სამეგრელოს რეგიონში მეჩაიეობის დარგის აღდგენისა და განვითარების საკითხისათვის
ქეთინო კოკაია
სამეგრელოს რეგიონის განვითარების მაჩვენებლები ზრდის ტემპით ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებლებს ჩამორჩება. მისი მაჩვენებლების ასეთი შემცირება გამოწვეულია ქვეყანაში არასტაბილური პირობებით, სამეურნეო კავშირების მოშლით, ეკონომიკური რეფორმების არასწორი კურსის გატარებით და სხვა.
შექმნილი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ გარდაქმნის რთული პროცესის რეგულირებას სახელმწიფო განვითარების განსაკუთრებულ ეტაპზე ნებაყოფლობით ჩამოცილდა და ეკონომიკური ცხოვრების “თვითმოწესრიგების” იდეას საკუთარი ფუნქციებიც შესწირა, რამაც ბუნებრივია, სოციალურ კაპიტალიზმს შეუწყო ხელი. ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით ეკონომიკაც დაეცა. ეკონომიკური სტაბილიზაციის ღერძი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგების გამოცოცხლებაზე გადის. ამიტომ საგანგებო მნიშვნელობა აქვს რეფორმების გარდამავალ პერიოდში სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და გამოცოცხლებას, რაც რიგ პოლიტიკურ ორგანიზაციულ-ეკონომიკურ და სოციალურ მომენტებთან არის დაკავშირებული.
რეგიონის საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგში – მეჩაიეობაში, ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების, საინვესტიციო პოლიტიკის არსებული სინამდვილიდან გამომდინარე განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო დარგში არსებული კრიზისის დასაძლევად, არამედ, მთლიანად, სამეგრელოს რეგიონის სოფლის მეურნეობის სტაგნაციიდან გამოსავლის გზების სწორად განსაზღვრის, დასავლეთ საქართველოს მეჩაიეობის, რაიონებში სოციალურ-ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესების, პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციისათვის. სამეგრელოს რეგიონის ეკონომიკის აღდგენისათვის უდიდესი როლი აკისრია მეჩაიეობის დარგის განვითარებას. მეჩაიეობის აღდგენისა და დარგის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია:
პირველ რიგში, ხელი შეეწყოს დარგში მსხვილი მაღალსაქონლური საწარმოების შექმნის პროცესებს, და მიზანშეწონილად იქნას მიჩნეული დარგში წარმოების კონცენტრაციის დონის გაზრდა ნედლეულის მწარმოებლისა და ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკების გაერთიანებების საფუძველზე;
უახლოესი წლისათვის არსებული კონტრაქტებისა და კომერციული წინადადებების გათვალისწინებით, სამეგრელოს რეგიონში შესაძლებელია 5-6 ათასი ტონა ჩაის მზა პროდუქციის რეალიზაცია, რისთვისაც საჭირო იქნება 20-25 ათასი ტონა ნედლეულის დამზადება, რაც რეალურად შესაძლებელია;
თანდათანობით უნდა შეიცვალოს ჩაის მზა პროდუქციის რეალიზაციის ფორმა. მხედველობაში გვაქვს წვრილად დაფასოებული ჩაის გაყიდვა, რომლის ხვედრითი წილი რეგიონის რეალიზებულ პროდუქციაში უმნიშვნელოა და რის გამოც თითოეულ კილოგრამ პროდუქციაზე ვკარგავთ სულ ცოტა 40-50 თეთრს. ამასთან, სერიოზულად გასაფართოებელია ერთჯერადი დაფასოებით გამოშვებული პროდუქციის მოცულობა, რასაც დღეს მხოლოდ “მარტინ-ბაუერ-თბილისი” და ქ. ბათუმში ჩინეთ-საქართველოს ერთობლივი საწარმო “კლასიკი” ეწევა.
მსხვილ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი სხვ.) მოეწყოს ქართული ჩაის გაყიდვის სპეციალიზირებული მაღაზიები, სადაც სახელშეკრულებო ურთიერთობებით ორგანიზებულად მოხდეს მისი გაყიდვის ორგანიზაცია. დღეს ქართული ჩაი ადგილზე არ იყიდება, კერძოდ ორგანიზებული სადისტრიბუტორო ქსელის ორგანიზაციის პირობებში თავისუფლად შესაძლებელია 2.2-2.5 ათასი ტონა დაფასოებული მზა ჩაის რეალიზაცია. ამით ბოლო მოეღება იმ სამარცხვინო საქმიანობას, რაც ახლა ხდება საქართველოში – რომ ადგილებზე იყიდებაარა ქართული წარმოების ჩაი, არამედ უცხოური წარმოებისა. ეს ხდება იმიტომ, რომ ქართული წარმოების ჩაი ბაზრებზე ძალზე ნაკლებად არის, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ზოგიერთი კერძო მწარმოებელთა საქმიანობას.
მზა ჩაის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, საჭიროა:
ნედლეულის ხარისხის გაუმჯობესება; კრების წესების დაცვა, ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესება და სხვა.
დღეს პარტნიორ ქვეყნებს, ჩვენს მიმართ, გააჩნიათ სერიოზული პრეტენზიები ქართული ჩაის ხარისხის მიმართ, რაც ფოთლის კრეფის ადრე არსებული წესის შენარჩუნებით, აგრეთვე, აგროტექნიკური ღონისძიებების გაუტარებლობის გამო ბუჩქების მიერ ხარისხიანი დუყის წარმოქმნის უნარის დაკარგვით, ჩაის ფაბრიკების მიერ ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიის უხეში დარღვევებით აიხსნება.
უახლოეს მომავალში გათვალისწინებულია ფაბრიკების ამუშავება მეჩაიეობაში, ჩაის მრეწველობასა და მასთან დაკავშირებულ დარგებში, ე.ი. რეგიონის მეჩაიეობის პროდუქტთა ქვეკომპლექსში 10-15 ათასი კაცის დასაქმება. ბიუჯეტის შემოსავალი დამატებული ღირებულების, ქონების გადასახადის, მოგების ანარიცხებისა და საბაჟო მოსაკრებლების ხარჯზე გაიზრდება 3-5 მლნ. ლარამდე.
ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების ნაკლები დანაკარგებით გატარებისათვის აუცილებელია რესურსების, მათ შორის, განსაკუთრებით შრომითი რესურსების სწორი გამოყენება. მთლიანად საქართველოსათვის, აგრეთვე სამეგრელოს რეგიონისთვისაც, რომლის ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ რესურსად მიჩნეულია იაფი სამუშაო ძალა. არსებითი მნიშვნელობა აქვს შრომატევადი დარგების განვითარებას და შრომის საერთაშორისო დანაწილებაში სწორედ ამ გზით ჩართვას, სამეგრელოს რეგიონისათვის, ამ თვალსაზრისით, ჩაის კულტურას არც ერთი სხვა დარგი არ შეედრება, მან მომავალში რეგიონის ეკონომიკის აღმავლობაში დიდი როლი კვლავაც უნდა შეასრულოს.
ამით სამეგრელოს რეგიონში სიტუაცია შეიცვლება, ხალხის დასაქმების ხარჯზე გაიზრდება ცხოვრების დონე, მკვეთრად განიმუხტება დღეს არსებული სოციალური დაძაბულობა, რომელიც ძალზე ფეთქებად მდგომარეობაშია და რეგიონი სტაბილურ განვითარებას მიაღწევს.