტიების პროგრამების დანერგვა კიდევ უფრო დააჩქარებს პოზიტიურ შედეგებს. საკრედიტო რესურსები თანაბრად ჭირდება როგორც დამწყებ მეწარმეებს, ასევე უკვე მოქმედ ბიზნესმენებს. არაარსებითია ჰქონდათ თუ არა მათ საკრედიტო ისტორია, რადგან იაფი და ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსები ყველა მათგანს თანაბრად ესაჭიროება. ზემოაღნიშნული საჭიროებს სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნასა და საკადრო უზრუნველყოფას. მიკროსაფინანსო ინსტიტუტების განვითარება საზოგადოების სოციალური განვითარების მნიშვნელოვანი ბერკეტიცაა, რადგან იგი საშუალებას აძლევს საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე პირებს აწარმოონ დამოუკიდებელი ბიზნეს-საქმიანობა და მიიღონ სათანადო შემოსავალი.
სამეწარმეო სტრუქტურებისთვის განვითარების შინაგანი რეზერვები, კვლავაც რჩება უმთავრეს რესურსად, თუმცა ისინი ვერ ცვლიან სესხებისა და კრედიტების როლს საბრუნავი საშუალებების შევსების საქმეში. მცირე სამეწარმეო სუბიექტების ინვესტიციური აქტიურობა საჭიროებს შემდგომ წახალისებას, მათ შორის მიკროფინანსებისა და მიკროკრედიტების ხელმისაწვდომობის მიმართებითაც. ამ საქმეში განსაკუთრებულია არასაბანკო სექტორის, მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების როლი, რადგან მიკროდაფინანსება მეწარმეებს საშუალებას აძლევს გამარტივებული დოკუმენტაციითა და პროცედურით მიიღონ სათანადო სახსრები, თანაც ყოველივე ეს ხორციელდება ძალიან მოკლე დროში და ხელმისაწვდომი რეჟიმით; იგი არ საჭიროებს გარანტიების ძვირ მეთოდებს და გირავნობის მძიმე პირობებს (უზრუნველყოფისთვის გამოიყენება ჯგუფური გარანტიები, თავდებობის სხვადასხვა ფორმები და ა.შ.). მხარდაჭერას საჭიროებს საკრედიტო კავშირების შექმნაც, რომელიც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, იურიდიული და ფიზიკური პირების ფინანსური ურთიერთდახმარების საშუალებას წარმოადგენს. მცირე ბიზნესის ისეთი ფუნდამენტური პრობლემა, როგორიცაა წარმოების მაღალტექნოლოგიური ძირითადი საშუალებებით სარგებლობა, უკანასკნელ პერიოდში წარმატებით იჭრება ლიზინგური ურთიერთობების განვითარებით, მცირე ბიზნესის ორგანიზაციისას ასევე ფართედ გამოიყენება ფრანშიზის უპირატესობები. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მცირეა ვენჩურული ინვესტიციების შემთხვევები მცირე წარმოებებში. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თუ საბანკო დაწესებულებები და ლიზინგური კომპანიები ადვილად მიდიან მსხვილ და საშუალო საწარმოებთან თანამშრომლობაზე, მცირე და მიკროსაწარმოების დაფინანსების ძირითად წყაროდ დღემდე რჩება არასაბანკო საფინანსო დაწესებულებები, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები და საკრედიტო კავშირები. ამის დასაძლევად აუცილებელია მცირე ბიზნესის დაფინანსებაში არსებული საფინანსო-საკრედიტო რისკების გარანტირების მყარი მექანიზმების დანერგვა. ასევე მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესისთვის განსაზღვრული კრედიტების შემდგომი გაიაფებისთვის ეროვნული ბანკის მიერ სათანადო პოლიტიკის გატარება, რისთვისაც საჭიროა საბანკო პროდუქტების ღირებულების შემცირების რეზერვების სრულად ამოქმედება. საშუალო და მცირე მეწარმეობის განვითარება წარმოუდგენელია ამ სუბიექტებისთვის გამიზნულ პროექტებში მონაწილე ინვესტორთა ხელშეწყობის გარეშე.
არასაბანკო მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მჭიდროდ ურთიერთთანამშომლობენ საბანკო სექტორთან: ბანკების მეშვეობით ეს ორგანიზაციები ახდენენ თავიანთი კლიენტების საკასო მომსახურებას; მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტების თაობაზე ინფორმაცია მეტად ღირებულია ბანკებისთვის, რადგან ეს კონტიგენტი მათი მომავალი პოტენციური კლიენტურაა; ბანკების პლასტიკური ბარათებით ხშირად სარგებლობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტები; ბანკები ახდენენ დივერსიფიკაციას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებით, რაც ხშირად არ გამორიცხავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრივ ბანკების აგენტების როლში გამოსვლას. ამდენად, ბანკების მიერ მიკროდაფინანსების სასწავლო და კონსალტინგური პროგრამების ფინანსური მხარდაჭერა სრულიად გამართლებულია. ასევე მნიშვნელოვანია საფინანსო ბაზრის პროდუქტზე მომხმარებელთა მოთხოვნის შესწავლის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი ტენდენციების ამ სტრუქუტურების მიერ გამოყენება.
საბანკო მიკროკრედიტები საქართველოში უპირატესად სწორედ მცირე ბიზნესის განვითარებისთვისაა შექმნილი და იგი ხასიათდება უფრო მცირე თანხით (1000-დან 15000 აშშ დოლარამდე), უფრო მცირე ვადებით (საბრუნავი საშუალებების შესავსებად – 3-12 თვე, ხოლო ძირითადი საშუალებებისა და რემონტისთვის – 6-24 თვე), დაფარვის უფრო მოქნილი გრაფიკით (ყოველკვირეულად, თვეში ორჯერ, თვეში ერთხელ). საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვანია (მაგალითად, გაერთიანებული ქართული ბანკისთვის მიკროკრედიტის თანხის თვიური საპროცენტო განაკვეთი 1000 – 2000 აშშ დოლარისთვის შეადგენს 3%-ს, 2000 – 5000 აშშ დოლარისთვის – 2,5%, ხოლო 5000 – 15000 დოლარისთვის – 2%-ს). გამარტივებულია სესხის უზრუნველყოფა – გამოიყენება როგორც პირადი საკუთრება, ასევე საწარმოო და პერსონალური აქტივები, მისაღებად ითვლება მესამე მხარის თავდებობის რეჟიმიც, ამასთან მინიმალური მოთხოვნაა კრედიტის თანხის 100%-ით უზრუნველყოფა. გამოიყენება მიკროსაკრედიტო ხაზის მექანიზმებიც (მაქსიმალური ვადით 36 თვე), რაც უზრუნველყოფს კლიენტისა და ბანკის გრძელვადიან ურთიერთობას და ამცირებს ხელახალ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს. იმის გათვალისწინებით, რომ იგი ძირითადად მცირე ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომელიც, მართალია მოქნილია, მაგრამ აკლია სტაბილურობა, კრედიტები გაიცემა მხოლოდ განსაზღვრულ ფენებზე და საქმიანობის სფეროებზე, კერძოდ, შეუსაბამოდ ითვლება მსესხებელი, რომელსაც: აქვს 6 თვეზე ნაკლები საქმიანობის გამოცდილება; არ გააჩნია საქმიანობის ფიქსირეული და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ასევე, თუ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა (გარდა გადამამუშაველი წარმოებისა), თამბაქოსა და სპირტიანი სასმელების წარმოება, აზარტული თამაშების ბიზნესი, საქმიანობა – რომელიც გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენს.
როგორც ვხედავთ, საბანკო მიკროკრედიტი საკმაოდ ძვირი და შედარებით ძნელად მოსაპოვებელია. ამ პირობებში მეწარმეთათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული მიკროსესხები. მაგალითისათვის განვიხილოთ ფონდ “კონსტანტას?? საქმიანობა, რომელიც მიმართულია მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისკენ. ფონდი მიკროსაფინანსო მომსახურებას სთავაზობს მცირე მეწარმეობით დაკავებულ პირებს ჯგუფური და ინდივიდუალური სესხების სახით. პირველ შემთხვევაში სასესხო პროდუქტი გაიცემა ჯგუფური გარანტიის საფუძველზე და მისი აღება შეუძლია მცირე მეწარმეობით დაკავებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჯგუფური სესხი გაიცემა გირაოს გარეშე და დაბრუნების გარანტიას წარმოადგენს სოლიდარული პასუხისმგებლობა (ჯგუფი შედგება საშუალოდ 3-15 წევრისაგან; თითოეულ წევრზე გაიცემა 50-500 ლარამდე 3-6 თვის ვადით). კარგი სასესხო ისტორიის მქონე ჯგუფური მსესხებლები სარგებლობენ 3-3,5%-იანი სესხებით 4-8 თვის ხანგრძლივობით. გარდა ჯგუფური სესხებისა, “კონსტანტა?? ასევე გასცემს ინდივიდუალურ სესხს გირაოს საფუძველზე (სესხის ოდენობა შეადგენს 800-2000 ლარს, თვეში საპროცენტო განაკვეთით 2-3%, ხანგრძლივობით12 თვემდე). გადახდის სიხშირე ჯგუფური სესხისთვის შეადგენს ყოველკვირეულ ან ორკვირეულ პერიოდს, ხოლო ინდივიდუალური სესხი იფარება ყოველთვიურად.
მეწარმეთა წარმატება ბიზნესში ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ითვალისწინებენ ისინი გადაწყვეტილებათა მიღებისას გარემო ფაქტორთა ზემოქმედებას. ყოველი ორგანიზაცია ფუნქციონირებს განსაზღვრულ გარემოში. ამასთან, ორგანიზაციის მენეჯმენტს არ ძალუძს გარემოს ფაქტორთა ზემოქმედების თავიდან აცილება – ამ ფაქტორთა გათვალისწინებით მისი საქმიანობა შეძლებისდაგვარად უნდა მიესადაგოს გარემოს პირობებს. თანამედროვე გარემო არ გამოირჩევა მდგრადობით: ცვალებადობა და განუსაზღვრელობა ართულებს ზემოქმედებისადმი ადექვატური ზომების გატარებას და ამცირებს შინაგანი სტაბილიზაციის შესაძლებლობებს. ამიტომაც, მეწარმეთა საქმიანობაში მნიშვნელოვანია გარემოს სირთულისა და ფაქტორთა ურთიერთკავშირის განსაზღვრა, მისი ზემოქმედების ზუსტად შეფასება. ბიზნესის მიკროგარემო მოიცავს იმ ფაქტორთა ზემოქმედებას, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ მეწარმის ოპერაციებზე და ასევე განიცდიან ოპერაციული სისტემის უკუზემოქმედებას. მათ მიეკუთვნებათ მომხმარებლები, რესურსების მიმწოდებლები, კონკურენტები, სახელმწიფო კანონმდებლობა და მარეგულირებელი ორგანოები, საკონტაქტო აუდიტორია. მაკროგარემოს ფაქტორები კი არარეგულარულად და არაპირდაპირ ზემოქმედებენ, ამასთან, მათი გავლენა განსხვავებულია და იგი დამოკიდებულია როგორც საქმიანობის სფეროზე, ასევე შინაგან პოტენციალზე. მაკროგარემოს ქმნიან ირიბი ზემოქმედების ფაქტორები, რომლებსაც მიაკუთვნებენ: ეკონომიკურ მდგომარეობას, სოციოკულტურულ ტრადიციებს, პოლიტიკურ ფაქტორებს, მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს, საერთაშორისო მოვლენებს.
მიკროდაფინანსება მცირე ბიზნესს საშუალებას აძლევს მოახდინოს გარემოს ფაქტორებისადმი ადაპტაცია და გადაჭრას ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ეკონომიკური ამოცანები: შეივსოს საბრუნავი საშუალებები; მოახდინოს ძირითადი ფონდების ფორმირება; შექმნას საკრედიტო ისტორია ინვესტიციური რესურსების შემდგომი მოზიდვისთვის და სხვ. ამასთან ზემოაღნიშნული სოციალურ გავლენას ახდენს ეკონომიკურ გარემოზეც – წარმოადგენს სიღარიბესა და უმუშევრობასთან ბრძოლის ქმედით საშუალებას, ბიზნესის დეკრიმინალიზაციის ინსტრუმენტს, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისთვის სამეწარმეო აქტიურობის და თვითგადარჩენის მატერიალურ საფუძველს.
მიკროდაფინანსების საკანონმდებლო გარემო საქართველოში მოითხოვს მნიშვნელოვან სრულყოფას. საფინანსო-საბანკო სექტორის რეგულირების მოქმედი ნორმები სრულად ვერ ასახავს მიკროდაფინანსების თავისებურებას და სამეურნეო პრაქტიკის არაადექვატურია. აღნიშნული შეეხება როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაფუძნებას, ასევე მათი ფუნქციონირების ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს. დასაზუსტებელია საქმიანობის სტანდარტები და ამ სფეროს კონტროლის ნორმები. უფრო ზუსტად უნდა განისაზღვროს რისკების კონცენტრაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზღვრები, საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსები უფრო მეტად უნდა უწყობდნენ ხელს მიკროსაფინანსო ინსტიტუტების განვითარების სტიმულირებას. დასარეგულირებელია საპროცენტო განაკვეთის საკითხი, ამასთან არ უნდა შეიზღუდოს ოპერაციული პოლიტიკის მოქნილობა. ნათლად არაა გამოკვეთილი სახელმწიფო ფინანსების როლი მიკროსაფინანსო სექტორის მხარდაჭერაში. დაწყებული მიკროსესხების გაცემიდან დამთავრებული მიღებული შემოსავლებით არაკომერციული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახსრების ფორმირებით, საფინანსო სახსრების ბრუნვა საჭიროებს მკაცრად განსაზღვრულ სამართლებრივ ჩარჩოებს წარმოშობილი ურთიერთობების დასარეგულირებლად, რაც უნდა იქცეს საქართველოში საფინანსო კანონმდებლობის განვითარების პრიორიტეტად. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება განიხილავს როგორც ექსპერტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს მიკროდაფინანსების საკანონმდებლო გარემოს სრულყოფასთან დაკავშირებით და იმედია, სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები მხარდაჭერილი იქნება ახალი პარლამენტის მიერ.