საქართველოში ტურიზმის განვითარების დაჩქარების ეკონომიკური და ორგანიზაციული ფაქტორები
ვაჟა შუბლაძე
საქართველოში საბჭოთა პერიოდში იმ დროისათვის ერთ-ერთი კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ ტურისტთა განთავსების საშუალებებში 152 ათასი საწოლი ადგილი მოიპოვებოდა. მართალია, ყველაფერი ეს გათვლილი იყო საბჭოთა იაფფასიან ბაზარზე და იგი ვერ გამოდგებოდა თანამედროვე ტურიზმისათვის, რადგან ევროპულ სტანდარტებს საგრძნობლად ჩამორჩებოდა, მაგრამ შესაძლებელს ხდიდა, მისი პოტენციალის ამოქმედება ნაკლები დანახარჯებით მომხდარიყო. რეალობაში კი მოხდა სულ სხვა რამ.
პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურა ისე არ დაზარალებულა, როგორც საქართველოში. რეგიონული კონფლიქტების შედეგად ქვეყანამ მიიღო 300 ათასი იძულებით გადაადგილებული, თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილიდან გამოდევნილი პირი, რომლებიც 1993 წლიდან “დროებით” მოთავსებულნი იქნენ სასტუმროებში, სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებში და ტურისტთა განთავსების სხვა საშუალებებში, რითაც სრულად იქნა პარალიზებული და ფაქტობრივად, განადგურებული ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც იქმნებოდა მთელი განვლილი ასი წლის განმავლობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში შეიქმნა ტურისტთა განთავსების ადგილების მწვავე უკმარისობა. ამას თან დაერთო ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციის გაუვრცელებლობა. ტურიზმისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკარგვით, როგორიცაა აფხაზეთი, რომელზედაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოდიოდა ტურისტთა რაოდენობის ნახევარზე მეტი, საქართველო აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში.
1994-97 წლებში ტურიზმისა და კურორტების სექტორში განხორციელდა ტოტალური პრივატიზაცია. ამ პერიოდში ინვესტიციების რაოდენობა შედარებით მცირე იყო და მოხმარდა სახელმწიფოსაგან ტურისტული და საკურორტო ობიექტების გამოსყიდვას. 1998 წლიდან კი, როდესაც ქვეყანამ გააცნობიერა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების გადაწყვეტა, ანუ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე ითხოვდა ხანგრძლივ დროს, სახელმწიფომ ტურიზმის დარგში აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო.
ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 1999-2003 წლებში კერძო ინვესტიციებით დაიწყო მშენებლობა და ექსპლუატაციაში შევიდა 300 ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო და სასტუმრო სახლი 4500 ნომრით 1000 საწოლ ადგილზე. ზემოაღნიშნული აშენებული სასტუმროების, აგრეთვე რეკონსტრუირებული ტურისტული კომპლექსების შექმნაზე საერთო ჯამში, ექსპერტული შეფასებით, მოზიდულია ინვესტიციები 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. მათ შორის უცხოური ინვესტიცია 100 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო ადგილობრივი – 150 მილიონზე მეტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-ს საინვესტიციო კორპორაციის “ოპიკის” გადაწყვეტილება 26 მილიონი აშშ დოლარის სასტუმრო “თბილისი-მერიოტისა” და “ქორთ იარდის” მშენებლობაში ინვესტირების შესახებ, რის შედეგადაც მხოლოდ ამ ორ სასტუმროში ინვესტირების საერთო ოდენობამ 70 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი #1 გვიჩვენებს უკანასკნელ ხუთ წელიწადში (1999-2003წ.წ.) აშენებულ ან მოდერნიზებულ ტურისტთა განთავსების ობიექტების სიმძლავრეებს რეგიონების მიხედვით.
მიუხედავად ზემოთ მოყვანილი მონაცემებისა, თუ გავითვალისწინებთ მოთხოვნას, ტურისტთა განთავსების საშუალებების სიმძლავრეების ნაკლებობას (განსაკუთრებით რეგიონებში) და არსებული სიმძლავრეების განახლების აუცილებლობას, ტურიზმის სექტორის განვითარებისათვის გაცილებით მეტი ინვესტიციაა საჭირო.
ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, 2003 წლიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი “საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, რომლის მიხედვითაც, სასტუმროების მშენებლობის მიზნით გაწეულ ინვესტიციებზე დაწესდა გარკვეული საგადასახადო “არდადეგები”. კერძოდ, სასტუმრო, რომლის მშენებლობისათვის განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა შეადგენს არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარს, ან 0,25 მლნ-ს, თუკი ეს ინვესტიცია განხორციელებულია მაღალ მთაში, ექსპლუატაციაში შესვლიდან თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისგან 4 წლის განმავლობაში მთლიანად, ხოლო შემდეგი 2 წელი 50%-ით. მშენებლობის პროცესი კი თავისუფალია დღგ-ს გადასახადისაგან. უფრო დიდი ინვესტიციების შემთხვევაში დაწესებულია უფრო მეტი შეღავათები. როგორც საერთაშორისო ექსპერტები თვლიან, ეს კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში ინფრასტრუქტურის დაჩქარებულ განვითარებასა და სექტორის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფას. იგი ითვალისწინებს ინვესტორებისათვის მიმზიდველი (შეღავათიანი) ბიზნეს-გარემოს შექმნას, რათა ქვეყანამ მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია და წარმართოს ტურიზმის სექტორის განვითარებისაკენ.
სწორედ ამ კანონზე დაყრდნობით, ამჟამად დამუშავების პროცესშია 5 მნიშვნელოვანი მსხვილი საინვესტიციო წინადადება, რომელთა საერთო ღირებულება ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს (ბაკურიანი, ურეკი, ზღვის სანაპირო, თბილისი და მისი შემოგარენი და სხვა). უკვე გამოუჩნდა პატრონი კურორტ ბაკურიანს, კურორტ ურეკს და კურორტ ნუნისს, ინვესტორების გარკვეული ინტერესების სფეროშია საქართველოს ზღვის სანაპირო, დღის წესრიგში დადგა კურორტ წყალტუბოს რეაბილიტაციისა და კურორტების უჯარმისა და ბახმაროს პერსპექტიული განვითარების საკითხები.
ტურიზმის განვითარებაზე კეთილნაყოფიერი გავლენა იქონია საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის #237 განკარგულებამ “ტურიზმის განვითარებისათვის სათანადო ცენტრების შესაქმნელად ტერიტორიების დამაგრების შესახებ.” ადგილობრივი მმართველობის მიერ ტურიზმის განვითარებისათვის გამოყოფილია 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები), რომელიც ჯერ კიდევ არ არის პრივატიზებული. ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულია საინვესტიციო წინადადებების პაკეტი, რომლის საერთო ღირებულებაა 400 მილიონი აშშ დოლარი და რომლებიც დაეგზავნა საერთაშორისო წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიებს.
ზოგადად ტურიზმის ინფრასტრუქტურა რთული მექანიზმია და ის გულისხმობს არა მარტო სასტუმროებს, სანატორიუმებს, დასასვენებელ სახლებსა და ტურისტთა განთავსების სხვა საშუალებებს, არამედ გზებს, კომუნიკაციებს, აეროპორტებს, ვაგზლებს, საზღვაო პორტებს და აგრეთვე ტრანსპორტის შესაბამის სიმძლავრეებს, კერძოდ წყლის ტრანსპორტსაც (ვინაიდან საქართველო საზღვაო ქვეყანაა) და განსაკუთრებით კი, ავიაციის ფართოდ განვითარებულ რეგიონულ და საერთაშორისო ქსელს.
როგორც ვხედავთ, ეს რთული სფეროა, მისი თანამედროვე დონეზე განვითარებისათვის საჭიროა ხანგრძლივი პერიოდი და დიდი მოცულობის ინვესტიციები.
როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის ინფრასტრუქტურაზე, აქ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს საკურორტო-რეკრეაციულ პოტენციალს, რომლის მოვლა-პატრონობის ფუნქცია უნდა იკისროს სახელმწიფომ. მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელიც შემდეგი პარამეტრებით ხასიათდება: 102 კურორტი და 182 საკურორტო ადგილი, 150 00 ისტორიულ-კულტურული ძეგლი (რომელთაგან 4 შეტანილია იუნესკოს მსოფლიო საგანძურთა სიაში), მოქმედი 2 და პერსპექტიული 5 ეროვნული პარკი, 2 400 მინერალური წყარო (რომელთა დღეღამური დებეტი 130 მილიონი ლიტრია), სამკურნალო ტალახები, კარსტული მღვიმეები, შავი ზღვის სანაპირო, დიდი და მცირე კავკასიონის მწვერვალები, კლიმატის მრავალფეროვნება და სხვ.
საქართველოს კურორტების, საერთოდ ქვეყნის რეკრეაციული სიმდიდრეების მომავალი თაობისათვის შენახვის ერთადერთი გზა (მსოფლიოში აპრობირებული) არის სანიტარიული დაცვის ზონების დამუშავება, რომელიც ადგენს და აწესებს კურორტებზე ამკრძალავი ღონისძიებების სისტემას, რითაც ხდება სამკურნალო ბუნებრივი ფაქტორების დაცვა და მოვლა-პატრონობა. დაწყებული 1999 წლიდან 2003 წლამდე, ყოველწლიურად ქვეყნის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო კურორტების სანიტარიული დაცვის პროგრამების დაფინანსება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მიზნით სახელმწიფოს ბიუჯეტიდან სახსრები არ გამოიყოფა.
ჩვენი აზრით, სახელმწიფომ მკვეთრად უნდა გააუმჯობესოს თავისი დამოკიდებულება ამ პრობლემის მიმართ. ამავე დროს მან ტურიზმის სფეროში რეგიონული თვალსაზრისით ბალანსის მისაღწევად ხელი უნდა შეუწყოს კერძო სექტორს და ინვესტორებს, რომლებიც აშენებენ მინი სასტუმროებს, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. ათი და ოცოთახიანი მინი სასტუმროები ისეთ რეგიონებში, როგორიცაა სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი, რაჭა, ლეჩხუმი, კახეთისა და გურიის მთები უფრო მიმზიდველი იქნებოდა ინდივიდუალურად ჩამოსული უცხოელი ტურისტებისათვის.
მსოფლიოში ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მასტიმულირებელი ფაქტორების ეფექტურად გამოყენების დიდი გამოცდილება არსებობს. ასეთ გამოცდილებას დიდი როლის შესრულება შეუძლია გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს, მით უმეტეს, რომ დავას არ იწვევს მისი დიდი პოტენციალი და ქვეყნის სამომავლო შესაძლებლობები ამ დარგის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ტურიზმის სფეროში ინვესტიციების მოზიდვისათვის სხვადასხვა ქვეყნის მიერ გამოყენებულ საჭირო მასტიმულირებელ ფაქტორთა შესწავლა და ანალიზი. თანაც იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ამჟამად წამყვან როლს ასრულებენ მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში, განვითარების გარკვეულ ეტაპებზე ხსენებულ ხელშემწყობ ფაქტორთა სხვადასხვა კომბინაცია აქვთ გამოყენებული. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში უმოკლეს ხანებში უნდა ამოქმედდეს, რათა ხელი შეეწყოს ინვესტიციების მოზიდვას, როგორც ახალ სასტუმროთა მშენებლობისათვის, ასევე არსებული კომპლექსებისა და ნაგებობების რეაბილიტაცია-აღდგენისათვის.
ამ კონტექსტში განვიხილავთ ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებიდან იმ მიდგომებს (პრინციპებს), რომლებიც მათ ქვეყნების თავისებურებებისა და ტრადიციების შესაბამისად ტურიზმის განვითარების სტიმულირებისათვის გამოიყენეს. მაგალითად, მასტიმულირებელი ფაქტორები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანამ გამოიყენა, შემდეგნაირად შეიძლება დაჯგუფდეს: სამთავრობო გრანტები; დახმარება პროექტის დაფინანსებაში; სესხის გარანტიები; წილობრივი მონაწილეობა; გარიგება სქემით “ადგილობრივი წილის გადაცვლა სამთავრობო ვალზე”; სამუშაო ნებართვის გაცემის ლიბერალური პოლიტიკა; ვალუტის გადაცვლის შეუზღუდავი რეჟიმი (ამჟამად მოქმედებს საქართველოში); საიმპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმება; გადასახადების შემცირება; მთავრობის მიერ კომუნალური მომსახურების ფასების სუბსიდირება; ინვესტორთა დახმარების ორგანიზაციის ჩამოყალიბება და სხვ.
მიზანშეწონილია აღნიშნულ მასტიმულირებელ ფაქტორთა არსისა და გამოყენების მეთოდიკის მთავარი მომენტების გამოყოფა. ნიშანდობლივია, რომ პრაქტიკაში არცერთ ქვეყანას არ გამოუყენებია ყველა ფაქტორი ერთდროულად, ამასთან გამოიყენებოდა სხვადასხვა კომბინაციით. ეს ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ეკონომიკის (მათ შორის ტურიზმის განვითარების) ფორმებისა და მეთოდების შერჩევა დიფერენცირებულ მიდგომას მოითხოვს.
მაგალითად, ირლანდიაში მთავრობა უცხოელ ინვესტორებს სამთავრობო გრანტებს აძლევდა, რომლებიც მინი სასტუმროებში აბაზანის დამონტაჟების 20-30%-ს ფარავდა. ანალოგიურ დახმარებას უწევდნენ სხვა სასტუმროებსაც, რომლებიც სამზარეულოს, ვესტიბიულის ან ტექნიკური კომპლექსის გაუმჯობესების პროექტს ახორციელებდნენ. პორტუგალიაში მთავრობა იძლეოდა ინვესტიციების 60%-მდე ოდენობის გრანტს (მაქსიმალური ოდენობა 220 მილიონი ესკ.), ხოლო გრანტის მიღების კრიტერიუმებში შედიოდა მომავალი ბიზნესის, სასტუმროს მდებარეობა და აგრეთვე ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა. თურქეთში მთავრობა ფეშენებელური სასტუმროების დამფუძნებელ ინვესტორებს ან სასტუმროთა ისეთ ქსელებს, სადაც წილობრივი შენატანის ინვესტიციასთან შეფარდება 40%-ს აღემატებოდა მთლიანი ინვესტიციის 20%-მდე გრანტს აძლევდა. ესპანეთშიც მსგავსი მექანიზმი იყო ამოქმედებული, მაგრამ ამ შემთხვევაში პირობა კიდევ უფრო ხელშემწყობი იყო – წილობრივი შენატანი მინიმუმ ერთი მესამედი უნდა ყოფილიყო. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ახორციელებდა გრანტების გაცემას მრავალი ტურისტული პროექტის მხარდასაჭერად, მათ შორის იყო კულტურული და ისტორიული ცენტრების შექმნა, საინფორმაციო ცენტრები, მონაცემთა ბაზები, ყველა ტიპის სასტუმრო და სხვ. უპირატესობა ენიჭებოდა ისეთ პროექტებს, რომელთაც ხელსაყრელი და პერსპექტიული მდებარეობა გააჩნდა (მაგ., ახლად აშენებულ ტრასას ესაზღვრებოდა). რაც შეეხება დახმარებას პროექტის დაფინანსებაში, იგი ძირითადად ორი ფორმით გამოიყენება. ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ხელსაყრელ პირობებში დაბალი პროცენტის მქონე სესხების გაცემა. ეს პოლიტიკა წარმატებით განხორციელდა პორტუგალიაში. სადაც ტურიზმის სფეროს პრიორიტეტულ პროექტებს მთლიანი ღირებულების 60%-მდე ოდენობის სესხები ეძლეოდათ. ასეთი სესხების ხანგრძლივობა დაახლოებით 5-დან 15 წელიწადს წარმოადგენდა, ზოგჯერ 5-წლიანი გრეის პერიოდით, ხოლო პროცენტი კომერციულზე დაბალი იყო. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში პროცენტი ზოგჯერ ხელოვნურად მცირდებოდა ან ავტომატურად ემატებოდა თანხას, რათა სესხის ამღებს პროცენტის რეგულარულად გადახდის საჭიროება არ ჰქონოდა.
დიდ ბრიტანეთში, ინვესტორებს აძლევდნენ 20-წლიან სესხებს, რომელთა პროცენტი კომერციული სესხის პროცენტზე 3%-ით ნაკლები იყო. საჭიროებისდა მიხედვით ძირითადი თანხის გადახდის გადავადება აღწერილი პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. სხვა მაგალითების სახით შეიძლება მოყვანილ იქნას მაურიკია, რომელიც ინვესტორს საკმაოდ დაბალ პროცენტად როგორც გრძელვადიან სესხებს, ასევე აპარატურისა და შენობა-ნაგებობის გაქირავებას სთავაზობდა. ტაიატი პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მიზნით 5-დან 15-მდე პროცენტის მქონე სესხებს იძლეოდა, რომლებიც ინვესტიციის 30-მდე პროცენტს ფარავდა. ანალოგიურად, თურქეთი სთავაზობდა ინვესტორებს საშუალო ვადის და გრძელვადიან სესხებს მთლიანი ინვესტიციის 60%-მდე ოდენობით; ესპანეთი, ინვესტიციის ტიპიდან გამომდინარე, იძლეოდა 12-წლიან სესხებს (3 წლამდე გრეის პერიოდით, წლიური 13%-ით), რომლებიც საინვესტიციო პროექტის 40-60% ფარავდა.
ფინანსურ დახმარებას აგრეთვე პროცენტის სუბსიდირების სახე შეიძლება ჰქონდეს. ზოგიერთ ქვეყანაში ინვესტორს, რომელსაც აღებული ჰქონდა კომერციული სესხი, შეეძლო შეეტანა განაცხადი, რათა მთავრობას ამ სესხის პროცენტის ნაწილი დაეფარა. ასეთი ტიპის სუბსიდიები ხორციელდებოდა პორტუგალიაში და ვრცელდებოდა ისეთ პროექტებზე, რომლებშიც სესხის ოდენობა მთლიანი პროექტის ღირებულების ორ მესამედს არ აღემატებოდა. სუბსიდია, რომელიც 3,5 ან 7 წელიწადს გრძელდებოდა, როგორც წესი, ცალკეული ინვესტორებისათვის დროის განმავლობაში მცირდებოდა. ბრიტანეთის მთავრობა იძლეოდა პროცენტის სპეციალურ სუბსიდიას, რომელიც ფარავდა სხვაობას კომერციული სესხის პროცენტსა და სამთავრობო განვითარების საბჭოს მიერ გაცემული სესხის პროცენტს შორის.
ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენეს ე.წ. სესხის გარანტიები. ასეთი ტიპის სამთავრობო შეღავათის არსებობისას ინვესტორს შეუძლია აიღოს სესხი კომერციული ბანკისაგან და სთხოვოს მთავრობას, რომ მან სესხის დაფარვის გარანტია გასცეს. ამ შემთხვევაში ინვესტორს შეუძლია სესხის დაზღვევა სხვა სადაზღვევო ორგანიზაციების ჩაურევლად. ასეთი პრაქტიკა გამოყენებულ იქნა თურქეთში, სადაც პრიორიტეტულ ინვესტორებს ეძლეოდათ საგარანტიო წერილი, რომელიც შეიძლება გამოყენებულიყო როგორც უნაღდო საკრედიტო ხაზი.
ტურიზმის განვითარების (კერძოდ, სპეციფიკურობის ნიუანსების გათვალიწინებით) სტიმულირებისათვის ფართოდ გამოიყენება ისეთი ფორმა, როგორიცაა წილობრივი მონაწილეობა. მთავრობის წილობრივი მონაწილეობა აძლევს ინვესტორს საშუალებას, რათა გაიჩინოს დამატებითი თანხები წილის გაცემის, და არა ვალის აღების, საშუალებით. შემდგომში ინვესტორს, დაგროვებული მოგების ხარჯზე საშუალება ექნება აღნიშნული წილი გამოისყიდოს. ასეთი ფორმის ეფექტიანობის მაგალითია მაურიკიის მთავრობის ღონისძიებები. მან შექმნა კერძო შპს, რომელიც ახალ პროექტებში წილობრივ მონაწილეობას იღებდა. ეს კომპანია აგრეთვე მონაწილეობდა იმ პროექტების მართვაში, სადაც სამთავრობო სახსრები იყო ჩადებული, ან რომელთა სესხის გარანტირებას მთავრობა ახორციელებდა. დიდი ბრიტანეთის მთიანი რეგიონებისა და კუნძულების განვითარების საბჭო ასევე იღებდა წილობრივ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, მაგრამ საბჭოს წილი გაცემული კაპიტალის ერთ მესამედს არ აღემატებოდა.
1986 წელს მექსიკის მთავრობამ განახორციელა პოლიტიკა პრინციპით “ადგილობრივი წილის გადაცვლა სამთავრობო ვალზე”. ეს ფორმა საშუალებას აძლევდა კვალიფიცირებულ ინვესტორს პროექტისათვის საჭირო ქონების წილი ძალზე იაფად შეეძინა, ხოლო მექსიკის მთავრობას, შეემსუბუქებინა სახელმწიფო ვალი. ინვესტორი საგრძნობი ფასდაკლებით შესაბამის ბაზარზე “იძენდა” სამთავრობო სესხის შეთანხმებული ნაწილის გასტუმრების ვალდებულებას, ხოლო მექსიკის მთავრობა შემდგომში “ყიდულობდა” ვალს პესოებში ისეთ ფასად, რომელიც აღემატებოდა ინვესტორის მიერ გადახდილ თანხას, მაგრამ ამავე დროს უფრო მცირე იყო თვით სესხის ნომინალურ ღირებულებაზე. ამის შემდეგ ინვესტორს მოგებული თანხა (პესოებში) მექსიკაში ინვესტირებისათვის უნდა გამოეყენებინა. ასეთი სქემა არ აიძულებდა ინვესტორს, რათა “ახალი სესხები” შემოეტანა. ეს გეგმა საკმაოდ ეფექტურად ეხმარებოდა მექსიკის მთავრობას საგარეო ვალის დაფარვაში და ამავე დროს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების ნაკადი გაიხსნა.
სამუშაო ნებართვის გაცემის ლიბერალური პოლიტიკა ეყრდნობა გამარტივებულ წესს: ყოველმხრივ დაჩქარდეს სამუშაო ნებართვის გაცემა, რათაAხელი შეეწყოს სპეციალისტთა მოზიდვას, მათ დასაქმებას, მათი ხელფასების საზღვარგარეთ თავისუფლად გადარიცხვას. მაგალითად, თურქეთში სამუშაო ნებართვის პოლიტიკა ძალზე ლიბერალურია.
პრაქტიკა ადასტურებს, რომ უცხოელი ინვესტორებისათვის განსაკუთრებით მიმზიდველია ისეთი გარემო როდესაც მოგება, კაპიტალი, პროცენტი, ვალის გასტუმრებისათვის განკუთვნილი თანხა და სხვა ტიპის სახსრები ქვეყნებს შორის თავისუფლად მოძრაობენ. მათთვის, ადვილად მისაწვდომი უნდა იყოს უცხოური ვალუტა, რომელიც ინვესტორებს ხშირად საზღვარგარეთული საქონლის შესაძენად სჭირდებათ. ზოგიერთ ქვეყანას, სახელმწიფო რეზერვში უცხოური ვალუტის გარკვეული რაოდენობის შენარჩუნების მიზნით, ვალუტის გაცვლის ლიმიტირება ან სხვა სახის რეგულირება შემოაქვთ. რაც უფრო ნაკლებია ასეთი ტიპის განაწესები, მით უფრო მეტი სტიმული ექნებათ უცხოელ ბიზნესმენებს, რათა ქვეყანაში ინვესტირება მოახდინონ. ქვეყანათა უმრავლესობაში ინვესტირებული კაპიტალისა და მოგების რეპატრიაციის მხრივ არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. ძალზე ბევრ ქვეყანას გააჩნია საკმაოდ ლიბერალური პოლიტიკა საგარეო ვალისა და პროცენტის დაფარვასთან დაკავშირებით. თურქეთის მთავრობა იძლევა ლიკვიდაციის შემდგომ კაპიტალის რეპატრიაციის გარანტიას და აგრეთვე საშუალებას აძლევს კომპანიას საიმპორტო საქონლის შეძენისათვის უცხოური ვალუტის საკუთარი ნაწილი შეინარჩუნოს. ვალუტის გადაცვლის სრული თავისუფლება გააჩნიათ კვალიფიცირებულ კომპანიებს სეიშელის კუნძულებზე, ნიდერლანდების ანტალიის კუნძულებზე და აგრეთვე საქართველოშიც. ამდენად, ვალუტის გადაცვლის შეუზღუდავი რეჟიმის დაწესება ტურიზმის განვითარების სტიმულირების ერთ-ერთი აღიარებული ფორმაა.
საბაჟო გადასახადის გაუქმება პროექტის განხორციელებისათვის საჭირო იმპორტულ საქონელზე, როგორც ფორმა, ხშირად გამოიყენება. საბაჟო გადასახადის გაუქმება ისეთ საჭირო იმპორტირებულ საქონელზე, როგორიც არის სამშენებლო მასალები და ტექნიკა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ადგილობრივი წარმოება საკმაოდ შეზღუდულია, საგრძნობლად ამცირებს ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და მნიშვნელოვანი სტიმული ხდება. მაგალითად, ტაიტიში, ისეთი პროექტები, სადაც ახალი სასტუმროების აშენებისათვის და ძველი სასტუმროების განახლებისათვის შემოტანილი ინვესტიციები მინიმუმ 15.000.000 სავალუტო ერთეულს (აშშ დოლარი) წარმოადგენდა, ან ტურიზმის ბიზნესთან დაკავშირებული ნაგებობების და კომპლექსების აგებისათვის შემოტანილი ინვესტიცია მინიმუმ 10.000.000 სავალუტო ერთეულს წარმოადგენდა, თავდაპირველი აპარატურის იმპორტირების საბაჟო გადასახადისაგან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ანალოგიური სისტემა მუშაობდა მაურიკიაშიც, ხოლო სეიშელის კუნძულებზე ზოგიერთი კვალიფიცირებული საწარმო სამუდამოდ თავისუფლდება აღწერილი გადასახადისაგან. მსგავსი სისტემა მუშაობდა ირლანდიის რესპუბლიკაშიც.
პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება გადასახადის შემცირების მეთოდი. აღიარებულია, რომ ტურიზმის განვითარების ძლიერი სტრატეგიები, როგორც წესი, გადასახადთა შემცირების ამა თუ იმ ფორმას შეიცავს. მაგალითად, შემცირებული გადასახადი. მაურიკიაში ზოგიერთ პერსპექტიულ ფირმას საშუალება აქვს შეუზღუდავი დროის განმავლობაში შემცირებული გადასახადი გადაიხადოს. მსგავსი სისტემა მუშაობდა იუგოსლავიაში ზოგიერთი უცხოელი ინვესტორისათვის. ირლანდიამ ასევე მოახერხა უცხოური ინვესტიციების სწრაფი მოზიდვა და ქვეყანაში საწარმოო და მომსახურების სფეროში მყოფი ბიზნესების რაოდენობის კორპორატიული საშემოსავლო გადასახადის 10%-მდე დაწევის ხარჯზე საგრძნობი გაზრდა. რუმინეთმაც იგივე განახორციელა და შედეგად ინვესტირების 6.600 ახალი ნაკადი მიიღო.
მეტად საინტერესოა პორტუგალიაში გამოყენებული მეთოდი: გადასახადთა შემცირება, როგორც უმუშევრობის შემცირების შედეგი. ქვეყანაში უმუშევრობასთან ბრძოლის გასააქტიურებლად პორტუგალია ამცირებდა ფირმების მიერ გადასახად თანხას ამ ფირმების მიერ დაქირავებული ახალი თანამშრომლების ორმაგი ხელფასის ოდენობით. აგრეთვე, ფირმებს არ უნდა გადაეხადა სოციალური დაზღვევის გადასახადი 16-30 ასაკის ახალ თანამშრომლებზე (რომელთაც ადრე არ ჰქონდათ ნამუშევარი) პირველი 2 წლის განმავლობაში. ესპანეთში სოცდაზღვევის გადასახადი 50%-ით შეამცირეს, ხოლო მექსიკაში გარკვეული ტიპის ტაქს-კრედიტი კომპანიის მიერ დაქირავებული თანამშრომლის ოდენობაზე პირდაპირ იყო დამოკიდებული.
ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენება დაჩქარებული ამორტიზაციის მეთოდი. დაჩქარებული ამორტიზაცია პრიორიტეტულ ბიზნესს საშუალებას აძლევს სხვა ორგანიზაციებთან შედარებით უფრო მალე ჩამოწეროს ძირითადი საშუალებების ღირებულება. ამის შედეგად ამ ფირმების დასაბეგრი სახსრების რაოდენობა, და შესაბამისად, გადასახდელი თანხაც, მცირდება. მაგალითად, თურქეთში ზოგიერთი ფირმისათვის 50%-მდე ძირითადი საშუალებების დაჩქარებული ამორტიზირება იყო შემოღებული, ხოლო მაურიკიაში სასტუმროებისათვის სამშენებლო დანახარჯთა 20%-მდე სახსრების დაჩქარებულად ჩამოწერა იყო შესაძლებელი.
ფართოდ გამოიყენება დანამატი ძირითადი საშუალებების ამორტიზაციაზე. ცნობილია, რომ არსებობს ძირითადი საშუალებების ამორტიზაციაზე დანამატის ორი სახე. ორივე დანამატი გადასახადის შემცირებას განაპირობებს. არსებობს პირველადი დანამატი, რომელიც პირველ წელიწადს იწერება და შემდგომი დანამატი, რომელიც ყოველ მომდევნო წელიწადს ფარავს. მაგალითად, სეიშელის კუნძულებზე სასტუმროს მშენებლობისა და განახლების ღირებულებაზე შემოღებული იყო ძირითადი საშუალებების ამორტიზაციაზე 20% დანამატი პირველ წელიწადს და 10% დანამატი ყოველ მომდევნო წელიწადს. მაურიკიაში მსგავსი დანამატი შენობების ღირებულებაზე იყო 30% და 5%. ირლანდიაში ეს ხელშემწყობი პროგრამა უძრავი ქონების გამქირავებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზეც ვრცელდებოდა.
პორტუგალიაში სამწლიანი პერიოდის განმავლობაში არ იბეგრებოდა კომპანიაში ინვესტირებული მოგება იმ პირობით, თუ ეს მოგება 3 წლის ვადაში იქნებოდა რეინვესტირებული. ეს ფორმა პრაქტიკაში დაფიქსირდა, როგორც გადასახადის დაკლება ხელახლა ინვესტირებულ მოგებაზე.
ტაქს-კრედიტი – ერთ-ერთი მიმზიდველი ფორმა წარმატებით გამიყენეს მაურიკიაში. იურიდიული ან კერძო პირი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე საწარმოს აქციებს ყიდულობდა, სამი წლის განმავლობაში ამ აქციებში ინვესტირებაზე 30%-ის ოდენობის ტაქს-კრედიტს ღებულობდა. მექსიკაში კორპორატიულ ტაქს-კრედიტებს ექვემდებარებოდა ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში განხორციელებული ინვესტიციები.
თურქეთში სხვა ფორმებთან ერთად ფართოდ გამოიყენეს გადასახადის დაკლება უძრავ ქონებაზე. მაგალითად, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, კომპანიები ხუთი წლის განმავლობაში არ იბეგრებოდა უძრავ ქონებაზე.
მაურიკიაში გახსნილი ახალი კომპანიები პირველი 10 წლის განმავლობაში დივიდენდებზე არ იბეგრებოდა. იგივე პოლიტიკა ტარდებოდა რუმინეთში და ირლანდიის რესპუბლიკაში, რომლებიც 15 წლის განმავლობაში ეკონომიკურად ევროპის ძლიერ სახელმწიფოებად იქცნენ. ეს ფორმა დაფიქსირდა როგორც გადასახადის გაუქმება დივიდენდებზე.
ბევრ ქვეყანაში გამოიყენება მთავრობის მიერ მომსახურების სუბსიდირების პრაქტიკა. მაგალითად, თურქეთში მთავრობის მიერ კომუნალური მომსახურების სუბსიდირების შედეგად ტურიზმთან დაკავშირებული კომპანიები ელექტროენერგიას, წყალს და ბუნებრივ აირს დაბალ ფასებში ღებულობდნენ.
ბევრ ქვეყანაში შექმნეს ინვესტორთა დახმარების ორგანიზაციები. მაგალითად, თურქეთმა ჩამოაყალიბა სპეციალური ორგანიზაცია ინვესტორთაA მხარდასაჭერად. ეს ორგანიზაცია ექვემდებარებოდა სახელმწიფო დაგეგმვის აპარატს და ახორციელებდა შემდეგ ფუნქციებს: ეხმარებოდა პოტენციურ ინვესტორებს ინფორმაციის მიწოდებით; ღებულობდა და იხილავდა უცხოელ ინვესტორთა განცხადებებს; იხილავდა და ამტკიცებდა სალიცენზიო და სამენეჯმენტო შეთანხმებებს; იხილავდა და ამტკიცებდა ერთობლივ საწარმოების საინვესტიციო კრედიტს; იხილავდა და ამტკიცებდა სამუშაო ნებართვას უცხოელებისათვის; მონაწილეობდა ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმებების შედგენაში.
ერთი პერიოდის განმავლობაში იუგოსლავიაში დაფუძნდა “იუგოსლავიის საერთაშორისო ინვესტირების კორპორაცია” (ისიკ). იგი შემდეგ ფუნქციებს ასრულებდა: აგროვებდა ინფორმაციას იუგოსლავიაში ინვესტირების შესაძლებლობების თაობაზე; ეხმარებოდა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს ბიზნეს-პარტნიორის მოძებნაში ერთობლივი საწარმოს შესაქმნელად; აწარმოებდა კონსულტაციებს ერთობლივი პროექტების თაობაზე; ამზადებდა განხორციელებადობის ანალიზს და ახორციელებდა კონსულტაციებს ერთობლივი საწარმოების კონტრაქტის შედგენაზე; ახდენდა რესურსების ალოკაციას თავისი ბანკირებისა და აქციის მფლობელების მეშვეობით; ხელს უწყობდა ინვესტირებას და გაცემდა სესხს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტის ეგიდით ინვესტირების ბიურო შექმნა, რომლის მიზანი უცხოური კომპანიების მოზიდვა და ამ კომპანიებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა იყო. ქვეყანაში მსგავსი ტიპის სხვა ორგანიზაციებიც შეიქმნა. მაგალითად, 1965 წელს შოტლანდიის მთიანი რეგიონებისა და კუნძულების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეიქმნა მთიანი რეგიონებისა და კუნძულების განვითარების საბჭო (მრკგს). აღნიშნული საბჭოს ფართო ძალაუფლება და საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსები მიენიჭა. მრკგს ტურიზმის და სხვა სფეროებში მომუშავე ორგანიზაციებს როგორც ფინანსურ, ასევე ინფორმაციულ დახმარებას უწევდა.
როგორც ზემოთ მოტანილი მაგალითებიდან ჩანს, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა სისტემური ხასიათისაა და არსებითად დამოკიდებულია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და ორგანიზაციული ფაქტორების გამოყენების ფორმაზე, მექანიზმებზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების თავისებურებებზე.