ოპიუმის ეკონომიკა
მოამზადა ნინო არველაძემ
ავღანეთის თავზე გადაფრენისას სეზონური ყაყაჩოს სურნელი ვერტმფრენშიც კი აღწევს. NATO-ის ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში (ავღანეთი) აყვავებული, მეწამული ყაყაჩოების პეიზაჟით ყოველდღიურად ტკბებიან, მაგრამ ნერკოტიკების წარმოების წინააღმდეგ ჯერ თითქმის არაფერი გაუკეთებიათ, ისინი თალიბებზე უფრო მეტს ფიქრობენ და ღმერთს მადლობას წირავენ, რომ ჯერ-ჯერობით ტყვიას გადაურჩნენ.
ამასობაში ოპიუმის ეკონომიკა და მეამბოხეთა ძალები ერთობლივად ვითარდება – ნარკოტიკები თალიბებს აფინანსებს, თალიბები კი მათ კულტივიზაციას ავითარებენ. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ორივე პრობლემა ყველაზე მწვავედ ჰელმანდში დგას.
გაერთიანებული ერების ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისის (UNODC) ინფორმაციაზე დაყრდნობით, წელს პროვინციალი ნარკოტიკების მოსავლის სარეკორდო მაჩვენებელს მიიღებს და იქ წარმოებული ოპიუმის რაოდენობა (ოპიუმისგან ჰეროინსა და სხვა არარეგალურ წამლებს ამზადებენ), მთლიანად ავღანეთში წარმოებული ნარკოტიკების რაოდენობას გადააჭარბებს. ამ მონაცემებით ჰელმანდა “ოქროს სამკუთხედსაც” გადააჭარბებს, მის შემადგენლობაში ტაილანდის რეგიონი, მიანმარი და ლაოსი შედიან, სადაც ოპიუმი “თითქმის უფასოა”.
ავღანეთმა სწორედ ის ადგილი დაალაქავა, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმედისმომცემ გლობალურ სურათს უწოდებდა. 26 ივნისის მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ არაკანონიერი წამლების ბაზარი საგრძნობლად სტაბილური გახდა, ეს ეხებოდა ჰეროინს, კოკაინს, ამფეტამინებს და კანაფს. ყაყაჩოსა და კოკაინისთვის დამუშავებული მიწების მოცულობა გასული დეკადის მანძილზე საგრძნობლად შემცირდა, კოკაინის მოსავალისა და მასზე მოთხოვნის სტაბილური დონის მიუხედავად, ოპიუმის მოსავალმა და წარმოებამ ახალი სიმაღლეები დაიპყრო.
ნარკოტიკებით ვაჭრობა მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი არალეგალური ბიზნესია, რომელსაც წელიწადში 320 მლრდ დოლარის შემოსავალი აქვს, ადამიანთა ტრეფიკინგს – 32 მლრდ დოლარი, იარაღით უკანონო ვაჭრობას კი – 1 მლრდ დოლარი. ჰეროინი მომხმარებლისკენ ახალი მარშუტებით მიისწრაფის, მაგალითად, დასავლეთ აფრიკის გავლით ამერიკისკენ, ან პაკისტანისა და ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთისკენ.
ოპიუმის ბაზარი ექსპერტების თავსატეხია. ისინი აცხადებენ, რომ მიწოდება მოთხოვნას აღემატება, ოპიუმზე ფასი კი გადამყიდველებისა და ნარკომანებისთვის მაინც უცვლელი რჩება. არსებული ეჭვის თანახმად, მსოფლიოში ოპიუმის უზარმაზარი მარაგია დაგროვილი, მაგრამ ნარკოტიკის გამავრცელებლებმა კარგად იციან რა უნდა ქნან ნარკოტიკის ფასის სტაბილურად შენარჩუნებისათვის.
გასულ წელს ავღანეთმა 6100 ტონის ექვივალენტი ოპიუმი აწარმოა, რაც მსოფლიოს მთლიანი წარმოების 92%-ს შეადგენს. ტერიტორიებზე, რომლებსაც მთავრობა აკონტროლებს, წარმოების რაოდენობა მცირდება ან სტაბილურია, ხოლო იმ ტერიტორიებზე, სადაც მეამბოხეთა გავლენაა წარმოება იზრდება. ოპიუმით ვაჭრობის ღირებულება 3.1 მლრდ დოლარია (ეს ფერმერთა შემოსავლის მეოთხედზე ნაკლებია), ექვივალენტი ავღანეთის მთლიანი ეკონომიკის მესამედს შეადგენს. ნარკოტიკებით ვაჭრობა ქაბულის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს, ის ვალუტის გაცვლით კურსსაც კი მაღლა სწევს. ავღანეთისნაირ ღარიბ ქვეყანაში ნარკოტიკი ნებისმიერ ინსტიტუტში აღწევს. ნარკოტიკების ზოგიერთი ბარონი ეროვნული თუ პროვინციული მთავრობის “პატივსაცემი” წარმომადგენლები არიან, ზოგი კი პრეზიდენტ ჰამიდ კაზაითან მეტად დაახლოებული პირია. დაამხეს მთავრობის წარმომადგენელთა მთელი ჯაჭვი, მინისტრიდან პოლიციელამდე, რომლებიც კანონმდებლობის შეცვლას ცდილობდნენ. მაგრამ ავღანეთში პოლიციელებს ცუდად უხდიან, ამიტომ ისინი ნარკოტიკების მწარმოებლებისგან ხშირად იღებენ ქრთამებს და თვითონაც ხშირად იხდიან საზღვრის კონტროლზე სამუშაო ადგილის მისაღებად. ნარკოტიკების წინააღმდეგ ფორმალურად იბრძოდა ბრიტანეთი, რომელიც ავღანელი ფერმერებისთვის (რომლებსაც ყაყაჩო მოჰყავთ) ალტერნატიულ საცხოვრებელ ადგილებს ეძებდა. აშშ-ის ანტინარკოტიკული კამპანია უფრო აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებდა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ფერმერთა გადაბირება რთული საკითხია, რადგან მათ 9-ჯერ მეტი შემოსავლის მიღება შეუძლიათ ყაყაჩოს მოყვანიდან, ვიდრე ხორბლის მოვლისგან.
UNODC-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2000 წლიდან კოლუმბიაში კოკაინის კულტივიზაცია 52%-მდე შემცირდა, მაგრამ არ შემცირებულა კოკაინის წარმოების მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები და სამხედრო პირები მკვეთრი შევიწროების წინააღმდეგნი არიან და აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა ავღანეთი მთლიანად თალიბების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდეს.
ამერიკელი ოფიციალური პირები მრისხანებას ვერ მალავდნენ, როდესაც ბრიტანელმა სამხედროებმა ადგილობრივი რადიოს საშუალებით ჰელმანდის მობინადრეებს და ავღანელ სამხედროებს აუწყეს, რომ ისინი ყაყაჩოს მინდვრებს არ გაანადგურებდნენ, რადგან მათ არ სურთ ავღანეთის მოსახლეობის შემოსავლის წყაროს მოსპობა. ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ ისინი შენებისთვის არიან ავღანეთში და არა ნგრევისთვის, ამიტომ ისინი ოპიუმზე ხშირად თვალებს ხუჭავენ. ავღანელები ყაყაჩოს მინდვრებს ხშირად “ფულის მოსავალს” უწოდებენ. ამერიკელების დაცვის თანხლებით, 500 პოლიციელმა 100 000 ჰექტარიდან 12 000 ჰექტარი ყაყაჩოს მინდორი გაანადგურა. ჩვეულებრივი ავღანელი პოლიციელის ხელფასი 70 დოლარია, სახიფათო დავალების შესრულებისას მოკლული პოლიციელის ოჯახი ფინანსურ დახმარებას არ იღებს, ხოლო მათი არაოფიციალური შემოსავალი ზოგჯერ 1 000 დოლარს შეადგენს.
რა გზას აირჩევს ავღანეთი? ტაილანდმა ყაყაჩო ეკონომიკის განვითარების ალტერნატიული პოლიტიკის აქტიური გატარებით ამოძირკვა. მაგრამ რა მოხდება ავღანეთში და მთელ მსოფლიოში ამას დანამდვილებით ვერავინ გეტყვით.
მოამზადა ნინო არველაძემ